სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 17, 2023 23:54
მიღების თარიღი თებერვალი 16, 2023
სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ“ (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის ბრძანება № 1-1/585; ს.კ. № 245631632) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-23-7/320, 01.02.23) 2022 წლის 3 თებერვლის №გ-22-7/33 გადაწყვეტილების შესაბამისი (ქ.ბათუმის, ფოთისა და ყულევის ნავსადგურების ტერიტორიაზე მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ოთხი სიხშირე) სიხშირული რესურსის მინიჭების მოთხოვნით. სიხშირეები გათვალისწინებულია საზღვაო ხომალდებთან ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებულ პირს, რომლის საქმიანობა დაკავშირებული არ არის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ რომელიც საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რისთვისაც არაავტორიზებული პირი იხდის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურს.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად არაავტორიზებულ პირს, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის (გარდა რადიოსარელეო ქსელის ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთის გამოყენების მიზნით), კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დროებით − 1 წლის ვადით, რისთვისაც პირი წინასწარ იხდის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასურს, რომლის ოდენობა ერთ სიხშირეზე შეადგენს 1000 ლარს.
კომისია აღნიშნავს, რომ სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ბიუჯეტში ჩარიცხა 4000 ლარი.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის მე-3 პუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1.მიენიჭოს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება № F2853 შემდეგი პირობებით: სიხშირეები - 156.300 მჰც, 156.650 მჰც, 156.425 მჰც და 156.875 მჰც (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) ბათუმის, ფოთისა და ყულევის ნავსადგურების ტერიტორიებზე, ერთი წლის ვადით - 2023 წლის 16 თებერვლიდან 2024 წლის 16 თებერვლამდე, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;
2.სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრი გამოყენებული უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე;
3.წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრის მართლზომიერი გამოყენების მიზნით მონიტორინგის განხორციელება დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე);
4. დაევალოს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი:http://reestri.comcom.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
5.საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთვის“ სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;
6.დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ქ.სულიაშვილი) სსიპ„საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთვის“ მინიჭებული სიხშირეების კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა;
7.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას:
ა)ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის აღრიცხვა შესაბამის საბუღალტრო პროგრამაში (ნ. დევდარიანი);
ბ)გადაწყვეტილების სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
8.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;
9.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) გადაწყვეტილების სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
