წვდომის მენიუ

კომისიის 2012 წლის 10 აგვისტოს №536/15 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

ნომერი: გ-23-19 / 524

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 04, 2023 12:50

მიღების თარიღი ნოემბერი 30, 2023

კომისიის 2012 წლის 10 აგვისტოს №536/15 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიამ 2012 წლის 10 აგვისტოს №536/15 გადაწყვეტილებით (შემდგომში - გადაწყვეტილება) შპს „ჯეო-ცნობარს“ (ს/კ 204503894) მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით მიანიჭა ნუმერაციის რესურსი  -  1-1-8-0-7 (ერთი-ერთი-რვა-ნული-შვიდი).  აღნიშნული  გადაწყვეტილების  პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „ჯეო-ცნობარს“ ნუმერაციის რესურსი მიენიჭა სატელეფონო საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისთვის, სატელეფონო საინფორმაციო-საცნობარო მომსახურების განხორციელების ვადით, საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, გადაწყვეტილება ითვალისწინებს კონკრეტულ პირობებს, თუ როგორ უნდა მომხდარიყო ნუმერაციის რესურსით სარგებლობა. კერძოდ, აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის თანახმად შპს „ჯეო-ცნობარი “ ვალდებულია მინიჭებული  ნუმერაციის  რესურსის  გამოყენებით   საინფორმაციო   - საცნობარო მომსახურება განახორციელოს შემდეგი პირობების დაცვით:

ა) მომსახურება  ხელმისაწვდომი  უნდა  იყოს  24 საათის  განმავლობაში,  კვირაში  7 დღე  ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო ენაზე;

ბ) მომსახურების მიმწოდებელი უნდა ფლობდეს შესაბამის საინფორმაციო ბაზას;

გ) მომსახურების მიმწოდებლის მიერ დადგენილი საფასური უნდა იყოს გამჭვირვალე და ხარჯზე ორიენტირებული;

დ) მომხმარებელს უნდა მიეწოდებოდეს მხოლოდ სატელეფონო-საცნობარო ინფორმაცია.

კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის 2023 წლის 2 ნოემბრის №23-10-2022 სამსახურებრივი ბარათის თანახმად შპს „ჯეო-ცნობარს“ ნუმერაციის რესურსით (1-1-8-0-7) საქმიანობა საერთოდ არ განუხორციელებია.

„ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის  N2 დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ (შემდგომში - წესები)  მე-5  მუხლის  მე-3  პუნქტის  „გ“  ქვეპუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებულ  პირს  ნუმერაციის  რესურსი  ენიჭება  საინფორმაციო-საცნობარო (ევრონომერი) სამსახურებისთვის (რომლის სრული ფორმატი 5- ციფრიანია და მისი გამოყენება შესაძლებელია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე) შესაბამისი საქმიანობის ვადით. ამასთან, წესებით გათვალისწინებული ეს კონკრეტული პირობა, ასევე, ასახულია გადაწყვეტილების პირველ პუნქტში. ამდენად, გამომდინარე იქიდან, რომ შპს „ჯეო-ცნობარს“ ნუმერაციის რესურსი - 1-1-8-0-7 (ერთი-ერთი-რვა-ნული-შვიდი), მინიჭებული ჰქონდა სატელეფონო საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისთვის, არა უპირობოდ და უვადოდ, არამედ სატელეფონო საინფორმაციო-საცნობარო მომსახურების განხორციელების ვადით და აღნიშნულ კომპანიას საერთოდ არ განუხორციელებია სატელეფონო საინფორმაციო-საცნობარო მომსახურება, მიზანშეწონილია ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2012 წლის 10 აგვისტოს №536/15 გადაწყვეტილება. ამასთან, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.

შპს „ჯეო-ცნობარს“ საკითხის განხილვის თაობაზე შეტყობინება გაეგზავნა 2023 წლის 16 ნოემბერს ელექტრონულ და საფოსტო მისამართებზე კომისიის სხდომაზე დისტანციურად დასწრების მიზნით. შეტყობინება საკითხის განხილვის, მისი ჩატარების ადგილის და თარიღის შესახებ გამოქვეყნებულ იქნა 2023 წლის 22 ნოემბერს კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

კომისიის 2023 წლის 30 ნოემბრის სხდომას არ ესწრებოდა შპს „ჯეო-ცნობარის“ წარმომადგენელი. სხდომაზე კომისიამ მიიჩნია, რომ მის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით, შესაბამისად კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „ჯეო-ცნობარის“ დაუსწრებლად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე, 95-ე, 98-ე და 99-ე მუხლების მუხლების თანახმად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გაწყვიტა:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2012 წლის 10 აგვისტოს №536/15 გადაწყვეტილება - „შპს „ჯეო-ცნობარისთვის” ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ“;

2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ):

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ჯეო-ცნობარისთვის“ გაგზავნა;

ბ)    აღნიშნული    გადაწყვეტილების    კომისიის    ოფიციალურ    ვებ-გვერდზე    (www.comcom.ge)

გამოქვეყნება;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს „ჯეო-ცნობარისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge)

გამოქვეყნებისთანავე;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე–2 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ვახტანგ  აბაშიძე თავმჯდომარე  - მ.შ.

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები