მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, კომისიის 2023 წლის 6 ივლისის №გ-23-8/316 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №24 (ცალკემდგომ) აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

ნომერი: გ-23-8 / 407

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 24, 2023 16:03

მიღების თარიღი აგვისტო 23, 2023

მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, კომისიის 2023 წლის 6 ივლისის №გ-23-8/316 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №24 (ცალკემდგომ) აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის  2023 წლის 6 ივლისის   №გ-23-8/316 გადაწყვეტილებით,   მიწისზედა   სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების  განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების  მისაღებად  გამოცხადდა 24 აუქციონი. აღნიშნული 24 აუქციონიდან № 22-№24 აუქციონების ჩატარების თარიღად  2023 წლის  23 აგვისტოს  12:00 საათი განისაზღვრა, ხოლო ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება 2023 წლის 12 ივლისის 09:00 საათიდან 28 ივლისის 17:00 საათამდე მიმდინარეობდა.

კომისიის 2023 წლის 6 ივლისის №გ-23-8/316 გადაწყვეტილებით გამოცხადებული №24 აუქციონისთვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური განისაზღვრა 1 320 000 ლარის ოდენობით; აუქციონის ბიჯი შეადგენს რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5%-ს, დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე ანუ 66 000 ლარს.

კომისია აღნიშნავს,  რომ  აუქციონში  მონაწილეობის  მისაღებად  კომისიაში  განცხადება წარმოადგინა მხოლოდ შპს  „სელფი მობაილმა“ (ს/კ  204450584) (განცხადების   კომისიაში რეგისტრაციის №შ-23-11/2462, 28.07.23). განაცხადის შესაბამისად, კომპანიას 2023 წლის 23 აგვისტოს გასამართი აუქციონებიდან სურს მიიღოს მონაწილეობა №24 (ცალკემდგომ) აუქციონში  და შეიძინოს აღნიშნული აუქციონით  გათვალისწინებული ერთი ლოტი.  განცხადებაზე თანდართულია ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ასევე სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარის)  გადახდის  დამადასტურებელი საბუთი და რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის  10%–ის 132 000 (ბე) ლარის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

კომისია აღნიშნავს, რომ აუქციონი გაიმართა კომისიის 2023 წლის 23 აგვისტოს სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა  შპს  „სელფი  მობაილის“  გენერალური  დირექტორი  ვასილ  ბერიშვილი. კომისიის სააუქციონო  სხდომაზე  აღინიშნა,  რომ  შპს  „სელფი  მობაილის“  მიერ  წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და აუქციონის პირობებთან.

კომისია აღნიშნავს, რომ აუქციონის დაწყებამდე შემოწმდა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის  მე-3 პუნქტითა  და „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ მე-2 მუხლის მე-3 და  მე-4  პუნქტებით  გათვალისწინებული გარემოების არსებობა. კომისიის 2023 წლის 6 ივლისის №გ-23-8/316 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №24 აუქციონში მონაწილეობის უფლება ეზღუდება პირს, რომელიც  დამოუკიდებლად   ან/და  მასთან  ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან   ერთად  აუქციონში   გამარჯვების  შემთხვევაში გახდება 1800 მჰც სიხშირული რესურსის 50 მჰც-ზე მეტის მფლობელი. სხდომაზე აღინიშნა, რომ დღეის მდგომარეობით შპს „სელფი მობაილი“ ზემოაღნიშნულ დიაპაზონში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F5 ლიცენზიით ფლობს სულ 20   (2x 10) მჰც (1775 – 1785 მჰც და 1870-1880 მჰც) სიხშირულ რესურსს. გამომდინარე იქიდან რომ კომისიის 2023 წლის 6 ივლისის  №გ-23-8/316 გადაწყვეტილებით გამოცხადებული №24 აუქციონის ლოტი ითვალისწინებს 10 მჰც (2X5 მჰც) სიხშირულ რესურსს, 1770-1775 მჰც (Up-link) და 1865-1870 მჰც (Down-link) რესურსის ფარგლებში კომისიის 2023 წლის 6 ივლისის  №გ-23-8/316 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №24 აუქციონში შპს „სელფი მობაილის“ გამარჯვების შემთხვევაში იგი გახდება 1800 მჰც სიხშირულ დიაპაზონში სულ  30  მჰც  რესურსის  მფლობელი.  შესაბამისად  აღნიშნული  არ წარმოადგენს აუქციონში შპს „სელფი მობაილის“ მონაწილეობის მიღების დამაბრკოლებელი გარემოებას.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის 2023 წლის 6 ივლისის  №გ-23-8/316 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №5-№24 აუქციონებში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ იმ პირს, რომელიც გამოცხადდება გამარჯვებულად კომისიის 2023 წლის 6 ივლისის  №გ-23-8/316 გადაწყვეტილებით გამოცხადებული №1-№4 აუქციონებიდან ნებისმიერ ერთ აუქციონში. კომისიის სხდომაზე აღინიშნა რომ შპს „სელფი მობაილი“ კომისიის 2023 წლის 16 აგვისტოს №გ-23-8/375 გადაწყვეტილებით გამოვლინდა გამარჯვებულად მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების     განსახორციელებლად   რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის   ლიცენზიის  მისაღებად, კომისიის   2023   წლის  6  ივლისის  №გ-23-8/316  გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №2 (პაკეტი/კომბინირებული) აუქციონში. შესაბამისად სახეზე არ არის აუქციონში შპს „სელფი მობაილის“ მონაწილეობის მიღების დამაბრკოლებელი გარემოება.

„რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ მე-51 მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად, თუ აუქციონში მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობს, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად, რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში.

კომისიის სხდომაზე გამოცხადდა რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური (1 320 000 ლარი) და აუქციონის ბიჯის ოდენობა (66 000 ლარი), რაც ჩაითვალა აუქციონის დასაწყისად. შპს „სელფი მობაილის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ბერიშვილმა აუქციონისთვის განსაზღვრული, რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის - 1 386 000 (ერთი მილიონ სამასოთხმოცდაექვსი ათასი) ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1. მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად კომისიის 2023 წლის 6 ივლისის №გ-23-8/316 გადაწყვეტილებით  გამოცხადებულ  №24 აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს „სელფი მობაილი“ (ს/კ 204450584), რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 1 386 000 (ერთი მილიონ სამასოთხმოცდაექვსი ათასი) ლარი.

2. უზრუნველყოს შპს „სელფი მობაილმა“ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 1 386 000 (ერთი მილიონ სამასოთხმოცდაექვსი ათასი) ლარის 30%-ს - 415 800 (ოთხასთხუთმეტი ათას რვაასი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 132 000 (ასოცდათორმეტი ათასი) ლარი ანუ - 283  800 (ორასოთხმოცდასამი  ათას  რვაასი) ლარის  გადახდა  ერთი  თვის  ვადაში  საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში-ა/ა-N200122900 ბანკი: სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი: TRESGE22

საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი: N300773402

3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ს – 970 200 (ცხრაასსამოცდაათი ათას ორასი) ლარის გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე  წელს  ლიცენზიის  გაცემის  შესახებ  კომისიის  გადაწყვეტილებით  განსაზღვრული წესით;

4. შპს „სელფი მობაილი“ ვალდებულია რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-სა და გადახდილ ბეს შორის სხვაობის - 283 800 (ორასოთხმოცდასამი ათას რვაასი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 2 სამუშაო დღის ვადაში. კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე  რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-სა და გადახდილ ბეს  შორის სხვაობის - 283 800 (ორასოთხმოცდასამი   ათას   რვაასი) ლარის, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

5. შპს „სელფი მობაილის“ მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულ ლიცენზიის მაძიებელს ბეს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა 10%) არ უბრუნდება;

6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფს (ნ. დევდარიანი) შპს „სელფი მობაილის“ მიერ ბეს სახით კომისიის ანგარიშზე გადახდილი თანხის (132 000 ლარი) საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;

7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე) და შპს „სელფი მობაილისთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს „სელფი მობაილისთვის” ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში; 

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფს (ნ. დევდარიანი);

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (მე-2, მე-6 და მე-7 პუნქტების გარდა) შესრულებაზე დაევალოს აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ვახტანგ  აბაშიძე თავმჯდომარე  - მ.შ.

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები