საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და ააიპ „მედიააკადემიის“ 2024 წლის ბიუჯეტის განხილვისა და დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-23-21 / 543

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 11, 2023 16:34

მიღების თარიღი ნოემბერი 30, 2023

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და ააიპ „მედიააკადემიის“ 2024 წლის ბიუჯეტის განხილვისა და დამტკიცების შესახებ

I. საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) 2023 წლის 30 ნოემბრის სხდომაზე კომისიის ადმინისტრაციის    საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის უფროსმა ნათია დევდარიანმა, კომისიის ფუნქციებისა და უფლებამოსილებების შეუფერხებელი შესრულების უზრუნველსაყოფად, წარმოადგინა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და ააიპ „მედიააკადემიის“ (შემდგომში „აკადემია“) 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი. ბიუჯეტის პროექტი შემუშავდა 2023 წლის ფაქტიური შემოსავლებიდან და ხარჯებიდან  გამომდინარე,  ასევე  კომისიის  აპარატის  შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების  მიერ  წარმოდგენილი   2024 წლის  სავარაუდო  ხარჯების გათვალისწინებით.

ბიუჯეტის პროექტის თანახმად კომისიის 2024 წლის საპროგნოზო წლიურმა შემოსავალმა შეადგინა 17,924,386 ლარი, საიდანაც რეგულირების   საფასურის  შემოსავალი  არის 13,571,154 ლარი, რადიოსიხშირული და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის შემოსავალი 3,444,773 ლარი, ხოლო სხვა შემოსავლები (საპროცენტო შემოსავლები) 908,459 ლარი. სარეზერვო ფონდიდან   ასათვისებელმა  თანხამ შეადგინა 2,266,614 ლარი. შესაბამისად, 2024 წლის საპროგნოზო შემოსავლებისა  და ასათვისებელი სარეზერვო ფონდის თანხის ჯამი შეადგენს 20,191,000 ლარს.

2024 წლის დაგეგმილი ხარჯების მოცულობა, 2023 წლის ბიუჯეტის ათი თვის ფაქტიური და კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულების მიერ წარმოდგენილი სავარაუდო ხარჯების გათვალისწინებით, განისაზღვრა 20,191,000 ლარით, საიდანაც მედიაწიგნიერების ხარჯები შეადგენს 4,258,002 ლარს, რომელიც მოიცავს  აკადემიის მიზნობრივ დაფინანსებას თანხით 2,912,523 ლარი.

II. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება

1. „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ყოველწლიურად, შესაბამისი კანონით დადგენილ ვადაში შეიმუშავებს საკუთარ ბიუჯეტს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი უნდა შედგებოდეს შესაბამისი კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის ყოველწლიურად  აუცილებელი  მიმდინარე და კაპიტალური ხარჯებისაგან, აგრეთვე ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხარჯებისაგან.

2.„ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის 145 მუხლის მე-2 წინადადების თანახმად, საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ხარჯები ცალკე მუხლად აისახება შესაბამისი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ბიუჯეტში.

3.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კომისია ამზადებს და აქვეყნებს მომავალი წლის ბიუჯეტს, რომელშიც ასახულია კომისიის ყველა ხარჯი, მათ შორის, კომისიისა და მისი აპარატის სახელფასო უზრუნველყოფის ხარჯები, აგრეთვე შემოსავალი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიის ბიუჯეტს ქმნის რეგულირების  საფასური, ამ კანონით, „მაუწყებლობის შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული დაფინანსების სხვა წყაროები.

4.„მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისია ვალდებულია მოამზადოს მომავალი წლის ბიუჯეტი, რომელშიც ასახული უნდა იყოს კომისიის ყველა ხარჯი და შემოსავალი. კომისია ვალდებულია გამოაქვეყნოს თავისი ბიუჯეტი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიის ბიუჯეტს ქმნის რეგულირების საფასური, ამ კანონით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული დაფინანსების სხვა წყაროები.

5.„მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 141 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კომისია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში შეიმუშავებს და ამტკიცებს მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის სამოქმედო გეგმას მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად და ამოცანების შესასრულებლად კომისია უფლებამოსილია კომისიის ბიუჯეტიდან გამოყოს შესაბამისი თანხები, მოიპოვოს გრანტები და დაფინანსების სხვა წყაროები, აგრეთვე კომისიის ბიუჯეტიდან დააფინანსოს მედიაწიგნიერების ხელშეწყობის პროგრამები/პროექტები.

როგორც აღინიშნა, 2023 წლის 30 ნოემბრის სხდომაზე კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის უფროსმა ნათია დევდარიანმა, კომისიის ფუნქციებისა და უფლებამოსილებების შეუფერხებელი შესრულების უზრუნველსაყოფად, წარმოადგინა კომისიის და აკადემიის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი. ბიუჯეტის პროექტი შემუშავდა 2023 წლის ფაქტიური შემოსავლებიდან და ხარჯებიდან გამომდინარე, ასევე კომისიის აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ წარმოდგენილი 2024 წლის სავარაუდო ხარჯების გათვალისწინებით. კომისია მიიჩნევს, რომ კანონმდებლობის საფუძველზე, წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად უნდა დამტკიცდეს კომისიისა და აკადემიის 2024 წლის ბიუჯეტები.

III.  სარეზოლუციო

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის, 141 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად გადაწყვიტა:

1.დამტკიცდეს სსიპ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის“ 2024 წლის ბიუჯეტი შემდეგი სახით:

 2.    დამტკიცდეს ააიპ „მედიააკადემიის“ 2024 წლის ბიუჯეტი შემდეგი სახით:

 

 3.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

4.დაევალოს  კომისიის  ადმინისტრაციას  გადაწყვეტილების  კომისიის  ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი,№64) კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში;

6.გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს კომისიის ადმინისტრაციის უფროსს (ო. ვოტ).

ვახტანგ  აბაშიძე           თავმჯდომარე  - მ.შ.

ეკატერინე  იმედაძე      წევრი

ნათია კუკულაძე           წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები