წვდომის მენიუ

კომპანია Freestyle Canada -სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-23-7 / 28

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 31, 2023 15:41

მიღების თარიღი იანვარი 26, 2023

კომპანია Freestyle Canada -სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში „კომისია“) განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-23-7/17, 10.01.23), მომართა კომპანია Freestyle Canada-მ, დაბა ბაკურიანში 2023 წლის 11 თებერვლიდან 5 მარტამდე სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის (FIS) მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში ექვსი სიხშირის მინიჭების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებულ პირს, რომლის საქმიანობა დაკავშირებული არ არის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ რომელიც საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის.

კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან ამ შემთხვევაში განმცხადებელი ითხოვს სიხშირის მინიჭებას მხოლოდ 2023 წლის 11 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის (FIS) მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად რადიოკავშირით უზრუნველყოფისთვის, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია გაიცეს უფლება 26 დღის ვადით.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად  არაავტორიზებულ პირს, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის (გარდა რადიოსარელეო ქსელის ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთის გამოყენების მიზნით), კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დროებით − 1 წლის ვადით, რისთვისაც პირი წინასწარ იხდის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასურს, რომლის ოდენობა ერთ სიხშირეზე შეადგენს 1000 ლარს.

კომისია აღნიშნავს, რომ კომპანია Freestyle Canada-მ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ბიუჯეტში 2023 წლის 18 იანვარს ჩარიცხა თანხა  6000 ლარის ექვივალენტი დოლარში.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

„ელექტრონული კომუნიკაციების    შესახებ“ საქართველოს კანონის 471  მუხლის მე-3 პუნქტის, მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის, „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71მუხლის მე-3 პუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად,   კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს კომპანია Freestyle Canada -ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება F2838 შემდეგი პირობებით: სიხშირეები - 458.6625 მჰც, 461.3125 მჰც, 461.4875 მჰც, 462.2625 მჰც, 462.500 მჰც და 469.2625 მჰც (თითოეული ზოლის სიგანით 12.5 კჰც) დაბა ბაკურიანში, დაგეგმილი სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის (FIS) მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებასთან დაკავშირებით, 26 დღით-2023 წლის 11 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.  დაევალოს კომისიის  აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის  და ლიცენზირების ჯგუფს (ქ. სულიაშვილი) კომპანია Freestyle  Canada-სთვის  მინიჭებული სიხშირეების კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა;

3.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

4. დაევალოს კომისიის  აპარატის ადმინისტრაციას:

ა) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის აღრიცხვა შესაბამის საბუღალტრო პროგრამაში (ნ. დევდარიანი);

ბ) გადაწყვეტილების კომპანია Freestyle Canada-სთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge)  გამოქვეყნება;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) კომპანია Freestyle Canada-სთვის ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური             თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე         წევრი

ეკატერინე იმედაძე     წევრი

ნათია კუკულაძე         წევრი

ივანე მახარაძე            წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები