„მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად მრავალლიცენზიანი (თანმიმდევრული) აუქციონების გამოცხადების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე“ კომისიის 2023 წლის 6 აპრილის №გ-23-23/164 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 09, 2023 16:09
მიღების თარიღი ივნისი 08, 2023
„მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად მრავალლიცენზიანი (თანმიმდევრული) აუქციონების გამოცხადების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე“ კომისიის 2023 წლის 6 აპრილის №გ-23-23/164 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2023 წლის 6 აპრილის №გ-23-23/164 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად მრავალლიცენზიანი (თანმიმდევრული) აუქციონების გამოცხადების მიზნით.
აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის თანახმად - მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად მრავალლიცენზიანი (თანმიმდევრული) აუქციონების გამოცხადების პროექტთან დაკავშირებით, ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2023 წლის 15 ივნისი.
კომისია აღნიშნავს რომ 2023 წლის 5 მაისს კომისიას მიმართა შპს „სელფ მობაილმა “ (წერილის კომისიაში რეგისტრაციის №შ-23-7/1599) და მოითხოვა აუქციონის გამოცხადება მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, შემდეგ სიხშირულ რესურსზე: 10 მჰც (2X5 მჰც), 1770-1775მჰც და 1865-1870მჰც. ვინაიდან აღნიშნული სიხშირული რესურსი ამ დროისათვის არის თავისუფალი, ხოლო მისი საწყისი საფასური დათვლილია 5G მომსახურებისთვის გამოყოფილი სიხშირეების საფასურის დათვლის პროცესში, კომპანია ერნსტ & იანგის (პოლონეთის ოფისის წარმომადგენლობა „ერნსტ ენდ იანგ ბიზნეს ედვაიზორი სპოლკა კომანდიტოვა“) მიერ, ბიზნესმოდელირების მეთოდოლოგიით. კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ აღნიშნულ თავისუფალ სიხშირულ რესურსზე გამოცხადდეს აუქციონი.
ვინაიდან შპს „სელფ მობაილის“ მოთხოვნა დაკავშირებულია მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების საგანთან (მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია), კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია ცვლილებები შევიდეს „მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად მრავალლიცენზიანი (თანმიმდევრული) აუქციონების გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების პროექტში, ასევე კომისიის 2023 წლის 6 აპრილის №გ-23-23/164 გადაწყვეტილებაში. კერძოდ მიზანშეწონილია შპს „სელფ მობაილის“ მიერ მოთხოვნილ სიხშირულ რესურსზე, აუქციონის გამოცხადება კომისიის მიერ დაგეგმილი მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად მრავალლიცენზიანი (თანმიმდევრული) აუქციონების ფარგლებში და სააუქციონოდ გამოსატანი სიხშირეებისთვის 1800 მჰც სიხშირულ ზოლში 10 მჰც (2X5 მჰც), 1770-1775მჰც და 1865-1870მჰც სიხშირული რესურსის დამატება.
ვინაიდან ცვლილებები შედის მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად მრავალლიცენზიანი (თანმიმდევრული) აუქციონების გამოცხადების პროექტში, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ გაგრძელდეს საჯარო კონსულტაციები და მხარეების მიერ კომენტარების წარდგენის ვადად განისაზღვროს არაუმეტეს 2023 წლის 23 ივნისისა, ხოლო ზეპირი მოსმენის გამართვის თარიღად ნაცვლად 2023 წლის 15 ივნისისა განისაზღვროს 2023 წლის 29 ივნისი რაც თავის მხრივ საჭიროებს კომისიის 2023 წლის 6 აპრილის №გ-23-23/164 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესების“ მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება „მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად მრავალლიცენზიანი (თანმიმდევრული) აუქციონების გამოცხადების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე“ კომისიის 2023 წლის 6 აპრილის №გ-23-23/164 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საჯარო კონსულტაციების გამართვის მიზნით, მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად მრავალლიცენზიანი (თანმიმდევრული) აუქციონების გამოცხადების პროექტთან დაკავშირებით, დაინტერესებული მხარეების მიერ კომენტარების წარდგენის ვადად განისაზღვროს არაუმეტეს 2023 წლის 23 ივნისისა. კომენტარების კომისიაში წარმოდგენა უნდა განხორციელდეს წერილობით, კომისიის იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. N50/18 ან კომისიის ელექტრონულ მისამართზე post@comcom.ge.“
„4. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2023 წლის 29 ივნისს 15:00 საათზე, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;“
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოაქვეყნოს:
ა) ცნობა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის პროექტის საჯარო კონსულტაციაზე წარდგენის თაობაზე, წინამდებარე გადაწყვეტილება, მომზადებული განახლებული გადაწყვეტილების პროექტი;
ბ) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაინტერესებული მხარის მიერ კომისიაში წარდგენილი კომენტარები (გარდა საიდუმლო/კონფიდენციალური ინფორმაციისა), კომისიაში რეგისტრაციიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
