შპს „პისი მაქსისთვის“ და შპს „ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი ფოპტნეტისთვის“ 2023 წლის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის წარმოდგენისათვის განსხვავებული პირობების დადგენის თაობაზე

ნომერი: გ-23-22 / 589

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 08, 2024 17:53

მიღების თარიღი დეკემბერი 28, 2023

შპს „პისი მაქსისთვის“ და შპს „ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი ფოპტნეტისთვის“ 2023 წლის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის წარმოდგენისათვის განსხვავებული პირობების დადგენის თაობაზე

გამოყოფილი არხებით საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ, კომუნიკაციების კომისიის 2018 წლის 6 დეკემბრის N671/9 გადაწყვეტილების, ასევე, ამ გადაწყვეტილებაში 2019 წლის 18 აპრილს N235/19 გადაწყვეტილებით შეტანილი ცვლილების თანახმად, გამოყოფილი არხებითმომსახურების მაგისტრალურ/ძირითად („Trunk”) და  „Backhaul” გადაცემის ქსელთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებს:  შპს „დელტაკომს“, შპს „რკინიგზის ტელეკომს“, შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტს“, სს „საქართველოს რკინიგზას“, და შპს „პისი მაქსს“, ამ გადაწყვეტილებით დაეკისრათ შემოსავლებისა და ხარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის კომუნიკაციების კომისიაში წარმოდგენა.

კომუნიკაციების კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებული „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირმა, რომელსაც კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებებით დაკისრებული აქვს დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებული აღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულება, საანგარიშო წლის შემოსავლებისა და ხარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში  კომუნიკაციების კომისიას  უნდა  წარუდგინოს  ფინანსური წლის დასრულებიდან 6 თვეში,  არაუგვიანეს 1 ივლისამდე, ხოლო  ფინანსური წლის დასრულებიდან 4 თვეში უნდა გამოაქვეყნოს სააღრიცხვო პოლიტიკის საჯარო (გამოსაქვეყნებელი) ვერსია.

ამასთანავე, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირმა მის მიერ მომზადებული სააღრიცხვო პოლიტიკა კომუნიკაციების კომისიას უნდა წარუდგინოს გადასამოწმებლად, განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშგების გამოქვეყნებამდე არაუგვიანეს 8 თვით ადრე.

აღნიშნულთან დაკავშირებით, 2023 წლის 17 ნოემბერს კომუნიკაციების კომისიამ N გ-23-08/2520 და N გ-23-08/2518 წერილებით მიმართა შპს „პისი მაქსს“ და შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტს“ შესაბამისად 2023 წლის განცალკევებული ანგარიშგების სააღრიცხვო პოლიტიკის წარმოდგენასთან დაკავშირებით. პასუხად 2023 წლის 17 ნოემბერს კომუნიკაციების კომისიაში შემოვიდა შპს „პისი მაქსის“ წერილი N შ-23-6/2692. წერილში კომპანია განმარტავს, რომ მისი საქმიანობის სფერო შემოიფარგლება მხოლოდ გამოყოფილი არხებით საბითუმო მომსახურებით, შესაბამისად, შპს „პისი მაქსის“ საქმიანობა მოიცავს მხოლოდ ერთ, საბითუმო ბიზნეს ერთეულს.

ანალოგიური მომართვის საფუძველზე კომუნიკაციების კომისიამ, 2022 წლის 22 დეკემბრის N გ-22-22/581, 2022 წლის 20 იანვრის N გ-22-22/27, 2021 წლის 13 მაისის N გ-21-22/273 და 2020 წლის 30 ივლისის N გ-20-22/603 გადაწყვეტილებებით ნება დართო შპს „პისი მაქსს“ 2022, 2021, 2020 და 2019 წლების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშგებების შესაბამისი ინფორმაცია კომუნიკაციების კომისიაში წარმოედგინა ფასს სტანდარტებით მომზადებული ფინანსური აღრიცხვის აუდირებულ ანგარიშგებაში დამატებით ცხრილების სახით. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის განცხადების საფუძველზე (კომუნიკაციების კომისიაში შემოსული წერილი N გ-23-08/2520) საქმიანობის სფერო 2023 წლის 17 ნოემბრის მდგომარეობით არის და 2023 წლის 31 დეკემბრით დასრულებული საანგარიშო წლისთვის იქნება უცვლელი, შპს „პისი მაქსი“ ითხოვს, რომ 2022 წლის ანალოგიურად მიეცეს შესაძლებლობა 2023 წლის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშგების შესაბამისი ინფორმაცია წარმოადგინონ ფასს სტანდარტებით მომზადებული   ფინანსური   აღრიცხვის   აუდირებული   ანგარიშგების   სახით შემდეგი პირობებით: შპს „პისი მაქსის“ მიერ კომუნიკაციების კომისიაში წარმოდგენილი 2022 წლის ანგარიშგების მსგავსად 2023 წლის ანგარიშგებაში მოცემული იქნება განმარტება, რომ შპს „პისი მაქსის“ საქმიანობა შემოიფარგლება მაგისტრალურ/ძირითად („Trunk”) ქსელთან დაშვების საბითუმო მომსახურებით, ასევე , აუდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში გამოყოფილი არხებით/ძირითად („Trunk”) გადაცემის ქსელთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტიდან მიღებული შემოსავლები და შესაბამისი დანახარჯები გამოყოფილი იქნება ცალკე ცხრილში 2023 წლის აუდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში, ასევე, ცალკე ცხრილში მოცემული იქნება აღნიშნული რეგულირებული სეგმენტის დატვირთული კაპიტალის უწყისი.

ასევე, 2023 წლის 22 ნოემბერს კომუნიკაციების კომისიაში, შემოვიდა შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტის“ წერილი შ-23-6/3762, სადაც აღნიშნულია, რომ 2022 წელს, როგორც ეს აუდირებული ანგარიშგებითაც დასტურდება, გამოყოფილი არხებით მომსახურებების მაგისტრალურ/ძირითად („Trunk”) ქსელთან დაშვების საბითუმო ბაზრიდან შემოსავალი 54 ათასი ლარი იყო, რაც კომპანიის მთლიანი შემოსავლის(5,792 ათასი ლარი) 0,93%-ია. იმის გათვალისწინებით, რომ მაგისტრალურ/ძირითად („Trunk”) ქსელთან დაშვების საბითუმო ბაზრიდან შემოსავალი არამატერიალური იყო 2022, 2021 და 2020 წელს, შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტს “ მოეხსნა 2022, 2021 და 2020 წლის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის წარმოდგენის ვალდებულება კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის 22 დეკემბრის N გ-22-22/581, 2022 წლის 20 იანვრის N გ-22-22/27, 2021 წლის 13 მაისის N გ-21-22/273 გადაწყვეტილებებით. 2023 წლის 15 ნოემბრის მდგომარეობით კომპანიის საქმიანობა და მის მიერ მიღებული შემოსავლები 2022 წლის ანალოგიურია და ამავე წერილით კომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით რეგულირებული სეგმენტიდან, 2023 წლის 15 ნოემბრის მდგომარეობით დეკლარირებული შემოსავალი 43 ათას ლარს შეადგენს,ხოლო 2023 წლის სავარაუდო სრული შემოსავალი არ გადააჭარბებს 46 ათას ლარს,რაც ასევე არამატერიალურია კომპანიის მთლიან შემოსავალში.

დასახელებული წინაპირობების გათვალისწინებით, კომპანია კომუნიკაციების კომისიას მიმართავს თხოვნით შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტს“ მოეხსნას როგორც განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშგების სააღრიცხვო პოლიტიკის, ასევე განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშგების წარმოდგენის ვალდებულება.

ასევე, აღსანიშნავია, რომ შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი- ფოპტნეტი“ თანახმაა, კომუნიკაციების კომისიაში წარმოადგინოს ფასს სტანდარტებით მომზადებულ ფინანსური აღრიცხვის აუდირებულ ანგარიშგებაში მოახდინოს მაგისტრალური/ძირითად („Trunk“) ქსელთან დაშვების საბითუმო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების გამოყოფა. აუდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში, ასევე, იქნება განმარტება, რომ შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტის“ რეგულირებადი საქმიანობა შემოიფარგლება მაგისტრალურ/ძირითად („Trunk“) ქსელთან დაშვების საბითუმო მომსახურებით. აღსანიშნავია, ისიც, რომ კომპანია ფუნქციონირებს მხოლოდ საბითუმო სეგმენტზე და არ არის ვერტიკალურად ინტეგრირებული.

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად „კომუნიკაციების კომისია უფლებამოსილია დააკონკრეტოს ამ კანონით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებები და მათი შესრულების პირობები”. კომუნიკაციების კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის და ბაზრის  რეგულირების  დეპარტამენტმა  შეისწავლა  შპს  „პისი  მაქსის“ და შპს „ოპტიკურ  ბოჭკოვანი  ტელეკომუნიკაციის  ქსელი-ფოპტნეტის“  მიერ  2022  წელს წარმოდგენილი ფასს სტანდარტებით მომზადებული ფინანსური აღრიცხვის აუდირებული ანგარიშგებები და მასში დამატებითი ცხრილების სახით წარმოდგენილი ინფორმაცია. აღნიშნულის საფუძველზე დასტურდება, რომ როგორც შპს „პისი მაქსი“, ასევე, შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტი“ აწარმოებენ სატელეკომუნიკაციო ქსელის გამოყენებასთან დაკავშირებულ საბითუმო საქმიანობას, კერძოდ მაგისტრალური/ძირითად („Trunk“) ქსელთან დაშვების საბითუმო მომსახურებას აწვდიან ავტორიზებულ პირებს და არ გააჩნიათ საცალო სატელეკომუნიკაციო სეგმენტი.

ამასთან, კომუნიკაციების კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებული „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მე-5 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად:

1.   ავტორიზებული პირის საქმიანობა სულ მცირე ორ მიმართულებას მოიცავს. ესენია საცალო და სატელეკომუნიკაციო ქსელის გამოყენებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საბითუმო საქმიანობები.

2.   ბიზნეს ერთეულების განსაზღვრისას მკაფიო ზღვარი უნდა გაევლოს ბოლო მომხმარებლებისთვის მომსახურების გაწევასა (საცალო) და ქსელის ფუნქციონირებას (ქსელურ საქმიანობას) შორის.

აღნიშნული გარემოებების საფუძველზე იკვეთება, რომ შპს „პისი მაქსის“ და შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტის“ შემთხვევაში 2023 წლის მდგომარეობითაც, ამ კომპანიების საქმიანობა მოიცავს მხოლოდ სატელეკომუნიკაციო ქსელის გამოყენებასთან დაკავშირებულ საბითუმო საქმიანობას, ხოლო „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ თანახმად, იმისათვის, რომ მოხდეს დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად სრულფასოვანი აღრიცხვა, ავტორიზებული პირის საქმიანობა სულ მცირე ორ მიმართულებას უნდა მოიცავდეს: საცალო და სატელეკომუნიკაციო ქსელის გამოყენებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საბითუმო საქმიანობებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაითვალისწინა რა კომუნიკაციების კომისიამ ავტორიზებული პირების მოთხოვნები და ამ მოთხოვნების გათვალისწინების რეალური  შესაძლებლობები,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 54-ე, 103-ე, 104-ე, და 105-ე მუხლების და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1.  დადგინდეს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების შპს  „პისი მაქსისთვის“ და შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტისთვის“, ხარჯთაღრიცხვისა  და დანახარჯების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულებების შესრულების 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებული „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესები“-სგან განსხვავებული პირობები და ვადები შემდეგი სახით:

ა) შპს „პისი მაქსი“ და შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი- ფოპტნეტი“ 2023 წლის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშგების სააღრიცხვო პოლიტიკის წარმოდგენის ვალდებულებისაგან გათავისუფლდნენ.

ბ) შპს  „პისი  მაქსისთვის“ და შპს  „ოპტიკურ  ბოჭკოვანი  ტელეკომუნიკაციის ქსელი- ფოპტნეტისთვის“ 2023 წლის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის წარმოდგენის შესაბამისი ვალდებულება დაკორექტირდეს და მოხდეს ანგარიშის წარმოდგენა ფასს სტანდარტით მომზადებულ ფინანსური აღრიცხვის აუდირებულ ანგარიშგებაში დამატებით ცხრილების სახით - ანგარიშის წარდგენის ვადად განისაზღვროს 2024 წლის 1 ოქტომბერი.

2.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი კომუნიკაციების კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.comcom.ge გამოქვეყნებისთანავე.

3.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ერთი თვის ვადაში.

4. კონტროლი   აღნიშნული   გადაწყვეტილების   შესრულებაზე   დაევალოს კომუნიკაციების კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ვახტანგ  აბაშიძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები