საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 12, 2023 11:47
მიღების თარიღი ივნისი 08, 2023
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) მიიჩნევს, რომ კომისიის აპარატში სტაჟირების გავლა სტუდენტებისა და დამწყები პროფესიონალებისთვის ცოდნისა და გამოცდილების მიღების შესაძლებლობას შექმნის ისეთ სპეციფიკურ და მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა ელექტრონული კომუნიკაციები და მედიამომსახურებები. სტაჟირების ინსტიტუტი ასევე მნიშვნელოვანია კომისიისთვის ახალგაზრდა კვალიფიციური თანამშრომლების მოძიებისა და განვითარებისათვის. შესაბამისად, კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს შეიმუშაოს დოკუმენტი, რომელიც დაარეგულირებს კომისიის აპარატში სტაჟირების გავლასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.
სტაჟირების გავლის წესით კომისიის აპარატში დაინერგება ანაზღაურებადი, ასევე ანაზღაურების გარეშე სტაჟირება. სტაჟირების წესი სათანადოდ მოაწესრიგებს ისეთ საკითხებს, როგორიცაა სტაჟიორის მიღება, უფლება-მოვალეობები, სტაჟირების მენტორის ინსტიტუტი, სტაჟირების ხანგრძლივობა და სხვა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის და „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის 131 მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დამტკიცდეს თანდართული დანართის სახით წარმოდგენილი „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში სტაჟირების გავლის წესი“.
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
3. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში სტაჟირების გავლის წესი“ ამოქმედდეს კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში.
5. გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი განახორციელოს კომისიის აპარატის ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული განვითარების სამსახურმა.
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
