შპს „გლობალ-ნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მარტი 02, 2023 8:49
მიღების თარიღი თებერვალი 23, 2023
შპს „გლობალ-ნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N23-10-297; 10/02/2023) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს„გლობალ-ნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დარღვევის გამო.
კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის მიხედვით, 2023 წლის 8 თებერვალს კომისიაში შემოვიდა შპს „გლობალ-ნეტის“ (ს/კ 405075289) წერილი (N23-6/437), რომლიდანაც ირკვევა, რომ კომპანიამ 2023 წლის 3 თებერვალს განახორციელა დირექტორის და დამფუძნებლის ცვლილება, კერძოდ, ლია ბობოხიძის ნაცვლად დირექტორად და 100%-იანი წილის მფლობელად განისაზღვრა ლუკა ზაალიშვილი. აღნიშნული ტრანზაქციის განსახორციელებლად კომისიისგან წინასწარი თანხმობა არ აქვს მიღებული კომპანიას. შესაბამისად კომპანიის მიერ დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, 25-ე მუხლის პირველი პუნქტი და 26-ე მუხლი.
2023 წლის 23 თებერვალს წარმოდგენილ იქნა კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 23-10-392;23/02/2023), რომელშიც მითითებულია, შპს„გლობალ-ნეტის“ (ს/კ 405075289) წილის გასხვისება ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან. კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნით, არ დგება ის აუცილებელი გარემოებები, რომლის თანახმადაც, საჭირო იქნება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, შეძენის გამოკვლევის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.
შპს „გლობალ-ნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვა დაინიშნა 2023 წლის 23 თებერვალს 15:00 საათზე, რის თაობაზეც კომპანიას ეცნობა შეტყობინებით. შეტყობინებით, შპს „გლობალ-ნეტი“ მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. კომისიის 2023 წლის 23 თებერვლის სხდომას ესწრებოდა შპს „გლობალ-ნეტის“ წარმომადგენელი ლ. ზაალიშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ მისთვის ცნობილი არ იყო აღნიშნული დარღვევის შესახებ და მადლობელი იქნება, თუ კომისია გაფრთხილებით შემოიფარგლება.
II. გამოკვლეული მტკიცებულებები
1.კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 23-10-297,10/02/2023) თანდართული მასალით.
2.შპს „გლობალ-ნეტის“ 2023 წლის 8 თებერვლის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის N23-6/437).
3.შპს „გლობალ-ნეტისთვის“ გაგზავნილი შეტყობინება კომისიის 2023 წლის 23 თებერვლის სხდომაზე მოწვევის თაობაზე.
4.კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 23-10-392; 23/02/2023).
5.შპს„გლობალ-ნეტის“ წარმომადგენლის ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის 2023 წლის 23 თებერვლის სხდომაზე.
6.მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „გლობალ-ნეტის“ შესახებ მონაცემები.
III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1.შპს „გლობალ-ნეტი“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს, ავტორიზაციის თარიღი15/12/2014. შესაბამისად, შპს „გლობალ- ნეტი“ როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
2.შპს„გლობალ-ნეტმა“ (ს/კ 405075289) 2023 წლის 3 თებერვალს განახორციელა დირექტორის და დამფუძნებლის ცვლილება, კერძოდ, ლია ბობოხიძის ნაცვლად დირექტორად და 100%-იანი წილის მფლობელად განისაზღვრა ლუკა ზაალიშვილი.
3.შპს„გლობალ-ნეტს“ აღნიშნული ტრანზაქციის განსახორციელებლად არ მოუმართავს კომისიისათვის და არ მიუღია კომისიის წინასწარი თანხმობა წილის გასხვისების თაობაზე.
4.კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N23-10-392;23/02/2023) თანახმად, შპს„გლობალ-ნეტი“ (ს/კ 405075289) წილის გასხვისება ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან. შესაბამისად, არ დგება ის აუცილებელი გარემოებები, რომლის თანახმადაც, საჭირო იქნება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, შეძენის გამოკვლევის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.
5.შპს „გლობალ-ნეტის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.
IV. სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
2.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
3.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
4.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
5.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისია, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული კონცენტრაციის გარდა, ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლებით დადგენილი წესით შეისწავლის იმ ოპერაციას, რომლითაც ხდება: ა) ავტორიზებული პირის საოპერაციო აქტივის შეძენა; ბ) ორი ან ორზე მეტი პირის, რომელთაგან ერთ-ერთი ავტორიზებული პირია, შერწყმის შედეგად გაერთიანება; გ) ავტორიზებული პირის წილის ან აქ[ციების შეძენა, რის შედეგადაც შემძენი პირის მფლობელობაში ან/და ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მფლობელობაში ჯამში ავტორიზებული პირის წილის ან აქციების 5 პროცენტი ან 5 პროცენტზე მეტი აღმოჩნდება. ხოლო ამავე მუხლი მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლები არ გამოიყენება ავტორიზებული პირების წილის ან აქციების შეძენის შემთხვევაში, თუ შემძენი პირის ან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მიერ ერთობლივად ხდება ავტორიზებული პირის 5 პროცენტამდე წილის ან აქციების შეძენა.
7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
6.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.
8.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შერწყმის ან შეძენის ფორმა. შეტყობინება აგრეთვე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას შერწყმაში ან 4 შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ: ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები; ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეული მომსახურებიდან; დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა; ე)ინფორმაცია წილის ან აქციების მფლობელთა შესახებ, ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე.
9.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ; ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კომისიის თანხმობით განხორციელებული შერწყმის ან შეძენის შედეგად ჩამოყალიბებული მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირის მიერ მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის მნიშვნელოვნად დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მოსთხოვოს შერწყმის შედეგად ჩამოყალიბებულ ავტორიზებულ პირს, საოპერაციო აქტივის შემძენ ავტორიზებულ პირს ან ავტორიზებულ პირს, რომლის წილის ან აქციების შეძენაც მოხდა, ფუნქციონალური განცალკევება (ფუნქციონალურად გამოყოფილი სტრუქტურული ერთეულების ცალკე იურიდიულ პირად/პირებად გამოყოფა).
10.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს;
11.„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის„ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები. ასევე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე, ამასთან, შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება. ამავე კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით კომისიის წინასწარი თანხმობა მოითხოვება, როდესაც ხდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენა. განსახილველ შემთხვევაში დადგინდა, რომ 2023 წლის 3 თებერვალს გასხვისდა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირის - შპს„გლობალ-ნეტის“ 100%-იანი წილი კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე. შესაბამისად შპს „გლობალ-ნეტის“ მიერ დარღვეულ იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები. ზემოაღნიშნული სამართალდარღვევა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის სანქცირების საფუძველია.
გარდა ამისა, ავტორიზებული პირის წილის ან აქციების პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე გაყიდვის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევ ავტორიზებულ პირს დააკისროს სპეციალური ღონისძიებები, მათ შორის, მოსთხოვოს წილის გასხვისებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა. კომისიის მიერ აღნიშნული უფლებამოსილების გამოყენება უნდა იყოს დასაბუთებული და უნდა ემყარებოდეს კონკრეტულ ფაქტობრივ და სამართლებრივ წინაპირობებს. პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოთხოვნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კრიტერიუმს წარმოადგენს ის ფაქტი - იცვლება თუ არა წილის ან აქციების გასხვისების შედეგად საბოლოო ბენეფიციარის წილობრივი მონაწილეობა ან/და გავლენა ავტორიზებულ პირში ან/და ასევე წილის ან აქციების გასხვისებით შესაძლებელია თუ არა ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის კონკურენტუნარიანობას მიადგეს საფრთხე. ამასთან, კომისია აღნიშნავს იმასაც, რომ არ არის აუცილებელი დადგენილი იყოს კონკურენტუნარიანობისთვის ზიანის მიყენების უტყუარობა, არამედ კონკურენტუნარიანობისთვის ზიანის მიყენების რეალური საფრთხის არსებობაც კი საკმარისი საფუძველია იმისათვის, რომ კომისიამ ავტორიზებულ პირს დააკისროს სპეციალური ღონისძიებები (მათ შორის კომისიის თანხმობის გარეშე გასხვისებული წილის ან აქციების გასხვისებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა). იმას, თუ რამდენად რეალურია საფრთხე და საერთოდ არსებობს თუ არა საფრთხე ავტორიზებული პირის წილის ან აქციების კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე გასხვისებით დაზიანდეს ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო, სხვა ფაქტორებთან ერთად, განაპირობებს წილის ან აქციების გასხვისებაში მონაწილე ავტორიზებული პირ(ებ)ის საქმიანობის არეალი, საბაზრო წილი და აბონენტების რაოდენობა.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში, კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის შესწავლით, შპს „გლობალ-ნეტის“ წილის გასხვისება ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე და იგი შესაძლებელია მიჩნეულ იქნეს თავსებადად ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან. კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნით, არ დგება ის აუცილებელი გარემოებები, რომლებიც განაპირობებდა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად შეძენის გამოკვლევის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საჭიროებას.
შპს „გლობალ-ნეტის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, მას „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე,98-ე, 99-ე მუხლებისა და VII თავის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 25-ე მუხლის, 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,
გადაწყვიტა:
1.შპს„გლობალ-ნეტს“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დარღვევის გამო.
2.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „გლობალ-ნეტისათვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
3.დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (თ.კაველიძე) შპს„გლობალ-ნეტისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა.
4.გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „გლობალ- ნეტისათვის“ ჩაბარების დღიდან.
5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) შპს„გლობალ-ნეტისათვის“ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.
6.გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).
7.კონტროლი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-4 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
