სს „დარიალი ენერჯისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-23-7 / 576

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 29, 2023 12:22

მიღების თარიღი დეკემბერი 28, 2023

სს „დარიალი ენერჯისთვის“ არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  უფლების მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ სს „დარიალი ენერჯიმ“ (რეგისტრირებულია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2010 წლის 9 დეკემბერს;   ს.კ.   №  401953061) კომისიას   მიმართა   განცხადებით   (კომისიაში რეგისტრაციის № შ-23-7/3826,   29.11.23)  2023 წლის   26 იანვრის  №  გ-23-7/30  გადაწყვეტილების შესაბამისი (საქართველოს  ტერიტორიაზე  დეციმეტრულ  ტალღათა  დიაპაზონში  ორი  სიხშირე) სიხშირული რესურსის მინიჭების მოთხოვნით. სიხშირეები გათვალისწინებულია ჰიდროელექტროსადგურის ოპერირების და სამშენებლო საქმიანობისას  თანამშრომლებს  შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ სს „დარიალი ენერჯის“ მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3  პუნქტის  შესაბამისად,  არაავტორიზებულ  პირს,  რომლის  საქმიანობა დაკავშირებული არ არის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან  ან/და  ამ  ქსელებითა  და  საშუალებებით  მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ  რომელიც  საქმიანობისას   საჭიროებს   რადიოსიხშირეების   დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რისთვისაც არაავტორიზებული პირი იხდის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურს.

საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  2005 წლის 12 დეკემბრის № 13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად  არაავტორიზებულ პირს, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით  გამოყენებისთვის (გარდა რადიოსარელეო ქსელის ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთის გამოყენების მიზნით), კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს  დროებით − 1 წლის  ვადით, რისთვისაც პირი წინასწარ იხდის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასურს, რომლის ოდენობა ერთ სიხშირეზე შეადგენს 1000 ლარს.

კომისია აღნიშნავს, რომ სს „დარიალი ენერჯიმ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ბიუჯეტში ჩარიცხა 2000 ლარი.

კომისია ასევე  აღნიშნავს,  რომ  მინიჭებული  სიხშირეები  გამოყენებული  უნდა  იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

„ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს  კანონის 471 მუხლის  მე -3 პუნქტის, „რადიოსიხშირული  სპექტრით  სარგებლობის  უფლების  მოსაპოვებლად  აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71  მუხლის მე-3 პუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1. მიენიჭოს სს „დარიალი ენერჯის“ რადიოსიხშირული   სპექტრით   სარგებლობის   უფლება № 3006 შემდეგი პირობებით: სიხშირეები - 440.725 მჰც და 449.025 მჰც (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) საქართველოს ტერიტორიაზე, ერთი წლის ვადით - 2024 წლის 26 იანვრიდან 2025 წლის 26 იანვრამდე, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2. სს „დარიალი ენერჯის“ მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრი გამოყენებული უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე;

3. წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრის მართლზომიერი გამოყენების მიზნით მონიტორინგის განხორციელება დაევალოს კომისიის  აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს   (ა. ქარუმიძე);

4. დაევალოს სს „დარიალი ენერჯის“ გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.comcom.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, სს „დარიალი ენერჯისთვის“ სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;

6. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ქ. სულიაშვილი) სს „დარიალი ენერჯისთვის“ მინიჭებული სიხშირეების კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა;

7. დაევალოს კომისიის  აპარატის ადმინისტრაციას:

ა) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის აღრიცხვა შესაბამის საბუღალტრო პროგრამაში (ნ. დევდარიანი);

ბ) გადაწყვეტილების სს „დარიალი ენერჯისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე

(www.comcom.ge) გამოქვეყნება;

8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით   აღმაშენებლის ხეივანი № 64) გადაწყვეტილების სს „დარიალი ენერჯისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს  (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე წევრი

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები