სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-23-7 / 455

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 09, 2023 12:36

მიღების თარიღი სექტემბერი 28, 2023

სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის“ არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  უფლების მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ სსიპ „გარემოს ეროვნულმა სააგენტომ“ (დაფუძნებული 2014 წლის 11 ივნისის საქართველოს მთავრობის №388 დადგენილებით; ს.კ № 204559691) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-23-3/3033, 23.09.23) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სოფ.კიკეთში მეტეოროლოგიური რადარის ფუნქციონირებისთვის ერთი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირე გათვალისწინებული იქნება აღმოსავლეთ საქართველოს, განსაკუთრებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა და მისი შემოგარენის ტერიტორიაზე ძლიერი ნალექებისგან გამოწვეული წყალდიდობა/წყალმოვარდნების, აგრეთვე სეტყვის შესახებ მაღალი სივრცითი და დროითი გარჩევადობის გაფრთხილებების მომზადების მიზნით და გამოყენებული იქნება მხოლოდ სსიპ„გარემოს ეროვნული სააგენტოს“ მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებულ პირს, რომლის საქმიანობა დაკავშირებული არ არის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ რომელიც საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რისთვისაც არაავტორიზებული პირი იხდის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურს.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად არაავტორიზებულ პირს, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის (გარდა რადიოსარელეო ქსელის ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთის გამოყენების მიზნით), კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დროებით − 1 წლის ვადით, რისთვისაც პირი წინასწარ იხდის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასურს, რომლის ოდენობა ერთ სიხშირეზე შეადგენს 1000 ლარს.

კომისია აღნიშნავს, რომ სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტომ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ბიუჯეტში ჩარიცხა 1000 ლარი.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირე გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

„ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71მუხლის მე-3 პუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ რადიოსიხშირული   სპექტრით   სარგებლობის უფლება № F 2966 ქვემოთ განსაზღვრული პირობების და ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად:

• რადარის ფუნქციონირების  სიხშირე - 5625 მჰც ± 25 მჰც (ზოლის სიგანე 50 მჰც);

•  რადარის  განლაგება  -  სოფ.  კიკეთი,  მერკატორის  უნივერსალური  პროექციით (x468659.37,y-4611654.79) განსაზღვრული ადგილი, გეოგრაფიული კოორდინატებით 41°39'21.44''N; 44°37'24.83''E;

რადარის ანტენის სიმაღლე მიწის ზედაპირიდან - 22 მ;

• გადამცემის საშუალო სიმძლავრე  300 ვატი;

• იმპულსის ხანგრძლიობა - 0.5µs, 0.8µs, 1.0µs ან 2.0µs;

• გადამცემის პიკური სიმძლავრე  250კ ვატი;

• ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი - 45dBi;

• გასხივებული ეფექტური სიმძლავრე - 99 dBW;

• სხივის კუთხური ზომა -   <1.00;

• ანტენის მოქმედების მახასიათებლები:

ა) Pencil beam, 3 dB beam width 0.95 degrees;

ბ) ჰორიზონტიდან სხივის ამაღლების კუთხე - 0.5°,

ერთი წლის ვადით -  2023 წლის 30 სექტემბრიდან 2024 წლის 30  სექტემბრამდე, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრი გამოყენებული უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე;

3.წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრის მართლზომიერი გამოყენების მიზნით მონიტორინგის განხორციელება დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს   (ა. ქარუმიძე);

4.დაევალოს სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი:http://reestri.comcom.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

5.საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, სსიპ„გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის“ სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;

6.დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ქ.სულიაშვილი) სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის“ მინიჭებული სიხშირის კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა;

7.დაევალოს კომისიის  აპარატის ადმინისტრაციას:

ა)ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის აღრიცხვა შესაბამის საბუღალტრო პროგრამაში (ნ. დევდარიანი);

ბ)გადაწყვეტილების სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

8.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

9.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ  საქმეთა  კოლეგიაში  (ქ.თბილისი,  დავით  აღმაშენებლის ხეივანი №  64)  სსიპ„გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

10.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ვახტანგ აბაშიძე            თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე       წევრი

ნათია კუკულაძე          წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები