შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-23-18 / 586

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 08, 2024 17:21

მიღების თარიღი დეკემბერი 21, 2023

შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I. საქმის აღწერა

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია  (შემდგომში  „კომისია“)  აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N23-10-2164,  21/11/2023) საფუძველზე, შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილების მე-14 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა და კომისიის 2023 წლის 24 აგვისტოს Nგ-23-18/428 გადაწყვეტილების შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის მიზნით, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება.

კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N23-10-2164, 21/11/2023) თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისიის   2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებული „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და  დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მე-14 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების შესაბამისად,  მნიშვნელოვანი  საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირმა,  რომელსაც  კომისიის  გადაწყვეტილებით  დაკისრებული აქვს დანახარჯებისა და  შემოსავლების  განცალკევებული აღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულება, საანგარიშო წლის შემოსავლებისა   და ხარჯების   განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში კომისიას უნდა წარუდგინოს ფინანსური წლის დასრულებიდან  6 თვეში, შესაბამისად,  არაუგვიანეს 1 ივლისისა. შპს „კავკასუს ონლაინს“, როგორც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე  პირს, კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილებების საფუძველზე დაკისრებული აქვს დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება, რის საფუძველზეც მას განცალკევებული აღრიცხვის აუდირებული ანგარიშგება კომისიაში უნდა წარმოედგინა არაუგვიანეს  2023 წლის 1 ივლისისა. გამომდინარე იქედან, რომ შპს „კავკასუს ონლაინმა“ დადგენილებით გათვალისწინებულ ვადებში  არ წარადგინა 2022 წლის  განცალკევებული აღრიცხვის აუდირებული ანგარიშგება,   მას   კომისიის  2023 წლის 24 აგვისტოს Nგ-23-18/428 გადაწყვეტილებით დაეკისრა წერილობითი გაფრთხილება და ანგარიშგების წარმოდგენის ვადად განისაზღვრა 2023 წლის პირველი ოქტომბერი. კომპანიას მიმდინარე პერიოდისთვის კვლავ არ წარმოუდგენია 2022 წლის განცალკევებული აღრიცხვის აუდირებული ანგარიშგება.

კომისიის სხდომაზე საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2023 წლის 21 დეკემბერი, 15:00 საათი. აღნიშნულის თაობაზე კომპანიას ეცნობა შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შპს „კავკასუს ონლაინს“ შეტყობინებით განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.

კომისიის 2023 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს „კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლები:  ე.მიქელაძე.  და  ვ.  მღებრიშვილი.  ე.  მიქელაძის  განმარტებით,  შპს „კავკასუს ონლაინის“ 2022 წლის ფინანსური აუდირებულ ანგარიშზე მუშაობა დასრულდება 2024 წლის იანვრის ბოლოსთვის და გარდა აღნიშნული ვადისა, კომპანიას დასჭირდება დამატებით 10 დღე განცალკევებული ანგარიშგების წარმოსადგენად.

II. კომისიის მიერ შესწავლილი მტკიცებულებები

1. კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი  ბარათი (N23-10-2164, 21/11/2023);

2. შპს „კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლის ე.მიქელაძის მიერ კომისიის 2023 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე გაკეთებული ახსნა- განმარტება;

3. კომისიის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათი (21.12. 2024 N N23-10-2429);

4. შპს „კავკასუს ონლაინის“ შესახებ ამონაწერი კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს „კავკასუს ონლაინი“ 2010 წლის 11 თებერვლიდან ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირია.

მტკიცებულება: მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.

2. „ინტერნეტის ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის გაფართოებული ურთიერთჩართვის ქვესეგმენტის  კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2013 წლის 16 აგვისტოს 513/9 გადაწყვეტილებისა და „ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის ქვესეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2015 წლის 29 იანვრის N57/9 გადაწყვეტილებისა და   „გამოყოფილი არხებით საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ 2018 წლის 6 დეკემბრის N 671/9 გადაწყვეტილების მიხედვით, შპს „კავკასუს ონლაინი“ ცნობილი იქნა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირად, ამავე გადაწყვეტილებებით განსაზღვრულ შესაბამის ბაზრის სეგმენტებზე და დაეკისრა დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება, რის საფუძველზეც შპს „კავკასუს ონლაინს“ 2022 წლის განცალკევებული აღრიცხვის აუდირებული ანგარიშგება კომისიაში უნდა წარმოედგინა არაუგვიანეს 2023 წლის 1 ივლისისა.

მტკიცებულება: 1. კომისიის 2013 წლის 16 აგვისტოს 513/9 გადაწყვეტილება, კომისიის 2015 წლის 29 იანვრის N57/9 გადაწყვეტილება და  კომისიის 2018 წლის 6 დეკემბრის N671/9 გადაწყვეტილება; 2. კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი  ბარათი (N23-10-2164, 21/11/2023).

3.  შპს „კავკასუს ონლაინს“ 2022 წლის განცალკევებული აუდირებული აღრიცხვის ანგარიშის კომისიაში წარმოუდგენლობის გამო, კომისიის 2023 წლის 24 აგვისტოს Nგ-23-18/428 გადაწყვეტილებით, დაკისრებული აქვს წერილობითი გაფრთხილება.

მტკიცებულება: კომისიის 2023 წლის 24 აგვისტოს Nგ-23-18/428 გადაწყვეტილება.

4. გადაწყვეტილების მიღების დღისთვის შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ 2022 წლის განცალკევებული აუდირებული აღრიცხვის ანგარიში კომისიაში არ არის წარმოდგენილი.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი  ბარათი (N23-10-2164, 21/11/2023).

5. შპს „კავკასუს ონლაინის“ ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 0.5% აღემატება 30 000 ლარს.

მტკიცებულება: კომისიის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათი (21.12. 2024,N23-10-2429).

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად,  კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების  შესრულებას.   ამავე   კანონის   44-ე  მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს  კანონმდებლობის, მათ შორის,    კომისიის  დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები.

6. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებული „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების  მეთოდოლოგიური  წესების“  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის  შესაბამისად,  მნიშვნელოვანი  საბაზრო  ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირმა, რომელსაც კომისიის გადაწყვეტილებით დაკისრებული აქვს დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკავებული აღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულება,  სააღრიცხვო პოლიტიკის შესაბამისად,    უნდა    მოამზადოს  და  კომისიაში    წარმოადგინოს განცალკევებული აღრიცხვის ყოველწლიური ანგარიში; ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირმა, კომისიას უნდა წარუდგინოს და გამოაქვეყნოს განცალკავებული აღრიცხვის ანგარიში, სააღრიცხვო პოლიტიკა და შესაბამისი აუდიტორული მოსაზრება ფინანსური წლის დასრულებიდან 6 თვეში.

7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა.

8. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით  დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება  -  გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიაჩნია რომ შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ 2022 წლის აუდირებული განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშების კომისიის 2023 წლის 24 აგვისტოს Nგ-23-18/428 გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში, 2023 წლის პირველ ოქტომბრამდე წარმოუდგენლობით, დარღვეულია   კომისიის „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებისმე-14 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები და კომისიის 2023 წლის 24 აგვისტოს   Nგ-23-18/428 გადაწყვეტილება.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული  პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის   ან   ერთი წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა  ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო   კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი   შემოსავალი დღგ-ის გარეშე)  0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3 000 და არა უმეტეს 30 000 ლარისა. იმის გათვალისწინებით,  რომ კომისიის 2023 წლის 24  აგვისტოს Nგ-23-18/428 გადაწყვეტილებით შპს „კავკასუს  ონლაინს“ მიეცა წერილობითი გაფრთხილება, ამჯერად   მის   მიმართ   გამოყენებულ უნდა იქნას  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს   კანონის   45-ე   მუხლის   პირველი  პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმა. კომისიის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათის (21.12.2024 N23-10-2429) თანახმად, კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშების მიხედვით, შპს  „კავკასუს ონლაინის“ ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 0,5 პროცენტი  აღემატება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით დადგენილი ჯარიმის მაქსიმალურ ოდენობას. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ   შპს

„კავკასუს ონლაინს“ უნდა დაეკისროს ჯარიმა 30 000 ლარის ოდენობით. ამასთან, შპს „კავკასუს ონლაინს“ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, უნდა დაევალოს 2022 წლის აუდირებული განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის კომისიაში წარმოდგენა 2024 წლის 10 თებერვლის ჩათვლით.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებული „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“  მე-14 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების,  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1. შპს „კავკასუს ონლაინს“ დაეკისროს ჯარიმა 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებული „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მე-14 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა და კომისიის 2023 წლის 24 აგვისტო Nგ-23-18-428 გადაწყვეტილების დარღვევის გამო.

2. შპს „კავკასუს ონლაინმა” უზრუნველყოს:

ა) წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი  რეკვიზიტების  მიხედვით:  ხაზინის  ერთიანი  ანგარიში,  ანგარიშის  ნომერი  - 200122900; ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22; სახაზინო კოდი - 302003251;

ბ) ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში.

3. დაევალოს შპს „კავკასუს ონლაინს“  2022 წლის დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებული აღრიცხვის აუდირებული ანგარიშის კომისიაში წარმოდგენა 2024 წლის 10 თებერვლის ჩათვლით.

4. დაევალოს    კომისიის    აპარატის    ადმინისტრაციას    (ო.ვოტ)    აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „კავკასუს ონლაინისათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge)  გამოქვეყნება.

5.   დაევალოს  კომისიის  აპარატის  იურიდიულ  დეპარტამენტს  (თ.  ხუხუნაიშვილი) შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა.

6.  გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის შპს „კავკასუს ონლაინისათვის“ ჩაბარების დღიდან.

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს „კავკასუს ონლაინისათვის“  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

8. კონტროლი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-4 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას.

9. კონტროლი გადაწყვეტილების (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-4 პუნქტებისა) შესრულებაზე   დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე წევრი

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები