წვდომის მენიუ

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: გ-23-23 / 257

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 09, 2023 15:35

მიღების თარიღი ივნისი 08, 2023

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

„ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს მარეგულირებელი  ორგანოების უფლებამოსილებას შეიმუშაონ  და  მიიღონ  კომისიის  წევრებისა  და  აპარატის თანამშრომლების პროფესიული  და ეთიკური  ქცევის მარეგულირებელი წესები. ხსენებული დანაწესის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში  - კომუნიკაციების  კომისია) 2003 წლის 27 ივნისის  №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს   კომუნიკაციების   ეროვნული   კომისიის  საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ (შემდგომში - მარეგულირებელი წესები) მე-3 მუხლი შეიცავს გარკვეულ ნორმებს,  რომლებიც  აწესრიგებს  კომუნიკაციების  კომისიის  წევრებისა და აპარატის თანამშრომლების  ინტერესთა  კონფლიქტთან  და  სხვა  ეთიკურ  ნორმებთან დაკავშირებულ საკითხებს. თუმცა, აღნიშნული მუხლი არის ძალიან ლაკონური და იგი დეტალურად არ აწესრიგებს პროფესიული და ეთიკური ქცევის წესებს და ვერ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს. აქვე, აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს მთავრობის 2017 წლის  20 აპრილის  №200  დადგენილებით დამტკიცებული  „საჯარო  დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესები“ არ ვრცელდება კომუნიკაციების კომისიის აპარატზე. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა პროფესიული და ეთიკური ქცევის მარეგულირებელი ახალი წესების  მიღების  საკითხი,  რომელიც  უპასუხებს  თანამედროვე გამოწვევებს  და შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო პრაქტიკასთან.

„მაუწყებლობის შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-8  მუხლის  მე-2  პუნქტის  თანახმად „კომისიის დადგენილება არის ნორმატიული სამართლებრივი აქტი, რომელიც მიიღება ამ კანონის,   „ეროვნული მარეგულირებელი   ორგანოების   შესახებ“   და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს  კანონებისა  და  სხვა  საკანონმდებლო  აქტების საფუძველზე,  „ნორმატიული აქტების  შესახებ“  საქართველოს  კანონით  დადგენილი წესით.“

„ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ნორმატიული აქტია ეროვნული კომისიის დადგენილება, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ნორმატიულ აქტებს იღებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი ნორმატიულ აქტში ცვლილების (ცვლილებების) ან/და დამატების (დამატებების) შეტანა ხდება მხოლოდ იმავე სახის ნორმატიული აქტით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 103-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, „თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი წესები.“ ამავე კოდექსის 1061 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი „ნორმატიული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მიღების უფლების მქონე კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მისაღებად ადმინისტრაციული წარმოება დაიწყება ამავე ორგანოს გადაწყვეტილებით.“

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 103-ე,  1061    და 1065  მუხლების, ამავე კოდექსის VII და IX თავების, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით.

2. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2023 წლის 13 ივლისს 15:00 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

3. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ვადად განისაზღვროს 3 თვე.

4. დაევალოს კომუნიკაციების კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) კომუნიკაციების  კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოაქვეყნოს: ცნობა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე, წინამდებარე გადაწყვეტილება, მომზადებული დადგენილების პროექტი და განმარტებითი ბარათი.

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომუნიკაციების კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე.

6. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

7. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4 პუნქტისა) დაევალოს კომუნიკაციების კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები