„საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: გ-23-19 / 438

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 20, 2023 17:01

მიღების თარიღი სექტემბერი 14, 2023

„საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოში საერთაშორისო ზარების დროებითი რეგულაცია პირველად შემოღებულ იქნა 2012 წელს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) 13 მარტის N199/9 გადაწყვეტილებით „საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით ქვედა ზღვრული ტარიფების დადგენის შესახებ“. აღნიშნული გადაწყვეტილებით დაწესებულმა ქვედა ზღვრულმა ტარიფმა კომპანიებს საშუალება მისცა დაებალანსებინათ ან დადებითი ფინანსური ბალანსი ჰქონოდათ უცხო ქვეყნის ოპერატორებთან. გარდა ამისა, ადგილი ჰქონდა ავტორიზებულ პირთა შემოსავლების მნიშვნელოვან მატებას და სავალუტო სახსრების ქვეყნიდან გადინების მაქსიმალურად შეზღუდვას, ყოველივე ამან კი გამოიწვია დამატებითი ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობა, რაც დადებითად აისახა დარგისა და შესაბამისად, მთელი ქვეყნის განვითარებაზე. ამასთან ერთად, საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებით რეგულაციას გავლენა არ მოუხდენია ადგილობრივი მომხმარებლებისთვის დაწესებულ სატელეფონო მომსახურების ტარიფებზე. 2015 წლის პირველი იანვრიდან, საქართველოს საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, საერთაშორისო ზარების დასრულებაზე დაწესდა აქციზის გადასახადი.

ამჟამად, მოქმედებს საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაცია, რომელიც დაწესდა კომისიის 2017 წლის 16 მაისის N345/22 გადაწყვეტილებით. აღნიშნული გადაწყვეტილებით დადგინდა ავტორიზებული პირის მიერ საკუთარ ქსელში და ავტორიზებული პირის მიერ სხვა ავტორიზებული პირის ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების შემდეგი ტარიფები:

მოძრავ  საკომუნიკაციო  ქსელში  ზარის  დასრულება:  0.22 აშშ  დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - 1 წუთი (გადასახადების ჩათვლით);

ფიქსირებულ საკომუნიკაციო ქსელში ზარის დასრულება: 0.12 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - 1 წუთი (გადასახადების ჩათვლით);

კომისიამ 2017 წლის (N345/22) გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნა, რომ შემომავალი ნომრის დაფარვის, კორექტირების, შემოკლების, გადაკეთების ან სხვა სახის თაღლითობის (ე.წ. „ფროდის“) გამოვლენის შემთხვევაში, დარღვევის დროული აღმოფხვრის მიზნით, ავტორიზებულ პირებს უნდა  მისცემოდათ  საერთაშორისო  შემომავალი  ზარის  დასრულების  მომსახურების  შეჩერების უფლება. ასევე, მსგავსი ტიპის ზარის გამოვლენის შემთხვევაში, ავტორიზებულ პირს დაუყოვნებლივ უნდა მიემართა კომისიისთვის და წარედგინა შესაბამისი მტკიცებულება.

არსებული რეგულაციის თანახმად, ავტორიზებულ პირებს, საკუთარ ქსელში შემომავალი ზარის „A“ ნომერის დაფარვის, კორექტირების, შემოკლების, გადაკეთების და სხვა სახის თაღლითობის (ე. წ. „ფროდი“) გამოვლენის შემთხვევაში უფლება მიეცათ:

ასეთი ტიპის ზარებზე დაეწესებინათ ამ გადაწყვეტილებით დადგენილი ტარიფი ;

შეეჩერებინათ საერთაშორისო შემომავალი ზარის დასრულების მომსახურება. საერთაშორისო შემომავალი ზარის მომსახურების შეჩერების შემთხვევაში, ავტორიზებულმა პირმა ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს კომისიას და წარუდგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.

აღნიშნული დროებითი რეგულაცია განპირობებული იყო ავტორიზებული პირების უცხოეთის ქვეყნების     (განსაკუთრებით     რუსეთი,     აზერბაიჯანი,     სომხეთი, ბელორუსია, უკრაინა, თურქეთი) კომპანიებთან ანგარიშსწორებისას არსებული დისბალანსით. საერთაშორისო ზარების დროებითი რეგულაციით უზრუნველყოფილი იქნა,  ერთის მხრივ, ავტორიზებული პირების მიერ საზღვარგარეთის კომპანიებისგან მიღებული შემოსავლების ზრდა, ხოლო მეორეს მხრივ, სახელმწიფო ბიუჯეტში აქციზის გადასახადის შენატანების ზრდა. ასევე, გაიზარდა საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინება, რადგან ამ რეგულაციით დადგენილი ტარიფები  განისაზღვრა აშშ  დოლარში.

კომისია აღნიშნავს, რომ შემომავალი საერთაშორისო ტრაფიკის შემცირების ტენდენცია, გამოწვეულია ხმოვანი საერთაშორისო ტრაფიკის მომსახურების ტრადიციული ტექნოლოგიების ჩანაცვლებით  ისეთი  ალტერნატიული კომუნიკაციის საშუალებებით,  როგორიცაა  „Messenger”, „Viber“, „WhatsApp“ და ა.შ. ტრაფიკის შემცირების 8 წლიანი ტენდენცია მოცემულია შემდეგ დიაგრამაზე:

 

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის პ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების საერთაშორისო ან/და რეგიონალურ ბაზარზე ისეთი ვითარების შექმნის შემთხვევაში, რომელიც მნიშვნელოვან და არაგარდამავალ ნეგატიურ გავლენას ახდენს საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე მოქმედი ავტორიზებული პირების საქმიანობაზე, ამ მნიშვნელოვანი და არაგარდამავალი ნეგატიური გავლენის აღმოფხვრამდე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილებით ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი ყველა შესაბამისი ავტორიზებული პირისთვის სათანადო, ეფექტიანი რეგულაციების დადგენა.

კომისია აღნიშნავს, რომ 2017 წელთან შედარებით, შემომავალი საერთაშორისო ზარების ოდენობა შემცირებულია დაახლოებით 80%-ით, ხოლო გამავალი საერთაშორისო ზარების ოდენობა - 75%- ით, შესაბამისად, მკვეთრად შემცირებულია დროებითი რეგულირების საფუძველი - ქვეყნებს შორის არსებული სავალუტო დისბალანსით გამოწვეული ნეგატიური გავლენა ავტორიზებული პირების საქმიანობაზე.

ამასთან დაკავშირებით, კომისია პირველ ეტაპზე, მიზანშეწონილად მიიჩნევს ძალაში დარჩეს საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაცია, თუმცა გაუქმდეს კომისიის 2017 წლის 16 მაისის N345/22 გადაწყვეტილებით დადგენილი ტარიფი და აღნიშნული გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ქსელის მფლობელ ოპერატორებს მიეცეთ თავიანთ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების ტარიფის თავისუფალ კომერციულ რეჟიმში დადგენის საშუალება. ამასთან, მიმდინარე მდგომარეობით, საერთაშორისო ზარებზე დაწესებულია აქციზის გადასახადი. შესაბამისად, გადასახადის არსებობის პირობებში, კომპანიებმა აღნიშნული უნდა გაითვალისწინონ ტარიფების დადგენისას.

გარდა ამისა, საერთაშორისო ზარებზე დაწესებული, ადგილობრივთან შედარებით უფრო მაღალი ტარიფები ყოველთვის ტოვებს სტიმულს ნომრის შესახებ ინფორმაციის დაფარვის, კორექტირების, შემოკლების, გადაკეთების ან სხვა სახის თაღლითობისათვის (ე.წ. „ფროდი“). შესაბამისად, კომისია მიიჩნევს, რომ შემომავალი საერთაშორისო ზარების დასრულების მონიტორინგისა და კონტროლის მექანიზმების შენარჩუნება ზემოხსენებული უკანონო შემთხვევების აღსაკვეთად კვლავ აქტუალურია.

კომისიას აქვს მოლოდინი, რომ ბაზრის მოთამაშეები შესაბამის სეგმენტზე შეინარჩუნებენ გონივრულ ტარიფს, რომელიც ერთის მხრივ უზრუნველყოფს ქვეყნებს შორის სავალუტო ბალანსს და მეორეს მხრივ, არ დააზიანებს ბოლო მომხმარებლის ინტერესს. ბაზარზე განვითარებულ მოვლენებს კომისია აქტიურად დააკვირდება და არაგონივრული ქმედებების იდენტიფიცირებისას, საჭიროებისამებრ მიიღებს შესაბამის ზომებს.

კომისია აღნიშნავს, რომ „საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე“ კომისიის 2017 წლის 16 მაისის N345/22 გადაწყვეტილებაში განხორციელებული ცვლილება ძალაში უნდა შევიდეს 2024 წლის 1 იანვრიდან, ხოლო გადაწყვეტილების მოქმედების ვადად უნდა განისაზღვროს 2024 წლის 31 დეკემბერი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის თანახმად, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და IX თავის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად:

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.„საქართველოში  საერთაშორისო  ზარების  ტერმინაციის  დროებითი  რეგულაციის დადგენის თაობაზე“ კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

ა)გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.ავტორიზებული პირის მიერ საკუთარ ქსელში და ავტორიზებული პირის მიერ სხვა ავტორიზებული პირის ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების ტარიფები დადგინდეს ავტორიზებული პირების კომერციული მოლაპარაკებების შედეგად“.

ბ)გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი გამოცხადდეს ძალადაკარგულად.

გ)გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8.გადაწყვეტილების მოქმედების ვადა განისაზღვროს 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;“

2.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge)

გამოქვეყნება (ო. ვოტ).

3.წინამდებარე გადაწყვეტილება (გარდა ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტისა) ძალაში შევიდეს კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე;

4.ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი ძალაში შევიდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) ერთი თვის ვადაში;

6.კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  დაევალოს  კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).

კახი ბექაური               თავმჯდომარე

ნათია კუკულაძე          წევრი

ივანე მახარაძე             წევრი

ვახტანგ აბაშიძე            წევრი 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები