შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

ნომერი: გ-23-20 / 329

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 18, 2023 20:47

მიღების თარიღი ივლისი 13, 2023

შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში (შემდგომში “კომისია”) 2023 წლის 4 ივლისს შპს „მაგთიკომმა“ წერილით ED-23/07/04-013 (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-23-6/2179) წარმოადგინა 2022 წლის აუდირებული ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგება და მოითხოვა მისი ნაწილის (განცხადების დანართ N1-ში წარმოდგენილი პუნქტების) კომერციულ საიდუმლოებად ცნობა. შპს „მაგთიკომის“ წერილში აღნიშნულია, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია წარმოადგენს კომერციული ფასეულობის მქონე ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს შპს „მაგთიკომის“ ინტერესებს, ვინაიდან დოკუმენტში მოცემულია დეტალიზებული ინფორმაცია, კერძოდ:

1. ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისი და კაპიტალის ცვლილებების უწყისი;

2. დეტალიზებული ფინანსური ინფორმაცია;

3. კომპანიის საოპერაციო რისკების მართვა.

კომპანია აღნიშნავს, რომ პირველ პუნქტში მოცემულია დეტალიზებული ინფორმაცია კომპანიაში ფულადი სახსრების მოძრაობაზე, მეორე პუნქტი მოიცავს ინფორმაციას შპს„მაგთიკომის“ მიერ ცალკეული მიმართულებებით განხორციელებული ინვესტიციების, ხარჯების, შემოსავლების თაობაზე, ხოლო მესამე პუნქტი ეხება კომპანიის საოპერაციო, საგადასახადო და ფინანსური რისკების შეფასებას. ასევე, კომპანია აცხადებს, რომ ჩამოთვლილი ინფორმაციის გაანალიზების შემთხვევაში კონკურენტ კომპანიებს შესაძლებლობა მიეცემათ მიიღონ დეტალური ინფორმაცია მაგთიკომში არსებული ფულადი სახსრების მოძრაობაზე, ფინანსური რისკების თაობაზე, ინფორმაცია თითოეული ბიზნეს-მიმართულებების მიხედვით შემოსავლებზე, თვითღირებულებებზე და მომგებიანობაზე, რაც წარმოადგენს კომპანიისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას და რომლის გამჟღავნების შემთხვევაში, კონკურენტ კომპანიებს მიეცემათ შესაძლებლობა განსაზღვრონ მაგთიკომის კონკრეტული მომსახურებების გაწეული დანახარჯები, მიღებული შემოსავლები, კომპანიის როგორც საოპერაციო ისე ფინანსური ძლიერი და სუსტი   მხარეები, ასევე ის სტრატეგია,  რომელიც გააჩნია  (წლების მანძილზე)   შპს„მაგთიკომს“ და შესაძლოა აღნიშნული ინფორმაცია გამოიყენონ საკუთარი მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავებისას. მოცემულ შემთხვევაშიც, KPMG-ის მიერ აუდირებული და დამოწმებული ფინანსური ანგარიშგება წარმოადგენს კომერციული ფასეულობის მქონე ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს შპს „მაგთიკომის“ კონკურენტუნარიანობას. ზემოაღნინულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის თანახმად, შპს „მაგთიკომი“ ითხოვს 2023 წლის 4 ივლისის განცხადების N1 დანართში წარმოდგენილი შემდეგი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობას:

ა. გვერდი 8 - საკუთარ კაპიტალის ცვლილებების ანგარიშგება (Separate Statement of Changes in Equity) 2021 და 2022 წლების 31 დეკემბრის მდგომარეობით;

ბ. გვერდი 9 - ფულადი ნაკადების ანგარიშგება (Separate Statement of Cash Flows) 2021 და 2022 წლების

გ. გვერდები 12,13,14,15 - შემოსავალი (Revenue);

დ. გვერდი 16-გაყიდვების თვითღირებულება (Cost of Sales), გაყიდვებთან დაკავშირებული საერთო და ადმინისტრაციული ხარჯები (Selling, General and Administrative expenses)

ე. გვერდი 17 - პერსონალის ხარჯები (Personnel costs), ფინანსური შემოსავალი და ხარჯი (Finance Income and Finance Costs), მოგების გადასახადის ხარჯი (Income Tax expenses)

ვ. გვერდები 18,19,20 - ძირითადი საშუალებები (Property, Plant and Equipment);

ზ. გვერდები  21,22,23,24  -არამატერიალური  აქტივები  და  გუდვილი  (Intangible Assets and Goodwill),

თ. მარაგები (Inventories), სავაჭრო და სხვა მოთხოვნები (Trade and other Receivables) ი. გვერდი 25 - ფულადი სახსრები და მათი ექვივალენტები (Cash and equivalents); კაპიტალი (Equity), კაპიტალის მართვა (Capital Management)

კ. გვერდები 26,27,28 - იჯარები (Lease), სავაჭრო და სხვა ვალდებულებები (Trade and other Payables)

ლ. გვერდები 28,29,30,31,32,33,34 - სამართლიანი ღირებულება და რისკების მართვა (Fair Value and risk management), ინვესტიციები შვილობილ კომპანიებში (Subsidiaries);

მ. გვერდი 35 -კაპიტალთან დაკავშირებული პირობითი ვალდებულებები (Capital Commitments), პირობითი ვალდებულებები (Contingencies)

ნ.გვერდები 36,37-ოპერაციები დაკავშირებულ მხარეებთან (Related party transactions)

ო. გვერდი 51-საანგარიშგებო თარიღის შემდგომი მოვლენები (Events subsequent to the reporting date))

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კომერციული საიდუმლოება განიმარტება, როგორც ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას. ამავე მუხლის მე3 ნაწილის თანახმად, ინფორმაციის წარდგენისას პირი ვალდებულია მიუთითოს, რომ ეს ინფორმაცია მისი კომერციული საიდუმლოებაა. საჯარო დაწესებულება ვალდებულია 10 დღის  ვადაში  კომერციულ საიდუმლოებად  მიიჩნიოს  ამ  მუხლის  პირველი  ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ინფორმაციის ღიაობის ვალდებულება დადგენილია კანონით. თუ ინფორმაციის წარდგენისას საჯარო დაწესებულება არ მიიჩნევს ამ ინფორმაციას კომერციულ საიდუმლოებად, იგი იღებს გადაწყვეტილებას მისი ღიაობის თაობაზე, რასაც დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამის პირს. გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის შემდეგ ინფორმაცია ხდება ღია, თუ პირმა, რომლის საკუთრებაცაა ეს ინფორმაცია, ამ ვადის გასვლამდე ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით – სასამართლოში არ გაასაჩივრა ინფორმაციის ღიაობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, რაც დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს საჯარო დაწესებულებას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.

კომისიამ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება, თანდართული დოკუმენტაცია და მიიჩნევს, რომ შპს „მაგთიკომის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაცია, შინაარსობრივად ნაწილობრივ შეიცავს კომერციული საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას კომპანიის მიერ გადასახდელი თანხებისა და ფინანსური ხასიათის უფლება- მოვალეობების შესახებ. აგრეთვე სხვა პირობებს, რომელთა გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.

შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშგების ის ნაწილი, რომლის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა მოთხოვნილია კომპანიის მიერ (წინამდებარე პროექტის სამოტივაციო ნაწილში მოყვანილი ჩამონათვალის „ა“-დან „ო“ პუნქტის ჩათვლით), მოიცავს როგორც დეტალურ ფინანსურ, ასევე განზოგადებულ ინფორმაციას.

კომისია მიიჩნევს, რომ აღნიშნულ პუნქტებში მოცემული განზოგადებული ინფორმაცია მიღებულ შემოსავლებსა და გაწეულ ხარჯებზე ან ინფორმაცია, რომელიც წარმოდგენილია კომისიის საერთო სტატისტიკური ანგარიშგების 1.8 („ფინანსური მაჩვენებლები“) ელექტრონულ ფორმაში და საჯაროა, არ შეიძლება იყოს ცნობილი კომერციულ საიდუმლოებად  და  იგი  უნდა  დარჩეს  ღიად.  კომისია  დამატებით აღნიშნავს,  რომ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სუბიექტი (გარდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა) ვალდებულია მისთვის ამ კანონით დადგენილი ფინანსური ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), მმართველობის ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგება და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუდიტორული დასკვნა ერთად, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო წლის 1 ოქტომბრისა, წარუდგინოს აუდიტის ზედამხედველობის სამსახურს მის მიერ დადგენილი წესით. ხოლო, ამავე კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამსახური ვალდებულია სუბიექტების მიერ წარდგენილი ანგარიშგებები (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგებები) და აუდიტორული  დასკვნები,  გარდა  მეოთხე კატეგორიის  საწარმოების  ანგარიშგებებისა, გამოაქვეყნოს მათი წარდგენიდან 1 თვის ვადაში. ზემოაღნიშნული ანგარიში ქვეყნდება reportal.ge-ზე და ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისთვის.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, 31–ე მუხლისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, ასევე „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს „მაგთიკომის“ მოთხოვნა და მის მიერ 2023 წლის 4 ივლისის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-23-6/2179) წერილით წარმოდგენილი 2022 წლის აუდირებული ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტის წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის „ა“-დან „ო“ პუნქტის ჩათვლით გათვალისწინებული ინფორმაცია (გარდა ამ ინფორმაციის იმ ნაწილისა, რომელიც წარმოადგენს განზოგადებულ ინფორმაციას მიღებულ შემოსავლებსა და გაწეულ ხარჯებზე ან ინფორმაციას, რომელიც წარმოდგენილია კომისიის საერთო სტატისტიკური ანგარიშგების 1.8 ელექტრონულ ფორმაში და საჯაროა) ცნობილ იქნას კომერციულ საიდუმლოებად;

2. შპს „მაგთიკომის“ მიერ 2023 წლის 4 ივლისის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-23-6/2179) წერილით წარმოდგენილი ინფორმაცია, გარდა ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული მონაცემებისა დარჩეს ღიად.

3. ინფორმაცია შპს„მაგთიკომის“ კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს  შპს„მაგთიკომის“ მიერ ინფორმაციის გასაიდუმლოების შესახებ კომისიისთვის მომართვიდან „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადამდე;

4. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია გახდეს ღია კანონმდებლობის შესაბამისად წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის შემდეგ.

5. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;

6. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების შპს„მაგთიკომისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ო.ვოტ);

7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „მაგთიკომისთვის“  ჩაბარების დღიდან;

8. გადაწყვეტილება, გარდა მისი მე-2 და მე-4 პუნქტებისა, შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში;

9. წინამდებარე გადაწყვეტილების  მე-2  და  მე-4  პუნქტები  შეიძლება გასაჩივრდეს  შპს„მაგთიკომის“  მიერ,  ქ.  თბილისის  საქალაქო  სასამართლოს  ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი,დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის ვადაში, რაც შპს „მაგთიკომმა“ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს კომისიას.

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

ვახტანგ აბაშიძე              თავმჯდომარე - მ.შ.

ნათია კუკულაძე             წევრი

ივანე მახარაძე                 წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები