წვდომის მენიუ

კომპანია United States Ski Team Inc-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-23-7 / 61

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 14, 2023 16:53

მიღების თარიღი თებერვალი 13, 2023

კომპანია United States Ski Team Inc-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში„კომისია“) განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-23-8/241, 27.01.23) მომართა კომპანია United States Ski  Team Inc-მ (რეგისტრირებული USA, Organized under the laws of the State of Utah, U.S.A., 09/10/1974; ს.კ. №87-0678334), დაბა ბაკურიანში 2023 წლის 11 თებერვლიდან 5 მარტამდე სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის (FIS) მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში ცხრა სიხშირის მინიჭების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კომისია ვალდებულია 3 სამუშაო დღით ადრე გამოაქვეყნოს  ინფორმაცია მომავალი სხდომის, მისი ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას – აგრეთვე სხდომის დახურვის შესახებ. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად გადაუდებელი აუცილებლობისას კომისია უფლებამოსილია ჩაატაროს სხდომა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაუცველად. ამ შემთხვევაში კომისია ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოაქვეყნოს ინფორმაცია სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას – აგრეთვე სხდომის დახურვის შესახებ.

გამომდინარე იქიდან, რომ 2023 წლის პირველ თებერვალს კომპანია United States Ski Team Inc-ს სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის (FIS) მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში სიხშირის მისანიჭებლად თანხის გადახდაზე გაეგზავნა წერილი, ხოლო 2023 წლის 9 თებერვალს კომპანიამ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ბიუჯეტში ჩარიცხა თანხა 9000 ლარის ექვივალენტი დოლარში. აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესების გათვალისწინებით, კომისიამ 2023 წლის 13 თებერვალს გამოაქვეყნა კომისიის № 7 დღის წესრიგის პროექტი, რომელშიც შეტანილ იქნა კომპანია United States Ski Team Inc-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების გაცემის საკითხი და სხდომა აღნიშნული საკითხის განხილვის მიზნით გაიმართა 2023 წლის 13 თებერვალს 15:00 საათზე.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებულ პირს, რომლის საქმიანობა დაკავშირებული არ არის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ რომელიც საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის.

კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან ამ შემთხვევაში განმცხადებელი ითხოვს სიხშირის მინიჭებას მხოლოდ 2023 წლის 13 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის (FIS) მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად რადიოკავშირით უზრუნველყოფისთვის, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია გაიცეს უფლება 26 დღის ვადით.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად არაავტორიზებულ პირს, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის (გარდა რადიოსარელეო ქსელის ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთის გამოყენების მიზნით), კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დროებით − 1 წლის ვადით, რისთვისაც პირი წინასწარ იხდის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასურს, რომლის ოდენობა ერთ სიხშირეზე შეადგენს 1000 ლარს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კანონით დადგენილ შემთხვევებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებდივი აქტი შეიძლება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებამდე ან ოფიციალურ გაცნობამდეც, თუ დაყოვნებამ შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს.

„ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის, „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71მუხლის მე-3 პუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად,   კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს კომპანია  United States Ski Team Inc-ს  რადიოსიხშირული  სპექტრით  სარგებლობის უფლება F 2855 შემდეგი პირობებით: სიხშირეები - 452.2625 მჰც, 452.3375 მჰც, 452.3625 მჰც, 452.3875 მჰც, 452.4375 მჰც, 452.4625 მჰც, 458.875 მჰც, 459.175 მჰც და 459.275 მჰც (თითოეული ზოლის სიგანით 12.5 კჰც) დაბა ბაკურიანში, დაგეგმილი სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის (FIS) მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებასთან დაკავშირებით, 26 დღით - 2023 წლის 13 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ქ. სულიაშვილი) კომპანია United States Ski Team Inc-სთვის მინიჭებული სიხშირის კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა;

3.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

4. დაევალოს კომისიის  აპარატის ადმინისტრაციას:

ა) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის აღრიცხვა შესაბამის საბუღალტრო პროგრამაში (ნ. დევდარიანი);

ბ) გადაწყვეტილების კომპანია United States Ski Team Inc-სთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge)  გამოქვეყნება;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) კომპანია United States Ski Team Inc-სთვის ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური               თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე           წევრი

ეკატერინე იმედაძე      წევრი

ნათია კუკულაძე         წევრი

 

ივანე მახარაძე წევრიგ

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები