წვდომის მენიუ

გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების ავტორიზაციის მსურველი პირის მიერ საავტორიზაციოდ წარმოსადგენი „განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ ინფორმაციის“ ფორმის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-23-22 / 85

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 20, 2023 16:26

მიღების თარიღი თებერვალი 16, 2023

გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების ავტორიზაციის მსურველი პირის მიერ საავტორიზაციოდ წარმოსადგენი „განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ ინფორმაციის“ ფორმის დამტკიცების შესახებ

„მაუწყებლობის შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (22.12.2022 სარეგისტრაციო კოდი: 450140000.05.001.020772, გამოქვეყნების თარიღი 30.12.2022) შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში „აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების შესახებ“ 2010/13/EU ევროპულ დირექტივასთან (რომელიც შესწორდა 2018/1808/EU დირექტივით) ჰარმონიზაციის მიზნით, განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები. დასახელებული კანონით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების შესაბამისად,    „მაუწყებლობის    შესახებ"    საქართველოს    კანონის    რეგულირებას დაექვემდებარა მომსახურების ახალი სახე - გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურება.

„მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ22“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურება განმარტებულია როგორც „გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის მიერ მომხმარებლისთვის შეთავაზებული მომსახურება, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის მიერ განსაზღვრული პროგრამების კატალოგის საშუალებით აირჩიოს და უყუროს პროგრამებს მისი ინდივიდუალური მოთხოვნისამებრ და მის მიერ არჩეულ დროს“. გამოძახებით აუდიოვიზუალური   მედიამომსახურება   ექვემდებარება   ავტორიზაციას „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 451 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აუდიოვიზუალური მედიამომსახურების განხორციელების მსურველი პირი კომისიას მიმართავს განცხადებით, რომლის ფორმასაც ამტკიცებს კომისია.

2023 წლის 2 თებერვლის №გ-23-22/40 გადაწყვეტილებით დამტკიცდა გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების ავტორიზაციის განცხადების ფორმა და თანდარული დოკუმენტაცია. ერთ-ერთი თანდართული დოკუმენტი რაც ავტორიზაციის მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს არის განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ. კომისიას მიაჩნია რომ საჭიროა დადგინდეს ავტორიზაციის მსურველის მიერ საავტორიზაციოდ წარმოსადგენი განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ ინფორმაციისთვის მინიმალური, რეალურად აღქმადი კრიტერიუმები. აღნიშნული დაეხმარება  ავტორიზაციის მსურველ პირს სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენაში.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დამტკიცდეს გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების ავტორიზაციის მსურველი პირის მიერ საავტორიზაციოდ წარმოსადგენი „განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ ინფორმაციის“ ფორმა (თან ერთვის);

2. წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი ცნობილ იქნას ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას   (ო. ვოტ)   წინამდებარე გადაწყვეტილების კომისიის ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

5.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს  ქ.  თბილისის  საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი,

№64) მისი კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში;

6.  კონტროლი  აღნიშნული გადაწყვეტილების  შესრულებაზე დაევალოს იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი);

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე წევრი

ეკატერინე იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები