წვდომის მენიუ

შპს „ტაქსისერვისისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-23-7 / 100

გამოქვეყნების თარიღი მარტი 06, 2023 12:15

მიღების თარიღი მარტი 02, 2023

შპს „ტაქსისერვისისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  უფლების მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს „ტაქსისერვისმა“ (რეგისტრირებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2019 წლის 17 იანვარს; ს.კ. №416345315) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-23-7/402, 06.02.23) 2022 წლის 24 თებერვლის № გ-22-7/75 გადაწყვეტილების შესაბამისი სიხშირული რესურსის - ქ. თბილისსა და რუსთავში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის და დამატებით ქ. რუსთავში ორი სიხშირის მინიჭების მოთხოვნით. სიხშირეები გათვალისწინებულია ტაქსებსა და დისპეტჩერს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ შპს „ტაქსისერვისის“ მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებულ პირს, რომლის საქმიანობა დაკავშირებული არ არის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ რომელიც საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რისთვისაც არაავტორიზებული პირი იხდის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურს.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად არაავტორიზებულ პირს, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის (გარდა რადიოსარელეო ქსელის ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთის გამოყენების მიზნით), კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დროებით − 1 წლის ვადით, რისთვისაც პირი წინასწარ იხდის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასურს, რომლის ოდენობა ერთ სიხშირეზე შეადგენს 1000 ლარს.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტაქსისერვისმა“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ბიუჯეტში ჩარიცხა 4000 ლარი.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

„ელექტრონული კომუნიკაციების   შესახებ“ საქართველოს კანონის 471  მუხლის მე-3 პუნქტის, „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71  მუხლის მე-3 პუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს „ტაქსისერვისს“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება №F2875 შემდეგი პირობებით: სიხშირეები - 150.900 მჰც და 156.200 მჰც ქ. თბილისსა და რუსთავში და 150.475 მჰც და 155.825 მჰც (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. რუსთავში, ერთი წლის ვადით - 2023 წლის 2 მარტიდან 2024 წლის 2 მარტამდე, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2. შპს „ტაქსისერვისის“ მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრი გამოყენებული უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე;

3. წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრის მართლზომიერი გამოყენების მიზნით მონიტორინგის განხორციელება დაევალოს კომისიის  აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს   (ა. ქარუმიძე);

4. დაევალოს შპს „ტაქსისერვისს“ გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.comcom.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, შპს „ტაქსისერვისისთვის“ სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;

6.    დაევალოს  კომისიის  აპარატის  იურიდიული  დეპარტამენტის  ავტორიზაციისა  და ლიცენზირების ჯგუფს (ქ. სულიაშვილი) შპს „ტაქსისერვისისთვის“ მინიჭებული სიხშირეების კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა;

7. დაევალოს კომისიის  აპარატის ადმინისტრაციას:

ა) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის აღრიცხვა შესაბამის საბუღალტრო პროგრამაში (ნ. დევდარიანი);

ბ) გადაწყვეტილების შპს „ტაქსისერვისისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე

(www.comcom.ge) გამოქვეყნება;

8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) გადაწყვეტილების შპს „ტაქსისერვისისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები