შპს „ტ-ნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-23-18 / 587

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 08, 2024 17:30

მიღების თარიღი დეკემბერი 21, 2023

შპს „ტ-ნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I.   საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  (შემდგომში  „კომისია“)  აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის N23-10-2121, 15.11.2023 საფუძველზე,  შპს  „ტ-ნეტის“  მიერ  „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის საკითხის განხილვის მიზნით, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება.

კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N23-10-2121, 15.11.2023) თანახმად, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა, კომისიას წერილობით (23.10.2023 Nშ-23-6/3366) აცნობა,  რომ  კომისიის  რეგულირებას დაქვემდებარებულ სუბიექტებს, მათ შორის შპს „ტ-ნეტს“, არ წარუდგენია ანგარიშგება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. კომისიამ აღნიშნულ ორგანიზაციებს წერილობით (02.11.2023 Nგ-23-08/2361) მიმართა „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესრულების შესახებ და ანგარიშგების წარდგენის ვადად 10 ნოემბერი განუსაზღვრა. ორგანიზაციების ნაწილმა წარადგინა ანგარიშგება. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა 2023 წლის 15 ნოემბერს წერილით წარმოადგინა კომუნიკაციების კომისიის რეგულირებას დაქვემდებარებული სუბიექტების განახლებული სია, რომელთაც 2023 წლის 13 ნოემბრისთვის, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისთვის ჯერ კიდევ არ წარუდგენიათ ანგარიშგება.

შპს „ტ-ნეტის“ მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული  ვალდებულებების  შეუსრულებლობის საკითხის განხილვა  დაინიშნა 2023 წლის 14 დეკემბერს, 15:00 საათზე, რის შესახებ კომპანიას გაეგზავნა  შეტყობინება  და განემარტა საქართველოს  ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და  99-ე  მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება. კომისიის სხდომაზე, ასევე მოწვეულ იქნა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური.

კომისიის 2023 წლის 14 დეკემბრის სხდომა გადაიდო 2023 წლის 21 დეკემბრისთვის. კომისიის 2023 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე შეტყობინების ჩაბარების მიუხედავად, არ გამოცხადდა შპს „ტ-ნეტის“ წარმომადგენელი. ვინაიდან, კომისიის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილით მისთვის დაკისრებული ვალდებულება - დაინტერესებული პირის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის უზრუნველყოფის თაობაზე, კომისია  უფლებამოსილია  საკითხი განიხილოს შპს „ტ-ნეტის“-ს  დასწრების გარეშე. კომისიის 2023 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე გამოცხადდა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი ი.კობახიძე, რომელმაც განმარტა, რომ შპს „ტ-ნეტს“ წარდგენილი აქვს ფინანსური ანგარიშგება გარკვეული ხარვეზებით, კომპანიისთვის ცნობილია აღნიშნული საკითხი და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურთან ინტენსიურ კომუნიკაციაშია ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით.

II. კომისიის მიერ შესწავლილი მტკიცებულებები

1. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N23-10-2121, 15.11.2023) თანდართული მასალით;

2.   შპს „ტ-ნეტის“ შესახებ მონაცემები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული  პირების  რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.

3. შპს „ტ-ნეტისთვის“ გაგზავნილი შეტყობინების შპს „ტ-ნეტისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

4. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლის ი.კობახიძის ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის სხდომაზე.

III. კომისიის  მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს „ტ-ნეტი“  წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს.

მტკიცებულება:  მონაცემები შპს „ტ-ნეტის“ შესახებ, კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.

2. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ კომისიისთვის მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, შპს „ტ-ნეტი“ მიეკუთვნება მეოთხე კატეგორიის საწარმოს.

მტკიცებულება: ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის წერილი (23.10.2023 Nშ-23-6/3366);

3. შპს „ტ-ნეტს“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის სამსახურისთვის 2023 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით არ წარუდგენია „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით მე-2 კატეგორიის საწარმოსთვის გათვალისწინებული ანგარიშგება.

მტკიცებულება: ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის წერილი (23.10.2023 Nშ-23-6/3366);

4. შპს „ტ-ნეტს“, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, არ დაკისრებია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, მსგავსი/ანალოგიური სამართალდარღვევისთვის.

მტკიცებულება: მონაცემები შპს „ტ-ნეტის“ შესახებ, კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.

IV. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება

1.     „ბუღალტრული  აღრიცხვის,  ანგარიშგების  და  აუდიტის  შესახებ“  საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სუბიექტი (გარდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა) ვალდებულია მისთვის ამ კანონით დადგენილი ფინანსური ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), მმართველობის ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგება და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუდიტორული დასკვნა ერთად, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო წლის 1 ოქტომბრისა,  წარუდგინოს  სამსახურს მის მიერ დადგენილი წესით.

2. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მეოთხე კატეგორიის საწარმოები და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებას აწარმოებენ სამსახურის მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3.  „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ  კანონისა  და  მის საფუძველზე მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის მოთხოვნების  დარღვევისათვის მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს რეგულირებისადმი/ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტის მიმართ გამოსაყენებელ სანქციებს განსაზღვრავს შესაბამისი მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანო.

4. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად, სამსახური ვალდებულია ამ კანონის და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მოთხოვნების დარღვევისათვის ერთდროულად ან/და ცალ-ცალკე, თანამიმდევრულად, ხოლო დარღვევისა და შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე – არათანამიმდევრულად, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, პირველი, მეორე, მესამე ან მეოთხე კატეგორიის საწარმოს მიმართ გამოიყენოს შემდეგი სანქციები: დ.ა) წერილობითი გაფრთხილება; დ.ბ) ფულადი ჯარიმა.

5. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ბუღალტრული   აღრიცხვისა  და ფინანსური ანგარიშგების წარმოებისა და კონსოლიდაციის წესების, მე-7 მუხლის, მე-8 მუხლის, მე-9 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებისა და მე-16 მუხლის მე-11 პუნქტის მოთხოვნების შეუსრულებლობა ან/და აუდიტორული შემოწმების ჩატარებისათვის თავის არიდება გამოიწვევს  სუბიექტის  დაჯარიმებას:   ა)   მეოთხე   კატეგორიის   საწარმოსი – 500  ლარის ოდენობით; ბ) მესამე კატეგორიის საწარმოსი – 1 000 ლარის ოდენობით; გ) მეორე კატეგორიის საწარმოსი  5  000 ლარის ოდენობით; დ) პირველი კატეგორიის საწარმოსი და სდპ-ისა – 10 000 ლარის ოდენობით.

6. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის  სამსახურმა  შესაძლებელია  ფულადი ჯარიმის  ნაცვლად  წერილობითი  გაფრთხილება  გამოიყენოს.  სამსახურის  წერილობით ი გაფრთხილების  შეუსრულებლობის  ან/და  პასუხისმგებლობის  დაკისრებიდან  1  თვის ვადაში  შესაბამისი  მოთხოვნის  შეუსრულებლობის  შემთხვევაში  სუბიექტს  უორმაგდებ ა დაკისრებული ჯარიმის ოდენობა.

7.  „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია ამ კანონით  გათვალისწინებული  სამართალდარღვევის  გამოვლენა.  ამ შემთხვევაში უფლებამოსილი პირი აღნიშნული საქმის განხილვის შედეგებზე დაყრდნობით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ    აქტს. ამავე  მუხლის  მე-3 პუნქტის თანახმად,  ამ  კანონის  23-ე  მუხლის  მე-2  პუნქტით გათვალისწინებული     სამართალდარღვევის გამოვლენისას ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს შესაბამისი მარეგულირებელი/ საზედამხედველო ორგანო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტ-ნეტის“ მიერ, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ანგარიშგების არაუგვიანეს 2023 წლის პირველ ოქტომბრამდე წარუდგენლობით, დარღვეულია „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი, რაც „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად სანქცირების საფუძველია. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიას ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი/ანალოგიური დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დაკისრებია, მას უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება. ამასთან, შპს „ტ-ნეტს“ უნდა განესაზღვროს ერთთვიანი ვადა დარღვევის აღმოსაფხვრელად.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე და 97-ე მუხლების, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-8 პუნქტის, მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 27-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გაწყვიტა

1. შპს ,,ტ-ნეტს“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევის გამო.

2.   შპს ,,ტ-ნეტმა“ უზრუნველყოს 2022 წლის ანგარიშგების, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში წარდგენა ერთი თვის ვადაში.

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების ან გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,ტ-ნეტისთვის“ და ბუღალტრული აღრიცხვის,  ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

4. გადაწყვეტილება   ძალაში   შედის   გადაწყვეტილების   ან   გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,ტ-ნეტისთვის“ ჩაბარების დღიდან.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) შპს ,,ტ-ნეტისთვის“ გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

6. კონტროლი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-4 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).

7. გადაწყვეტილების  (გარდა სარეზოლუციო  ნაწილის  მე-3  და  მე-4 პუნქტებისა) შესრულებაზე კონტროლი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, დაევალოს  კომისიის  აპარატის  კონკურენციის  ხელშეწყობისა  და  ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).

კახი ბექაურითავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე წევრი

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები