შპს „სტარლინკ ჯორჯიას“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობასთან დაკავშირებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: გ-23-20 / 436

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 20, 2023 17:05

მიღების თარიღი სექტემბერი 18, 2023

შპს „სტარლინკ ჯორჯიას“ მიერ წარმოდგენილი     ინფორმაციის     კომერციულ საიდუმლოებად  ცნობასთან დაკავშირებით დაწყებული  ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

შპს „სტარლინკ ჯორჯიამ“, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში - კომისია) წერილის (№ გ-23-03/1767, 9.08.23) პასუხად, კომისიაში წარმოადგინა წერილობითი ინფორმაცია (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი: №შ-23-6/2864, 4.09.23) მისი ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ და მოითხოვა ერთ-ერთი ბენეფიციარის საკუთრებაში არსებული წილის ოდენობის შესახებ ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა. შპს ,,სტარლინკ ჯორჯიას“ განცხადებით, მისი ერთადერთი პარტნიორის უკან დგას კორპორაცია “Space X”, რომლის უდიდეს წილს ფლობს ელონ მასკი, რომელიც არის ფიზიკური პირი და კორპორაცია   “Space X”-ში მის საკუთრებაში არსებული წილის რაოდენობის შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს სპეციფიკურ მონაცემს, რომელიც არ უნდა იქნეს გაცემული და საჯაროდ გამოქვეყნებული. “Space X” არის კერძო კომპანია, რომელიც საჯაროდ არ გასცემს ინფორმაციას წილების შესახებ. აღნიშნულიდან და ბ-ნ მასკის სხვა გლობალური ინტერესებიდან გამომდინარე, კომპანიაში მისი წილობრივი მონაწილეობის მაჩვენებელს აქვს კონკურენტული ღირებულება და ამ ინფორმაციის გაცემის შემთხვევაში შესაძლოა საფრთხე შეექმნას “Space X”-სა და თავად შპს

,,სტარლინკ ჯორჯიას“ კონკურენტუნარიანობას. განცხადებაში, ასევე მითითებულია, რომ აღნიშნული ინფორმაცია კომისიაში წარმოდგენილია 2022 წლის 24 აგვისტოს და განცხადების დაწერის დროისთვის არ შეცვლილა კომპანიის პარტნიორები/აუქციონრები და საბოლოო ბენეფიციარები. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,სტარლინკ ჯორჯია“ ითხოვს, რომ კომისიაში მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია მიჩნეულ იქნეს კომერციულ საიდუმლოებად, რათა არ მოხდეს მისი საჯაროდ გამოქვეყნება ან/და მესამე პირებისთვის გადაცემა.

შპს ,,სტარლინკ ჯორჯიას“ განცხადების განხილვის მიზნით გამართულ კომისიის 2023 წლის 14 სექტემბრის სხდომაზე შპს ,,სტარლინკ ჯორჯიას“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ “Space X”-ის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურად ცნობას ითხოვენ იმიტომ, რომ კომპანიის ერთ-ერთი მესაკუთრეს, ბატონ მასკს არ სურს, რომ მის საკუთრებაში არსებული წილის ოდენობის შესახებ ინფორმაცია იყოს საჯარო. “Space X” არის კერძო და არა საჯარო კომპანია. ბატონ მასკს აქვს თავისი ბიზნეს ინტერესები და ფლობს ბევრ სხვა ბიზნესს. მას სურს, რომ მის საკუთრებაში არსებული წილების ოდენობის შესახებ ინფორმაცია არ გამოქვეყნდეს, არ იყოს საჯარო და ამ ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში, არ გაიცეს კომისიის მიერ. მან, ასევე აღნიშნა, რომ ‘’Google“-ს მეშვეობით გადაამოწმა და ნახა, რომ რამდენიმე წყარო ასახელებს ბატონი მასკის საკუთრებაში არსებული წილების პროცენტულ ოდენობას, თუმცა ამ ინფორმაციას კომპანია არ ადასტურებს. ეს ინფორმაცია კომპანიის მიერ არ არის გავრცელებული და კომპანია ყოველთვის ითხოვს წილობრივი მონაწილეობის შესახებ ინფორმაციის  კონფიდენციალობას.

კომისიის სხდომაზე, აშშ ფედერალური კომუნიკაციების კომისიის ვებ-გვერდზე ‘’Space Exploration Technologies Corp.“ (‘’Space X”)-ის ბენეფიაციარების შესახებ საჯაროდ გამოქვეყნებული ინფორმაციის გაცნობის შემდეგ, შპს ,,სტარლინკ ჯორჯიას“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია მისთვის არ იყო ცნობილი, გადაამოწმებდა მას და კომისიას დაუბრუნდებოდა შესაბამისი პოზიციით. მან, ასევე აღნიშნა, რომ გუნდთან შეთანხმების გარეშე ვერ მიიღებდა გადაწყვეტილებას კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ.

შპს ,,სტარლინკ ჯორჯიას“ მიერ გაკეთებული გახსნა-განმარტების გათვალისწინებით, იმისათვის, რომ შპს ,,სტარლინკ ჯორჯიას“ მისცემოდა შესაძლებლობა აშშ-ის ფედერალური კომუნიკაციების კომისიის ვებ-გვერდზე საჯაროდ გამოქვეყნებული ინფორმაციის გაცნობის შემდეგ წარმოედგინა თავისი პოზიცია, კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შესვენება და საკითხის განხილვის გაგრძელების მიზნით კომისიის სხდომა დაინიშნა 2023 წლის 18 სექტემბერს.

2023 წლის 18 სექტემბერს, შპს ,,სტარლინკ ჯორჯიამ“ კომისიას მიმართა განცხადებით (№ შ-23-6/2970, 18.09.2023), სადაც ის უარს აცხადებს კომისიაში მის მიერ წერილობით (№შ-23-6/2864, 4.09.23) წარმოდგენილი ბატონ მასკის საკუთრებაში არსებული წილის რაოდენობის პროცენტული მაჩვენებლის შესახებ ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობაზე და ითხოვს აღნიშნული საკითხის განხილვის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ინფორმაციის წარდგენისას პირი ვალდებულია მიუთითოს, რომ ეს ინფორმაცია მისი კომერციული საიდუმლოებაა. საჯარო დაწესებულება ვალდებულია 10 დღის ვადაში კომერციულ საიდუმლოებად მიიჩნიოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ინფორმაციის ღიაობის ვალდებულება დადგენილია კანონით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, განმცხადებელი უფლებამოსილია მოითხოვოს წარდგენილი კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დაცვა, თუ სურს ამ ინფორმაციის საიდუმლოების უზრუნველყოფა.

ამდენად, ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა საჭიროებს ინფორმაციის მფლობელის ნების გამოხატვას, რომელიც თავადვე განსაზღვრავს ინფორმაციის ღირებულებას მისთვის და ახდენს ინფორმაციის გასაიდუმლოების საკითხის ინიცირებას. ვინაიდან, შპს ,,სტარლინკ ჯორჯია“ უარს აცხადებს კომისიაში მის მიერ წერილობით (№შ-23-6/2864, 4.09.23) წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობაზე, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა შეწყდეს შპს „სტარლინკ ჯორჯიას“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობასთან დაკავშირებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272, 53-ე, 76-ე, 95-ე მუხლებისა და VII თავის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტისა და მე-19 მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.შეწყდეს შპს „სტარლინკ ჯორჯიას“ მიერ კომისიაში წერილობით (№შ-23-6/2864, 4.09.23) წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობასთან დაკავშირებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება.

2.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის შპს ,,სტარლინკ ჯორჯიასთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

3.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის შპს,,სტარლინკ ჯორჯიასთვის“ ჩაბარებისთანავე.

4.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების შპს „სტარლინკ ჯორჯიასთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

კახი ბექაური          თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე       წევრი

ნათია კუკულაძე      წევრი

ივანე მახარაძე         წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები