შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 15, 2023 12:28
მიღების თარიღი თებერვალი 09, 2023
შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N23-10-146; 24/01/2023) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართვლოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების (ფორმა 4.15 სამაუწყებლო ბადე) შესაძლო დარღვევის გამო.
კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში (N23-10-146; 24/01/2023) აღნიშნულია, რომ დეპარტამენტის მიერ სამაუწყებლო ბადის წარმოდგენასთან დაკავშირებული პერიოდული მონიტორინგის განხორციელებისას შემოწმდა შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ მიერ სამაუწყებლო ბადის წარმოდგენა რის შედეგადაც აღმოჩნდა, 2022 წლის ივნისიდან მოყოლებული მაუწყებელს კომისიის ელექტრონული პორტალის საშუალებით სამაუწყებლო ბადე არ წარმოუდგენია.
2022 წლის 15 დეკემბერს კომისიამ წერილით (კომისიაში რეგისტრაციის Nგ-22-04/2998) მიმართა შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ (ადრესატმა მიღება დაადასტურა 16 დეკემბერს, ხოლო ფოსტით წერილი ჩაბარდა 19 დეკემბერს და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53–ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების შესაბამისად, რომლის თანახმადაც მაუწყებელი ვალდებულია ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით, მოსთხოვა სამაუწყებლო ბადის 3 სამუშაო დღის ვადაში წარმოდგენა. კომისიის მოთხოვნას მაუწყებლის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის აპარატის მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ მხრიდან ადგილი აქვს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობას.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს„რადიო კომპანია პირველი რადიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2023 წლის 2 თებერვალს, 15:00 საათზე, რის შესახებაც შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ ეცნობა შეტყობინებით. ამავე შეტყობინებით, კომპანიას განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება. კომისიის 2023 წლის 2 თებერვლის სხდომას არ დასწრებია კომპანიის წარმომადგენელი, რის გამოც, კომისიამ ერთი კვირით, 9 თებერვლისთვის გადადო საკითხის განხილვა, რის თაობაზეც შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ ეცნობა შეტყობინებით კანონით დადგენილი წესით.
კომისიის 2023 წლის 9 თებერვლის სხდომაზე კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის წარმომადგენელმა, გ. წიკლაურმა აღნიშნა, რომ შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის არ აქვს კომისიის ელექტრონული პორტალის მეშვეობით წარმოდგენილი ყოველკვირეული სამაუწყებლო ბადე (ფორმა 4.15) და არც ვებგვერდზე აქვს გამოქვეყნებული.
კომისიის 2023 წლის 9 თებერვლის სხდომას ესწრებოდა შპს „რადიო კომპანია პირველ რადიოს“ წარმომადგენელი ა. კვანტალიანი, რომელმაც აღნიშნა, რომ ანძებთან დაკავშირებით აქვთ პრობლემა, რომელსაც ახლა აგვარებენ, რადიო გადიოდა ეთერში, მაგრამ შეფერხებებით, ამიტომ თანამშრომელმა იმისთვის, რომ არასწორი ბადე არ გამოეგზავნა კომისიაში, თავი შეიკავა გადმოგზავნისგან. დაახლოებით ერთ კვირაში დაასრულებენ ანძების გასწორებას და მაუწყებლობასაც ნორმალურად განაახლებენ, შესაბამისად, ბადესაც წარმოადგენენ.
II. გამოკვლეული მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი ბარათი (N23-10-146;24/01/2023) თანდართული დოკუმენტაციით.
2. შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოსთვის“ გაგზავნილი კომისიის წერილი (Nგ-22-04/2998;15/12/2022) და ზემოაღნიშნული წერილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
3. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ შესახებ მონაცემები.
4. შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოსთვის“ გაგზავნილი შეტყობინება კომისიის 2023 წლის 2 თებერვლის სხდომაზე მოწვევის თაობაზე.
5. შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოსთვის“ გაგზავნილი შეტყობინება კომისიის 2023 წლის 9 თებერვლის სხდომაზე მოწვევის თაობაზე.
6. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის 2023 წლის 9 თებერვლის სხდომაზე.
7. შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ წარმომადგენლის ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის 2023 წლის 9 თებერვლის სხდომაზე.
III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს „რადიო კომპანია პირველი რადიო“ წარმოადგენს რადიომაუწყებელს (რადიომაუწყებლობის B45, B46 და B79 ლიცენზიები).
2. შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ 2022 წლის ივნისიდან მოყოლებული მაუწყებელს კომისიის ელექტრონული პორტალის საშუალებით სამაუწყებლო ბადე არ წარმოუდგენია.
3. შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის არ აქვს კომისიის ელექტრონული პორტალის მეშვეობით წარმოდგენილი ყოველკვირეული სამაუწყებლო ბადე (ფორმა 4.15) და არც ვებგვერდზე აქვს გამოქვეყნებული.
4. შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში იგივე/მსგავსი დარღვევისათვის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
2. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება.
3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ამ კანონის საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი.
4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ს1“ ქვეპუნქტის თანახმად, მედიამომსახურება არის აუდიოვიზუალური მედიამომსახურება და რადიომაუწყებლობა
5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მაუწყებლები ვალდებული არიან, ყოველკვირეულად გამოაქვეყნონ მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით; მოახდინონ პროგრამების, მათ შორის, ფილმების, კლასიფიკაცია მათთვის კატეგორიისა და შესაბამისი აღმნიშვნელი ნიშნის მინიჭებით.
6. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოსაფხვრელად ან პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად. მაუწყებლის გაფრთხილების უფლებამოსილება არ ვრცელდება ამ კანონის 561 და 562 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევებზე.
კომისიას მიაჩნია, რომ შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ მიერ კომისიის ელექტრონული პორტალის საშუალებით 2022 წლის ივნისიდან მოყოლებული კომისიის ელექტრონული პორტალის საშუალებით სამაუწყებლო ბადის წარმოუდგენლობით დარღვეულია „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილება (ფორმა4.15 სამაუწყებლო ბადე) და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53–ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის მიხედვითაც, მაუწყებლები ვალდებული არიან, ყოველკვირეულად გამოაქვეყნონ მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით; მოახდინონ პროგრამების, მათ შორის, ფილმების, კლასიფიკაცია მათთვის კატეგორიისა და შესაბამისი აღმნიშვნელი ნიშნის მინიჭებით, რომელიც ივსება ყოველკვირეულად, ყოველი კვირის კვირა დღის ბოლომდე და წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი კვირის 7 დღის სამაუწყებლო ბადე. შესაბამისად, ზემოაღნიშნული დარღვევა წარმოადგენს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იგივე/მსგავსი ხასიათის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, შესაბამისად, კომპანიას უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, მე-13, 53-ე, 54-ე, 76-ე მუხლის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე მუხლებისა და VII თავის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 მუხლის „ტ“ და „ს1“ ქვეპუნქტების, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 53-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტებისა და კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების (ფორმა 4.15 სამაუწყებლო ბადე) შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტისა და კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების (ფორმა 4.15 სამაუწყებლო ბადე) დარღვევის გამო.
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) გადაწყვეტილების შპს„რადიო კომპანია პირველი რადიოსთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
3. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (თ.კაველიძე) შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა.
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოსთვის“ ჩაბარების დღიდან.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი,№64) შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოსთვის“ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.
6. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2 და მე-3 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე).
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-4 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
