“მობილური ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” კომისიის 2019 წლის 31 დეკემბრის N გ-20-9/156 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: გ-23-19 / 306

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 06, 2023 15:43

მიღების თარიღი ივნისი 29, 2023

მობილური ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” კომისიის 2019 წლის 31 დეკემბრის N გ-20-9/156 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  (შემდეგში  „კომისია“) მიერ 2023 წლის 18 მაისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება N გ-23-23/231 „მობილური ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” კომისიის 2019 წლის 31 დეკემბრის N გ-20-9/156 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“. აღნიშნული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გასამართი ზეპირი მოსმენის თარიღად 2023 წლის 22 ივნისი განისაზღვრა.

2019 წლის 31 დეკემბერს კომისიის მიერ მიღებულ იქნა Nგ-20-9/156 გადაწყვეტილება “მობილური ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ”. აღნიშნული გადაწყვეტილებით მობილური ქსელით მომსახურების (ხმოვანი, ინტერნეტი, მოკლე ტექსტური შეტყობინებები„SMS“)საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე განისაზღვრა 3(სამი) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული   პირი:  შპს„მაგთიკომი”, სს„სილქნეტი“ და შპს„ვიონი   საქართველო”(ამჟამად  სახელწოდებით „სელფი მობაილი“).

კომისიის 2019 წლის 31 დეკემბრის გ-20-9/156 გადაწყვეტილებით მობილური ქსელით მომსახურების (ხმოვანი, ინტერნეტი, მოკლე ტექსტური შეტყობინებები „SMS“) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე, განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს: შპს„მაგთიკომი”,სს„სილქნეტი“, შპს„ვიონი საქართველო”-ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაეკისრათ მობილური  ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) ქსელთან დაშვების უზრუნველყოფის ვალდებულება, შემდეგი სპეციფიკური პირობების გათვალისწინებით:

1.ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ვალდებულება

2.ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება

3.დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება

4.სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება აღნიშნული გადაწყვეტილებისა და მასში კომისიის 2020 წლის 24 სექტემბრის N გ-20-19/775    გადაწყვეტილებით შესული ცვლილებების შედეგად კომისიის გ-20-9/156 გადაწყვეტილებით მობილური ქსელით მომსახურების (ხმოვანი, ინტერნეტი, მოკლე ტექსტური შეტყობინებები „SMS“) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა) უნდა გამოექვეყნებინათ არაუგვიანეს 2020 წლის 27 ნოემბრისა, ხოლო მოგვიანებით, კომუნიკაციების კომისიის 2021 წლის 18 ნოემბერის Nგ-21-19/622 გადაწყვეტილებით აღნიშნული თარიღი შეიცვალა 2022 წლის 31 დეკემბრით.

2022 წლის 29 დეკემბრის Nგ-22-19/596 გადაწყვეტილებით კი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტა) გამოქვეყნების ვადად განესაზღვრათ 2023 წლის 30 ივნისი. კომუნიკაციების კომისიამ ამ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა ორი არსებითი წინაპირობით: ერთის მხრივ, მიმდინარეობდა საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის სრულფასოვანი კვლევისა და ანალიზის  (შემდეგში „კომპლექსური კვლევა“) პროექტი, რომლის ფარგლებშიც ხდებოდა ფიქსირებული ფართოზოლოვანი და მობილური მომსახურებების საცალო და საბითუმო სეგმენტებზე კომპლექსური ანალიზის ჩატარება ევროკომისიის მიერ დადგენილი ბაზრის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების შესაბამისად და რომლის ფარგლებშიც უნდა განსაზღვრულიყო მობილური ქსელის საბითუმო სეგმენტზე დაშვების ბაზრის რეგულირების საჭიროება; მეორეს მხრივ, მობილურ ქსელზე ვირტუალური დაშვების მსურველ ოპერატორებსა და ქსელის მფლობელ ოპერატორებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგის შესაფასებლად საჭირო იყო დამატებითი დრო. ასევე, გაითვალისწინა მობილური მომსახურებების ბაზრის მაჩვენებლების დინამიკა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში უმნიშვნელოდ იცვლებოდა.

მობილური მომსახურებების სეგმენტზე საბაზრო მაჩვენებლების ტენდენცია მნიშვნელოვნად არც 2023 წლის I კვარტლის მდგომარეობით შეცვლილა.

ამ პერიოდში მობილური მომსახურებების აბონენტების რაოდენობამ 5.78 მილიონი შეადგინა, საიდანაც ყველაზე მეტი აბონენტი,  2,4 მილიონი, ჰყავდა შპს „მაგთიკომს“, სს„სილქნეტს“-1.93 მილიონი, ხოლო შპს„სელფი მობაილს“-1.44 მილიონი აბონენტი.

 

წყაროა ტიპის აბონენტები M2M/IoT აბონენტების ჩათვლით,,კომისიის სტატისტიკური ანგარიშგების ელექტრონული ფორმა 2.2; 2018 წლის სს „სილქნეტის“ მონაცემები მოიცავს შპს „ჯეოსელის“ აბონენტებსაც.

„სხვა“ კატეგორიის ორი კომპანიის აბონენტების რაოდენობა მთლიანი სააბონენტო ბაზის 0.2%-ს შეადგენს, რაც აბსოლუტურ მაჩვენებლებში 2023 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით ჯამში 11.6 ათასს შეადგენს, საიდანაც უმრავლესობა - 11.5 ათასი-შპს„ეკლეკტიკის“ აბონენტია. ასევე, აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მონაცემები კვარტლის აქტიური აბონენტების („ა ტიპი“) რაოდენობაა, ხოლო მარტის თვის მონაცემებით, კომპანიის აქტიური აბონენტების რაოდენობა 7.9 ათასს შეადგენს.

როგორც ცნობილია, კომისიის 2021 წლის 18 ნოემბრის “მობილური ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” კომისიის 2019 წლის 31 დეკემბრის Nგ-20-9/156 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” Nგ-21-19/622 გადაწყვეტილების შემდეგ, 2021 წლის 3 დეკემბერს სს„სილქნეტსა“ და შპს„ეკლეკტიკს“ შორის გაფორმდა მობილურ ქსელთან დაშვების საბითუმო მომსახურების  ხელშეკრულება,  ხოლო 2022 წლის 1 აგვისტოდან   შპს„ეკლეკტიკმა“ დაიწყო პრაქტიკული საქმიანობა ბრენდული სახელწოდებით „ჰალო” და ახორციელებს ბოლო მომხმარებლებისთვის მობილური მომსახურების მიწოდებას, თუმცა 2023 წლის I კვარტლის მდგომარეობით მისი წილი სააბონენტო ბაზის 0.2%-ს შეადგენს.

2023 წლის I კვარტლის მონაცემებით მობილური ქსელით მომსახურების (ხმოვანი, ინტერნეტი, მოკლე ტექსტური შეტყობინებები „SMS“) ბაზრის შესაბამის სეგმენტზე საცალო შემოსავლების მიხედვით ბაზრის ყველაზე დიდი წილი შპს„მაგთიკომს“ (50%) ჰქონდა, სს „სილქნეტი“- 34%, ხოლო შპს „სელფი მობაილს“ ბაზრის 16%-იანი წილი უჭირავს.

„სხვა“ კატეგორიაში კომპანიების საბაზრო წილი 0.09%-ს შეადგენს და ის თითქმის სრულად შპს„ეკლეკტიკზე“ მოდის. აბსოლიტურ მაჩვენებლებში კომპანიის შემოსავალმა 2023 წლის I კვარტალში 155 ათასი ლარი შეადგინა.

2022 წლის 29 დეკემბრის Nგ-22-19/596 გადაწყვეტილებაში ასევე აღინიშნა, რომ კომუნიკაციების კომისიაში მიმდინარე, კომპლექსური კვლევის ფარგლებში ევროკომისიის მიერ დადგენილი ბაზრის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების შესაბამისად უნდა განისაზღვროს ფიქსირებული ფართოზოლოვანი და მობილური მომსახურებების საცალო და  საბითუმო სეგმენტებზე დაშვების ბაზრის რეგულირების საჭიროება.

პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება, კერძოდ, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დახმარების (Facility for the Implementation of the EU-Georgia Association Agreement, შემდგომში „AA Facility“) ფარგლებში. კვლევას განახორციელებენ AA Facility პროექტის მიერ შერჩეული ევროკავშირის ექსპერტები, ევროკომისიასა და ევროპულ მარეგულირებელ ორგანოებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით. ექსპერტები კომუნიკაციების კომისიის გუნდთან ერთად უზრუნველყოფენ პროექტის ეკონომიკური, სამართლებრივი და ტექნიკური მიმართულებების განხორციელებას.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული კვლევის ჩარჩო და საბოლოო შედეგი შეთანხმებული იქნება ევროკომისიის ექსპერტებთან, რისთვისაც კომუნიკაციების კომისიამ უკვე მოიპოვა ევროკავშირის დახმარება ინსტიტუციონალური განვითარების, ტექნიკური დახმარების და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) ფარგლებში.

კვლევის ფარგლებში შეფასდება ტელეკომ ბაზარზე არსებული კონკურენცია და შედეგებიდან გამომდინარე, საჭიროებისამებრ კანონმდებლობის შესაბამისად დადგინდება შესაბამისი რეგულირებადი ბაზრები, განისაზღვრება მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორები და დაეკისრებათ სპეციფიური ვალდებულებები. კვლევის მიზანია, ფიქსირებული და მობილური მომსახურების ბაზრებზე შესვლის ბარიერების გამოვლენა და კონკურენციის ხელშემწყობი მექანიზმების დადგენა. აღნიშნული, ერთი მხრივ, მრავალფეროვან სატელეკომუნიკაციო მომსახურებებზე ხელმისაწვდომობას განაპირობებს, ხოლო მეორე მხრივ, მცირე ზომის კომპანიებს მისცემს შესაძლებლობას, განავითარონ საქმიანობა და შექმნან ალტერნატიული საკომუნიკაციო შეთავაზებები. ქსელის მფლობელი ოპერატორები კი მეტად აითვისებენ საკუთარი ქსელის შესაძლებლობებს, რითაც დამატებით შემოსავალს მიიღებენ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, რომ გამოყენებულ იქნას კომპლექსური კვლევის ჩარჩო და ბაზარზე არსებული/შეცვლილი მდგომარეობის გათვალისწინებით კომისიის Nგ-20-9/156 გადაწყვეტილების  გადახედვის   საჭიროება განისაზღვროს ამ კვლევის ფარგლებში.

მიმდინარე ეტაპზე კომპლექსური კვლევის ფარგლებში ხორციელდება ფიქსირებული და მობილური მომსახურებების როგორც საცალო, ასევე შესაბამისი საბითუმო ბაზრების კვლევა, რომლის პირველადი შედეგები გაზიარებულ იქნა სექტორის წარმომადგენლებთან, თუმცა შესაბამისი საბითუმო ბაზრების სიღრმისეული კვლევა და ოფიციალური საჯარო პროცედურებით დამტკიცებული შედეგების მიღება დამატებით დროს საჭიროებს. როგორც აღინიშნა, კომისია კომპლექსური კვლევის შედეგების გათვალისწინებით იმსჯელებს მობილური მომსახურებების შესაბამის საბითუმო ბაზრის წინასწარი რეგულირებისა და სათანადო სპეციფიკური ვალდებულებების საჭიროებისა და ფარგლების განსაზღვრაზე. კომპლექსური კვლევა, კი, კვლევის მასშტაბებისა და სამუშაო მოცულობის გათვალისწინებით პროექტის დაგეგმილი ვადებიდან გამომდინარე მოსალოდნელია დასრულდეს 2023 წლის შემდგომ პერიოდში.

რაც შეეხება დაშვების მსურველი სხვა კომპანიების მიერ ქსელის მფლობელ ოპერატორებთან ურთიერთხელსაყრელი პირობით მოლაპარაკებების წარმართვას, კომპანიები, რომლებიც 2020 წლიდან ღიად გამოხატავენ ინტერესს მოიპოვონ დაშვება საქართველოში მოქმედი მობილური ოპერატორების ქსელზე, მიუხედავად მოლაპარაკებების პროცესის გარკვეული პროგრესისა, ამ მომენტამდე დაშვების მოპოვება ვერ ხერხდება, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა კომისიის მხრიდან დაშვების მსურველ ოპერატორებთან კომუნიკაციით.

შესაბამისად, მიმდინარე ეტაპზე კვლავ სახეზეა მოცემულობა, რომლის მიხედვითაც კომისიის მიერ Nგ-20-9/156 გადაწყვეტილების ამოქმედების ვადის გადაწევასთან დაკავშირებული, 2022 წლის 29 დეკემბრის N გ-22-19/596 გადაწყვეტილების მიღების წინაპირობები კვლავ ძალაში რჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია  მიზანშეწონილად მიიჩნევს კომისიის Nგ-20-9/156 გადაწყვეტილებით გათვალისწინებული სპეციფიკური ვალდებულებების ამოქმედება გადავადდეს 2024 წლის 30 ივნისამდე. აღნიშნულ პერიოდამდე, კომპლექსური კვლევის ფარგლებში, ამავე კვლევით დამდგარი შედეგების შესაბამისად განიხილავს და შეაფასებს Nგ-20-9/156 გადაწყვეტილების გადახედვის საჭიროებას.

კომუნიკაციების კომისიის 2021 წლის 9 დეკემბრის N6დადგენილებით დამტკიცებული საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებამდე (გამოცემამდე) აღნიშნული წესის შესაბამისად საჯარო კონსულტაციებს გამართავს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონის 22-ე - 24-ე მუხლებით და ამავე კანონის V თავით გათვალისწინებულ  კონკურენციის წინასწარ რეგულირებასთან დაკავშირებული ბაზრის ანალიზის პროცედურების განხორციელებისას. ამდენად, “მობილური ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” კომისიის 2019 წლის 31 დეკემბრის Nგ-20-9/156 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე გამართული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, კომისიამ უნდა გამართოს საჯარო კონსულტაციები, რაც გულისხმობს, რომ კომისიის მიერ  მომზადებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტთან დაკავშირებით ყველა დაინტერესებულ მხარეს მიეცემა წერილობითი კომენტარების, მოსაზრებების, შენიშვნების, განცხადებების ან/და წინადადებების (შემდგომში-კომენტარების) წარდგენის შესაძლებლობა. დაინტერესებული მხარეების მიერ წარმოდგენილი კომენტარები კომისიის პასუხებთან ერთად საჯაროდ გამოქვეყნდება ზეპირი მოსმენის დასრულების შემდეგ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში, კანონით დადგენილი წესით.

საჯარო კონსულტაციების გამართვის მიზნით, “მობილური ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” კომისიის 2019 წლის 31 დეკემბრის Nგ-20-9/156 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის პროექტთან დაკავშირებით, დაინტერესებული მხარეების მიერ კომენტარების წარდგენის ვადად განისაზღვრა გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღე, არაუგვიანეს 2023 წლის 20 ივნისი, თუმცა, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში კომენტარები და მოსაზრებები კომისიაში არ შემოსულა.

საკითხთან დაკავშირებით ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართა 2023 წლის 22 ივნისს. სხდომას ესწრებოდნენ შპს „მაგთიკომის“, სს „სილქნეტის“ და შპს „სელფი მობაილის“ წარმომადგენლები.

შპს„მაგთიკომის“ წარმომადგენელმა, ლევან გიორგაძემ აღნიშნა, რომ მან გამოქვეყნებული პროექტიდან მიიღო პასუხი იმასთან დაკავშირებით, თუ რა გახდა 2019 წლის რეგულაციის ამოქმედების ვადის 1 წლით გადადების საფუძველი და ისიც, რომ კომისია მიმდინარე კომპლექსური კვლევის ფარგლებში გეგმავდა განესაზღვრა მარეგულირებელი ჩარჩო.

სს„სილქნეტის“ წარმომადგენელმა, თეა ტყეშელაშვილმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წარმოებასთან დაკავშირებით „სილქნეტის“ აზრი კომისიისთვის ცნობილი იყო და კომპანია მიიჩნევდა, რომ კომისიის გადაწყვეტილება უნდა გაუქმებულიყო და შემდგომში თუ იქნებოდა საჭირო და იქნებოდა შესაბამისი დასკვნა, დადგინდებოდა ხელახალი რეგულაცია.

კომპანიის წარმომადგენლებმა დასვეს კითხვები და გამოთქვეს მოსაზრებები კომისიის მიერ 2023 წლის 6 აპრილის Nგ-23-23/164 გადაწყვეტილების შესაბამისად დაწყებული („საჯარო გაცნობისათვის, საჯარო კონსულტაციების დაწყების, კომენტარების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის თაობაზე მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად მრავალლიცენზიანი (თანმიმდევრული) აუქციონების გამოცხადების მიზნით“) წარმოების ფარგლებში პროექტით გათვალისწინებული, სალიცენზიო ვალდებულების სახით MVNO დაშვების ვალდებულების განსაზღვრის შესახებ. თუმცა აღინიშნა, რომ მითითებულ საკითხზე სხდომა ჩანიშნული იყო 2023 წლის 4 ივლისს, შესაბამისად, გამოთქმული მოსაზრებების შესახებ განხილვა იქ უნდა გაგრძელებულიყო.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და ამავე კოდექსის VII და IX თავების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის 9 დეკემბრის N6  დადგენილებით დამტკიცებული საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესების  შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად,

გადაწყვიტა:

1.შევიდეს ცვლილება “მობილური ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” კომისიის 2019 წლის 31 დეკემბრის Nგ-20-9/156 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების 3.1.პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3.1 ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ვალდებულება, შემდეგი კონკრეტული პირობებით: მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი ვალდებულია გამოაქვეყნოს მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა), არაუგვიანეს 2024 წლის 30 ივნისისა. მოწვევის ოფერტა უნდა შეიცავდეს დეტალურ ინფორმაციას: შეთავაზებული ტექნოლოგიების, მომსახურების ტიპების, ქსელური ელემენტების (ქვესისტემების დონეზე) ჩამონათვალს და მათთან დაშვების პირობებს, ნუმერაციის რესურსის გამოყენების პირობებს;“

2.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

3.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) წინამდებარეგადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს„მაგთიკომისთვის“, სს„სილქნეტისთვის“ და შპს"სელფი მობაილისთვის“ გაგზავნა და კომისიის ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი:ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მხარეებისთვის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).

ვახტანგ აბაშიძე             წევრი

ეკატერინე იმედაძე        წევრი

ნათია კუკულაძე            წევრი

ივანე მახარაძე                წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები