წვდომის მენიუ

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ორგანიზაციული მოწყობის სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 20/01/2023წ-ის N გ-23-22/9 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ

ნომერი: გ-23-19 / 24

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 31, 2023 12:59

მიღების თარიღი იანვარი 30, 2023

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ორგანიზაციული მოწყობის სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 20/01/2023წ-ის N გ-23-22/9 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში-კომისია) 20/01/2023წ-ის Nგ-23-22/9 გადაწყვეტილებით დამტკიცდა საშტატო ნუსხა და კომისიის ორგანიზაციული მოწყობის სტრუქტურა.

კომისიის Nგ-23-22/9 გადაწყვეტილების N2 დანართით დამტკიცებული საშტატო ნუსხა ადგენს საშტატო ერთეულებს, რანგებს და შრომითი მონაწილეობის კოეფიციენტებს (შმკ).

კომისიის 20/01/2023წ-ის Nგ-23-22/9 გადაწყვეტილების დანართი N2-ში შრომითი მონაწილეობის კოეფიციენტების გრაფაში დაფიქსირდა ტექნიკური შეცდომა, რის გამოც კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს, გასწორდეს ტექნიკური შეცდომა და 20/01/2023წ-ის N გ-23-22/9 გადაწყვეტილების დანართი N2 შეიცვალოს თანდართული სახით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ  გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს  ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კომისია ვალდებულია 3 სამუშაო დღით ადრე გამოაქვეყნოს ინფორმაცია მომავალი სხდომის, მისი ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას – აგრეთვე სხდომის დახურვის შესახებ. ამავე კანონის ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად კი გადაუდებელი აუცილებლობისას კომისია უფლებამოსილია ჩაატაროს სხდომა  ამ  მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაუცველად. ამ შემთხვევაში კომისია ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოაქვეყნოს  ინფორმაცია სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას – აგრეთვე სხდომის დახურვის შესახებ.

კომისიის 20/01/2023წ-ის Nგ-23-22/9 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი, რომლითაც მოხდა კომისიის საშტატო ნუსხის დამტკიცება, ამავე გადაწყვეტილების მე-6 პუნქტის თანახმად ძალაში შედის 2023 წლის 1 თებერვალს, შესაბამისად საშტატო ნუსხაში არსებული ტექნიკური ხარვეზის გასწორება უნდა მოხდეს 2023 წლის 1 თებერვლამდე.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის მიზნით კომისია უფლებამოსილია გამართოს დახურული სხდომა. კომისიის მიერ დახურულ სხდომაზე მიღებული დადგენილება და გადაწყვეტილება უნდა გამოქვეყნდეს საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის ამოღების შემდეგ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად.

კომისიის 20/01/2023წ-ის Nგ-23-22/9 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით დამტკიცებული დანართი, რომელშიც წინამდებარე გადაწყვეტილებით ხდება ტექნიკური შეცდომის გასწორება, შეიცავს გრაფას, რომელიც თავის მხრივ შეიცავს პერსონალურ მონაცემებს. შესაბამისად, წინამდებარე გადაწყვეტილების დანართის პერსონალური მონაცემების შემცველ გრაფაში ტექნიკური შეცდომის გასწორება უნდა მოხდეს დახურულ სხდომაზე, ხოლო გადაწყვეტილების გამოქვეყნება კი უნდა მოხდეს პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გარეშე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად,  ერთხმად

გადაწყვიტა

1.   გასწორდეს კომისიის  20/01/2023წ-ის Nგ-23-22/9 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით დამტკიცებულ დანართი #2-ში დაშვებული ტექნიკური შეცდომა და დანართი #2 ჩამოყალიბდეს თანდართული ფორმით;

2.   გადაწყვეტილება ძალაში შედის მიღებისთანავე;

3.   დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას წინამდებარე გადაწყვეტილების (გარდა იმ ნაწილისა, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს) კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

4.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში;

5.   კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  დაევალოს  კომისიის აპარატის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს (ს. კაციტაძე).

ვახტანგ აბაშიძე           წევრი

ეკატერინე იმედაძე      წევრი

ნათია კუკულაძე         წევრი

ივანე მახარაძე            წევრი

კახი ბექაური             თავმჯდომარე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები