შპს „რკინიგზის ტელეკომის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე

ნომერი: გ-23-18 / 590

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 18, 2024 17:24

მიღების თარიღი დეკემბერი 28, 2023

შპს „რკინიგზის ტელეკომის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე

I. საქმის აღწერა

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია  (შემდგომში  „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N23-10-2164,  21/11/2023) საფუძველზე,  შპს „რკინიგზის ტელეკომის“ მიერ კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილების მე-14 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა და კომისიის 2023 წლის 24 აგვისტოს Nგ-23-18/427 გადაწყვეტილების შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის მიზნით, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება.

კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N23-10-2164, 21/11/2023) თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისიის    2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებული „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და  დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მე-14 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების  მქონე ავტორიზებულმა პირმა,  რომელსაც  კომისიის გადაწყვეტილებით  დაკისრებული აქვს დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებული აღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულება, საანგარიშო   წლის   შემოსავლებისა   და   ხარჯების  განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში კომისიას უნდა წარუდგინოს ფინანსური წლის დასრულებიდან 6 თვეში, შესაბამისად, არაუგვიანეს 1 ივლისისა შპს   „რკინიგზის ტელეკომს “, როგორც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირს, კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე  დაკისრებული  აქვს  დანახარჯებისა  და  შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება, რის საფუძველზეც მას განცალკევებული აღრიცხვის აუდირებული ანგარიშგება კომისიაში უნდა წარმოედგინა არაუგვიანეს  2023 წლის 1 ივლისისა. გამომდინარე    იქედან,    რომ    შპს    „რკინიგზის    ტელეკომმა“ დადგენილებით გათვალისწინებულ ვადაში არ წარადგინა  2022 წლის განცალკევებული აღრიცხვის აუდირებული ანგარიშგება, მას კომისიის 2023 წლის 24 აგვისტოს Nგ23-18/427 გადაწყვეტილებით დაეკისრა წერილობითი გაფრთხილება და ანგარიშგების წარმოდგენის ვადად განესაზღვრა 2023 წლის პირველი ოქტომბერი. კომპანიას მიმდინარე პერიოდისთვის კვლავ არ წარმოუდგენია 2022 წლის განცალკევებული აღრიცხვის აუდირებული ანგარიშგება.

კომისიის სხდომაზე საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2023 წლის 21 დეკემბერი, 15:00 საათი. აღნიშნულის თაობაზე კომპანიას ეცნობა შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის  მისაღებად. შეტყობინებით, შპს „რკინიგზის ტელეკომს“ განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.

კომისიის 2023 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს „რკინიგზის ტელეკომის“ წარმომადგენლები: ვ.მღებრიანი, ე. მიქელაძე. ვ მღებრიანმა განმარტა, რომ შპს „რკინიგზის ტელეკომის“ მიერ 2022 წლის განცალკევებული ანგარიშგება ვერ მომზადდება და ვერ გამოქვეყნდება, ვიდრე არ დასრულდება შპს „კავკასუს ონლაინის“ ჯგუფის კონსოლიდირებული ანგარიშის მომზადება. ვინაიდან,  შპს „რკინიგზის ტელეკომი“ არის შპს „კავკასუს ონლაინის“ შვილობილი კომპანია, ხოლო შპს „კავკასუს ონლაინის“ აუდიტის დასკვნის დასრულებამდე, ტექნიკურად შეუძლებელია შპს „რკინიგზის ტელეკომმა“ გამოაქვეყნოს განცალკევებული ანგარიშგება. საკითხის დამატებითი მოკვლევის მიზნით, საკითხის განხილვა გადაიდო 2023 წლის 28 დეკემბრისთვის.

2023 წლის 27 დეკემბერს შპს „რკინიგზის ტელეკომმა“ კომისიაში წარმოადგინა (Nშ-23-6/4325) შპს „რკინიგზის ტელეკომის“ აუდიტორის შპს „ბიდიო აუდიტის“ წერილი (26.12.2023 N126/23), რომლის თანახმად, შპს „რკინიგზის“ ტელეკომის“ აუდიტი არ დასრულებულა, რაც გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ შპს „კავკასუს ონლაინის“ ჯგუფის აუდიტის დასრულებამდე, აუდიტი ვერ გამოთქვამს მოსაზრებას შპს „რკინიგზის ტელეკომის“ ინდივიდუალურ ანგარიშგებაზე, რადგან იგი წარმოადგენს ჯგუფის შემადგენელ ნაწილს და მისი აუდიტი არ ტარდება ცალკე გარიგების საფუძველზე.

კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათიდან (28.12.2023 N23-10-2493) ირკვევა, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებული „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირმა, განცალკევებული აღრიცხვის აუდირებული ანგარიშგების მომზადებისას, უნდა იხელმძღვანელოს ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებით და საყოველთაოდ აღიარებული ბუღალტრული პრაქტიკით, რომელიც ვრცელდება საქართველოში მოქმედ საწარმოებზე. ასევე, ამავე დადგენილების მე-6 პუნქტის მიხედვით, განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის ფორმატი უნდა იძლეოდეს მასში წარმოდგენილი მონაცემების მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის აუდირებული ფინანსური ანგარიშგების მონაცემებთან სრულად შეჯერების საშუალებას. ამავდროულად, შპს „რკინიგზის   ტელეკომი“ 2022 წლის ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგების მომზადებისას მცირე და საშუალო საწარმოებისათვის ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტით (მსს ფასს) ხელმძღვანელობს, ხოლო მსს ფასს სტანდარტი (მუხლი 9.25) განსაზღვრავს, რომ ჯგუფში შემავალი საწარმოს ინდივიდუალურ ფინანსურ ანგარიშგებას თან უნდა ახლდეს კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებაც. შესაბამისად, დეპარტამენტი ეთანხმება ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შპს „რკინიგზის ტელეკომის“ წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ ახსნა-განმარტებას, რომლის თანახმად, შპს „კავკასუს ონლაინის“ ჯგუფის 2022 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების გარეშე ვერ მოხდება შპს „რკინიგზის ტელეკომის“ 2022 წლის ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგებისა და შესაბამისად, განცალკევებული აღრიცხვის აუდირებული ანგარიშის, კომისიაში წარმოდგენა.

II. კომისიის მიერ შესწავლილი მტკიცებულებები

1. კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი  ბარათი (N23-10-2164, 21/11/2023);

2. შპს „რკინიგზის ტელეკომის“ წარმომადგენლის ვ. მღებრიანის მიერ კომისიის 2023 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე გაკეთებული ახსნა- განმარტება;

3.  შპს  „რკინიგზის  ტელეკომის“  წერილი  (27.12.2023  Nშ-23-6/4325)  თანდართული  შპს „რკინიგზის ტელეკომის“ აუდიტორის შპს „ბიდიო აუდიტის“ წერილით;

4. კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (28.12.2023 N23-10-2493);

5. შპს „რკინიგზის ტელეკომის“ შესახებ ამონაწერი კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს „რკინიგზის ტელეკომი“ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირია.

მტკიცებულება: მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.

2. „გამოყოფილი არხებით საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2018 წლის 6 დეკემბრის N671/9 გადაწყვეტილების მიხედვით, შპს „რკინიგზის ტელეკომი“ ცნობილი იქნა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირად, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ შესაბამის ბაზრის სეგმენტზე და დაეკისრა დანახარჯებისა და შემოსავლების  განცალკევებულად  აღრიცხვის  ვალდებულება,  რის საფუძველზეც  შპს „რკინიგზის ტელეკომს“ 2022 წლის განცალკევებული აღრიცხვის აუდირებული ანგარიშგება კომისიაში უნდა წარმოედგინა არაუგვიანეს 2023 წლის 1 ივლისისა.

მტკიცებულება: 1.    კომისიის  2018  წლის  6  დეკემბრის  N  671/9  გადაწყვეტილება;  2.  კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N23-10-2164, 21/11/2023).

3.  გადაწყვეტილების მიღების დღისთვის შპს „რკინიგზის ტელეკომის“ 2022 წლის განცალკევებული აღრიცხვის აუდირებული ანგარიში კომისიაში არ არის წარმოდგენილი.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი  ბარათი (N23-10-2164, 21/11/2023).

4. შპს „რკინიგზის ტელეკომს“ 2022 წლის განცალკევებული აუდირებული აღრიცხვის ანგარიშის კომისიაში წარმოუდგენლობის გამო, კომისიის 2023 წლის 24 აგვისტოს Nგ-23-18/427 გადაწყვეტილებით, დაკისრებული აქვს წერილობითი გაფრთხილება.

მტკიცებულება: კომისიის 2023 წლის 24 აგვისტოს Nგ-23-18/427 გადაწყვეტილება.

5.  შპს  „რკინიგზის  ტელეკომი“  შპს  „კავკასუს  ონლაინის“  შვილობილი  კომპანიაა.  შპს „კავკასუს ონლაინის“ ჯგუფის 2022 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების დასრულებამდე შპს „რკინიგზის ტელეკომი“ მოკლებულია შესაძლებლობას წარმოადგინოს კომისიაში 2022 წლის ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგება და დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებული აღრიცხვის აუდირებული ანგარიში.

მტკიცებულება: 1. შპს „რკინიგზის ტელეკომისა“ და შპს „კავკასუს ონლაინის“ შესახებ მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან. 2. შპს „რკინიგზის ტელეკომის“ წერილი (27.12.2023 Nშ-23-6/4325) თანდართული შპს „რკინიგზის ტელეკომის“ აუდიტორის შპს „ბიდიო აუდიტის“ წერილით; 3.    კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (28.12.2023 N23-10-2493).

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად,  კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების  შესრულებას.   ამავე   კანონის   44-ე  მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,  ავტორიზებულ  პირთა  მიერ  ელექტრონული  კომუნიკაციების სფეროში საქართველოს  კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები.

6. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებული „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად    განაწილების    მეთოდოლოგიური    წესების“    მე-14   მუხლის  პირველი  პუნქტის  შესაბამისად,  მნიშვნელოვანი  საბაზრო  ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირმა, რომელსაც კომისიის გადაწყვეტილებით დაკისრებული აქვს დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკავებული აღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულება, სააღრიცხვო პოლიტიკის შესაბამისად, უნდა    მოამზადოს    და    კომისიაში    წარმოადგინოს განცალკევებული აღრიცხვის ყოველწლიური ანგარიში; ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირმა, კომისიას უნდა წარუდგინოს და გამოაქვეყნოს განცალკავებული აღრიცხვის ანგარიში, სააღრიცხვო პოლიტიკა და შესაბამისი აუდიტორული მოსაზრება ფინანსური წლის დასრულებიდან 6 თვეში.

7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა.

8. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული    უფლებამოსილება  -  გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიაჩნია რომ შპს „რკინიგზის ტელეკომის“ მიერ 2022 წლის აუდირებული განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის, კომისიის დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში წარმოუდგენლობით და კომისიის 2023 წლის 24 აგვისტოს Nგ-23-18/427 გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში, 2023 წლის პირველ ოქტომბრამდე  წარმოუდგენლობით,   დარღვეულია კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებული „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“    მე-14  მუხლის  პირველი     და  მე-3  პუნქტები  და  კომისიის  2023  წლის  24 აგვისტოს  Nგ-23-18/427 გადაწყვეტილება, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სანქცირების საფუძველია.

კომისია აღნიშნავს, რომ „შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის გადაწყვეტილებით (21.12.2023 Nგ-23-18/586) დადგენილია, რომ შპს „კავკასუს ონლაინის“ 2022 წლის აუდირებული ფინანსური ანგარიშგება არ არის დასრულებული. აღნიშნული გადაწყვეტილებით, შპს „კავკასუს ონლაინს“ დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და დაევალა  2022 წლის აუდირებული განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის კომისიაში წარმოდგენა 2024 წლის 10 თებერვლის ჩათვლით. ამასთან, შპს „რკინიგზის ტელეკომი“ არის შპს „კავკასუს ონლაინის“ შვილობილი კომპანია და შპს „კავკასუს ონლაინის“ ჯგუფის 2022 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების გარეშე ვერ მოხდება შპს „რკინიგზის ტელეკომის“ 2022 წლის ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგებისა და შესაბამისად, 2022 წლის აუდირებული განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის კომისიაში წარმოდგენა. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „რკინიგზის ტელეკომი“ ცნობილი უნდა იქნას სამართალდამრღვევად და უნდა გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან.

ამასთან, შპს „რკინიგზის ტელეკომს“, სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, უნდა დაევალოს 2022 წლის აუდირებული განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის კომისიაში წარმოდგენა 2024 წლის 10 თებერვლის ჩათვლით.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებული „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“  მე-14 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების,  საქართველოს

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისიის  საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1. შპს „რკინიგზის ტელეკომი“  ცნობილი იქნას სამართალდამრღვევად „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის,  კომისიის  2006  წლის  20  აპრილის  №5  დადგენილებით  დამტკიცებული „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მე-14 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა და კომისიის 2023 წლის 24 აგვისტო Nგ-23-18-427 გადაწყვეტილების დარღვევის გამო;

2. შპს „რკინიგზის ტელეკომი“ გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან;

3. დაევალოს შპს „რკინიგზის ტელეკომს“ 2022 წლის დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებული აღრიცხვის აუდირებული ანგარიშის კომისიაში წარმოდგენა 2024 წლის 10 თებერვლის ჩათვლით;

4. დაევალოს    კომისიის    აპარატის    ადმინისტრაციას    (ო.ვოტ)    აღნიშნული გადაწყვეტილების ან გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „რკინიგზის ტელეკომისათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge)  გამოქვეყნება;

5.   დაევალოს  კომისიის  აპარატის  იურიდიულ  დეპარტამენტს  (თ.  ხუხუნაიშვილი) შპს „რკინიგზის ტელეკომის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

6. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების ან გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „რკინიგზის ტელეკომისათვის“ ჩაბარების დღიდან;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს „რკინიგზის ტელეკომისათვის“  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 და მე-6 პუნქტების შესრულებაზე  დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (გარდა  მე-4 და მე-6 პუნქტებისა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე წევრი

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები