„საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის განხილვის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 28, 2023 18:30
მიღების თარიღი ივლისი 20, 2023
„საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის განხილვის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ (შემდგომში „კომისია“) 2017 წლის 16 მაისს მიღებული იქნა გადაწყვეტილება №345/22 „საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე“. კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, დადგენილ იქნა ავტორიზებული პირის მიერ საკუთარ ქსელში და ავტორიზებული პირის მიერ სხვა ავტორიზებული პირის ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების ტარიფები:
ა) მოძრავ საკომუნიკაციო ქსელში ზარის დასრულება: 0.22 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - 1 წუთი (გადასახადების ჩათვლით);
ბ) ფიქსირებულ საკომუნიკაციო ქსელში ზარის დასრულება: 0.12 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - 1 წუთი (გადასახადების ჩათვლით).
აღნიშნული დროებითი რეგულაცია განპირობებული იყო ავტორიზებული პირების უცხოეთის ქვეყნების (განსაკუთრებით რეგიონში არსებული ქვეყნების - რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსია, უკრაინა, თურქეთი) კომპანიებთან ანგარიშსწორებისას არსებული დისბალანსით. საერთაშორისო ზარების დროებითი რეგულაციით უზრუნველყოფილი იქნა, ერთის მხრივ, ავტორიზებული პირების მიერ საზღვარგარეთის კომპანიებისგან მიღებული შემოსავლების ზრდა, ხოლო მეორეს მხრივ, სახელმწიფო ბიუჯეტში აქციზის გადასახადის შენატანების ზრდა. ასევე, გაიზარდა საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინება, რადგან ამ რეგულაციით დადგენილი ტარიფები განისაზღვრა აშშ დოლარში. ამასთან,გადაწყვეტილებით დადგინდა მექანიზმები, რომლებიც ავტორიზებულ პირებს მისცემდა ნომრის დაფარვის, კორექტირების, შემოკლების, გადაკეთების და სხვა სახის თაღლითობის (ე.წ. „ფროდის“) გამოვლენის საშუალებას.
კომისიამ, წინასწარი მოკვლევის ფარგლებში, შეისწავლა საერთაშორისო ზარების ტერმინაციის ბაზარზე არსებული მდგომარეობა. მოკვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ 2017 წელთან შედარებით, შემომავალი საერთაშორისო ზარების ოდენობა შემცირებულია დაახლოებით 80%-ით, ხოლო გამავალი საერთაშორისო ზარების ოდენობა შემცირებულია დაახლოებით 75%-ით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისია მიიჩნევს, რომ კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილებით განსაზღვრული დროებითი რეგულაცია საჭიროებს გადახედვას და შეფასებას, თუ რამდენად არის მისი შენარჩუნების საჭიროება, ამჟამად არსებული რეალობის გათვალისწინებით. ამასთან, აუცილებელია სატარიფო რეგულაციის საკითხის გადახედვა. კომისიამ ასევე შეაფასა შემომავალი ნომრის დაფარვის, კორექტირების, შემოკლების, გადაკეთების ან სხვა სახის თაღლითობის (ე.წ. „ფროდის“) საწინააღმდეგო მექანიზმები და მიიჩნევს, რომ უნდა იმსჯელოს აღნიშნული მექანიზმების საჭიროებაზეც.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და VII და IX თავების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის განხილვის მიზნით;
2.საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2023 წლის 31 აგვისტოს 15:00 საათზე, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3.დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა) შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება და საჯარო გაცნობისათვის გამოსაქვეყნებლად წარმოდგენა;
4.საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ვადად განისაზღვროს სამი თვე.
5.დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ცნობის, წინამდებარე გადაწყვეტილებისა და სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მიერ მომზადებული „საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე“ კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ კომისიის გადაწყვეტილების პროექტის კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტერნეტში (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
6.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
7.გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
