წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 22 ივნისის №431/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: გ-23-19 / 41

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 04, 2023 0:01

მიღების თარიღი თებერვალი 02, 2023

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 22 ივნისის №431/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (22.12.2022 სარეგისტრაციო კოდი: 450140000.05.001.020772, გამოქვეყნების თარიღი  30.12.2022)    შესაბამისად, „მაუწყებლობის  შესახებ" საქართველოს კანონში „აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების შესახებ“ 2010/13/EU ევროპულ დირექტივასთან (რომელიც შესწორდა 2018/1808/EU დირექტივით)   ჰარმონიზაციის მიზნით, განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები. კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მოქმედება მედიამომსახურების მიმწოდებელზე (გარდა საეთერო რადიომაუწყებლობისა) ვრცელდება, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:

ა) მედიამომსახურების მიმწოდებელს სათავო ოფისი აქვს საქართველოში და სარედაქციო გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოში;

ბ) მედიამომსახურების პროგრამებთან დაკავშირებულ საქმიანობაში ჩართული სამუშაო ძალის მნიშვნელოვანი ნაწილი საქმიანობას ახორციელებს საქართველოში, მიუხედავად სათავო ოფისის ადგილმდებარეობისა და სარედაქციო გადაწყვეტილებების მიღების ადგილისა;

გ) მედიამომსახურების პროგრამებთან დაკავშირებულ საქმიანობაში ჩართული სამუშაო ძალის მნიშვნელოვანი ნაწილი საქმიანობას ახორციელებს როგორც საქართველოში, ისე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში ან სხვა სახელმწიფოში, თუმცა მედიამომსახურების მიმწოდებელს სათავო ოფისი აქვს საქართველოში;

დ) მედიამომსახურების პროგრამებთან დაკავშირებულ საქმიანობაში ჩართული სამუშაო ძალის მნიშვნელოვანი ნაწილი საქმიანობას არ ახორციელებს საქართველოსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში, მაგრამ მედიამომსახურების მიმწოდებელმა მედიამომსახურების სფეროში საქმიანობა დაიწყო საქართველოში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და იგი ინარჩუნებს სტაბილურ და ეფექტიან ეკონომიკურ კავშირს საქართველოსთან.

ასევე ამავე კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად ამ კანონის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე იმ მედიამომსახურების მიმწოდებლებზე (გარდა საეთერო რადიომაუწყებლობისა), რომლებიც:

ა) სარგებლობენ საქართველოში განთავსებული თანამგზავრული კომუნიკაციის (კავშირის) სადგურით;

ბ) არ სარგებლობენ საქართველოში განთავსებული თანამგზავრული კომუნიკაციის (კავშირის) სადგურით, თუმცა იყენებენ საქართველოს კუთვნილი თანამგზავრის ფუნქციურ რესურსს.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ს1“და „ს2“ ქვეპუნქტის თანახმად, მედიამომსახურება განმარტებულია, როგორც აუდიოვიზუალური მედიამომსახურება და რადიომაუწყებლობა, ხოლო აუდიოვიზუალური მედიამომსახურება–მედიამომსახურების მიმწოდებლის სარედაქციო პასუხისმგებლობით მიწოდებული მომსახურება, რომლის ან რომლის განუყოფელი ნაწილის ძირითადი მიზანია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით ფართო საზოგადოებისთვის პროგრამების მიწოდება მისი ინფორმირების, გართობის ან განათლების მიზნით. ასეთი აუდიოვიზუალური მედიამომსახურება არის ამ კანონით გათვალისწინებული ტელემაუწყებლობა ან გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურება, აგრეთვე აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია.   ასევე ამავე კანონის 70-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, კომისიის უწყებრივ რეესტრში აისახება ინფორმაცია იმ კრიტერიუმის შესახებ, რომლის მიხედვითაც მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლებზე ვრცელდება ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული იურისდიქცია. მედიამომსახურების მიმწოდებლებმა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მიმწოდებლებმა ნებისმიერი ცვლილების შესახებ, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული კომპეტენციის განსაზღვრაზე, კომისიას უნდა შეატყობინონ ცვლილების განხორციელებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისთვის ასევე სათემო, კერძო ან საუნივერსიტეტო მაუწყებლობის მომსახურების ავტორიზაციის სათანადო ორგანიზებისათვის და, ზოგადად, ამ მომსახურების სრულყოფილი რეგულირებისთვის მნიშვნელოვანია „მაუწყებლობის ავტორიზაციის განცხადებების ფორმების დამტკიცებისა და ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მოდიფიცირების თაობაზე“ კომისიის 2012 წლის 22 ივნისის №431/22 გადაწყვეტილებაში შევიდეს შესაბამისი ცვლილებები და აისახოს ინფორმაცია იმ კრიტერიუმის შესახებ, რომლის მიხედვითაც მედიამომსახურების მიმწოდებლებზე ვრცელდება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული იურისდიქცია ასევე ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრს დაემატოს შესაბამისი მონაცემები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-8, 362, 451 მუხლების, 70-ე მუხლის მე-10 პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 32-ე მუხლის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გადაწყვიტა:

1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2012 წლის 22 ივნისის №431/22 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების დანართი №1 და დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით (თან ერთვის);

2. წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №1 და დანართი №2 ცნობილ იქნას  გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;

3. მოდიფიცირდეს კომისიის მიერ წარმოებული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრი წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული დანართების შესაბამისად;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურს (გ. ასანიძე) ამ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოდიფიცირების უზრუნველყოფა;

5. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ- გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ო. ვოტ);

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი:ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის  ხეივანი №64) ერთი  თვის ვადაში;

8.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ვახტანგ აბაშიძე               თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე           წევრი

ნათია კუკულაძე              წევრი

ივანე მახარაძე                 წევრი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები