შპს „ა+ბ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-23-18 / 566

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 25, 2023 17:04

მიღების თარიღი დეკემბერი 21, 2023 17:04

შპს „ა+ბ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ

I.   საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N23-10-2121, 15.11.2023) საფუძველზე, კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ა+ბ“-ს (ს/კ 204909607) მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა  და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით  გათვალისწინებული  ვალდებულებების  შეუსრულებლობის  საკითხის განხილვის თაობაზე.

აღნიშნული მოხსენებითი  ბარათის  თანახმად,  ბუღალტრული  აღრიცხვის,  ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის  სამსახურმა,  2023 წლის  23 ოქტომბერს  კომისიას  წერილობით 16/82820 (შ-23-6/3366) აცნობა, რომ კომისიის რეგულირებას დაქვემდებარებულ რიგ სუბიექტებს, მათ შორის შპს „ა+ბ“-ს, არ წარუდგენია ანგარიშგება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.

კომისიამ აღნიშნულ  ორგანიზაციებს   2023 წლის   2 ნოემბერს  გ-23-08/2361  წერილით  მიმართა „ბუღალტრული აღრიცხვის,   ანგარიშგებისა   და   აუდიტის   შესახებ“   საქართველოს   კანონის მოთხოვნების შესრულების შესახებ და ანგარიშგების წარდგენის ვადად 10 ნოემბერი განუსაზღვრა. ორგანიზაციების ნაწილმა წარადგინა ანგარიშგება. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა  2023 წლის  15 ნოემბერს და  1 დეკემბერს წერილებით წარმოადგინა კომუნიკაციების    კომისიის    რეგულირებას    დაქვემდებარებული    სუბიექტების განახლებული სია,    რომელთაც    ბუღალტრული    აღრიცხვის,    ანგარიშგებისა    და    აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისთვის ჯერ კიდევ არ წარუდგენიათ ანგარიშგება  (მათ შორის , შპს „ა+ბ“-ს). 

შპს „ა+ბ“-ს მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის საკითხის განხილვა დაინიშნა 2023 წლის  21 დეკემბერს,  15:00 საათზე, რის შესახებ კომპანიას გაეგზავნა შეტყობინება  (N გ-23-03/2803, 18/12/2023) და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.

კომისიის სხდომაზე, ასევე მოწვეულ იქნა (შეტყობინება Nგ-23-03/2805, 18/12/2023) ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური.

კომისიის სხდომა გაიმართა 2023 წლის 21 დეკემბერს. სხდომაზე არ გამოცხადებულა შპს „ა+ბ“-ს წარმომადგენელი, თუმცა, კომისიის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით - გაგზავნილი შეტყობინება ჩაბარდა მხარეს და ასევე საჯაროდ იყო გამოქვეყნებული კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ამდენად, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია საკითხის განხილვა შპს „ა+ბ“-ს დაუსწრებლად და გადაწყვეტილება მიიღო იმავე სხდომაზე.

კომისიის სხდომაზე გამოცხადდა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი ი. კობახიძე და დაადასტურა, რომ საკითხის განხილვის მომენტისთვის შპს „ა+ბ“-ს კვლავ არ ჰქონდა წარდგენილი ანგარიშგება 2022 წლის საანგარიშო პერიოდზე.

II. კომისიის მიერ შესწავლილი მტკიცებულებები

1.  კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N23-10-2121, 15.11.2023) თანდართული მასალით;

2. შპს „ა+ბ“-სთვის გაგზავნილი შეტყობინება (Nგ-23-03/2803, 18/12/2023) კომისიის სხდომაზე მოწვევის თაობაზე;

3.  ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისთვის გაგზავნილი შეტყობინება (Nგ-23-03/2805, 18/12/2023) კომისიის სხდომაზე მოწვევის თაობაზე;

4. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლის ი. კობახიძის ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის სხდომაზე.

III. კომისიის  მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1.  შპს „ა+ბ“ 2010 წლიდან არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი.

2.  ბუღალტრული   აღრიცხვის,   ანგარიშგებისა   და   აუდიტის   ზედამხედველობის   სამსახურის მიერ   კომისიისთვის   მოწოდებული   ინფორმაციის   შესაბამისად, შპს „ა+ბ“ მიეკუთვნება მეოთხე კატეგორიის საწარმოს.

3.   „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შპს „ა+ბ“ ვალდებულია, ამ კანონით დადგენილი ფინანსური ანგარიშგება, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო წლის 1 ოქტომბრისა,  წარუდგინონ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის სამსახურს მის მიერ დადგენილი წესით.

4.  შპს „ა+ბ“-ს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის სამსახურისთვის 2023 წლის 1 ოქტომბრის ჩათვლით და არც 21 დეკემბრის მდგომარეობით არ წარუდგენია „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ანგარიშგება.

IV. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება

1.  „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სუბიექტი (გარდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა) ვალდებულია მისთვის ამ კანონით დადგენილი ფინანსური ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), მმართველობის ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგება და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუდიტორული დასკვნა ერთად, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს  საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო წლის 1 ოქტომბრისა,  წარუდგინოს სამსახურს მის მიერ დადგენილი წესით.

2. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მეოთხე კატეგორიის საწარმოები და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებას აწარმოებენ სამსახურის მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3.  „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23 ე მუხლის  მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ კანონისა  და  მის საფუძველზე მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის მოთხოვნების დარღვევისათვის მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს რეგულირებისადმი/ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტის მიმართ გამოსაყენებელ სანქციებს განსაზღვრავს შესაბამისი მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანო.

4. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად, სამსახური ვალდებულია ამ კანონის და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მოთხოვნების დარღვევისათვის ერთდროულად ან/და ცალ-ცალკე, თანამიმდევრულად, ხოლო დარღვევისა და შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე – არათანამიმდევრულად, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, პირველი, მეორე, მესამე ან მეოთხე კატეგორიის საწარმოს მიმართ გამოიყენოს შემდეგი სანქციები: დ.ა) წერილობითი გაფრთხილება; დ.ბ) ფულადი ჯარიმა.

5.   „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 26- ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული  ბუღალტრული  აღრიცხვისა  და ფინანსური   ანგარიშგების წარმოებისა და კონსოლიდაციის წესების, მე-7 მუხლის, მე-8 მუხლის, მე-9 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებისა და მე-16  მუხლის  მე-11 პუნქტის მოთხოვნების შეუსრულებლობა ან/და აუდიტორული შემოწმების ჩატარებისათვის თავის არიდება გამოიწვევს სუბიექტის დაჯარიმებას:   ა)   მეოთხე   კატეგორიის   საწარმოსი   –   500 ლარის ოდენობით;   ბ)   მესამე კატეგორიის  საწარმოსი  –  1  000  ლარის  ოდენობით;  გ)  მეორე კატეგორიის საწარმოსი  –  5  000 ლარის   ოდენობით;   დ)   პირველი   კატეგორიის   საწარმოსი   და   სდპ-ისა – 10   000   ლარის ოდენობით.

6. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის  სამსახურმა შესაძლებელია ფულადი ჯარიმის ნაცვლად წერილობითი გაფრთხილება    გამოიყენოს.    სამსახურის    წერილობითი გაფრთხილების შეუსრულებლობის   ან/და   პასუხისმგებლობის   დაკისრებიდან   1   თვის ვადაში   შესაბამისი მოთხოვნის   შეუსრულებლობის   შემთხვევაში   სუბიექტს   უორმაგდება დაკისრებული ჯარიმის ოდენობა.

7. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია ამ კანონით    გათვალისწინებული    სამართალდარღვევის    გამოვლენა.    ამ შემთხვევაში უფლებამოსილი პირი აღნიშნული   საქმის     განხილვის     შედეგებზე დაყრდნობით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ   აქტს. ამავე მუხლის  მე-3 პუნქტის თანახმად, ამ  კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის  გამოვლენისას ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს შესაბამისი მარეგულირებელი/ საზედამხედველო ორგანო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ა+ბ“-ს მიერ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ანგარიშგების  2023 წლის პირველ ოქტომბრამდე წარუდგენლობით დარღვეულია „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი - რაც „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად სანქცირების საფუძველია.

იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიას ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი/ანალოგიური დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დაკისრებია, მას უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება. ამასთან, კომპანიას უნდა განესაზღვროს ერთთვიანი ვადა დარღვევის აღმოსაფხვრელად.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე და 97-ე მუხლების, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი და მე-8 პუნქტების, მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და 27-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა: 

1. შპს ,,ა+ბ“-ს (ს/კ 204909607) მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევის გამო.

2. შპს ,,ა+ბ“-მ (ს/კ 204909607) უზრუნველყოს 2022 წლის ანგარიშგების, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში წარდგენა ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

3.   დაევალოს   კომისიის   აპარატის   ადმინისტრაციას   გადაწყვეტილების   შპს   ,,ა+ბ“-სთვის   (ს/კ 204909607) და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის შპს ,,ა+ბ“-სთვის (ს/კ 204909607)  ჩაბარების დღიდან.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) შპს ,,ა+ბ“-სთვის (ს/კ 204909607)  გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

6.  გადაწყვეტილების  მე-3  და  მე-4  პუნქტების  შესრულებაზე  კონტროლი  დაევალოს  კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).

7. გადაწყვეტილების (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-4 პუნქტების გარდა) შესრულებაზე კონტროლი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე წევრი

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები