სს „სილქნეტის“, შპს „მაგთიკომის“, შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს„საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ საჩივრების საფუძველზე შპს „მედია რაითს ჯორჯიას“, შპს „ტელეიმედის“, სს „მედია ჰოლდინგის“, შპს „მთავარი არხის“, შპს „ტელეკომპანია პირველის“, შპს „პოსტვ-ის“ და შპს „ფორმულას“ მიმართ საქმის მოკვლევის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 13, 2023 17:54
მიღების თარიღი აპრილი 06, 2023
სს „სილქნეტის“, შპს „მაგთიკომის“, შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს„საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ საჩივრების საფუძველზე შპს „მედია რაითს ჯორჯიას“, შპს „ტელეიმედის“, სს „მედია ჰოლდინგის“, შპს „მთავარი არხის“, შპს „ტელეკომპანია პირველის“, შპს „პოსტვ-ის“ და შპს „ფორმულას“ მიმართ საქმის მოკვლევის შესახებ
სარჩევი
I. საქმის აღწერა .............................................................2
1. სს „სილქნეტის“ საჩივარი .................................................3
2. შპს „მაგთიკომის“ საჩივარი ..............................................6
3. შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ საჩივრები ......................................................9
4. მოპასუხე ეკონომიკური აგენტების ახსნა-განმარტებები.............11
5. საჩივრებისდასაშვებობა ..................................12
6. სააგენტოსა და მხარეთა პოზიციები და შემაჯამებელი სხდომა .........13
II. გამოკვლეული მტკიცებულებები ..................................15
III. დადგენილი გარემოებები .............................................17
IV. სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება ................19
1. შესაბამისი ბაზარი .........................................................25
პროდუქციული საზღვრები ..................26
საქონლის ან მომსახურების გეოგრაფიული საზღვრები ....................28
შესაბამისი ბაზრის დროითი ჩარჩოები ..............29
მჭიდროდ დაკავშირებული ბაზრების მიმოხილვა..............29
ტელემაუწყებლობის ტრანზიტის საცალო ბაზრის მიმოხილვა ..................29
არაქართული არხებთან გაფორმებული ხელშეკრულებების მიმოხილვა .........32
ტელემაუწყებლობის სარეკლამო ბაზრის მიმოხილვა...............33
2. ეკონომიკური აგენტები ................................37
3. თანამშრომლობის - ხელშეკრულების/შეთანხმებული ქმედების/გადაწყვეტილების არსებობა .....................38
4. ხელშეკრულების/შეთანხმებული ქმედების/გადაწყვეტილების კონკურენციის შემზღუდველი ხასიათი .............................39
5. კონკურენციის უმნიშვნელოდ შემზღუდველი შეთანხმების არსებობის საკითხი .......45
6. კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების აკრძალვიდან გამონაკლისის არსებობა 46
7. ფასილიტატორის როლი...................................48
8. პასუხისმგებლობა .............................................49
9. ქმედების დავალდებულება .........................................53
10. მაუწყებლობის ფასიანი ტრანზიტის განხორციელების კანონიერი შესაძლებლობა..54
VI. სარეზოლუციო ნაწილი .......................59
I. საქმის აღწერა
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში „კომისია“) სს„სილქნეტმა“ (№ შ-21-6/3168, 26.07.2021), შპს „მაგთიკომმა“(№ შ-21-6/3175, 27.07.2021), შპს„ახალმა ქსელებმა“ (№შ-21-6/3206, 28.07.2021) და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ“ (№ შ-21-6/3220, 29.07.2021) (შემდგომში „მომჩივანი ეკონომიკური აგენტები“) მიმართეს საჩივრებით შპს „მედია რაითს ჯორჯიას“, შპს„ტელეიმედის“, სს „მედია ჰოლდინგის“, შპს „მთავარი არხის“, შპს „ტელეკომპანია პირველის“, შპს „პოსტვ-ის და შპს „ფორმულას“ (შემდგომში „მოპასუხე ეკონომიკური აგენტები“) მიერ „კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაძლო დარღვევის შესახებ.
2. დასახელებული საჩივრების საფუძველზე „სს „სილქნეტის“, შპს „მაგთიკომის“, შპს„ახალი ქსელებისა“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ საჩივრების დასაშვებად ცნობისა და შპს „მედია რაითს ჯორჯიას“, შპს„ტელეიმედის“, სს „მედია ჰოლდინგის“, შპს „მთავარი არხის“, შპს „ტელეკომპანია პირველის“, შპს „პოსტვ-ის“ და შპს „ფორმულას“ მიმართ საქმის მოკვლევის დაწყების შესახებ“ კომისიის 2021 წლის 30 სექტემბრის Nგ-21-16/545 გადაწყვეტილებით დაიწყო მოკვლევა შპს„მედია რაითს ჯორჯიას“, შპს „ტელეიმედის“, სს „მედია ჰოლდინგის“, შპს „მთავარი არხის“, შპს „ტელეკომპანია პირველის“, შპს „პოსტვ-ის“ და შპს„ფორმულას“ მიერ „კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაძლო დარღვევის შესახებ.
3. საქმის მოკვლევის უზრუნველყოფის მიზნით, კანონმდებლობის შესაბამისად, კომისიის თავმჯდომარის ბრძანებით დაინიშნა მოკვლევის ჯგუფი. „სს „სილქნეტის“, შპს„მაგთიკომის“, შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ საჩივრების დასაშვებად ცნობისა და შპს „მედია რაითს ჯორჯიას“, შპს „ტელეიმედის“, სს „მედია ჰოლდინგის“, შპს „მთავარი არხის“, შპს„ტელეკომპანია პირველის“, შპს „პოსტვ-ის“ და შპს „ფორმულას“ მიმართ საქმის მოკვლევის დაწყების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის 30 სექტემბრის (Nგ-21-16/545,30/09/2021) გადაწყვეტილების შესაბამისად დაწყებული საქმის მოკვლევის ვადის გაგრძელების შესახებ“ კომისიის 2022 წლის 8 სექტემბრის N გ-22-16/399 გადაწყვეტილებით საქმის მოკვლევის ვადა გაგრძელდა 18 თვემდე.
4. მომჩივანი ეკონომიკური აგენტები მიუთითებენ, რომ ეწევიან მაუწყებლობის ტრანზიტთან დაკავშირებულ ეკონომიკურ საქმიანობას და მაუწყებლებთან დადებული ხელშეკრულებების ან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სავალდებულო, არაანაზღაურებადი ტრანზიტის პირობებში ბოლო მომხმარებლებს ანაზღაურების სანაცვლოდ უწევენ მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებას. მათი განმარტებით, მოპასუხე მაუწყებელი ეკონომიკური აგენტების სამაუწყებლო არხების ტრანზიტი, როგორც წესი, ანაზღაურების გარეშე ხორციელდებოდა. კერძოდ, ამ ურთიერთობაში იშვიათი გამონაკლისის გარდა, თანხას არ იხდიდა არც ტრანზიტორი და არც მაუწყებელი, რომლის არხის ტრანზიტიც ხორციელდებოდა. საჩივრის ავტორები მიუთითებენ, რომ დადგენილი პრაქტიკის საწინააღმდეგოდ კონკურენტი მაუწყებლები გაერთიანდნენ და მათი არხების ტრანზიტისთვის შუამავალი კომპანიის - შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ - მეშვეობით მოითხოვეს მათ მიერ ერთობლივად დადგენილი საფასური. მომჩივანი ეკონომიკური აგენტები მიიჩნევენ, რომ კონკურენტი მაუწყებლების მიერ მაუწყებლობის ტრანზიტის საფასურის ერთობლივი დადგენა კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებაა და ეწინააღმდეგება „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლს. ისინი ითხოვენ მოპასუხე ეკონომიკური აგენტებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას და მათ მიერ დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობას.
1. სს „სილქნეტის“ საჩივარი
5. კომისიას წარედგინა სს „სილქნეტის“ საჩივარი (№ შ-21-6/3168, 26.07.2021) შპს „მედია რაითს ჯორჯიას“, შპს „ტელეიმედის“, სს „მედია ჰოლდინგის“, შპს „მთავარი არხის“, შპს„ტელეკომპანია პირველის“, შპს „პოსტვ-ის“ და შპს „ფორმულას“ მიმართ.
6. სს „სილქნეტი“ საჩივარში აღნიშნავს, რომ 2021 წლის 28 ივნისს შპს „მედია რაითს ჯორჯიასგან“ მიიღო წერილი, რომლის თანახმადაც, შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ მაუწყებლებმა - შპს „ტელეიმედმა“, სს „მედია ჰოლდინგმა“, შპს „მთავარმა არხმა“, შპს„ტელეკომპანია პირველმა“, შპს„პოსტვ-იმ“ და შპს „ფორმულამ“ გადასცეს სამაუწყებლო ეთერის ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულების (გადახვევა-დაპაუზების უფლებით) გაფორმების, შესაბამისი ანაზღაურებისა და ტრანზიტის აკრძალვის უფლებები. წერილი შეეხებოდა მაუწყებლების „იმედის“, „პოსტვ-ის“ (საჩივრის ავტორის განმარტებით, შეცდომით მითითებულია „ჯი დი ეს თი ვი“ „პოსტვ-ის“ ნაცვლად) „რუსთავი 2-ის“, „მთავარის“, „ტვ-პირველის“ და „ფორმულას“ ფასიანი ტრანზიტის უფლებას. ამავე წერილით სს „სილქნეტს“ განემარტა, რომ 2021 წლის 1 აგვისტოდან აღნიშნული მაუწყებლების ტრანზიტის მოსაპოვებლად იგი უნდა დაუკავშირდეს შპს „მედია რაითს ჯორჯიას“, მისი მეშვეობით მოიპოვოს აღნიშნული მაუწყებლების ტრანზიტი, რისი ყოველთვიური ღირებულება იქნება - 3 ლარი (დღგ-ს გარეშე) გამრავლებული შესაბამის საანგარიშო თვეში ტრანზიტორის მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების აბონენტების რაოდენობის ჯამზე.
1. სს „სილქნეტის“ განმარტებით, სახეზეა წარმოების ერთსა და იმავე დონეზე მოქმედი, კონკურენტი ეკონომიკური აგენტების - შპს „ტელეიმედის“, სს „მედია ჰოლდინგის“, შპს„მთავარმა არხის“, შპს „ტელეკომპანია პირველის“, შპს „პოსტვ-ის“ და შპს „ფორმულას“ შეთანხმება/შეთანხმებული ქმედება, რომლის მიზანია: ა) მათ მიერ წარმოებულ ღია საეთერო საერთო სატელევიზიო არხებზე გაყიდვის ახალი საფასურის - ტრანზიტის საფასურის ერთდროულად/პარალელურად დაწესება; ბ) მათ მიერ წარმოებული ექვსი სამაუწყებლო არხის ერთი აგენტის - შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ მეშვეობით ერთიანი, შეთანხმებული ტარიფით და არასამართლიანი სავაჭრო პირობებით გაყიდვა და გ) ამგვარი შეთანხმებით მიღებული დამატებითი შემოსავლების შეთანხმების მონაწილე ეკონომიკურ აგენტებს შორის გაყოფა-გადანაწილება. ამასთან, სს „სილქნეტი“ მიუთითებს, რომ შპს „მედია რაითს ჯორჯია“ განსახილველი ურთიერთობის ფარგლებში თითოეული ტელეკომპანიის აგენტია, რომელსაც დამოუკიდებლობის (კომერციული და ფინანსური გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების) ხარისხი არ აქვს.
2. საჩივრის ავტორის შეფასებით, ყოველივე ზემოაღნიშნული „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დარღვევაა, ვინაიდან შეზღუდავს კონკურენციას: ა)კერძო საერთო სატელევიზიო მაუწყებლობის წარმოება-მიწოდების შესაბამის ბაზარსა და ბ) სატელევიზიო მაუწყებლობის ბაზართან მჭიდროდ დაკავშირებულ მიწოდების ქვედა ჯაჭვში მდგომ მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების შესაბამის ბაზარზე, რაც ზიანს აყენებს ზემოაღნიშნული ბაზრების მონაწილეებს, მათ შორის, სს „სილქნეტს“.
3. სს „სილქნეტი“ საჩივარში წარმოადგენს მიმოხილვას ტელემაუწყებლობისა და ტრანზიტული მაუწყებლობის ბაზრებისა და მათი თავისებურებების შესახებ. მომჩივანის პოზიციით, კონკურენციის სამართლის დარღვევა ხდება კერძო საერთო სატელევიზიო მაუწყებლობის წარმოება/მიწოდების შესაბამის ბაზარზე, რომლის გეოგრაფიული საზღვარია მთელი საქართველოს ტერიტორია. ამასთან, აღნიშნულ ბაზარს არ გააჩნია დროითი ჩარჩო. სს „სილქნეტის“ განმარტებით, უფლებამოსილი უწყების მიერ სიღრმისეული კვლევის შედეგად, შესაბამისი ბაზარი შესაძლებელია, დადგინდეს უფრო ვიწროდ ან - ფართოდ, თუმცა, ამას დარღვევის იდენტიფიცირების მიზნებისთვის მნიშვნელობა არ ექნება.
4. საჩივარში აღნიშნულია, რომ დარღვევის მონაწილე ეკონომიკური აგენტები არიან მოპასუხე მაუწყებლები, რომლებიც წარმოების ერთსა და იმავე დონეზე ახორციელებენ საქმიანობას და ერთმანეთის კონკურენტები არიან. შპს „მედია რაითს ჯორჯია“ არ არის დამოუკიდებელი ეკონომიკური აგენტი და შესაფასებელი გარიგების მიზნებისთვის უნდა იქნეს განხილული, როგორც „ერთიანი ეკონომიკური სუბიექტი“ თითოეულ მოპასუხე მაუწყებელთან ერთად.
5. სს „სილქნეტი“ საჩივარში მიუთითებს, რომ საერთო სატელევიზიო მაუწყებლობის წარმოება/მიწოდების შესაბამის ბაზარზე არსებული კონკურენტული წინაღობის თავიდან ასაცილებლად და ტრანზიტორებთან მოლაპარაკებების წარმოებისას საბაზრო ძალაუფლების გასამყარებლად კონკურენტ მაუწყებლებს შორის შედგა ჰორიზონტალური შეთანხმება. კერძოდ, ექვსმა კონკურენტმა ეკონომიკურმა აგენტმა ერთობლივად/ერთმანეთთან შეთანხმებულად განსაზღვრა ბაზარზე მოქმედების კურსი და ფასების პოლიტიკა. ამასთან, სახეზეა კონკურენციის საწინააღმდეგო მიზნის მქონე შეთანხმება, ვინაიდან მას უკვე გააჩნია საკმარისი ხარისხის კონკურენციის საწინააღმდეგო მიზანი და მისი განხორციელება შეზღუდავს კონკურენციას ა) კერძო საერთო სატელევიზიო მაუწყებლობის წარმოება/მიწოდებისა და ბ) მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების შესაბამის ბაზრებზე.
6. საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ მოპასუხე ეკონომიკური აგენტების შეთანხმებასთან მიმართებით არ გამოიყენება „კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესი, რომელიც კონკურენციის უმნიშვნელოდ შემზღუდველ შეთანხმებებს მიემართება, ვინაიდან აღნიშნული დებულება არ ვრცელდება ამავე კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.
7. სს „სილქნეტის“ განმარტებით, მოპასუხე ეკონომიკურ აგენტებს შორის დადებულ შეთანხმებაზე ასევე არ ვრცელდება „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების აკრძალვიდან გამონაკლისები. კერძოდ აღნიშნული გამონაკლისების პირობები განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის №526 დადგენილებით, რომლის მიხედვითაც, დადგენილება არ ვრცელდება და კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებების გამონაკლისისადმი მიკუთვნება დაუშვებელია, თუ შეთანხმება მოიცავს შესყიდვის ან გაყიდვის ფასის ან სხვა სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენას (ფიქსირებას). შესაბამისად, მომჩივანის მტკიცებით, ვინაიდან საჩივარი შეეხება ფასის დადგენას და „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ყველა წინაპირობა სახეზეა, არ არსებობს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გამოყენების სამართლებრივი საფუძველი.
8. ამრიგად, სს „სილქნეტი“ მიიჩნევს, რომ სახეზეა ბაზარზე მოქმედ ექვს კონკურენტ ეკონომიკურ აგენტს შორის კონკურენციის შემზღუდველი მიზნის მქონე ჰორიზონტალური შეთანხმება/შეთანხმებული ქმედება, რომელიც ემსახურება კონკურენტების დამოუკიდებლად მოქმედებისა და დამოუკიდებელი ფასების და კომერციული პოლიტიკის გატარების შეზღუდვას, რაც მოიცავს „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დარღვევას.
9. სს „სილქნეტი“ ითხოვს:
ა. წარმოდგენილი საჩივრის საფუძველზე კომისიამ დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება მოპასუხე ეკონომიკური აგენტების მიერ „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დარღვევის დადასტურების მიზნით.
ბ. მოპასუხე ეკონომიკური აგენტების მიერ „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში კომისიამ ბათილად ცნოს მოპასუხე ეკონომიკური აგენტების ყველა გადაწყვეტილება/შეთანხმება ან/და ქმედება, მათ შორის, მათი წარმომადგენლის შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ ყველა ქმედება და წერილობითი კორესპონდენცია, რომელიც უკავშირდება ზემოაღნიშნულ ჰორიზონტალურ გარიგებას.
გ. მოპასუხე ეკონომიკური აგენტების მიერ „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში კომისიამ მოითხოვოს მათ მიერ განხორციელებული ქმედებების „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
დ. „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის აღსრულების მარეგულირებელი წესის“ მე-16 მუხლის შესაბამისად კომისიამ მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით მოპასუხე ეკონომიკური აგენტების ქმედებისა და მოთხოვნის (შპს„მედია რაითს ჯორჯიას“ მეშვეობით მაუწყებლობის ტრანზიტზე საფასურის მოთხოვნის) დროებით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების თაობაზე.
ე. მიღებული გადაწყვეტილება კომისიამ მიაქციოს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
2. შპს „მაგთიკომის“ საჩივარი
10. კომისიას ასევე წარედგინა შპს „მაგთიკომის“ საჩივარი (№ შ-21-6/3175, 27.07.2021) შპს„მედია რაითს ჯორჯიას“, შპს „ტელეიმედის“, სს „მედია ჰოლდინგის“, შპს „მთავარი არხის“, შპს „ტელეკომპანია პირველის“, შპს „პოსტვ-ის“ და შპს „ფორმულას“ მიმართ. კომისიის მიმართვის შედეგად შპს „მაგთიკომმა“ აღმოფხვრა საჩივრის ფორმალური ხარვეზები და წარმოადგინა დაზუსტებული საჩივარი (№ შ-21-6/3248, 30.07.2021).
11. შპს „მაგთიკომის“ საჩივრის მიხედვით, კომპანიას 2021 წლის 28 ივნისს წერილით ეცნობა, რომ შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ და საქართველოში მოქმედ მაღალრეიტინგულ ტელეკომპანიებს (შპს „ტელეიმედი“, სს „მედია ჰოლდინგი“, შპს „მთავარი არხი“, შპს „ტელეკომპანია პირველი“, შპს „პოსტვ“ და შპს „ფორმულა“) შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ გადაეცა საქართველოში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებთან ტელეარხების სამაუწყებლო ეთერის ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულებების (გადახვევა-დაპაუზების უფლებით) გაფორმებისა და შესაბამისი ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. ამასთან, აღნიშნული მაუწყებლების (საჩივრის ავტორის განმარტებით, წერილში გამორჩენილია „პოსტვ“, თუმცა თანდართული ცნობის მიხედვით, შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ შპს „პოსტვ-ის“ ტრანზიტის უფლებაც გადაეცა) ტრანზიტის ყოველთვიური ღირებულებაა - 3 ლარი (დღგ- ს გარეშე) გამრავლებული შესაბამის საანგარიშო თვეში ტრანზიტორის მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების აბონენტების რაოდენობის ჯამზე.
12. შპს „მაგთიკომი“ აღნიშნავს, რომ წერილის მიხედვით, ტელეარხების მაუწყებლობის ტრანზიტისათვის განკუთვნილ ქსელში ჩართვის სურვილის არსებობის შემთხვევაში შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ უნდა დაკავშირებოდნენ 2021 წლის 01 აგვისტომდე. ამასთან, წერილზე დართულია მაუწყებლების მიერ გაცემული ცნობები, რომელთა მიხედვითაც, შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ გადაეცა უფლებამოსილება, 2021 წლის 01 ივნისიდან 2023 წლის 31 მაისის ჩათვლით განახორციელოს საქართველოში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებთან ტელეარხის ეთერის ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულების გაფორმება, შესაბამისი ანაზღაურების მიღება და აკრძალოს მაუწყებლობის ტრანზიტი.
13. შპს „მაგთიკომის“ განმარტებით, საჩივრის განხილვა კომისიის კომპეტენციაში შედის, ვინაიდან „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევა მაუწყებლობის სფეროში ხდება და მოპასუხეებიც მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი პირები არიან. კერძოდ, მოპასუხეები „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული მაუწყებლები არიან და დარღვევა მაუწყებლობის სფეროში კონკურენციის შეზღუდვას უკავშირდება. შპს „მედია რაითს ჯორჯია“ მართალია, ფორმალურად დამოუკიდებელი სუბიექტია, თუმცა, შინაარსობრივად, კანონის მიზნებისთვის იგი დამოუკიდებლად ვერ მიიჩნევა, ვინაიდან იგი მაუწყებლებთან ერთად ქმნის „ერთიან ეკონომიკურ სუბიექტს“.
14. შპს „მაგთიკომის“ პოზიციით, მოპასუხე ეკონომიკურმა აგენტებმან ჩაიდინეს „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება - ეკონომიკურ აგენტებს შორის ან ეკონომიკურ აგენტთა ასოციაციის ფარგლებში დადებული ხელშეკრულება ან შეთანხმებული ქმედება, რომლის მიზანია ან შედეგია შესაბამის ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვა, დაუშვებლობა ან/და აკრძალვა - კერძოდ, შესყიდვის ან გაყიდვის ფასის ან სხვა სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენა (ფიქსირება).
15. საჩივარში აღნიშნულია, რომ, მართალია მაუწყებლობის ტრანზიტის საფასური მოითხოვა შპს „მედია რაითს ჯორჯიამ“, რომელიც, ფორმალურად მოპასუხე მაუწყებლებისგან დამოუკიდებელი სუბიექტია, თუმცა, კანონის მიზნებისთვის იგი ასეთად ვერ მიიჩნევა, იმის გათვალისწინებით, რომ რეალურად მის ქმედებებზე არსებით ზეგავლენას ახდენენ ის მაუწყებლები, ვინც მასთან გააფორმა 2021 წლის 31 მაისის ხელშეკრულება. შესაბამისად, „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილია მოპასუხე მაუწყებლების მიერ, რომლებიც კონკურენტი ეკონომიკური აგენტები არიან, რაც კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულების არსებობის დამადასტურებელი კიდევ ერთ გარემოებაა.
16. შპს „მაგთიკომის“ მითითებით, 2021 წლის 31 მაისის ხელშეკრულება (მიუხედავად იმისა, რომ ამ ხელშეკრულების კონკრეტული შინაარსი/პირობები მომჩივანისთვის უცნობია) და მოპასუხეების მიერ 31 მაისს გაცემული იდენტური შინაარსის ცნობები, ცალსახად ადასტურებს მოპასუხეების ერთობლივ განზრახვას კონკრეტული საბაზრო ქცევის განხორციელების თაობაზე. კერძოდ, ამ ქმედებებით ვლინდება მოპასუხეების სურვილი საკუთარი ტელეარხების მაუწყებლობის ფასიანი ტრანზიტის უფლებაზე ერთიანი საფასურის განსაზღვრა/ფიქსირება და მისი რეალიზება მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების გამწევ ყველა ავტორიზებულ პირზე ერთიან განუყოფელ პაკეტად. ნებათა თანხვედრის ამსახველი კონკრეტული ხელშეკრულების და გადაწყვეტილების არსებობის გამოვლინებაა, შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ 28 ივნისის წერილი, რაც, თავის მხრივ, სხვა არაფერია თუ არა კონკურენტი ეკონომიკური აგენტების მიერ მითითებული ნების პრაქტიკაში გატარების/აღსრულების ფაქტი.
17. შპს „მაგთიკომის“ საჩივრის მიხედვით, კონკურენტი მაუწყებლების მიერ საკუთარი ტელეარხების მაუწყებლობის ტრანზიტის უფლების გადაცემა ერთ სუბიექტზე, ამ უკანასკნელის მიერ ერთიანი პაკეტის შექმნა და ერთიანი საფასურის დადგენა, თავისთავად უკვე კონკურენციის შემზღუდველი ქმედებაა. ბუნებრივი საბაზრო ქცევის პირობებში, მაუწყებლები დაინტერესებული უნდა იყვნენ აწარმოონ ინდივიდუალური მოლაპარაკებები მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებთან და გააფორმონ მათთვის კომერციულად მისაღები ხელშეკრულებები. მომჩივანის მითითებით, არ არსებობს იმის ლოგიკური ახსნა, თუ რატომ უნდა იყვნენ კონკურენტი კომპანიები დაინტერესებულნი საკუთარი უფლებების ერთ პაკეტად და კონსოლიდირებულ ფასად რეალიზებით. ეს ყველაფერი აიხსნება კონკურენციის შეზღუდვით. კერძოდ, როდესაც, ერთი მხრივ, ადგილი აქვს ერთ კონკრეტულ მიზანს - აიძულონ ტრანზიტორები, რომ მათ არ ჰქონდეთ არჩევანის თავისუფლება, განახორციელონ მხოლოდ იმ მაუწყებლების ტელეარხების მაუწყებლობის ფასიანი ტრანზიტი, ვისაც კომერციულად გამართლებულად მიიჩნევენ, ხოლო, მეორე მხრივ, დადგინდეს შეუსაბამოდ მაღალი და ერთიანი ფასი კონკრეტული ტელე არხების (მოპასუხეების) მაუწყებლობის ტრანზიტზე.
18. საჩივარში მითითებულია, რომ ზოგადად, ფასებისა და სხვა სავაჭრო პირობების ფიქსირება ითვლება კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმებად. აღნიშნული ეხება როგორც მათ პირდაპირ, ისე არაპირდაპირ ფიქსირებას, რაც შეიძლება გამოიხატოს შესაბამისი ინფორმაციის გაცვლაშიც. მოპასუხეების ქმედებებს აქვს კონკრეტული კონკურენციის საწინააღმდეგო მიზანი, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნას-აკრძალულია, ეკონომიკურ აგენტებს შორის ან ეკონომიკურ აგენტთა ასოციაციის ფარგლებში დაიდოს ისეთი ხელშეკრულება, მიღებულ იქნეს ისეთი გადაწყვეტილება ან განხორციელდეს ისეთი შეთანხმებული ქმედება, რომლის მიზანია ან შედეგია შესაბამის ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვა, დაუშვებლობა ან/და აკრძალვა (შემდგომ – შეთანხმება), კერძოდ: შესყიდვის ან გაყიდვის ფასის ან სხვა სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენა (ფიქსირება).
19. შპს „მაგთიკომი“ მიუთითებს, რომ მოპასუხეების ქმედებებში ნათლად ვლინდება კონკურენციის კანონის დარღვევის მიზანი, რაც საკმარისია კომისიის მხრიდან კანონით განსაზღვრული შესაბამისი რეაგირების განხორციელებისათვის. მოპასუხეების დაგეგმილი ქმედებების განხორციელების შემთხვევაში გამოწვეულ პოტენციურ ზიანთან დაკავშირებით საჩივარში აღნიშნულია, რომ მაგთიკომს მაუწყებლობის ტრანზიტზე გაეზრდება ხარჯები და გაზრდილი ხარჯების სავარაუდო რაოდენობა ყოველთვიურად განისაზღვრება 1 300 000 (აბონენტების რაოდენობა გამრავლებული სამ ლარზე) ლარით, კომპანიას მოუწევს ფასიან ტრანზიტზე უარის თქმა ფასიან ან მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების საფასურის გაზრდა, რაც გამოიწვევს მაგთიკომის აბონენტების უკმაყოფილებას და შესაბამისად მათ დაკარგვას, რის კონკრეტულად ციფრებში ასახვაც ამ ეტაპზე წარმოუდგენელია.
20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „მაგთიკომი“ ითხოვს:
ა. „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის საფუძველზე, კომისიამ ბათილად ცნოს მოპასუხეებს შორის 2021 წლის 31 მაისს დადებული ხელშეკრულება და მათ შორის არსებული ნებისმიერ სხვა შეთანხმება (ასეთის არსებობის შემთხვევაში, რაც უნდა დადგინდეს საჩივრის წარმოების დროს კონკრეტული მტკიცებულებების შესწავლის შედეგად), რომლის მიზანია ერთიანი/კონსოლიდირებული პაკეტის შექმნა და ერთიანი ფასის/საფასურის დადგენა მოპასუხეების ტელე არხების მაუწყებლობის ტრანზიტზე;
ბ. „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში მოპასუხეებს დაეკისროთ ამავე კანონის 33-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა;
გ. კომისიამ გამოიყენოს „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილება და მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით, რათა მოპასუხეებს აეკრძალოთ შპს „მაგთიკომს“ ყოველთვიურად მოსთხოვონ 3 ლარის (დღგ-ს გარეშე) გადახდა თითოეულ მაუწყებლობის ტრანზიტზე არსებულ აბონენტზე შემდეგი ტელე არხების - „იმედი“, „ჯი-დი-ეს თი-ვი“, „რუსთავი 2“, „მთავარი“, „ტვ პირველი“, „ფორმულა“ და „პოსტვ“, მაუწყებლობის ტრანზიტის განხორციელებაში ან მოპასუხეებს აეკრძალოთ ამ არხების გათიშვის უფლებამოსილება იმ დრომდე, სანამ კომისიის მიერ არ იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება და იგი არ შევა კანონიერ ძალაში.
3. შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ საჩივრები 22. კომისიას ასევე წარედგინა შპს „ახალი ქსელების“ საჩივარი (№ შ-21-6/3206, 28.07.2021) და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ საჩივარი (№ შ-21-6/3220, 29.07.2021) შპს „მედია რაითს ჯორჯიას“, შპს „ტელეიმედის“, სს „მედია ჰოლდინგის“, შპს „მთავარი არხის“, შპს „ტელეკომპანია პირველის“, შპს „პოსტვ-ის“ და შპს
„ფორმულას“ მიმართ. კომისიის მიმართვის შედეგად კომპანიებმა გამოასწორეს გამოვლენილი ხარვეზები და წარადგინეს დაზუსტებული საჩივრები - შპს „ახალი ქსელების“ საჩივარი (№ შ-21-6/3306, 03.08.2021) შპს „მედია რაითს ჯორჯიას“, შპს „ტელეიმედის“, სს „მედია ჰოლდინგის“, შპს „მთავარი არხის“, შპს „ტელეკომპანია პირველის“, შპს „პოსტვ-ის“ და შპს „ფორმულას“ წინააღმდეგ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ საჩივარი (№ შ-21-6/3357, 04.08.2021) შპს „მედია რაითს ჯორჯიას“, შპს „ტელეიმედის“, სს „მედია ჰოლდინგის“, შპს „მთავარი არხის“, შპს „ტელეკომპანია პირველის“, შპს „პოსტვ-ის“ და შპს „ფორმულას“ წინააღმდეგ.
23. შპს „ახალი ქსელები“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ საჩივრებში აღნიშნავენ, რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები. კომპანიების მითითებით, შპს „მედია რაითს ჯორჯიასგან“ 2021 წლის 28 ივნისის წერილით ეცნობათ, რომ 2021 წლის 31 მაისს შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ და შპს „ტელეიმედს“, სს „მედია ჰოლდინგს“, შპს „მთავარ არხს“, შპს „ტელეკომპანია პირველს“, შპს „პოსტვ-ის“ და შპს „ფორმულას“ შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ გადაეცა უფლება, საქართველოში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებთან გააფორმოს ფასიანი ტრანზიტის უფლება, მათ შორის, გადახვევა-დაპაუზების უფლებით. შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ წერილს დაერთვის მაუწყებლების გაცემული ცნობები.
21. საჩივრის ავტორები მიიჩნევენ, რომ ზემოაღნიშნული გარიგება კონკურენციის შემზღუდველია (კარტელურია). შეთანხმების საგნიდან გამომდინარე აშკარაა, რომ მოხდა ტელეარხების ტრანზიტის სრული პაკეტის ფასის ფიქსირება. შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ უფლება გადასცა ექვსმა დამოუკიდებელმა მაუწყებელმა, რომლებიც ბაზარზე ერთმანეთის კონკურენტები არიან. შესაბამისად, კონკურენტი მაუწყებლების თანამშრომლობა, რომელიც შეთანხმებულად ადგენს ბაზარზე არსებული ყველა რეიტინგული ტელევიზიის ტრანსლირების საერთო ფასს ეწინააღმდეგება „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს.
22. გარდა ამისა, შპს „ახალი ქსელები“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ საჩივარში მიუთითებენ, რომ მაუწყებლების გაცემული ოფოციალური ცნობების მიხედვით, შპს „მედია რაითს ჯორჯიაა უფლებამოსილია „აკრძალოს მაუწყებლობის ტრანზიტი“, რაც ქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ თავად მაუწყებლებს აღარ აქვთ ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულების გაფორმების უფლება და ეს უფლებამოსილება ექსკლუზიურად შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ გადაეცა. შესაბამისად, თუ აქამდე ბაზარზე კონკურენცია არსებობდა და მაუწყებლები თავად განსაზღვრავდნენ უფლების ფასსა და გაყიდვის პირობებს, ამიერიდან, შეთანხმების შედეგად, მაუწყებლებს და ტრანზიტორ ავტორიზებულ პირებს წაერთვათ მაუწყებლობის ტრანზიტის პირობების თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობა.
23. შპს „ახალი ქსელები“ მიუთითებს, რომ კომპანიას მოპასუხეების ქმედებით შესაძლოა, პოტენციურად მიადგეს ზარალი. კერძოდ, აღნიშნული ქმედებით შპს „ახალ ქსელებს“ გაეზრდება ხარჯები, რაც საჩივრის წარდგენის მომენტისათვის არსებული მონაცემებით იქნება ყოველთვიურად 34,221.25 ლარი (დღგ-ს გარეშე). ხოლო შპს „ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ შემთხვევაში პოტენციური ზარალი იქნება 19,269.25 ლარი (დღგ-ს გარეშე). წინააღმდეგ შემთხვევაში ორივე კომპანია იძულებული იქნება უარი თქვას ფასიან ტრანზიტზე ან მომხმარებლებს გაუზარდოს მაუწყებლობის ტრანზიტის საფასური, რამაც, შესაძლოა, გამოიწვიოს მომხმარებლების უკმაყოფილება და დაკარგვა, აღნიშნული ზარალის გამოთვლა კი წინასწარ შეუძლებელია.
24. შპს„ახალი ქსელების“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ განმარტებით, შპს „მედია რაითს ჯორჯიასა“ და მაუწყებლებს შორის დადებული ხელშეკრულების პირობები ასევე ეწინააღმდეგება „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტს. კერძოდ, სახეზეა გარიგების დასადებად მხარისათვის ისეთი დამატებით პირობის დადგენა/ვალდებულების დაკისრება, რომელსაც გარიგების საგანთან საგნობრივი/კომერციული კავშირი არ აქვს. ხელმომწერი მაუწყებლები და მაუწყებლობის ტრანზიტორი კომპანიები არიან სამოქალაქო ურთიერთობების დამოუკიდებელი მონაწილეები და თავისუფალი ბაზრის პირობებში უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, თავად განსაზღვრონ სატელევიზიო პაკეტში შემავალი არხები და მათი ღირებულება.
25. საჩივრების მიხედვით, განსახილველ შემთხვევაში კარტელური შეთანხმების მხარეები არიან მაუწყებლები, რომლებმაც უფლება გადასცეს შპს „მედია რაითს ჯორჯიას“, ხოლო თავად შპს „მედია რაითს ჯორჯია“ კარტელის ფასილიტატორია, რომელიც კონკურენციის სამართლის მიზნებისთვის, შესაძლებელია, შეფასდეს ეკონომიკურ აგენტად და დაეკისროს პასუხისმგებლობა.
26. დამატებით საჩივრებში აღნიშნულია, რომ შპს „ახალ ქსელებს“ და შპს „საქართველოს ცენტრალურ კავშირგაბმულობის კორპორაციას“ აქვთ მოქმედი ვადიანი ხელშეკრულებები სხვადასხვა მაუწყებელთან, მათ შორის, სს „მედია ჰოლდინგთან“ და შპს „ტელეიმედთან“, აგრეთვე, ამ გაერთიანების სხვა ტელევიზიებისგან უფასო ტრანსლირების უფლება. სს„მედია ჰოლდინგს“ არ ჰქონდა მომიჯნავე უფლების სხვა პირზე გადაცემის უფლება, შესაბამისად, დარღვეულია ხელშეკრულების პირობები.
27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ახალი ქსელები“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ საჩივრებით ითხოვენ:
ა. „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებისა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, კომისიამ ბათილად ცნოს შპს „მედია რაითს ჯორჯიასა“ და მაუწყებლებს შორის 2021 წლის 31 მაისს დადებული ხელშეკრულება;
ბ. „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში კომისიამ მოპასუხეებს დააკისროს „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის 33-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა;
გ. დავაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ავტორიზებული პირებისა და მომხმარებელთა უფლებების/საუკეთესო ინტერესების დასაცავად კომისიამ უზრუნველყოს მაუწყებლების უწყვეტი ტრანსლირების უფლება შპს „ახალი ქსელების“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის“.
4. მოპასუხე ეკონომიკური აგენტების ახსნა-განმარტებები
28. კომისიის მიმართვის შედეგად წერილობითი პოზიცია წარმოადგინეს მოპასუხე ეკონომიკურმა აგენტებმა. კერძოდ, კომისიას მიმართა შპს „მედია რაითს ჯორჯიამ“ და წარმოადგინა მოპასუხეების პოზიცია (შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ წერილი (№ შ-21-6/4196, 17.09.2021, წერილი ხელმოწერილია შპს „მედია რაითს ჯორჯიასა“ და მოპასუხე მაუწყებლების მიერ). მოპასუხეების განმარტებით, საჩივრები ვერ აკმაყოფილებს „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის 24-ე მუხლით და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის აღსრულების მარეგულირებელი წესის“ მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საფუძვლებს. მოპასუხე ეკონომიკური აგენტები მიუთითებენ, რომ არ არსებობს საჩივრების განხილვის სამართლებრივი საფუძველი, გარდა ამისა, საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის აღსრულების მარეგულირებელი წესის“ მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვინაიდან არსებობს საქმის მოკვლევის შედეგად კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იმავე მხარეებს შორის, იმავე დავის საგანზე და სახეზე არ არის ახლად აღმოჩენილი გარემოება. გარდა ამისა, მოპასუხე ეკონომიკური აგენტების განმარტებით, ერთობლივი პაკეტების შეთავაზება მაუწყებლობის ტრანზიტის ბაზარზე დამკვიდრებული პრაქტიკაა და მათ არ დაურღვევიათ „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნები.
5. საჩივრების დასაშვებობა
29. როგორც აღინიშნა, კომისიამ 2021 წლის 30 სექტემბერს მიიღო „სს „სილქნეტის“, შპს „მაგთიკომის“, შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ საჩივრების დასაშვებად ცნობისა და შპს „მედია რაითს ჯორჯიას“, შპს „ტელეიმედის“, სს „მედია ჰოლდინგის“, შპს „მთავარი არხის“, შპს „ტელეკომპანია პირველის“, შპს „პოსტვ-ის“ და შპს „ფორმულას“ მიმართ საქმის მოკვლევის დაწყების შესახებ“ Nგ-21-16/545 გადაწყვეტილება.
30. კომისიამ არ გაიზიარა მოპასუხე ეკონომიკური აგენტების პოზიცია, რომლის მიხედვითაც, საჩივრებში დასახელებულ ურთიერთობებზე არ ვრცელდება „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნები. კომისიის განმარტებით, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონი ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე ვრცელდება იმ შემთხვევაში, როდესაც ეს უფლებები კონკურენციის შეზღუდვისთვის გამოიყენება. მოცემულ საქმეზე, წარმოდგენილი საჩივრების გათვალისწინებით, უნდა შეფასებულიყო ინტელექტუალური საკუთრების (მაუწყებლობის ტრანზიტის უფლების) გამოყენებით კონკურენციის შეზღუდვის საკითხი.
კერძოდ, კომისიას უნდა დაედგინა მაუწყებლობის ტრანზიტის უფლების რეალიზაციით ხომ არ ხდებოდა „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევა. შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ საჩივრებში მითითებული სავარაუდო დარღვევა თავსდებოდა „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ისეთ შემთხვევებში, რომლებზეც ვრცელდება ეს კანონი და ამ თვალსაზრისით, არ არსებობდა საჩივრების დაუშვებლად ცნობისა და საქმის მოკვლევის დაწყებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი.
31. დასაშვებობის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში კომისიამ ასევე მიუთითა, რომ კომისიის წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და ინფორმაციის ურთიერთშეჯერებით იქმნებოდა „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევის გონივრული ეჭვი და ამ თვალსაზრისით არსებობდა „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევის საკითხის შესწავლის მიზნით საქმის მოკვლევის დაწყების საფუძველი.
32. კომისიამ ასევე არ გაიზიარა მოპასუხე ეკონომიკური აგენტების პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თითქოსდა სახეზე იყო იმავე მხარეებს შორის, იმავე დავის საგანზე მიღებული გადაწყვეტილება. აღნიშნული არგუმენტაციის ფარგლებში, მოპასუხე ეკონომიკური აგენტები მიუთითებდნენ კომისიის თავმჯდომარის 2017 წლის 28 სექტემბრის წერილზე (კომისიის თავმჯდომარის წერილი (№ 03/3236-17, 28.09.2017)), როგორც იმავე მხარეებს შორის, იმავე დავის საგანზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე. ხსენებულ წერილში აღნიშნულია, რომ ცალკეული მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის (მათ შორის, სს „სილქნეტის“) საჩივრის საფუძველზე შეფასდა მაუწყებლობის ტრანზიტის ხელშეკრულების ინტეგრირებული, ერთიანი ტარიფით გაფორმების გზით კონკურენციის სავარაუდო დარღვევის საკითხი. კომისიის განმარტებით, 2017 წელს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კომისიას საჩივარი არ შეუფასებია „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე. 2017 წელს მაუწყებლების ქმედებების შესაბამისობა შემოწმდა „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ იმ რეგულაციებთან მიმართებით, რომლებიც უკავშირდება მაუწყებლობის სფეროში საკუთრების კონცენტრაციას, მაუწყებლობის ტრანზიტის თაობაზე მოლაპარაკებების გამართვასა და ხელშეკრულების დადებას. შესაბამისად, დადგინდა, რომ მაუწყებლების მიერ მაუწყებლობის ტრანზიტის ერთიანი, ინტეგრირებული ტარიფის შემოღებით არ ირღვეოდა „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნები. კომისიის მიერ არ შეფასებულა მაუწყებლების ქმედებების შესაბამისობა „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მოთხოვნებთან. აქედან გამომდინარე, ზემოაღნიშნული წერილი არ იქნა მიჩნეული „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე ჩატარებული მოკვლევის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებად და არც ამავე კანონის თაობაზე წარდგენილი საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ გადაწყვეტილებად. შესაბამისად, კომისიის შეფასებით, სახეზე არ იყო საჩივრების დაუშვებლად ცნობის კანონმდებლობით განსაზღვრული საფუძველი.
33. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ დასაშვებად ცნო წარმოდგენილი საჩივრები და დაიწყო საქმის მოკვლევა შპს „მედია რაითს ჯორჯიას“, შპს „ტელეიმედის“, სს „მედია ჰოლდინგის“, შპს „მთავარი არხის“, შპს „ტელეკომპანია პირველის“, შპს „პოსტვ-ის“ და შპს „ფორმულას“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაძლო დარღვევის ფაქტზე.
34. ამავდროულად, აღნიშნული გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მომჩივანების შუამდგომლობა მოპასუხე ეკონომიკური აგენტების ქმედებების დროებით შეჩერების შესახებ სასამართლოსადმი მიმართვის თაობაზე, ვინაიდან, კომისიის შეფასებით, არ იყო დასაბუთებული გამოუსწორებელი ზიანის საფრთხე. კომისიის მითითებით, მოპასუხე ეკონომიკურ აგენტებს არ განუხორციელებიათ შეთანხმების იმპლემენტაცია და არ მოუთხოვიათ ტრანზიტის შეწყვეტა.
6. სააგენტოსა და მხარეთა პოზიციები და შემაჯამებელი სხდომა
საქმის მოკვლევის ჯგუფის მიერ მომზადებული გადაწყვეტილების პროექტი გაზიარებულ იქნა საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსთან და მხარეებთან 2023 წლის 21 თებერვალს და მათ მიეცათ კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადა კომენტარებისა და მოსაზრებების წარმოსადგენად.
სააგენტოს პოზიცია
საქმის მოკვლევის ჯგუფის მიერ შემუშავებულ პროექტთან დაკავშირებით, 2023 წლის 21 მარტის წერილით, (21.03.2023 N შ-23-6/934) კომისიაში წერილობითი მოსაზრება წარმოადგინა საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ. სააგენტოს პოზიციით, წარმოდგენილი გადაწყვეტილების პროექტი შეესაბამება როგორც საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობას, ასევე სააგენტოს პრაქტიკაში დამკვიდრებულ მიდგომებს. სააგენტო ეთანხმება გადაწყვეტილების პროექტში მოცემულ არგუმენტაციას როგორც შესაბამისი ბაზრის განსაზღვრის, ასევე, სადავო საკითხებზე გაკეთებული სამართლებრივი ანალიზისა და შეფასების ნაწილში.
მოპასუხე ეკონომიკური აგენტების პოზიცია
კომისიის გადაწყვეტილების პროექტთან დაკავშირებით წერილობითი მოსაზრებები წარმოადგინეს შპს „ტელეკომპანია პირველმა“, სს „მედია ჰოლდინგმა“, შპს „პოსტვ“-მ (კომისიაში რეგისტრაციის ნომრები და თარიღები შესაბამისად: Nშ-23-6/1031, 29.03.2023; Nშ-23-6/1063, 30.03.2023; Nშ-23-6/1074, 31.03. 2023). ისინი მიიჩნევენ, რომ კომისიის მიერ საქმის მტკიცებულებები არ არის სათანადოდ გამოკვლეული, შეფასებები არ არის საკმარისად დასაბუთებული და არ ეთანხმებიან კომისიის მოსაზრებას მათ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დარღვევის დადგენასთან დაკავშირებით.
დამატებით, შპს „ტელეკომპანია პირველი“ მიუთითებს, რომ საჩივარი არ უნდა განიხილებოდეს იმ მიზეზის გამო, რომ კანონი არ ვრცელდება ინტელექტუალური შრომის ობიექტზე. საჩივრები ვერ აკმაყოფილებს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლითა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების მარეგულირებელი წესის“ მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საფუძვლებს. ამავე საკითხს ეხმიანება შპს „პოსტვ“, რომელიც აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების პროექტში არ არის ნამსჯელი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“, საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მაუწყებლობის განსაკუთრებულ უფლებაზე.
შპს „ტელეკომპანია პირველი“ ასევე აღნიშნავს, რომ მაუწყებლები ხელშეკრულების გაფორმებისას ყურადღებას ამახვილებდნენ საქართველოში დამკვიდრებულ მავნე პრაქტიკისა და ყველა განვითარებულ სახელმწიფოში მაუწყებელთა შემოსავლის ურთიერთშედარებაზე. მაუწყებლის მითითებით, განვითარებული ქვეყენების უმრავლესობაში, მაუწყებელთა ჯამური შემოსავლის სულ მცირე ნახევარს შეადგენს სწორედ მაუწყებლის ტრანზიტით მიღებული შემოსავალი, რომლის ოდენობა სარეკლამო მომსახურების გაწევის შედეგად მიღებულ თანხაზე მეტია. მაუწყებლობის ტრანზიტით შემოსავლის მიღების შესაძლებლობა წარმოადგენს კანონით უზრუნველყოფილ უფლებას, რომლის რეალიზებას მაუწყებლები, სამწუხაროდ, საქართველოში ვერ ახორციელებენ.
ამასთან, შპს „ტელეკომპანია პირველი“ მიუთითებს, რომ არასწორია მომჩივნების განცდა, იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში არსებული პრაქტიკის შეცვლა კავშირშია „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევასთან, რაც მოვლენების არასწორი შეფასებაა.
სს „მედია ჰოლდინგი“ მიუთითებს, რომ კომისია არასწორი გაანგარიშებით და მსჯელობით ადგენს, რომ მოპასუხეების მიერ შედგენილი პაკეტების მიზანი არა ჯამური თანხის შემცირება, არამედ კომერციულზე უფრო მაღალ ფასის ანაზღაურების მოთხოვნაა.
არსებითი განხილვის სხდომა
2023 წლის 5 და 6 აპრილს გაიმართა კომისიის შემაჯამებელი სხდომა, სადაც განხილულ იქნა საკითხი „სს „სილქნეტის“, შპს „მაგთიკომის“, შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს„საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ საჩივრების საფუძველზე შპს „მედია რაითს ჯორჯიას“, შპს „ტელეიმედის“, სს „მედია ჰოლდინგის“, შპს „მთავარი არხის“, შპს „ტელეკომპანია პირველის“, შპს „პოსტვ-ის“ და შპს „ფორმულას“ მიმართ საქმის მოკვლევის შესახებ“.
სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები - სოფიო მომცელიძე, მედეა აკოლაშვილი და ირაკლი შაკიაშვილი, ასევე, მომჩივანი და მოპასუხე ეკონომიკური აგენტების წარმომადგენლები.
სააგენტოს წარმომადგენელმა, მედეა აკოლაშვილმა აღნიშნა, რომ სააგენტო გაეცნო კომისიის მიერ წარმოდგენილ პროექტს. მოკვლევის პროცესში სააგენტო კომუნიკაციების კომისიასთან თანამშრომლობდა და მისთვის ცნობილია მიგნებები, რომლებიც კომისიამ შეიმუშავა აღნიშნული პროექტის მომზადებისას. სააგენტო სრულიად იზიარებს კომუნიკაციების კომისიის შეფასებებს, როგორც ბაზრის განსაზღვრასთან, ისე ჯარიმასთან მიმართებით და სამართლებრივი თვალსაზრისით.
მომჩივანი და მოპასუხე ეკონომიკური აგენტების წარმომადგენლების მიერ სხდომაზე მოსაზრებები არ დაფიქსირებულა.
II. გამოკვლეული მტკიცებულებები
1. მომჩივანი და მოპასუხე ეკონომიკური აგენტების შესახებ მონაცემები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან;
2. სს „სილქნეტის“ საჩივარი (№ შ-21-6/3168, 26.07.2021) „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დარღვევის თაობაზე;
3. შპს „მაგთიკომის“ საჩივარი (№ შ-21-6/3248, 30.07.2021) „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დარღვევის თაობაზე;
4. შპს „ახალი ქსელების“ საჩივარი (№ შ-21-6/3306, 03.08.2021) (დაზუსტებული) „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტის დარღვევის თაობაზე;
5. „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ საჩივარი (№ შ-21-6/3357, 04.08.2021) (დაზუსტებული) „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევის თაობაზე;
6. შპს „მედია რაითს ჯორჯიას“, შპს „ტელეიმედის“, სს „მედია ჰოლდინგის“, შპს „მთავარი არხის“, შპს „ტელეკომპანია პირველის“, შპს „პოსტვ-ის“, შპს „ფორმულას“ წერილი (N შ-21-6/5122, 24.11.2021) თანდართული მასალებით;
7. სს „მედია ჰოლდინგის“ წერილი (შ-21-6/4803, 29.10.2021) თანდართული მასალებით;
8. შპს „პოსტვ-ის“ წერილი (შ-21-6/4945, 09.11.2021) თანდართული მასალებით;
9. შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ წერილი (შ-21-6/4857, 02.11.2021) თანდართული მასალებით;
10. შპს „ტელეიმედის“ წერილი (შ-21-6/4888, 03.11.2021) თანდართული მასალებით;
11. შპს „ტელეკომპანია პირველის“ წერილი (შ-21-6/4911, 05.11.2021) თანდართული მასალებით;
12. შპს „ფორმულას“ წერილი (შ-21-6/4932, 08.11.2021) თანდართული მასალებით;
13. შპს „მაგთიკომის“ წერილი (შ-21-6/4829, 01.11.2021) თანდართული მასალებით;
14. სს „სილქნეტის“ წერილი (შ-21-6/4914, 05.11.2021) თანდართული მასალებით;
15. კომისიის სხდომებზე გაკეთებული ახსნა-განმარტებები;
16. სს „სილქნეტის“ წერილი (შ-22-6/1653, 24.04.2022) თანდართული მასალებით;
17. შპს „მაგთიკომი“ წერილი (შ-22-6/2436, 24.05.2022) თანდართული მასალებით;
18. შპს „ახალი ქსელების“ წერილი (შ-22-6/2054, 25.05.2022) თანდართული მასალებით;
19. შპს „მაგთიკომი“ წერილი (შ-22-6/2026, 24.05.2022) თანდართული მასალებით;
20. შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ წერილი (შ-22-6/2093, 27.05.2022) თანდართული მასალებით;
21. შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ წერილი (შ-22- 6/2437, 24.06.2022) თანდართული მასალებით;
22. სს „სილქნეტის“ წერილი (შ-22-6/2449, 27.06.2022) თანდართული მასალებით;
23. შპს „ახალი ქსელების“ წერილი (შ-22-6/2481, 30.06.2022) თანდართული მასალებით;
24. სს „სილქნეტის“ წერილი (შ-22-6/2537, 05.07.2022) თანდართული მასალებით;
25. სს „სილქნეტის“ წერილი (შ-22-6/2941, 11.08.2022) თანდართული მასალებით;
26. სს „სილქნეტის“ წერილი (შ-22-6/2976, 15.08.2022) თანდართული მასალებით;
27. სს „სილქნეტის“ წერილი (შ-22-6/2978, 15.08.2022) თანდართული მასალებით;
28. სს „სილქნეტის“ წერილი (შ-22-6/2997, 16.08.2022) თანდართული მასალებით;
29. სს „სილქნეტის“ წერილი (შ-22-6/2998, 16.08.2022) თანდართული მასალებით;
30. სს „სილქნეტის“ წერილი (შ-22-6/3001, 16.08.2022) თანდართული მასალებით;
31. სს „სილქნეტის“ წერილი (შ-22-6/3004, 16.08.2022) თანდართული მასალებით;
32. სს „სილქნეტის“ წერილი (შ-22-6/3031, 17.08.2022) თანდართული მასალებით;
33. სს „სილქნეტის“ წერილი (შ-22-6/3095, 19.08.2022) თანდართული მასალებით;
34. სს „სილქნეტის“ წერილი (შ-22-6/3238, 26.08.2022) თანდართული მასალებით.
III. დადგენილი გარემოებები
1. „სს „სილქნეტს“, შპს „მაგთიკომს“, შპს „ახალ ქსელებსა“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ გავლილი აქვთ ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და/ან მომსახურების მიწოდების ცალკეულ სახეებზე, მათ შორის, მაუწყებლობის ტრანზიტზე (მტკიცებულება: ამონაწერები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან).
2. სს „სილქნეტს“, შპს „,მაგთიკომს“, შპს „ტელეიმედს“, სს „მედია ჰოლდინგს“, შპს „მთავარ არხს“, შპს „ტელეკომპანია პირველს“, შპს „პოსტვ-ისა“ და შპს „ფორმულას“ გავლილი აქვთ ავტორიზაცია ტელემაუწყებლობაზე (მტკიცებულება: ამონაწერები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან).
3. შპს „მედია რაითს ჯორჯია“ დაფუძნდა 2017 წელს და არ წარმოადგენს კომისიის რეგულირებად სფეროში ავტორიზებულ პირს. საზოგადოების საქმიანობის საგანია მაუწყებელთა მიერ წარმოებული სატელევიზიო პროდუქციის განკარგვის უფლების მოპოვება, მათი რეტრანსლირების უფლებით სხვა პირებზე გადაცემა და სხვა. (მტკიცებულება: შპს „მედია რაითს ჯორჯია“ წესდება; ინფორმაცია კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან).
4. 2021 წლის 1 ივნისს შპს „ტელეიმედმა“, სს „მედია ჰოლდინგმა“, შპს „მთავარმა არხმა“, შპს „ტელეკომპანია პირველმა“, შპს „პოსტვ-იმ“ და შპს „ფორმულამ“ გააფორმეს ხელშეკრულება შპს „მედია რაითს ჯორჯიასთან“, რომელიც შეეხებოდა ფასიანი ტრანზიტის უფლებას და ითვალისწინებდა შპს „მედია რაითს ჯორჯიასთვის“ მაუწყებლების - შპს „ტელეიმედის“, სს „მედია ჰოლდინგის“, შპს „მთავარი არხის“, შპს „ტელეკომპანია პირველის“, შპს „პოსტვ-ის“ და შპს „ფორმულას“ სამაუწყებლო ეთერის ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულების (გადახვევა-დაპაუზების უფლებით) გაფორმების, შესაბამისი ანაზღაურების მიღებისა და ტრანზიტის აკრძალვის უფლებების გადაცემას. ხელშეკრულებაში მონაწილე სამაუწყებლო კომპანიები - შპს„ტელეიმედი“ და სს „მედია ჰოლდინგი“ განსახილველი ხელშეკრულების ფარგლებში რამდენიმე არხის ტრანზიტის უფლებას გადასცემენ, კერძოდ: შპს „ტელეიმედი“ – ხელშეკრულების 2.2 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებას გადასცემდა შემდეგ სამაუწყებლო არხებთან მიმართებით: ტელეარხი „იმედი“, ტელეარხი „მაესტრო“ და ტელეარხი „GDS“. აღნიშნულთაგან ტელეარხი „იმედი“ და ტელეარხი „მაესტრო“ საერთო ტელემაუწყებელია, ხოლო „GDS“ სპეციალიზებულ მაუწყებელს წარმოადგენს. სს „მედია ჰოლდინგი“ ხელშეკრულების 2.2 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებას გადასცემს შემდეგ ტელეარხებთან მიმართებით: „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“, „კომედი არხი“ და „მარაო“. აღნიშნული სამი არხიდან „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ საერთო ტელემაუწყებელია, ხოლო „კომედი არხი“ და „მარაო“ სპეციალიზებულ მაუწყებლებს წარმოადგენენ. ხელშეკრულებაში მონაწილე სხვა მაუწყებლები - შპს „მთავარი არხი“, შპს „ტელეკომპანია პირველი“, შპს „პოსტვ“ და შპს „ფორმულა“ საერთო ტელემაუწყებლები არიან.
5. ხელშეკრულების მიხედვით, შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ უნდა უზრუნველეყო მესამე პირებისაგან (ტრანზიტორებისაგან) მაუწყებლობის ტრანზიტის საფასურის მიღება. თავის მხრივ, მიღებული ანაზღაურება, გარკვეული თანხის გამოკლებით (რომელიც, შესაძლოა, შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ ანაზღაურებად იქნეს მიჩნეული) უნდა განაწილებულიყო ხელშეკრულების მონაწილე მაუწყებლებს შორის, მათი აუდიტორიის წილის პროპორციულად (აუდიტორიის წილი დაითვლებოდა მთვლელი კომპანიების - შპს „ტრი მედია ინტელიჯენსისა“ და შპს „თი-ვი ემ-არ საქართველოს“ გაზომილი ყოველთვიური აუდიტორიის წილის საშუალო მონაცემების მიხედვით. უშუალოდ მაუწყებლობის ტრანზიტის საფასური (როგორც პირველადი ფასი, ისე - მისი ცვლილება) ხელშეკრულების მიხედვით დგინდება მაუწყებლების მიერ (მტკიცებულება: შპს „მედია რაითს ჯორჯიას“, შპს „ტელეიმედის“, სს „მედია ჰოლდინგის“, შპს „მთავარი არხის“, შპს „ტელეკომპანია პირველის“, შპს „პოსტვ-ის“, შპს„ფორმულას“ წერილი (N შ-21-6/5122, 24.11.2021) თანდართული მასალებით, 2021 წლის 1 ივნისის ხელშეკრულება „ფასიანი ტრანზიტის მართვის უფლების ნასყიდობის შესახებ“, მოპასუხე ეკონომიკური აგენტების წარმომადგენლების ახსნა-განმარტებები).
6. „ფასიანი ტრანზიტის მართვის უფლების ნასყიდობის შესახებ“ 2021 წლის 1 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ტელეიმედმა“, სს „მედია ჰოლდინგმა“, შპს „მთავარმა არხმა“, შპს „ტელეკომპანია პირველმა“, შპს „პოსტვ-იმ“ და შპს „ფორმულამ“ დაადგინეს მათი სატელევიზიო არხების ტრანზიტის ერთობლივი საფასური 3 ლარი (დღგ-ს გარეშე) გამრავლებული ტრანზიტორის აბონენტების რაოდენობაზე (მტკიცებულება: მოპასუხე ეკონომიკური აგენტების წარმომადგენლების ახსნა- განმარტებები, სს „სილქნეტის“ საჩივარი (№ შ-21-6/3168, 26.07.2021), შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ მიერ მაუწყებლობის ტრანზიტორი კომპანიებისთვის 2021 წლის 28 ივნისს გაგზავნილი წერილი N 01/06_21).
7. 2021 წლის 28 ივნისს მომჩივანმა ეკონომიკურმა აგენტებმა მიიღეს შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ წერილი, რომლითაც მათ ეცნობათ ხელშეკრულებების პირობების შესახებ და განემარტათ, რომ 2021 წლის 1 აგვისტოდან მაუწყებლების ტრანზიტის უფლების მოსაპოვებლად ისინი უნდა დაკავშირებოდნენ შპს „მედია რაითს ჯორჯიას“. ამასთან, მომსახურების ყოველთვიური ღირებულება იქნებოდა 3 ლარი (დღგ-ს გარეშე) გამრავლებული შესაბამის საანგარიშო თვეში ზემოთ აღნიშნული, მაუწყებლობის ტრანზიტის განმახორციელებელი კომპანიების აბონენტების რაოდენობაზე. (მტკიცებულება: სს „სილქნეტის“ საჩივარი (№ შ-21-6/3168, 26.07.2021,შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ მიერ მაუწყებლობის ტრანზიტორი კომპანიებისთვის 2021 წლის 28 ივნისს გაგზავნილი წერილი N 01/06_21 ).
8. შპს „მედია რაითს ჯორჯიასა“ და მაუწყებლების ხელშეკრულების გაფორმების მომენტში შპს „ახალ ქსელებსა“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ ჰქონდათ მაუწყებლობის ტრანზიტის უფლების გადაცემის კომერციული ხელშეკრულებები სს „მედია ჰოლდინგთან“ და შპს„ტელეიმედთან“.
IV. სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითად ფუნქციებს განეკუთვნება „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება, ამ კანონით დადგენილი თავისებურებების გათვალისწინებით.
2. „კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მიხედვით, ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესრულების უფლებამოსილების მქონე ორგანო არის ამ კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო (შემდგომ – სააგენტო). ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებას ახორციელებს ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანო.
3. „კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ეკონომიკის რეგულირებადი სფერო განიმარტება, როგორც „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სფერო, მუნიციპალური მომსახურების სფერო, რომელშიც თავისუფალი ფასწარმოქმნა და კონკურენცია შეზღუდულია და რომელიც საქართველოს მთავრობის დადგენილებით რეგულირებად ეკონომიკურ სფეროდ განისაზღვრება და სატარიფო რეგულირებას ექვემდებარება.
4. „კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ზ“ პუნქტის თანახმად, შესაბამისი ბაზარი არის საქონლის, ურთიერთჩანაცვლებადი საქონლის, ან მომსახურების მიმოქცევის სფერო გარკვეულ ტერიტორიაზე, რომლის საზღვრებიც დგინდება საქონლის/მომსახურების შეძენის ეკონომიკური შესაძლებლობებისა და მიზანშეწონილობის გათვალისწინებით და შეიძლება მოიცავდეს საქართველოს მთელ ტერიტორიას, საქართველოს ტერიტორიის ნაწილს, საქართველოს მთელ ტერიტორიას ან მის ნაწილს სხვა ქვეყნის ტერიტორიასთან, ან მის ნაწილთან ერთად.
5. “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით მაუწყებლობის სფეროში საქმიანობას არეგულირებს კომისია, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მიხედვით, ასევე, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობას არეგულირებს კომისია.
6. „კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისთვის ერთი მარეგულირებელი ორგანოს კომპეტენციისთვის მიკუთვნებული ეკონომიკის რეგულირებადი სფეროები ეკონომიკის ერთ რეგულირებად სფეროდ მიიჩნევა.
7. „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანო ეკონომიკის რეგულირებად სფეროში ამ კანონით გათვალისწინებული საკითხების შესწავლისას ხელმძღვანელობს ამ კანონის მე-3 და მე-6−მე-9 მუხლებით, მე-11 მუხლის პირველი−მე-8 პუნქტებით, 111 მუხლის პირველი, მე-2, მე-4 და მე-6−მე-12 პუნქტებითა და 27-ე, 33-ე და 331 მუხლებით, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის „ი“ ქვეპუნქტს, მე-5 მუხლს, 111 მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტებსა და 112, მე-18, 22-ე−25-ე და 32-ე მუხლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში იყენებს, თუ ეკონომიკის შესაბამისი რეგულირებადი სფეროს მომწესრიგებელი სპეციალური კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
8. „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, თუ ეკონომიკის რეგულირებად სფეროში კონკურენციის შესაძლო დარღვევის ფაქტს ან კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინებას ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანო განიხილავს, იგი სააგენტოს საკითხის განხილვაში მონაწილეობის მიღების ან/და საკუთარი პოზიციის წარმოდგენის მოთხოვნით მიმართავს.
9. „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ეკონომიკური აგენტი არის „ფიზიკური პირი, იურიდიული პირი, სხვა გაერთიანება ან ასოციაცია, რომელიც ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, განურჩევლად რეზიდენტობისა, იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმისა“.
10. „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით კონკურენტი ეკონომიკური აგენტი განმარტებულია როგორც, შესაბამის ბაზარზე მოქმედი ან პოტენციური ეკონომიკური აგენტი.
11. „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აკრძალულია, ეკონომიკურ აგენტებს შორის ან ეკონომიკურ აგენტთა ასოციაციის ფარგლებში, დაიდოს ისეთი ხელშეკრულება, მიღებულ იქნეს ისეთი გადაწყვეტილება, ან განხორციელდეს ისეთი შეთანხმებული ქმედება, რომლის მიზანია ან შედეგია შესაბამის ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვა, დაუშვებლობა ან/და აკრძალვა (შემდგომ – შეთანხმება), კერძოდ: ა) შესყიდვის ან გაყიდვის ფასის, ან სხვა სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენა (ფიქსირება); ბ) წარმოების, ბაზრის, ტექნოლოგიური განვითარების ან ინვესტიციების შეზღუდვა; გ) ბაზრების ან მიწოდების წყაროების მომხმარებლის, ტერიტორიული ან სხვა ნიშნით განაწილება;
დ) გარკვეული სავაჭრო პარტნიორებისთვის იდენტურ ტრანზაქციებზე განსხვავებული პირობების დაწესება, რითაც ხდება მათი არაკონკურენტულ მდგომარეობაში ჩაყენება; ე) გარიგების დასადებად მხარისთვის ისეთი დამატებითი პირობის დადგენა/ვალდებულების დაკისრება, რომელსაც გარიგების საგანთან საგნობრივი და კომერციული კავშირი არ აქვს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით კი, ამ მუხლით გათვალისწინებული აკრძალული შეთანხმება ბათილია, თუ მასზე არ ვრცელდება ამ კანონით დადგენილი გამონაკლისები.
12. „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული აკრძალვა ეკონომიკურ აგენტებს შორის არსებულ შეთანხმებაზე არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ: ა) შესაბამის ბაზარზე ჰორიზონტალური შეთანხმების მხარეთა ერთობლივი წილი 10 პროცენტს არ აღემატება; ბ) შესაბამის ბაზარზე ვერტიკალური შეთანხმების თითოეული მხარის საბაზრო წილი 15 პროცენტს არ აღემატება; გ) შეთანხმება მოიცავს როგორც ჰორიზონტალური შეთანხმების, ისე ვერტიკალური შეთანხმების მახასიათებლებს, რის გამოც რთულია მისი ჰორიზონტალურ შეთანხმებად ან ვერტიკალურ შეთანხმებად კლასიფიკაცია, და შესაბამის ბაზარზე შეთანხმების თითოეული მხარის საბაზრო წილი 10 პროცენტს არ აღემატება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები არ გამოიყენება ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
13. „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის დებულებები შეიძლება არ იქნეს გამოყენებული იმ შეთანხმების მიმართ, რომელიც ხელს უწყობს წარმოების ან/და მიწოდების გაუმჯობესებასა და ტექნიკურ-ეკონომიკურ პროგრესს, ამასთანავე, უზრუნველყოფს მომხმარებლის კეთილდღეობის ზრდას, თუ ეს დებულებები: ა) შეთანხმების მონაწილე ეკონომიკურ აგენტებს არ უწესებს ისეთ შეზღუდვას, რომელიც არ არის დაკავშირებული ზემოაღნიშნული მიზნების მიღწევასთან; ბ) შეთანხმების მონაწილე ეკონომიკურ აგენტებს საშუალებას არ აძლევს, აღკვეთონ კონკურენცია შესაბამისი ბაზრის მნიშვნელოვან ნაწილზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დასაბუთება ევალებათ შესაბამის ეკონომიკურ აგენტებს, ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გარემოებები − განსაკუთრებული პირობები, რომელთა გათვალისწინებითაც წესდება გამონაკლისები და რომლებიც დაკავშირებულია შეთანხმების კონკრეტულ სახესთან, დგინდება განსაზღვრული ვადით, საქართველოს მთავრობის შესაბამისი ნორმატიული აქტით, რომელშიც მითითებულია აღნიშნული ვადა და ის გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც დგინდება ეს გამონაკლისები.
14. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №526 დადგენილებით დამტკიცებული „კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების აკრძალვიდან გამონაკლისების“ მე-3 მუხლის თანახმად, ეს დადგენილება არ ვრცელდება და კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებების გამონაკლისისადმი მიკუთვნება დაუშვებელია, თუ განსახილველი შეთანხმება გულისხმობს მხარეთა შეთანხმებას: ა) შესყიდვის ან გაყიდვის ფასის ან სხვა სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენის (ფიქსირების) შესახებ; ბ) ბაზრების ან მიწოდების წყაროების მომხმარებლის, ტერიტორიული ან სხვა ნიშნით განაწილების შესახებ.
15. „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-6 ან მე-7 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მხარეს დაეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის განმავლობაში მისი წლიური ბრუნვის 5%-ს.
16. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 401 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საზოგადოებრივ მაუწყებელს, სათემო მაუწყებელს, ამ კანონის შესაბამისად ავტორიზებულ საერთო საეთერო ან/და თანამგზავრულ მაუწყებელს, რომელიც მაუწყებლობს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მომსახურების მიწოდების ზონაში (თანამგზავრული მაუწყებლის მაუწყებლობის ზონა ამ მუხლის მიზნებისათვის არის ქვეყნის მთელი ტერიტორია), აგრეთვე ავტორიზებულ საერთო საეთერო მაუწყებელს, რომლის მაუწყებლობა საეთერო მაუწყებლობის განხორციელების შედეგად ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 20%-ისათვის, უფლება აქვთ, მოსთხოვონ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს ასეთი მაუწყებლის სატელევიზიო არხის მომხმარებლისათვის შეთავაზებულ ყველა პაკეტში განთავსება („სავალდებულო ტრანზიტი“). ამ შემთხვევაში მაუწყებელს არ წარმოეშობა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირისგან მაუწყებლის სიგნალის ტრანზიტისათვის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
17. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მაუწყებელი თავისი სიგნალის ტრანზიტისათვის მაუწყებლის ტრანზიტზე ავტორიზებული პირისგან ანაზღაურების გადახდას ითხოვს, ასეთ მაუწყებელსა და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს შორის იდება ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულება. ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულება განათავსოს თავის ვებგვერდზე და წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადასცეს ასეთი ხელშეკრულების ასლი ნებისმიერ პირს.
18. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, ფასიანი ტრანზიტის შემთხვევაში ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მაუწყებელი და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებული არიან, კეთილსინდისიერად წარმართონ მოლაპარაკებები ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულების დასადებად. კეთილსინდისიერების მოთხოვნა არ ჩაითვლება შესრულებულად, თუ რომელიმე მხარე: ა) დაუსაბუთებელ უარს აცხადებს ფასიანი ტრანზიტის შესახებ მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე; ბ) აშკარად აჭიანურებს ფასიანი ტრანზიტის შესახებ მოლაპარაკებებს; გ) ტრანზიტისთვის ითხოვს შეუსაბამოდ მაღალ ან დაბალ საფასურს იმ საფასურთან შედარებით, რომელსაც იგივე მაუწყებელი სხვა ავტორიზებული პირებისგან ითხოვს. შეუსაბამობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ ტრანზიტის საფასურსა და სხვა მაუწყებლების მიერ მოთხოვნილ საფასურს შორის განსხვავება 10%-ს აღემატება; დ) ითხოვს ფასიანი ტრანზიტის სხვა ისეთ პირობებს, რომლებიც მეორე მხარეს სამაუწყებლო ან ფასიანი ტრანზიტის ბაზრის სხვა სუბიექტებთან შედარებით აშკარად დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს; ე) მოითხოვს მეორე მხარისგან, არ დადოს გარიგება სამაუწყებლო ან ფასიანი ტრანზიტის ბაზრის სხვა სუბიექტებთან; ვ) დაუსაბუთებელ უარს აცხადებს ფასიანი ტრანზიტის პირობების შესახებ მეორე მხარის წინადადებების განხილვაზე; ზ) მესამე პირთან დებს ისეთ გარიგებას, რომლის ერთ-ერთი პირობაა ამ მხარის ვალდებულება, არ დადოს ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულება სხვა პირთან.
19. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-6 მუხლის მიხედვით, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს შეუძლია უფასოდ, შესაბამისი მაუწყებლის ნებართვის გარეშე განახორციელოს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მაუწყებლის მაუწყებლობის ტრანზიტი, თუ მაუწყებელი დაარღვევს ამ მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნულ კეთილსინდისიერების მოთხოვნას ან შეწყვეტს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირთან ტრანზიტის ხელშეკრულებას ხელშეკრულების პირობების დარღვევით.
როგორც აღინიშნა, „სს „სილქნეტის“, შპს „მაგთიკომის“, შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ საჩივრების დასაშვებად ცნობისა და შპს „მედია რაითს ჯორჯიას“, შპს „ტელეიმედის“, სს „მედია ჰოლდინგის“, შპს „მთავარი არხის“, შპს „ტელეკომპანია პირველის“, შპს „პოსტვის“ და შპს „ფორმულას“ მიმართ საქმის მოკვლევის დაწყების შესახებ“ კომისიის 2021 წლის 30 სექტემბრის №გ-21-16/545 გადაწყვეტილებით, საქმის მოკვლევა დაწყებულია შპს „მედია რაითს ჯორჯიას“, შპს „ტელეიმედის“, სს „მედია ჰოლდინგის“, შპს „მთავარი არხის“, შპს „ტელეკომპანია პირველის“, შპს „პოსტვ-ის“ და შპს „ფორმულას“ მიერ „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაძლო დარღვევის ფაქტზე. შესაბამისად, კომისიამ უნდა დაადგინოს და შეაფასოს „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევად კვალიფიკაციის წინაპირობები.
„კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლით აკრძალულია ეკონომიკურ აგენტებს შორის, ან ეკონომიკურ აგენტთა ასოციაციის ფარგლებში დაიდოს ისეთი ხელშეკრულება, მიღებულ იქნეს ისეთი გადაწყვეტილება, ან განხორციელდეს ისეთი შეთანხმებული ქმედება, რომლის მიზანია ან შედეგია შესაბამის ბაზარზე კონკურენციის
შეზღუდვა, დაუშვებლობა ან/და აკრძალვა. ამასთან, კანონის მე-7 მუხლი ჩამოთვლის კონკურენციის საწინააღმდეგო ხელშეკრულების/გადაწყვეტილების/შეთანხმებული ქმედების ცალკეულ სახეებს: შესყიდვის ან გაყიდვის ფასის ან სხვა სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენა (ფიქსირება); წარმოების, ბაზრის, ტექნოლოგიური განვითარების ან ინვესტიციების შეზღუდვა; ბაზრების ან მიწოდების წყაროების მომხმარებლის, ტერიტორიული ან სხვა ნიშნით განაწილება; გარკვეული სავაჭრო პარტნიორებისთვის იდენტურ ტრანზაქციებზე განსხვავებული პირობების დაწესება, რითაც ხდება მათი არაკონკურენტულ მდგომარეობაში ჩაყენება; გარიგების დასადებად მხარისთვის ისეთი დამატებითი პირობის დადგენა/ვალდებულების დაკისრება, რომელსაც გარიგების საგანთან საგნობრივი და კომერციული კავშირი არ აქვს.
ამავე დროს, „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონი ითვალისწინებს შემთხვევებს, როდესაც კონკურენციის უმნიშვნელო შეზღუდვის გამო, არ გამოიყენება კონკურენციის საწინააღმდეგო თანამშრომლობის აკრძალვა. კერძოდ, „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ამ კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული აკრძალვა ეკონომიკურ აგენტებს შორის არსებულ შეთანხმებაზე არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ: ა) შესაბამის ბაზარზე ჰორიზონტალური შეთანხმების მხარეთა ერთობლივი წილი 10 პროცენტს არ აღემატება; ბ) შესაბამის ბაზარზე ვერტიკალური შეთანხმების თითოეული მხარის საბაზრო წილი 15 პროცენტს არ აღემატება; გ) შეთანხმება მოიცავს როგორც ჰორიზონტალური შეთანხმების, ისე ვერტიკალური შეთანხმების მახასიათებლებს, რის გამოც რთულია მისი ჰორიზონტალურ შეთანხმებად ან ვერტიკალურ შეთანხმებად კლასიფიკაცია, და შესაბამის ბაზარზე შეთანხმების თითოეული მხარის საბაზრო წილი 10 პროცენტს არ აღემატება. ამასთან, დასახელებული საგამონაკლისო წესი არ ვრცელდება ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებზე - კერძოდ, შესყიდვის ან გაყიდვის ფასის ან სხვა სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენასა და ბაზრების ან მიწოდების წყაროების მომხმარებლის, ტერიტორიული ან სხვა ნიშნით განაწილებაზე.
გარდა ამისა, „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულება, შეთანხმებული ქმედება ან გადაწყვეტილება, შესაძლოა, არ იქნეს უკანონოდ მიჩნეული, თუ მოპასუხე ეკონომიკური აგენტები დაადასტურებენ, რომ იგი აკმაყოფილებს „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირობებს. კერძოდ, „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის დებულებები შეიძლება არ იქნეს გამოყენებული იმ შეთანხმების მიმართ, რომელიც ხელს უწყობს წარმოების ან/და მიწოდების გაუმჯობესებასა და ტექნიკურ-ეკონომიკურ პროგრესს, ამასთანავე, უზრუნველყოფს მომხმარებლის კეთილდღეობის ზრდას, თუ ეს დებულებები: ა) შეთანხმების მონაწილე ეკონომიკურ აგენტებს არ უწესებს ისეთ შეზღუდვას, რომელიც არ არის დაკავშირებული ზემოაღნიშნული მიზნების მიღწევასთან; ბ) შეთანხმების მონაწილე ეკონომიკურ აგენტებს საშუალებას არ აძლევს, აღკვეთონ კონკურენცია შესაბამისი ბაზრის მნიშვნელოვან ნაწილზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით, განსაკუთრებული პირობები, რომელთა გათვალისწინებითაც წესდება გამონაკლისები და რომლებიც დაკავშირებულია შეთანხმების კონკრეტულ სახესთან, დგინდება განსაზღვრული ვადით, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №526 დადგენილებით დამტკიცებული „კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების აკრძალვიდან გამონაკლისების“ შესაბამისად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაძლო დარღვევის იდენტიფიცირებისას უნდა გაანალიზდეს შემდეგი საკითხები:
(ა) შესაბამისი ბაზარი, რომელზე კონკურენციის შეზღუდვასაც ეხება შესაძლო დარღვევა; (ბ) ეკონომიკური აგენტები - ერთზე მეტი ეკონომიკური აგენტი ან ეკონომიკურ აგენტთა ასოციაცია, რომელთა ხელშეკრულება/შეთანხმებული ქმედება ან გადაწყვეტილებაც, შესაძლოა იყოს კონკურენციის შემზღუდველი;
(გ) ეკონომიკურ აგენტებს შორის/ასოციაციის ფარგლებში თანამშრომლობის - ხელშეკრულების/შეთანხმებული ქმედების/გადაწყვეტილების არსებობა და მისი ფორმა; (დ) ხელშეკრულების/შეთანხმებული ქმედების/გადაწყვეტილების კონკურენციის შემზღუდველი ხასიათი - კერძოდ, არის თუ არა არსებული თანამშრომლობის მიზანი ან შედეგი შესაბამის ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვა, დაუშვებლობა ან/და აკრძალვა;
(ე) „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული კონკურენციის უმნიშვნელო შეთანხმების არსებობა, და;
(ვ) „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების აკრძალვიდან გამონაკლისების არსებობა.
ამგვარად, კომისია შპს „მედია რაითს ჯორჯიას“, შპს „ტელეიმედის“, სს „მედია ჰოლდინგის“, შპს „მთავარი არხის“, შპს „ტელეკომპანია პირველის“, შპს „პოსტვ-ის“ და შპს „ფორმულას“ მიერ „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაძლო დარღვევის საკითხს სწორედ დასახელებული კრიტერიუმების საფუძველზე შეაფასებს, ხოლო დარღვევის დადგენის შემთხვევაში, განსაზღვრავს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომას.
1. შესაბამისი ბაზარი
კომისიის მიერ კონკურენციის შეზღუდვის ფაქტის იდენტიფიცირებისათვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ შესაბამისი ბაზრისა და ინდუსტრიის ფუნქციონირების პრინციპების გაანალიზებას, რომელსაც უშუალოდ უკავშირდება და რომლის მონაწილეების ეკონომიკურ საქმიანობაზეც ახდენს გავლენას შესაფასებელი ქმედება. ამავდროულად, შესაბამისი ბაზრის ანალიზის ფარგლები მეტწილად დამოკიდებულია შესაფასებელი ანტიკონკურენტული ქმედების ბუნებაზე. კონკურენციის შემზღუდველი ზოგიერთი ქმედების ბუნება მოითხოვს შესაბამისი ბაზრის დეტალურ ანალიზსა და მისი პარამეტრების სიღრმისეულ გაანალიზებას, ხოლო ზოგ შემთხვევაში, ქმედების ანტიკონკურენტულობის დადგენის პროცესში, შესაბამისი ბაზრის იდენტიფიცირების ეტაპზე, ზოგადი მიმოხილვაც საკმარისია. განსახილველ შემთხვევაში, კომისიის მიერ საქმის მოკვლევა დაწყებულია „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული ქმედების, კონკურენტების მიერ ფასის დადგენისა და ჰორიზონტალური შეთანხმების კანონიერების თაობაზე. აღსანიშნავია, რომ პოტენციური ანტიკონკურენტული, ჰორიზონტალური შეთანხმების ანალიზისას არ არის საჭირო შესაბამისი პროდუქტისა და გეოგრაფიული ბაზრების სიღრმისეული განმარტება, ვინაიდან გამოკვლეული ქმედებების პოტენციური ანტიკონკურენტული ბუნება არ არის დამოკიდებული შესაბამისი ბაზრის განსაზღვრაზე. ბაზრის აღწერა უნდა განხორციელდეს იმ მოცულობით, რაც აუცილებელია სხვადასხვა მონაწილე მხარის დადგენის, მათი ურთიერთქმედებისა და შესაფასებელი ქმედების ანტიკონკურენტულობის გამოკვლევის მიზნით. შესაბამისად, წინამდებარე საქმის მოკვლევის ფარგლებში, კომისიამ შესაძლოა შესაბამისი ბაზარი არ განსაზღვროს იმ დეტალიზაციით, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება კონცენტრაციების კონტროლის, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების, ან „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურენციის წინასწარი (ex ante) რეგულირების ფარგლებში განხორციელებული მომსახურების ბაზრის კვლევის ან სხვა მიზნებისთვის. აქედან გამომდინარე, წინამდებარე საქმეზე განხორციელებული ბაზრის განსაზღვრის შედეგები შესაძლოა არ იყოს სრულად რელევანტური შესაბამისი ბაზრის განმარტების სხვა შემთხვევებში.
„კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ზ“ პუნქტის თანახმად, შესაბამისი ბაზარი არის საქონლის, ურთიერთჩანაცვლებადი საქონლის ან მომსახურების მიმოქცევის სფერო გარკვეულ ტერიტორიაზე, რომლის საზღვრებიც დგინდება საქონლის/მომსახურების შეძენის, ეკონომიკური შესაძლებლობებისა და მიზანშეწონილობის გათვალისწინებით და შეიძლება მოიცავდეს საქართველოს მთელ ტერიტორიას, საქართველოს ტერიტორიის ნაწილს, ან საქართველოს მთელ ტერიტორიას ან მის ნაწილს სხვა ქვეყნის ტერიტორიასთან ან მის ნაწილთან ერთად.
განსახილველი დავის ფარგლებში, შესაფასებელი (შესაძლო ანტიკონკურენტული) ქმედება ხორციელდება ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში და შეეხება მაუწყებლებსა და მაუწყებლობის ტრანზიტორებს შორის მაუწყებლობის ტრანზიტის უფლების გადაცემის მონეტიზაციას. შესაბამისად, საკვლევი საკითხი უკავშირდება მაუწყებლობის ტრანზიტის უფლების გადაცემის ბაზარს.
მაუწყებლობის მონეტიზებული ტრანზიტის გავრცელებული სქემის ფარგლებში მაუწყებლები ტრანზიტზე უფლებას გადასცემენ ტრანზიტორებს, ხოლო ტრანზიტორები საკუთარი სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის გამოყენებით, ბოლო მომხმარებლებს, ანაზღაურების სანაცვლოდ, აწვდიან მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებას. შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტის უფლების გადაცემის ბაზარი არის მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების მიწოდების საცალო ბაზრის საბითუმო ბაზარი. მიმწოდებლები არიან მაუწყებლები, ხოლო მომხმარებლები - ტრანზიტორები, რომელთა მხრიდან მაუწყებლობის ტრანზიტის უფლების გადაცემის ბაზარზე მოთხოვნას განსაზღვრავს მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების მომხმარებლების მოთხოვნა მაუწყებლობის ტრანზიტის საცალო ბაზარზე.
სქემა 1.
პროდუქციული საზღვრები
მაუწყებლობის ტრანზიტის უფლების გადაცემის მომსახურების პროდუქციული საზღვრების დადგენის პროცესში გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი: მაუწყებლობის ტრანზიტის ენა, შინაარსი (კონტენტი), ტექნოლოგია და ბოლო მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომობა (ფასიანი, უფასო).
განსახილველი მოკვლევის ფარგლებში, მაუწყებლობის ტრანზიტის უფლების გადაცემა უნდა იქნეს განხილული მხოლოდ საქართველოში ავტორიზებული მაუწყებლებისთვის, ვინაიდან არაქართული არხები ქართულის ჩამნაცვლებლად ვერ იქნება განხილული ენობრივი ბარიერიდან და შინაარსიდან (კონტენტიდან) გამომდინარე, რაც როგორც წესი, მორგებულია ადგილობრივი სოციუმის მოთხოვნებზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოში ავტორიზებული სამაუწყებლო არხები მათი შინაარსის მიხედვით, შესაძლოა დაიყოს საერთო და სპეციალიზებულ არხებად. აღნიშნული არხების ტრანზიტის უფლებაზე მოთხოვნის გათვალისწინებით, შესაძლოა, განსხვავებულად იყოს ჩამოყალიბებული საერთო და სპეციალიზებულ არხების ტრანზიტზე უფლებების ურთიერთჩანაცვლებადობის საკითხი და ეს ორი დამოუკიდებელ ბაზრებადაც იქნეს განხილული. თუმცა, წინამდებარე მოკვლევის საგნისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, კომისია ქართულენოვან სპეციალიზებულ და საერთო არხების ტრანზიტის უფლების ბაზრებს განიხილავს ერთობლივად, ვინაიდან არ იკვეთება შესაფასებელი ქმედების ანტიკონკურენტული ბუნების განსაზღვრისათვის ამ ბაზრების უფრო დეტალურად და დივერსიფიცირებულად განხილვის საჭიროება.
რაც შეეხება მაუწყებლობის ტრანზიტის ტექნოლოგიებს, საქართველოს ბაზარზე გავრცელებულია მაუწყებლობის ტრანზიტი რადიოსიხშირული, სატელიტური, IP ტელევიზიის (IPTV), საკაბელო ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის (ინტერნეტ-ტელევიზია) გამოყენებით. მაუწყებლებისა და შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ მიერ მაუწყებლობის ტრანზიტის უფლების გადაცემის შეთავაზება ტრანზიტორებისთვის ხდება რომელიმე ტექნოლოგიის გამოყოფის გარეშე. ამრიგად, წინამდებარე მოკვლევის ფარგლებში, კომისია მიზანშეწონილად არ მიიჩნევს მაუწყებლობის ტრანზიტის უფლების გადაცემის ბაზრის დაყოფას ტრანზიტის ტექნოლოგიების მიხედვით და ამ ბაზარს ერთიანად განიხილავს.
გარდა ამისა, მაუწყებლობის ტრანზიტი შესაძლოა, განსხვავდებოდეს მაუწყებლობის ბოლო მომხმარებლებისათვის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისითაც. კერძოდ, ბოლო მომხმარებელს, მაუწყებლის ეთერზე ხელი შეიძლება მიუწვდებოდეს უფასოდ, ან შესაბამისი საფასურის გადახდით. აღნიშნული მოცემულობა განაპირობებს მაუწყებლებსა და ტრანზიტორებს შორის ურთიერთობის ხასიათსა და მაუწყებლობის ტრანზიტის უფლებების გადაცემის ბაზრის საზღვრებს. მიმდინარე მოკვლევის ფარგლებში, უპირველესად შესაფასებელია მაუწყებლობის ტრანზიტის უფლების გადაცემა იმ პირობებში, როდესაც ბოლო მომხმარებლებისთვის მაუწყებლობა ხელმისაწვდომია შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ. აღნიშნული გარემოება ქმნის ხელსაყრელ პირობებს ტრანზიტორსა და მაუწყებელს შორის მაუწყებლობის ტრანზიტის უფლებასთან დაკავშირებით კომერციული მოლაპარაკებებისთვის, ხოლო მომხმარებლებისათვის უფასოდ ხელმისაწვდომობის პირობებში (მაგალითად, ციფრული მიწისზედა Free-to-air საეთერო მაუწყებლობა) ტრანზიტორს ფაქტობრივად არ აქვს ბოლო მომხმარებლებისაგან მაუწყებლობის ტრანზიტის მონეტიზების შესაძლებლობა, რაც უკიდურესად ამცირებს ამ ურთიერთობის ფარგლებში ტრანზიტორსა და მაუწყებელს შორის მაუწყებლობის ტრანზიტის უფლებასთან დაკავშირებით კომერციული მოლაპარაკებების შესაძლებლობას. შესაბამისად, კომისია მიიჩნევს, რომ ბოლო მომხმარებლებისათვის მაუწყებლობის უფასოდ ხელმისაწვდომი ტრანზიტის უფლების გადაცემა არ ქმნის ისეთ ბაზარს, რომელიც შეფასებადია განსახილველი დავის ფარგლებში.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, გამოიკვეთა რომ მიმდინარე მოკვლევის ფარგლებში უნდა შეფასდეს მაუწყებლობის ფასიანი ტრანზიტის უფლების გადაცემის ბაზარი მხოლოდ საქართველოში ავტორიზებული მაუწყებლებისთვის.
საქონლის ან მომსახურების გეოგრაფიული საზღვრები
კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის აღსრულების მარეგულირებელი წესის“ 63-ე მუხლის მიხედვით, საქონლის ან/და მომსახურების ბაზრის გეოგრაფიული საზღვრები წარმოადგენს ტერიტორიას, რომელზეც შერჩეული ჯგუფის მყიდველები იძენენ ან აქვთ ეკონომიკური, ტექნიკური და სხვა სახის შესაძლებლობები, შეიძინონ განსახილველი საქონელი/მომსახურება. 64-ე მუხლის მიხედვით, შესაბამისი ბაზრის გეოგრაფიული საზღვრების დადგენისას კომისია ითვალისწინებს:
ა) საქონლის ან/და მომსახურების მიწოდებისა და მოთხოვნის თავისუფალი გადაადგილების/გადატანის შესაძლებლობას;
ბ) ტერიტორიის განსაკუთრებულობასა და თავისებურებებს (მათ შორის, ბუნებრივ- კლიმატური, სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური პირობების სპეციფიკურობას, მოთხოვნისა და მომხმარებელთა ქცევის თავისებურებებს, საქმიანი ურთიერთობების წესებისა და ჩვევების განსაკუთრებულობას);
გ) შესაბამის გეოგრაფიულ ბაზარში შემავალ ტერიტორიებზე პროდუქტის ფასების ერთგვაროვნებას.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში მაუწყებლობის ტრანზიტის უფლების გადაცემა მაუწყებლობის ტრანზიტორისთვის ხდება მათი ქსელის დაფარვის არეალის ფარგლებში და აღნიშნულ უფლებაზე გეოგრაფიული შეზღუდვა არ გაითვალისწინება საქართველოს მასშტაბით - მომსახურების ტრანზიტის განხორციელება შესაძლებელია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, შესაბამისი საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფის შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, კომისია საქართველოს მთელს ტერიტორიას განიხილავს ერთიან გეოგრაფიულ არეალად.
შესაბამისი ბაზრის დროითი ჩარჩოები
კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის აღსრულების მარეგულირებელი წესის“ 65-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, შესაბამისი ბაზრის დროითი ჩარჩო წარმოადგენს იმ პერიოდს, რომლის განმავლობაშიც ფუნქციონირებს ბაზარი კონკრეტული პროდუქციული და გეოგრაფიული საზღვრების პირობებში. მაუწყებლობის ტრანზიტის უფლების გადაცემის ბაზარი არ ხასიათდება სეზონურობით და იგი ფუნქციონირებს სრული კალენდარული წლის განმავლობაში. შესაბამისად, აღნიშნულ ბაზარს არ გააჩნია დროითი ჩარჩო.
მჭიდროდ დაკავშირებული ბაზრების მიმოხილვა
მაუწყებლობის ტრანზიტის უფლების გადაცემის ბაზრის მჭიდროდ დაკავშირებული ბაზრებია:
მაუწყებლობის ტრანზიტის საცალო ბაზარი;
მაუწყებლობის სარეკლამო ბაზარი. სქემა 2.
ტელემაუწყებლობის ტრანზიტის საცალო ბაზრის მიმოხილვა
კომისიის სტატისტიკური ანგარიშგების ელექტრონული ფორმების მიხედვით, 2022 წლის მონაცემებით, ტელემაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების მიწოდებას ახორციელებდა 46 კომპანია.
2022 წლის IV კვარტლის მონაცემებით, მაუწყებლობის ტრანზიტის აბონენტების რაოდენობა შეადგენდა 754 ათასს.

მაუწყებლობის ტრანზიტის აბონენტების პენეტრაცია შინამეურნეობებში 67%-ს შეადგენს.
მაუწყებლობის ტრანზიტის აბონენტების ტექნოლოგიების მიხედვით განაწილებაში დიდი წილი - 83% IPTV ტექნოლოგიას უჭირავს. მისი რაოდენობა ბოლო 5 წლის განმავლობაში, წელიწადში საშუალოდ 6%-ით გაიზარდა და 2022 წლის მეოთხე კვარტალში 614 ათასს მიაღწია.

2022 წლის ბოლოს მონაცემებით, მაუწყებლობის ტრანზიტის მიმწოდებელ ოპერატორებს შორის საბაზრო წილების გადანაწილებაში აღსანიშნავია, რომ საბაზრო წილის 88% ორ კომპანიას უჭირავს, ხოლო განსახილველი საკითხის მონაწილე ეკონომიკური აგენტების საბაზრო წილი 92%-ს შეადგენს.


2020-2022 წლებში სს „სილქნეტმა“ და შპს „მაგთიკომმა“ სტაბილურად შეინარჩუნეს მაღალი წილი, როგორც შემოსავლების, ისე აბონენტების რაოდენობის მიხედვით. ეს მიუთითებს მაუწყებლობის ტრანზიტის ბაზარზე არსებულ დაბალკონკურენტულ გარემოზე, რაც ასევე დასტურდება HHI (Herfindahl–Hirschman index) მაღალი მაჩვენებლით: მაუწყებლობის ტრანზიტის ბაზრის HHI ინდექსი 2022 წლის ბოლოს მაჩვენებლებით 3,836 ერთეულია.
არაქართული არხებთან გაფორმებული ხელშეკრულებების მიმოხილვა
მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების მიმწოდებელი კომპანიები სააბონენტო პაკეტებში ქართულ არხებთან ერთად ახორციელებენ არაქართული სატელევიზიო არხების ტრანზიტსაც. შესაბამისი ხელშეკრულებები დგება კომერციულ ბაზისზე, მხარეებს შორის მოლაპარაკების საფუძველზე. გარიგებებს სხვადასხვაგვარი სახე აქვს და უმეტესად მონეტარულ ხასიათს ატარებს. კონტრაქტი, როგორც წესი, იდება ან არხის/არხების მფლობელ ორგანიზაციასთან, ან შუამავალ კომპანიასთან, რომელიც რამდენიმე არხის ტრანზიტს ერთ პროდუქტად ყიდის სხვადასხვა ტიპის შეთავაზების სახით:
გარკვეული რაოდენობის არხებს ერთ პაკეტად, ერთიან ფასად;
გარკვეული რაოდენობის არხებს ერთ პაკეტად, ერთიან ფასად, თუმცა განსხვავებით ზემოთხსენებულისა, თითოეული არხის ფასი ცალ-ცალკეა გაწერილი; ცალკეულ არხებს, თითოეულს თავის განსაზღვრულ ფასად.
ასევე, შეთავაზებული პირობები განსხვავდება აბონენტების რაოდენობასთან მიმართებითაც - შეიძლება იყოს ერთიანი ფასი აბონენტების გარკვეული რაოდენობისთვის, ან განსაზღვრული ერთეულ აბონენტზე. გადასახადის ოდენობა განსხვავებულია არხებისა და საქართველოში ამ არხებზე არსებული მოთხოვნის მიხედვით.
ტელემაუწყებლობის სარეკლამო ბაზრის მიმოხილვა
სამაუწყებლო ბაზარზე ეკონომიკური ურთიერთობების ზოგადი პრინციპები შემდეგია:

სარეკლამო შემოსავალი ტელემაუწყებლების შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა. სატელევიზიო მაუწყებლების ბიზნეს მოდელი ეფუძნება მოთხოვნადი, მაღალი ხარისხის კონტენტის შექმნას ან ასეთი კონტენტის მაუწყებლობის უფლების შეძენას და მაყურებლებისთვის მიწოდებას, რაც თავის მხრივ, განსაზღვრავს ტელემაუწყებლების რეიტინგს. თითოეული არხი, თავისი რეიტინგის შესაბამისად, მოიზიდავს რეკლამის განმთავსებლების. ცხადია რეკლამის განმთავსებლებისთვის ყველაზე მიმზიდველია რეკლამის განთავსება მაღალრეიტინგულ არხებში, რადგან რეკლამა ყველაზე ეფექტურია მაშინ, როცა მას ბევრი პოტენციური მომხმარებელი ნახავს.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი განარჩევს შემდეგი სახის ტელემაუწყებლების ტიპებს:

ამასთან, კანონმდებლობა გამოყოფს ორი ტიპის მაუწყებელთა კატეგორიას - ეროვნულსა და ადგილობრივს.
ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან და ავტორიზაციის პროცესის გამარტივებასთან ერთად, სატელევიზიო მაუწყებლობის ბაზარზე მზარდია ბაზრის მონაწილეთა რაოდენობა. 2022 წლის მდგომარეობით, ადგილობრივ მაუწყებლობის ბაზარზე, მოქმედი ავტორიზაცია აქვს 59 საერთო და 55 სპეციალიზებულ ტელემაუწყებელს. აქტიური ტელემაუწყებლების რაოდენობა 105-ს შეადგენს. ამათგან, საქართველოს სატელევიზიო მაუწყებლობის ბაზარზე 21 ეროვნული და მათ შორის, 11 საერთო ეროვნული მაუწყებელია.
ტელემაუწყებლების მიერ რეკლამიდან მიღებულმა სრულმა შემოსავალმა (პროდუქციის განთავსება, რეკლამა, სპონსორობა) 2022 წელს 74 მილიონი შეადგინა.
2022 წელს ტელემაუწყებლების საბაზრო წილების შემოსავლების მიხედვით გადანაწილება, მაუწყებლობის ტრანზიტის საცალო ბაზართან შედარებით დივერსიფიცირებულია, გამომდინარე იქიდან, რომ ექვსი უმსხვილესი ტელემაუწყებელი მთლიანი სარეკლამო შემოსავლების 82%-ს აგენერირებს. ინფორმაცია უმსხვილესი ტელემაუწყებლების საბაზრო წილების შესახებ შემოსავლების მიხედვით 2020-2022 წლებში წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ ცხრილში:
ტელემაუწყებელი სარეკლამო შემოსავალის განაწილება რეიტინგები 1
|
|
2020 |
2021 |
2022 |
wGRP-2022 |
|
ტელეიმედი |
38.6% |
33.6% |
34.1% |
40.5% |
|
ჯი დი ეს თი ვი |
3.7% |
3.4% |
2.6% |
|
|
მაესტრო |
0.7% |
0.5% |
0.4% |
|
|
მედია ჰოლდინგი |
17.0% |
13.4% |
12.5% |
17.4% |
|
მთავარი არხი |
14.7% |
14.3% |
13.6% |
11.7% |
|
ტვ პირველი |
8.2% |
8.4% |
7.9% |
10.3% |
|
პოსტვ |
2.1% |
5.7% |
6.6% |
3.1% |
|
ფორმულა |
3.1% |
7.1% |
7.8% |
1.3% |
|
სხვა |
11.9% |
13.6% |
14.5% |
15.7% |
აღნიშნული საბაზრო წილების გადანაწილება მაუწყებლობის ბაზარზე აისახება მაუწყებლობის ბაზრის შედარებით დაბალ HHI ინდექსზეც, რომელიც 2022 წლის ბოლოს მაჩვენებლებით 1,667 ერთეულია.
2020-2022 წლების საშუალო წლიური რეიტინგი მიუთითებს, რომ აუდიტორიის ყველაზე მაღალი წილით წინამდებარე მოკვლევის ფარგლებში განსახილველ ხელშეკრულებაში მონაწილე სამაუწყებლო არხები სარგებლობენ (იხილეთ რეიტინგები მაყურებელთა წილის მიხედვით ქვემოთ მოცემულ ცხრილში):
|
ტელემაუწყებლები2 |
ჯამური წილი* |
|
ტელეიმედი** |
24.36% |
|
მედია ჰოლდინგი*** |
10.76% |
|
მთავარი არხი |
8.11% |
|
ტვ პირველი |
4.51% |
|
პირველი არხი |
3% |
|
პოსტვ |
2.31% |
|
პირველი არხი განათლება |
1.37% |
|
ფორმულა |
1.34% |
|
პალიტრა ნიუს |
0.98% |
|
სილქ უნივერსალი |
0.98% |
|
უცხოური არხები |
1.11% |
|
სხვა არხები |
6.99% |
|
სხვა**** |
34.18% |
1 მონაცემები წარმოდგენილია ,,KANTAR”-იდან;
2 მონაცემები წარმოდგენილია საქართველოში „კანტარ მედია“-ს ოფიციალური წარმომადგენელის, სატელევიზიო ბაზარზე რეიტინგების მთვლელი კომპანიის „ტრი მედია ინტელიჯენსის“ მონაცემებით,„KANTAR”-იდან;
* წილი = (nº მაყურებელი / ტელევიზორის მაყურებელთა საერთო რაოდენობა) x 100.
**,,ტელეიმედი” აერთიანებს ,,სტუდია მაესტრო” და ,,ჯი დი ეს თი ვი”-ს.
***,,მედია ჰოლდინგი” აერთიანებს ,,კომედი არხსა“ და ,,მარაოს”.
**** „სხვა“ აერთიანებს მაყურებლებს, რომლებიც ტელევიზორს არ იყენებენ მაუწყებლობისთვის.
შესწავლილმა საერთაშორისო პრაქტიკამ აჩვენა, რომ მაუწყებლობის ტრანზიტის ფარგლებში, ურთიერთობები შეიძლება იყოს როგორც ფასიანი - ისე უფასო. საერთაშორისო პრაქტიკა იცნობს ამ ურთიერთობის ისეთ მოდელებს, როდესაც მაუწყებლებს უხდიან ტრანზიტორები, ასევე არსებობს ისეთი კომერციული პრაქტიკა, როდესაც საფასურის გადახდა ხდება პირიქით. ზოგ შემთხვევაში, გადახდას ახორციელებენ მაუწყებლები, ზოგ შემთხვევაში კი - ოპერატორები. აქედან გამომდინარე, რომელიმე მხარის მოთხოვნა ურთიერთობის მონეტიზაციასთან დაკავშირებით, ზოგადად ლეგიტიმურია მხოლოდ კომერციული ურთიერთობის - ინდივიდუალური მოლაპარაკების ფარგლებში და პირობები განისაზღვრება ბაზარზე არსებული ეკონომიკური მოცემულობით.
2. ეკონომიკური აგენტები
როგორც აღინიშნა, „კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლი კრძალავს კონკურენციის შემზღუდველ თანამშრომლობას „ეკონომიკურ აგენტებს“ შორის. შესაბამისად, დასახელებული დარღვევის იდენტიფიცირებისათვის აუცილებელია შეფასდეს, არიან თუ არა სახეზე დამოუკიდებელი ეკონომიკური აგენტები, რომელთა შორისაც, შესაძლებელია არსებობდეს კონკურენციის შემზღუდველი გადაწყვეტილება, შეთანხმება, ან შეთანხმებული პრაქტიკა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ უნდა დაადგინოს, არიან თუ არა დამოუკიდებელი ეკონომიკური აგენტები მოპასუხეები - შპს „ტელეიმედი“, სს „მედია ჰოლდინგი“, შპს „მთავარი არხი“, შპს „ტელეკომპანია პირველი“, შპს „პოსტვ“, შპს „ფორმულა“ და შპს „მედია რაითს ჯორჯია“.
„კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ პუნქტის მიხედვით, ეკონომიკური აგენტია ფიზიკური პირი, იურიდიული პირი, სხვა გაერთიანება ან ასოციაცია, რომელიც ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, განურჩევლად რეზიდენტობისა და იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმისა. წინამდებარე საქმეზე გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ თითოეული მოპასუხე სუბიექტი ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას - შემოსავლის მიღების მიზნით ბაზარს სთავაზობს გარკვეულ მომსახურებას. შპს „ტელეიმედი“, სს „მედია ჰოლდინგი“, შპს „მთავარი არხი“, შპს „ტელეკომპანია პირველი“, შპს „პოსტვ“, შპს„ფორმულა“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირები არიან და, ძირითადად, ახორციელებენ სარეკლამო საქმიანობას. ხოლო შპს „მედია რაითს ჯორჯია“ ამავე ბაზარზე საქმიანობის განხორციელების მიზნით დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც, მართალია არ არის რეგულირებად სფეროში ავტორიზებულ პირი, თუმცა მისი საქმიანობის საგანია მაუწყებელთა მიერ წარმოებული სატელევიზიო პროდუქციის განკარგვის უფლების მოპოვება და მათი რეტრანსლირების უფლებით სხვა პირებზე გადაცემა. ამრიგად, ხელშეკრულების ყველა მონაწილე ეკონომიკური აგენტია. ამასთანავე, თითოეული დასახელებული სუბიექტი დამოუკიდებლად ახორციელებს საკუთარ ეკონომიკურ საქმიანობას, იმართება დამოუკიდებლად და წინამდებარე საქმეზე არ გამოვლენილა არცერთი გარემოება, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებდა მათ დამოუკიდებლობას, განაპირობებდა მათ ურთიერთდამოკიდებულებას და ერთიან ეკონომიკურ აგენტად განხილვას.
3. თანამშრომლობის - ხელშეკრულების/შეთანხმებული ქმედების/გადაწყვეტილების არსებობა „კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლი გამოყოფს კონკურენციის საწინააღმდეგო თანამშრომლობის შემდეგ სახეებს: ხელშეკრულება, გადაწყვეტილება ან შეთანხმებული ქმედება. მომჩივანი ეკონომიკური აგენტების მტკიცებით, სახეზეა მოპასუხე ეკონომიკურ აგენტებს შორის დადებული ხელშეკრულება. მხარეებს შორის „კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულება არსებობს მაშინ, როდესაც მხარეები თანხმდებიან მოქმედების საერთო გეგმაზე, რომელიც ზღუდავს ან ალბათობის მაღალი ხარისხით შეზღუდავს მათი ინდივიდუალური კომერციული ქმედების ფარგლებს და განსაზღვრავს ერთობლივი ქმედების საზღვრებს. ამ თვალსაზრისით არ მოითხოვება ხელშეკრულების აუცილებლად იურიდიულად სავალდებულო ფორმით დადება და საკმარისია იმის იდენტიფიცირება, რომ მხარეებმა ერთობლივად გამოხატეს ნება მოქმედების საერთო გეგმასთან დაკავშირებით.
კომისიის მიერ შესწავლილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით უტყუარად დგინდება, რომ 2021 წლის 1 ივნისს მაუწყებლებმა შპს „ტელეიმედმა“, სს „მედია ჰოლდინგმა“, შპს „მთავარმა არხმა“, შპს „ტელეკომპანია პირველმა“, შპს „პოსტვ-იმ“ და შპს „ფორმულამ“ გააფორმეს ხელშეკრულება შპს „მედია რაითს ჯორჯიასთან“, რომელიც შეეხებოდა ფასიანი ტრანზიტის უფლებას და ითვალისწინებდა შპს „მედია რაითს ჯორჯიასთვის“ მაუწყებლების - შპს „ტელეიმედის“, სს „მედია ჰოლდინგის“, შპს „მთავარი არხის“, შპს „ტელეკომპანია პირველის“, შპს „პოსტვ-ის“ და შპს „ფორმულას“ სამაუწყებლო ეთერის ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულების (გადახვევა-დაპაუზების უფლებით) გაფორმების, შესაბამისი ანაზღაურების მიღებისა და ტრანზიტის აკრძალვის უფლებების გადაცემას. საქმეში წარმოდგენილია აღნიშნული ხელშეკრულება, როგორც შეთანხმების დადების პირდაპირი მტკიცებულება. ამავდროულად, „ფასიანი ტრანზიტის მართვის უფლების ნასყიდობის შესახებ“ 2021 წლის 1 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ტელეიმედმა“, სს „მედია ჰოლდინგმა“, შპს „მთავარმა არხმა“, შპს „ტელეკომპანია პირველმა“, შპს „პოსტვ-იმ“ და შპს „ფორმულამ“ დაადგინეს მათი სატელევიზიო არხების ტრანზიტის ერთობლივი საფასური 3 ლარი (დღგ-ს გარეშე) გამრავლებული ტრანზიტორის აბონენტების რაოდენობაზე. ხსენებული გარემოება დასტურდება როგორც მოპასუხე ეკონომიკური აგენტების წარმომადგენლების ახსნა-განმარტებით, ისე - მომჩივანი ეკონომიკური აგენტებისთვის გაგზავნილი წერილებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უტყუარად დასტურდება, რომ შპს „ტელეიმედმა“, სს „მედია ჰოლდინგმა“, შპს „მთავარმა არხმა“, შპს „ტელეკომპანია პირველმა“, შპს „პოსტვ-იმ“, შპს „ფორმულამ“ და შპს „მედია რაითს ჯორჯიამ“ დადეს ხელშეკრულება და შეთანხმდნენ მოქმედების საერთო გეგმაზე - მაუწყებლობის ტრანზიტის უფლებების მართვასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის, დასახელებული სამაუწყებლო სუბიექტების არხების ტრანზიტის ფასზე, რითაც ნებაყოფლობით შეიზღუდეს ინდივიდუალური კომერციული მოქმედების ფარგლები. შესაბამისად, დგინდება, რომ მოპასუხე ეკონომიკურ აგენტებს შორის დადებულია „კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულება.
4. ხელშეკრულების/შეთანხმებული ქმედების/გადაწყვეტილების კონკურენციის შემზღუდველი ხასიათი როგორც აღინიშნა, „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით აკრძალულია ეკონომიკურ აგენტებს შორის ისეთი ხელშეკრულების დადება, რომლის მიზანია ან შედეგია შესაბამის ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვა, დაუშვებლობა ან/და აკრძალვა. დასახელებული საკანონმდებლო ნორმა ეხმიანება თავისუფალი და ღია ეკონომიკის, თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის კონსტიტუციურ პრინციპს და კრძალავს კონკურენციის საწინააღმდეგო ხელშეკრულებების დადებას. თავისუფალი და ღია ეკონომიკის, თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის მოთხოვნაა, რომ ბაზარზე მოქმედმა ეკონომიკურმა აგენტებმა ინდივიდუალურად განსაზღვრონ საკუთარი ეკონომიკური საქმიანობის სტრატეგია და კონკურენტული ურთიერთდამოკიდებულება ჰქონდეთ ბაზრის მონაწილე სხვა ეკონომიკურ აგენტებთან. სწორედ ამგვარი კონკურენციის პირობებშია შესაძლებელი ეკონომიკური განვითარება, ბაზრის ყველა მონაწილისა და საბოლოო მომხმარებლის ინტერესის დაცვა. აღნიშნული პრინციპიდან გადახვევას იწვევს „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული ქმედება, რომლის მიზანი ან შედეგია კონკურენციის შეზღუდვა, დაუშვებლობა ან/და აკრძალვა.
„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული აკრძალული ხელშეკრულების კატეგორიებია: (1) შესაბამის ბაზარზე კონკურენციის შემზღუდველი მიზნის მქონე (by object) და (2) შესაბამის ბაზარზე კონკურენციის შემზღუდველი შედეგის მქონე (by effect) ხელშეკრულებები. კონკურენციის შემზღუდველი მიზნის მქონე ხელშეკრულება განეკუთვნება კონკურენციის განსაკუთრებულად მძიმე შეზღუდვის კატეგორიას. ხელშეკრულება კონკურენციის შემზღუდველი მიზნის მქონედ მიიჩნევა იმ შემთხვევაში, როდესაც აშკარაა, რომ ეკონომიკური აგენტების შეთანხმების ერთადერთი მიზანია კონკურენციის შეზღუდვა და ეს თანამშრომლობა თავისი არსით ჩამოყალიბებულია ბაზარზე ნორმალური კონკურენციის შესაზღუდად, მისთვის ზიანის მისაყენებლად. ასეთი ქმედებები საფუძველშივე მოკლებულია ლეგიტიმურ ეკონომიკურ და კომერციულ ახსნას და მათი ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს კონკურენციის შეზღუდვა. შესაბამისად, თუ ეკონომიკური აგენტების ქმედება (ხელშეკრულება) კონკურენციის შემზღუდველი მიზნის მქონედ მიიჩნევა, იგი თავისთავად (per se) უკანონოა და არ საჭიროებს შესაბამის ბაზარზე უარყოფითი გავლენის, ეფექტისა და შედეგების ანალიზს. ეკონომიკურ აგენტებს შორის ხელშეკრულების კონკურენციის შემზღუდველი მიზნის მქონედ კვალიფიკაციისათვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ხელშეკრულების შინაარსს, მიზანსა და იმ ეკონომიკურ და სამართლებრივ კონტექსტს, რომელშიაც ის არის დადებული. სწორედ აღნიშნული ფაქტორების მხედველობაში მიღებით დგინდება, რომ ეკონომიკურ აგენტებს შორის ხელშეკრულება იმგვარი ხასიათის არის, რომ თავისთავად, უკვე მისი არსებობით ქმნის საფრთხეს ჯანსაღი კონკურენციისთვის.
კონკურენციის შემზღუდველი მიზნის მქონე ხელშეკრულებებს განეკუთვნება ეკონომიკურ აგენტებს შორის შეთანხმება გაყიდვის ან შესყიდვის ფასების დადგენის (ფიქსირების) თაობაზე, რომელზეც სახელდებით არის მითითებული „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში. გაყიდვის ან შესყიდვის ფასების დადგენის (ფიქსირების) შესახებ შეთანხმება განსაკუთრებულად მძიმე ფორმას იღებს მაშინ, როდესაც სახეზეა ჰორიზონტალური შეთანხმება - ფასების ფიქსირება კონკურენტ ეკონომიკურ აგენტებს შორის. როგორც აღინიშნა, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკისა და კონკურენციის ფუნდამენტური პრინციპია ეკონომიკური აგენტების მიერ მათი ეკონომიკური საქმიანობის სტრატეგიის კანონის ფარგლებში, თავისუფლად და დამოუკიდებლად განსაზღვრა. ბაზრისთვის შეთავაზებული საქონლისა და მომსახურების ფასის ჩამოყალიბება აღნიშნული სტრატეგიის ერთ-ერთი ცენტრალური კომპონენტია და ეკონომიკური აგენტების მიერ მისი დამოუკიდებლად განსაზღვრა განაპირობებს ბაზარზე კონკურენციას. კონკურენტი ეკონომიკური აგენტები, საქონლის ან მომსახურების ფასების ფიქსირების თაობაზე შეთანხმებით, უხეშად ერევიან კონკურენციის ფუნდამენტურ პარამეტრებში, ეწინააღმდეგებიან თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს და მოქმედებენ მხოლოდ შეთანხმების მონაწილეთა ინტერესების სასარგებლოდ. კონკურენტებს შორის შეთავაზებული მომსახურების/საქონლის ფასთან დაკავშირებით კონკურენტული ზეწოლის ხელოვნური გამორიცხვა, მათ შორის შეთანხმებით, უაღრესად ნეგატიურად აისახება როგორც ბაზრის სხვა მონაწილეებზე, ისე - მომხმარებლებზე და არ შეიძლება გააჩნდეს ლეგიტიმური გამართლება. აღნიშნულის გათვალისწინებით, „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფასების დადგენა, კონკურენტ ეკონომიკურ აგენტებს შორის, კონკურენციის შემზღუდველი მიზნის მქონედ მიიჩნევა და თავისთავად უკანონოა.
კომისია მოპასუხე ეკონომიკური აგენტების ხელშეკრულებას სწორედ ზემოთხსენებული სტანდარტებით შეაფასებს. „ფასიანი ტრანზიტის მართვის უფლების ნასყიდობის შესახებ“ 2021 წლის 1 ივნისის ხელშეკრულებით შპს „მედია რაითს ჯორჯიასა“ და მაუწყებლებს შორის შეთანხმება მოხდა შემდეგ ძირითად საკითხებზე: მაუწყებლებმა შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ გადასცეს მესამე პირებთან საკუთარი მაუწყებლობის ტრანზიტის შესახებ ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულების გაფორმების, შესაბამისი ანაზღაურების მიღებისა და მესამე პირებისათვის მაუწყებლობის ტრანზიტის შეწყვეტის მოთხოვნის უფლება. შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ უნდა უზრუნველეყო მესამე პირებისაგან (ტრანზიტორებისაგან) შესაბამისი ანაზღაურების მიღება. თავის მხრივ, მიღებული ანაზღაურება, გარკვეული თანხის გამოკლებით (რომელიც, შესაძლოა, შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ ანაზღაურებად იქნეს მიჩნეული), უნდა განაწილებულიყო ხელშეკრულების მონაწილე მაუწყებლებს შორის, მათი აუდიტორიის წილის პროპორციულად. აუდიტორიის წილი დაითვლებოდა მთვლელი კომპანიების შპს „ტრი მედია ინტელიჯენსისა“ და შპს „თი-ვი ემ-არ საქართველოს“ გაზომილი ყოველთვიური აუდიტორიის წილის საშუალო მონაცემების მიხედვით. უშუალოდ მაუწყებლობის ტრანზიტის საფასური (როგორც პირველადი ფასი, ისე - მისი ცვლილება) ხელშეკრულების მიხედვით დგინდება მაუწყებლების მიერ, რაც დადასტურდა კიდეც მხარეთა ახსნა-განმარტებებით. 2021 წლის 1 ივნისის ხელშეკრულების აღსრულების მიზნით, შპს „მედია რაითს ჯორჯიამ“ წერილით მიმართა ტრანზიტორებს, მათ შორის, მომჩივან ეკონომიკურ აგენტებს და მოსთხოვა ფასიანი ტრანზიტის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ. კერძოდ, მოთხოვნილი იქნა ანაზღაურება ყოველთვიურად, აბონენტზე 3 ლარის ოდენობით.
ზემოაღნიშნული ხელშეკრულების შინაარსის, მიზნისა და ბაზრის ეკონომიკური და სამართლებრივი კონტექსტის გათვალისწინებით აშკარაა, რომ სახეზეა კონკურენტ ეკონომიკურ აგენტებს შორის დადებული, კონკურენციის შემზღუდველი მიზნის მქონე ხელშეკრულება - გაყიდვის ფასის დადგენა (ფიქსირება). დასახელებული ხელშეკრულებით კონკურენტი ეკონომიკური აგენტები - მოპასუხე მაუწყებლები, ერთობლივად განსაზღვრავენ ფასს სწორედ იმ მომსახურებაზე - მაუწყებლობის ტრანზიტის უფლების გადაცემაზე, რომლის ბაზარზეც ისინი თავად არიან კონკურენტები. ამ ხელშეკრულების ფარგლებში, მაუწყებლობის ტრანზიტზე ერთობლივად ფასის განსაზღვრამ სრულად გამორიცხა მათ შორის კონკურენტული ზეწოლა, რაც კონკურენციის შემზღუდვლად კვალიფიკაციის უმთავრესი წინაპირობაა.
ხელშეკრულების კონკურენციის შემზღუდველი ბუნების მოკვლევის ფარგლებში, მოპასუხე ეკონომიკური აგენტები მიუთითებდნენ, რომ კონკურენტული ტელეარხის ტრანზიტის უფლების მესამე პირის მიერ ერთ პაკეტად რეალიზაცია საერთაშორისო პრაქტიკაა და საქართველოშიც უცხოური არხების ტრანზიტი ამ პრინციპით გადაიცემა. კომისია ვერ გაიზიარებს არგუმენტაციას იმასთან დაკავშრებით, რომ ამგვარი პრაქტიკა გამორიცხავს მოპასუხე ეკონომიკური აგენტების კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმებას. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ საქმეზე წარმოდგენილი დოკუმენტაციით, ისევე როგორც საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზით, არ დასტურდება, რომ კონკურენტი მაუწყებლების მიერ მათი არხების ტრანზიტის პაკეტის შედგენა და ფასის განსაზღვრა ერთობლივად ხდება. საერთაშორისო პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც ერთზე მეტი, თუნდაც, კონკურენტი არხების ტრანზიტის უფლებას მესამე პირი შეისყიდის და შემდგომში ახდენს ტრანზიტორებზე რეალიზაციას, თუნდაც ერთიან პაკეტად. ასეთ შემთხვევაში ტრანზიტის შემძენი პირი დამოუკიდებლად იძენს კონკურენტი მაუწყებლების ტრანზიტის უფლებას და დამოუკიდებლადვე განსაზღვრავს მის სარეალიზაციო ღირებულებას. ამ მოდელის ფარგლებში კონკურენტი მაუწყებლები ერთმანეთში არ თანხმდებიან მაუწყებლობის ტრანზიტის გადაცემის პირობებზე და სარეალიზაციო ფასზე, შესაბამისად, მათ შორის არ გამოირიცხება კონკურენტული ზეწოლა და სახეზე არ არის ისეთი კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულება, როგორც მიმდინარე საქმის ფარგლებში მოპასუხე ეკონომიკურ აგენტებს შორის არის დადებული. მოპასუხე ეკონომიკურ აგენტებს არ წარმოუდგენიათ არცერთი მაგალითი არც ეროვნული და არც საერთაშორისო პრაქტიკიდან, სადაც კონკურენტ მაუწყებლებს შორის მსგავსი შეთანხმება იქნებოდა და კონკურენტები ერთობლივად განსაზღვრავდნენ თავიანთი მაუწყებლობის ტრანზიტის ღირებულებას.
მოპასუხე მაუწყებლების ტრანზიტისა და მისი შესაძლო მონეტიზაციის უცხოურ არხებთან შედარება ასევე დაუსაბუთებელია ამ ორი ურთიერთობის განსხვავებული ეკონომიკური ბუნების გამოც. მაუწყებლობის ტრანზიტის შესაძლო მონეტიზაციას განსხვავებული კომერციული წინაპირობები აქვს საქართველოში სარეკლამო შემოსავლის მქონე მაუწყებლებსა და უცხოურ მაუწყებლებს შორის. საქართველოში სარეკლამო შემოსავლის მქონე მაუწყებლები (ისეთები, როგორებიც არიან მოპასუხეები) კომერციულად უფრო მეტად არიან დაინტერესებული, რომ მათი მაუწყებლობის ტრანზიტი მაქსიმალურად ხდებოდეს საქართველოში. ამ შემთხვევაში, ყოველ დამატებით ტრანზიტორთან მაუწყებლობის ტრანზიტის პირობებში იზრდება მათი აუდიტორია, რაც საბოლოო ჯამში, დადებითად აისახება სარეკლამო შემოსავლებზე. შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტის სარგებელი ორმხრივია და ამ ურთიერთობით, თუნდაც მისი მონეტიზების გარეშე, სარგებლობენ როგორც ტრანზიტორები, ისე - მაუწყებლები. განსხვავებული მოცემულობაა უცხოურ არხებთან მიმართებით: ვინაიდან მათი პირველადი აუდიტორია არ არის საქართველოში და საქართველოში ტრანზიტის პირობებში, მათ არ გაეზრდებათ (ან უმნიშვნელოდ გაეზრდებათ) სარეკლამო შემოსავლები. შესაბამისად, უცხოური არხების ტრანზიტზე მოლაპარაკების შემთხვევაში, ძირითადი კომერციული ინტერესი საქართველოში სარეკლამო შემოსავლების მქონე მაუწყებლებისგან განსხვავებით, მხოლოდ ტრანზიტის მონეტიზებაა. შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტის მონეტიზების თვალსაზრისით ამ ორი ურთიერთობის შედარება და აქედან დასკვნების გამოტანა, დაუსაბუთებელია და ემყარება ურთიერთობის კომერციული არსის არასწორ აღქმას.
კონკურენტი მაუწყებლების მიერ საკუთარი ტელეარხების მაუწყებლობის ტრანზიტის უფლების ერთი სუბიექტისთვის გადაცემა, ამ უკანასკნელის მიერ ერთიანი პაკეტის შექმნა და მაუწყებელთა მიერ ერთიანი საფასურის დადგენა, თავისთავად უკვე კონკურენციის შემზღუდველი ქმედებაა. ბუნებრივი საბაზრო ქცევის პირობებში, მაუწყებლები დაინტერესებული უნდა იყვნენ აწარმოონ ინდივიდუალური მოლაპარაკებები მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებთან და გააფორმონ მათთვის კომერციულად მისაღები ხელშეკრულებები. ფასის დაფიქსირების გარდა, რომელიც ორმხრივი ურთიერთობის დროს, შედგენილ ფასზე უკეთესი პირობის მიღებას ისახავს მიზნად, არ არსებობს სხვა მიზეზი, რომელიც ახსნიდა კონკურენტებს შორის ამგვარ შეთანხმებას. ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანამშრომლობის არარსებობის პირობებში, მოპასუხე მაუწყებლები ერთსა და იმავე მომსახურებას - მაუწყებლობის ტრანზიტის უფლების გადაცემას დამოუკიდებლად შესთავაზებდნენ ბაზრის სხვა მონაწილეებს - ტრანზიტორებს. ამ პირობებში, თითოეული დამოუკიდებლად განსაზღვრავდა მაუწყებლობის ტრანზიტის უფლების გადაცემის პირობებს, მათ შორის, ფასს და შესაბამისად ბაზარზე იარსებებდა ფასთან დაკავშირებით კონკურენტული ზეწოლა. ამგვარი ზეწოლის გამორიცხვით კონკურენტ მაუწყებლებს შორის, შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ მეშვეობით, ხელშეკრულების დადებამ ფაქტობრივად შეუძლებელი გახადა კონკურენტ ეკონომიკურ აგენტებს შორის კონკურენცია და მნიშვნელოვანი საფრთხე შექმნა კონკურენტუნარიანი ბაზრის სტრუქტურისთვის. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ფასიანი ტრანზიტის მართვის უფლების ნასყიდობის შესახებ“ 2021 წლის 1 ივნისის ხელშეკრულება განეკუთვნება „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კონკურენციის შემზღუდველი მიზნის მქონე ხელშეკრულებას, მისი ეფექტების დამატებითი კვლევის გარეშე. აღნიშნული გარემოების მიუხედავად, კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს, განიხილოს ხელშეკრულების შესაძლო ეკონომიკური გავლენა მაუწყებლობის ტრანზიტის ბაზარზე.
შპს „მედია რაითს ჯორჯიასა“ და მაუწყებლების ხელშეკრულების გაფორმების მომენტში შპს „ახალ ქსელებსა“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ უკვე ჰქონდათ კომერციული ხელშეკრულებები სს „მედია ჰოლდინგთან“ და შპს „ტელეიმედთან“. 2021 წლის 31 მაისის შეთანხმებით, მაუწყებლებმა გადასცეს შპს „მედია რაითს ჯორჯიასა“ მაუწყებლობის ტრანზიტის უფლება, რომელიც უკვე ორმხრივი შეთანხმების საგანს წარმოადგენდა.
აღსანიშნავია, რომ მოპასუხე მხარე ითხოვს ერთიან საფასურს მაუწყებლობის რეტრანსლაციისთვის - 3 ლარს, მიუხედავად ტრანზიტორი ოპერატორების ზომისა, რაც ასევე როგორც წესი, არ შეესაბამება თავისუფალი კომერციული, ეკონომიკური მოლაპარაკებების გონივრულ პრინციპებს. ორმხრივი მოლაპარაკებები მაუწყებლებსა და ტრანზიტორებს შორის, როგორც წესი, არ იწვევს საერთო ფასს და ეკვივალენტურ პირობებს ყველა მხარისთვის, რადგან მოლაპარაკებებში სხვადასხვა მხარის გარემოებები განსხვავებულია. მაგალითად, ასეთი გარემოება შეიძლება იყოს მაუწყებლების გადაცემის ხარისხი, აბონენტების ინტერესი სამაუწყებლო არხების მიმართ ან/და ტრანზიტორების აბონენტების რაოდენობა. ამრიგად, ტრანზიტორების ინტერესი თითოეული მაუწყებლის მიმართ შეიძლება განსხვავდებოდეს, რაც გამოიწვევს განსხვავებული საფასურის გადახდისა და განსხვავებულ პირობებზე მოლაპარაკების სურვილს. ანალოგიურად, მაუწყებლების ინტერესი სხვადასხვა ტრანზიტორის აბონენტების მიმართ შეიძლება ასევე განსხვავდებოდეს, რაც გამოიწვევს განსხვავებული საფასურის გადახდის და განსხვავებულ პირობებზე მოლაპარაკების სურვილს.
მაგალითად, მაუწყებლები შეიძლება უფრო მეტად იყვნენ დაინტერესებული ითანამშრომლონ უფრო დიდ ტრანზიტორებთან, რადგან ამით საშუალება მიეცემათ გავიდნენ უფრო ფართო აუდიტორიაზე. თავის მხრივ, ტრანზიტორები შეიძლება უფრო მეტად იყვნენ დაინტერესებული ყველაზე პოპულარული სატელევიზიო არხების ტრანზიტით, რათა მოიზიდონ მეტი აბონენტი. ასევე, შეზღუდული არჩევანის პირობებში, ტრანზიტორები შეიძლება დაინტერესდნენ არხების გარკვეული კომბინაციებით, რაც მათ საშუალებას მისცემთ მაქსიმალურად გაზარდონ აბონენტების რაოდენობა. ბაზრის მონაწილეთა ორმხრივი მოლაპარაკება, სავარაუდოდ, გამოიწვევს სხვადასხვა ფასებს (ცალკეულ შემთხვევებში ნულოვან ფასს) და პირობებს. ამის საპირისპიროდ, შეთანხმებით გათვალისწინებული ერთობლივი მოლაპარაკება ზღუდავს ტრანზიტორების შესაძლებლობას, აირჩიონ არხების სასურველი კომბინაცია მათი აბონენტების ინტერესების შესაბამისად. მაუწყებლების ერთობლივი შეთავაზების პირობებში ტრანზიტორებმა შეიძლება გადაიხადონ უფრო მაღალი ფასი არხებისთვის, რომლებიც არ არის საინტერესო მათი კომერციული სტრატეგიისთვის, რაც ნიშნავს უფრო მაღალ ხარჯებს ცხადი სარგებელის გარეშე. ბუნებრივია, ამგვარი ხარჯები საბოლოო ჯამში, ზედმეტ ტვირთად დააწვება აბონენტებს.
მოპასუხეების მიერ წარმოდგენილი პაკეტის არაკონკურენტული ბუნების დამადასტურებელია ასევე ის ფაქტი, რომ შეთანხმება არ არის ორიენტირებული არხების შეკრებით შექმნას მიმზიდველი, ფასდაკლებული (ასევე ნაკლები ტრანზაქციული დანახარჯების მქონე) პაკეტი, არამედ ამ გაერთიანებით იზრდის საბაზრო გავლენას, თავს უყრის ყველაზე მსხვილ მაუწყებლებს და ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის ალტერნატიული პაკეტის შეკვრას ბაზარზე მოქმედი სხვა ეკონომიკური აგენტებისგან.
მოპასუხე ეკონომიკურ აგენტებს შორის დადებული კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულების ნეგატიურ შედეგებზე ისიც მეტყველებს, რომ პაკეტის შეკრებით მიღებული ფასი რადიკალურად აღემატება ბაზარზე არსებულ კომერციულ მდგომარეობას. მაგალითად, ამჟამად მხარეებს შორის კომერციული ურთიერთობა დამყარებულია შპს „ტელეიმედსა“ და ერთ-ერთ მომჩივან, შპს „ახალ ქსელებს“ შორის. გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ტრანზიტორი კომპანია მაუწყებელს ყოველთვიურად, იმ თვეში ტრანზიტორის თითოეულ აბონენტზე 0,75₾-ს უხდის, საიდანაც, როგორც ხელშეკრულებიდან ირკვევა, ფასები გადანაწილებულია შემდეგ სამ არხზე: ტელეარხ იმედზე მოდის 0,73₾ (97%); ტელეარხ GDS-ზე - 0,01₾ (1.5%); ტელეარხ მაესტროზე - 0,01₾ (1.5%).
როგორც შპს „მედია რაითს ჯორჯიასთან“ გაფორმებული ხელშეკრულებიდან ირკვევა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული 3 ლარის გადანაწილებას შუამავალი კომპანია აპირებს „ორი სხვადასხვა კომპანიის მიერ გაზომილი, ყოველთვიური სატელევიზიო არხების აუდიტორიის წილის (18-65 აუდიტორია და ლაივ ტელეყურება) საშუალო მონაცემების მიხედვით“. თუ გამოვიყენებთ შპს „ტელეიმედის“ (მოიცავს შემდეგი არხების მონაცემებს: იმედი, სტუდია მაესტრო, ჯი დი ეს თი ვი) აუდიტორიის წილს, შეგვიძლია შპს „ახალ ქსელებთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ფასით დავადგინოთ, თუ რა იქნებოდა კომერციული ფასი. ყველა მოპასუხე მხარეს რომ მსგავსი შეთანხმებისთვის მიეღწია ტრანზიტორთან ფასი 1.65₾ იქნება, რაც მნიშვნელოვნად დაბალია მაუწყებლების მიერ მოთხოვნილ თანხაზე. სს „მედია ჰოლდინგთან“ გაფორმებული ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით კი, ფასი იქნებოდა 2.65₾ შესაბამისად. შეიძლება ითქვას, რომ მოპასუხეების მიერ შედგენილი პაკეტის მიზანი, გარდა ტრანზიტორებთან კომერციულ ურთიერთობაში შესვლის იძულებისა, არა ჯამური თანხის შემცირება, არამედ კომერციულზე უფრო მაღალი ფასის ანაზღაურების მოთხოვნაა. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ უფრო დიდი სააბონენტო ბაზის მქონე ტრანზიტორისთვის თავისუფალი ეკონომიკური ურთიერთობების პირობებში შესაძლებელია, ზემოთ მოყვანილ, ექსტრაპოლაციით მიღებულ ფასზე უფრო დაბალი ფასის მიღწევა, რაც კომერციულსა და შეთანხმებულ ფასს შორის განსხვავებას კიდევ უფრო ზრდის.
აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მოპასუხე ეკონომიკურ აგენტებს შორის დადებული ხელშეკრულება და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სქემა გარდა იმისა, რომ აიძულებს ტრანზიტორებს დაამყარონ კომერციული ურთიერთობა მაუწყებლებთან, მიზნად ისახავს უფრო მაღალ საფასურზე მოლაპარაკებას, ვიდრე ეს ორმხრივი კომერციული მოლაპარაკებების დროს იქნებოდა შესაძლებელი. დასახელებული არგუმენტი კიდევ უფრო ამყარებს კომისიის დასკვნას, რომ მოპასუხე ეკონომიკური აგენტებს შორის დადებული ხელშეკრულება კონკურენციის შემზღუდველი მიზნის მქონე იყო და კონკურენციის შეზღუდვის გარდა არ გააჩნდა რაციონალური და ლეგიტიმური ეკონომიკური გამართლება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია ადგენს, რომ მოპასუხე ეკონომიკურ აგენტებს შორის დადებულია „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულება - შესყიდვის ფასის დადგენა (ფიქსაცია) კონკურენტ ეკონომიკურ აგენტებს შორის.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ შპს „ახალი ქსელების“ საჩივრის მიხედვით, მოპასუხე ეკონომიკურ აგენტებს შორის დადებული ხელშეკრულება ასევე ეწინააღმდეგება „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტს, კერძოდ, სახეზეა გარიგების დასადებად მხარისთვის ისეთი დამატებითი პირობის დადგენა/ვალდებულების დაკისრება, რომელსაც გარიგების საგანთან საგნობრივი და კომერციული კავშირი არ აქვს. შპს „ახალი ქსელების“ საჩივრის მიხედვით, დადებული ხელშეკრულება გამორიცხავს ცალკეული მაუწყებლების შესაძლებლობას, ინდივიდუალურად აწარმოონ მოლაპარაკება ტრანზიტორებთან, ასევე ტრანზიტორების მიმართ შეთავაზებულია მხოლოდ ერთიანი პაკეტი და იძულებული არიან ყველა არხის ტრანსლირების უფლება შეიძინონ. აღნიშნული შეზღუდვა ექსპლიციტურად არ გამომდინარეობს მოპასუხე ეკონომიკურ აგენტებს შორის დადებული ხელშეკრულებიდან, გარდა ამისა, მოპასუხე მაუწყებლებმა (ეკონომიკურმა აგენტებმა) კომისიის სხდომებზე გამოთქვეს მზაობა, რომ ინდივიდუალურად აწარმოებენ მოლაპარაკებას ნებისმიერ მსურველთან. ამდენად, დამატებითი მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე, არ დასტურდება შპს „ახალი ქსელების“ საჩივარში მითითებული გარემოება და მოპასუხე ეკონომიკურ აგენტებს შორის იმგვარი ხელშეკრულების არსებობა, რომელიც შეზღუდავდა მოპასუხე მაუწყებლის (ეკონომიკური აგენტების) შესაძლებლობას, დამოუკიდებლად, ინდივიდუალურად ეწარმოებინათ მოლაპარაკებები ტრანზიტორებთან. შესაბამისად, განსახილველი საქმის ფარგლებში კომისია მოპასუხეებს შორის არსებულ შეთანხმებას აფასებს მხოლოდ „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის ფარგლებში.
5. კონკურენციის უმნიშვნელოდ შემზღუდველი შეთანხმების არსებობის საკითხი როგორც აღინიშნა, ეკონომიკურ აგენტებს შორის კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმების არსებობა ყოველთვის არ მიიჩნევა „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონით აკრძალულ ქმედებად. კერძოდ, „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონი ითვალისწინებს შემთხვევებს, როდესაც კონკურენციის უმნიშვნელო შეზღუდვის გამო, არ გამოიყენება კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების აკრძალვა. კერძოდ, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ამ კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული აკრძალვა ეკონომიკურ აგენტებს შორის არსებულ შეთანხმებაზე არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ: ა) შესაბამის ბაზარზე ჰორიზონტალური შეთანხმების მხარეთა ერთობლივი წილი 10 პროცენტს არ აღემატება; ბ) შესაბამის ბაზარზე ვერტიკალური შეთანხმების თითოეული მხარის საბაზრო წილი 15 პროცენტს არ აღემატება; გ) შეთანხმება მოიცავს როგორც ჰორიზონტალური შეთანხმების, ისე ვერტიკალური შეთანხმების მახასიათებლებს, რის გამოც რთულია მისი ჰორიზონტალურ შეთანხმებად ან ვერტიკალურ შეთანხმებად კლასიფიკაცია, და შესაბამის ბაზარზე შეთანხმების თითოეული მხარის საბაზრო წილი 10 პროცენტს არ აღემატება.
ამასთან, დასახელებული საგამონაკლისო წესი არ ვრცელდება ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებზე - კერძოდ, შესყიდვის ან გაყიდვის ფასის ან სხვა სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენასა და ბაზრების ან მიწოდების წყაროების მომხმარებლის, ტერიტორიული ან სხვა ნიშნით განაწილებაზე.
„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის წინაპირობების არსებობის დასადგენად მნიშვნელოვანია მხედველობაში იქნეს მიღებული მოპასუხე ეკონომიკურ აგენტებს შორის დადებული შეთანხმების ბუნება და კატეგორია. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე ეკონომიკურ აგენტებს შორის დადებულია კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმება, რომლითაც დადგინდა მაუწყებლობის ტრანზიტის უფლების გაყიდვის ფასი. შესაბამისად, სახეზეა „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეთანხმება გაყიდვის ფასის დადგენის (ფიქსირების) შესახებ. „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, ამგვარი შეთანხმების პირობებში არ გამოიყენება აღნიშნული დებულებით განსაზღვრული საგამონაკლისო წესი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ საქმეზე არ არსებობს მოპასუხე ეკონომიკური აგენტების მიერ დადებული შეთანხმების „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე კონკურენციის უმნიშვნელოდ შემზღუდვლად მიჩნევისა და ამავე კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული აკრძალვის გამოუყენებლობის სამართლებრივი საფუძველი.
6. კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების აკრძალვიდან გამონაკლისის არსებობა როგორც აღინიშნა, ეკონომიკურ აგენტებს შორის კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების ფაქტის დადასტურება არ არის საკმარისი საფუძველი მისი უკანონოდ მიჩნევისათვის. ამ თვალსაზრით მნიშვნელოვანია ასევე მხედველობაში იქნეს მიღებული „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მოთხოვნებიც.
„კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის დებულებები შეიძლება არ იქნეს გამოყენებული იმ შეთანხმების მიმართ, რომელიც ხელს უწყობს წარმოების ან/და მიწოდების გაუმჯობესებასა და ტექნიკურ-ეკონომიკურ პროგრესს, ამასთანავე, უზრუნველყოფს მომხმარებლის კეთილდღეობის ზრდას, თუ ეს დებულებები: ა) შეთანხმების მონაწილე ეკონომიკურ აგენტებს არ უწესებს ისეთ შეზღუდვას, რომელიც არ არის დაკავშირებული ზემოაღნიშნული მიზნების მიღწევასთან; ბ) შეთანხმების მონაწილე ეკონომიკურ აგენტებს საშუალებას არ აძლევს, აღკვეთონ კონკურენცია შესაბამისი ბაზრის მნიშვნელოვან ნაწილზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დასაბუთება ევალებათ შესაბამის ეკონომიკურ აგენტებს, ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გარემოებები − განსაკუთრებული პირობები, რომელთა გათვალისწინებითაც წესდება გამონაკლისები და რომლებიც დაკავშირებულია შეთანხმების კონკრეტულ სახესთან, დგინდება განსაზღვრული ვადით, საქართველოს მთავრობის შესაბამისი ნორმატიული აქტით, რომელშიც მითითებულია აღნიშნული ვადა და ის გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც დგინდება ეს გამონაკლისები. თავის მხრივ, განსაკუთრებული პირობები, რომელთა გათვალისწინებითაც წესდება გამონაკლისები და რომლებიც დაკავშირებულია შეთანხმების კონკრეტულ სახესთან, დგინდება განსაზღვრული ვადით, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №526 დადგენილებით დამტკიცებული „კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების აკრძალვიდან გამონაკლისების“ შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №526 დადგენილებით დამტკიცებული „კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების აკრძალვიდან გამონაკლისების“ მე-3 მუხლის თანახმად, ეს დადგენილება არ ვრცელდება და კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებების გამონაკლისისადმი მიკუთვნება დაუშვებელია, თუ განსახილველი შეთანხმება გულისხმობს მხარეთა შეთანხმებას: ა) შესყიდვის ან გაყიდვის ფასის ან სხვა სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენის (ფიქსირების) შესახებ; ბ) ბაზრების ან მიწოდების წყაროების მომხმარებლის, ტერიტორიული ან სხვა ნიშნით განაწილების შესახებ.
როგორც არაერთხელ აღინიშნა, განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე ეკონომიკურ აგენტებს შორის დადებულია კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმება, რომლითაც დადგინდა მაუწყებლობის ტრანზიტის უფლების გაყიდვის ფასი. შესაბამისად, სახეზეა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №526 დადგენილებით დამტკიცებული „კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების აკრძალვიდან გამონაკლისების“ მე-3 მუხლით გათვალისწინებული მხარეთა შეთანხმება გაყიდვის ფასის დადგენის (ფიქსირების) შესახებ, რომლის კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებების გამონაკლისისადმი მიკუთვნება - დაუშვებელია. აღნიშნულის გათვალისწინებით, სახეზე არ არის მოპასუხე ეკონომიკური აგენტების კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების აკრძალვიდან გამონაკლისებისადმი მიკუთვნების „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლით განსაზღვრული საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „მედია რაითს ჯორჯიას“, შპს „ტელეიმედის“, სს „მედია ჰოლდინგის“, შპს „მთავარი არხის“, შპს „ტელეკომპანია პირველის“, შპს „პოსტვ-ის“ და შპს „ფორმულას“ შორის 2021 წლის 1 ივნისის „ფასიანი ტრანზიტის მართვის უფლების ნასყიდობის შესახებ“ ხელშეკრულება განეკუთვნება „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კონკურენციის შემზღუდველ შეთანხმებას - გაყიდვის ფასის დადგენა (ფიქსირება).შესაბამისად, მხარეებმა მისი დადებით დაარღვიეს აღნიშნული საკანონმდებლო ნორმის მოთხოვნა.
7. ფასილიტატორის როლი როგორც აღინიშნა, მოპასუხე მაუწყებლებთან ერთად, შეთანხმების მონაწილეა შპს „მედია რაითს ჯორჯია“. შპს „მედია რაითს ჯორჯია“ უშუალოდ არ ახორციელებს საქმიანობას მაუწყებლობის სექტორში, არ არის მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს ავტორიზებული პირი, ასევე არ არის არც მომჩივანი ელექტრონული კომუნიკაციების ოპერატორი და არც მოპასუხე მაუწყებლების კონკურენტი ეკონომიკური აგენტი. აღნიშნულის მიუხედავად, უნდა აღინიშნოს, რომ „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლი კრძალავს კონკურენციის შემზღუდველ შეთანხმებებს, მათში მონაწილეობას და აღნიშნული აკრძალვა არ შემოიფარგლება მათ მხოლოდ კონკურენტებს ან პოტენციურ კონკურენტებს შორის შეთანხმებებით. იმისათვის, რომ პირს „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევა შეერაცხოს, არ არის აუცილებელი, რომ მხარე იყოს შეთანხმების მონაწილეთა კონკურენტი, მათი ბაზრის შესატყვისი საბითუმო ან საცალო ბაზრების ან მჭიდროდ დაკავშირებული ბაზრის მონაწილე. შესაძლებელია „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული დარღვევის მონაწილე ასევე იყოს ნებისმიერი პირი, რომელიც საკუთარი პასუხისმგებლობით მონაწილეობს შეთანხმებაში, აქტიურ ფასილიტაციას/კოორდინაციას უწევს შეთანხმებას და ამისათვის იღებს შესაბამის ანაზღაურებას.
განსახილველ საქმეზე წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებთ დგინდება, რომ შპს „მედია რაითს ჯორჯია“ ახორციელებს მნიშვნელოვან როლს კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების დაგეგმვის, ფასილიტაციისა და აღსრულების პროცესში. იგი უზრუნველყოფს მაუწყებლების მიერ მაუწყებლობის ტრანზიტის ფასზე შეთანხმების კოორდინაციას, ტრანზიტორებთან დაკავშირებას, ხელშეკრულების დადებას, ტრანზიტორებისგან შესაბამისი ანაზღაურების მოთხოვნას და მიღებას, შეთანხმების მონაწილე მაუწყებლებს შორის განაწილებას და ა.შ. 2021 წლის 1 ივნისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სქემის მიხედვით, აღნიშნული ფასილიტაციის სანაცვლოდ შპს „მედია რაითს ჯორჯია“ ასევე მიიღებდა შესაბამის ანაზღაურებას. შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ გაცნობიერებული ჰქონდა, მხარეთა შეთანხმების თითოეული ასპექტი. აქედან გამომდინარე, მას გაცნობიერებული ჰქონდა, რომ აქტიურ ფასილიტაციას უწევდა და მონაწილეობდა კონკურენტ ეკონომიკურ აგენტებს შორის დადებულ კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმებაში, რომელიც შეეხებოდა მაუწყებლობის ტრანზიტის ერთობლივი ფასის განსაზღვრას და რომელიც კვალიფიცირდება, როგორც გაყიდვის ფასების დადგენა (ფიქსირება). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მაუწყებელ ეკონომიკურ აგენტებთან ერთად, „კონკურენციის შესახებ" საქართველოსკანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული დარღვევა ასევე ჩაიდინა შპს „მედია რაითს ჯორჯიამ“.
8. პასუხისმგებლობა
„კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლისა და ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, კომისია ეკონომიკურ აგენტთან მიმართებით უფლებამოსილია ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში, დააკისროს შესაბამისი ჯარიმა ამ კანონის 33-ე მუხლის შესაბამისად.
თავის მხრივ „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-6 ან მე-7 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მხარეს დაეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის განმავლობაში, მისი წლიური ბრუნვის 5%-ს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლით განსაზღვრული ჯარიმის ოდენობის დადგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შესაბამისი დარღვევით გამოწვეული ზიანი, დარღვევის ხანგრძლივობა და სიმძიმე.
კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის აღსრულების მარეგულირებელი წესის“ 34-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს დასაბუთებულ ინფორმაციას ჯარიმის ოდენობის და მისი გამოთვლის წესის შესახებ. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით კი, ჯარიმის ოდენობის გამოთვლა ხორციელდება კომისიის მიერ შემუშავებული ჯარიმების ოდენობის დადგენის სახელმძღვანელო პრინციპების საფუძველზე. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის 15 ოქტომბრის №47 სხდომაზე საოქმო გადაწყვეტილებით დამტკიცდა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე დასაკისრებელი ჯარიმების ოდენობის დადგენის სახელმძღვანელო პრინციპები (შემდგომში: „სახელმძღვანელო პრინციპები“). აღნიშნული სახელმძღვანელო პრინციპების მე-3 მუხლის მიხედვით კი, ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის პროცესში კომისია მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის დასაცავად და ითვალისწინებს მხარეთა ინტერესებს. კერძოდ, უზრუნველყოფს, რომ მის მიერ გამოყენებული ჯარიმა იყოს სამართლიანი, პროპორციული და პრევენციული ხასიათის.
კომისიის მიერ შესწავლილი, როგორც ეროვნული, ისე - საერთაშორისო პრაქტიკა მიუთითებს, რომ ცალკეულ შემთხვევებში, კონკურენციის სამართლის აღმასრულებელიორგანოები თავს იკავებენ მკაცრი ფინანსური სანქციის გამოყენებისაგან და შემოიფარგლებიან სიმბოლური ჯარიმებით (mutatis mutandis იხ. საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 14 ივლისის N-81 ბრძანებით დამტკიცებული გადაწყვეტილება „სსიპ - კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 12 ნოემბრის N14 ბრძანების შესაბამისად დაწყებული საქმის მოკვლევის ფარგლებში საავტომობილო საწვავის (ბენზინი/დიზელი) ბაზარზე გამოვლენილი სამართალდარღვევების თაობაზე („კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტზე)"- ფრენშაიზინგის „პასიური მონაწილეების მიმართ“ გამოყენებული სიმბოლური ჯარიმა - 200 ლარის ოდენობით; ევროკომისიის 2001 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Case 36.915 Deutsche Post II - დომინანტური მდოგმარეობის ბოროტად გამოყენებისთვის დაკისრებული სიმბოლური ჯარიმა 1,000 ევროს ოდენობით). გარდა ამისა, ევროკომისიის მიერ სიმბოლური ჯარიმის გამოყენების უფლებამოსილების თაობაზე პირდაპირ არის აღნიშნული (EC) No 1/2003 სახელმძღვანელო მითითებების 36-ე მუხლში. ანალოგიურად, კომისია მიიჩნევს, რომ „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის 33-ე მუხლისა და სახელმძღვანელო პრინციპების გათვალისწინებით, საგამონაკლისო შემთხვევებში, მნიშვნელოვანი შემამსუბუქებელი გარემოებების არსებობის პირობებში, იგი უფლებამოსილია შემოიფარგლოს სიმბოლური ფინანსური ჯარიმით.
განსახილველ შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობის ზოგადი საზღვრები დგინდება „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით და შესაძლებელია შეადგენდეს წინა ფინანსური წლის განმავლობაში დამრღვევი პირის წლიური ბრუნვის 5%-მდე ოდენობას. რაც შეეხება ინდივიდუალური ზღვრების დადგენას, სახელმძღვანელო პრინციპების 5.2 მუხლის თანახმად, აუცილებელია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ერთობლიობაში შეფასდეს კანონდარღვევის სიმძიმე, ხანგრძლივობა და დარღვევით გამოწვეული ზიანი, დამამძიმებელი ან/და შემამსუბუქებელი გარემოებები.
მოპასუხე ეკონომიკური აგენტების მიერ ჩადენილია „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთ ყველაზე მძიმე სამართალდარღვევა - გაყიდვის ფასის დადგენა (ფიქსირება), ამასთანავე, ბუნებრივია, დარღვევა - კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმება ჩადენილია ჯგუფურად და მიმდინარეობდა საკმაოდ ხანგრძლივად - კერძოდ, დაიწყო 2021 წლის 1 ივნისს და გრძელდება წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის. ამ თვალსაზრისით უნდა აღინიშნოს, რომ დარღვევა შეთანხმებაა და არა მისი იმპლემენტაცია. შესაბამისად, დარღვევა ჩადენილად მიიჩნევა, იმის მიუხედავად, აღასრულეს თუ არა პრაქტიკაში მხარეებმა მაუწყებლობის ტრანზიტის უფლების მართვის ურთიერთშეთანხმებული სქემა. ზოგადად, ჰორიზონტალური შეთანხმება, რომელიც ფასებს ეხება, მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ბაზრის კონკურენტუნარიანობას, მნიშვნელოვნად აფერხებს ჯანსაღი კონკურენციის შესაძლებლობას და სერიოზულად აზარალებს როგორც ბაზრის მონაწილეებს, ისე - მომხმარებლებს. შესაბამისად, უდავოა, რომ მოპასუხე ეკონომიკურ აგენტებს უაღრესად მძიმე სამართალდარღვევა აქვთ ჩადენილი.
ამავდროულად, კომისია მიიჩნევს, რომ მიმდინარე საქმეზე სახეზეა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი არაერთი გარემოება. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ წინამდებარე გადაწყვეტილება პრეცედენტულია და „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისიის მიღებული პირველი გადაწყვეტილებაა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ამ მომენტამდე კომისიას ამ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია, ქვეყანაში არ არის სათანადოდ დამკვიდრებული და განმარტებული კონკურენციის სამართლის ცალკეული დებულების მოთხოვნები, სტანდარტები და პრინციპები, აგრეთვე - მათი სპეციფიკა ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში.
აუცილებელია ინდუსტრიის წარმომადგენლებს მიეცეთ შესაძლებლობა, უკეთ გაეცნონ კომისიის ხედვას იმის შესახებ, თუ როგორ განმარტავს კომისია სააგენტოსთან თანამშრომლობით „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის ცალკეულ დებულებებს და როგორი ურთიერთმიმართება არსებობს, ერთი მხრივ, კონკურენციის სამართალსა და, მეორე მხრივ, მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროების მომწესრიგებელ სპეციალურ კანონმდებლობას შორის. ამ თვალსაზრისით ყურადსაღებია ის გარემოება, რომ განსახილველ ურთიერთობაზე - მაუწყებლობის ტრანზიტზე ერთდროულად ვრცელდება როგორც „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის, ისე - „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნები, ხოლო წინამდებარე გადაწყვეტილება იქნება პირველი სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს კომისიისა და სააგენტოს ერთიან ხედვას, იმასთან დაკავშირებით, რომ საკითხის მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს მომწესრიგებელი სპეციალური ნორმებით რეგულირება არ გამორიცხავს მასზე „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების გავრცელებას.
სამართლებრივი უსაფრთხოებისა და განსაზღვრულობის პრინციპები მოითხოვს, რომ დაინტერესებული პირებისათვის მაქსიმალურად განჭვრეტადი იყოს კანონმდებლობის მოთხოვნები და მისი დარღვევის სამართლებრივი შედეგები. აღნიშნული მიზნის მისაღწევად მიზანშეწონილია კანონით გათვალისწინებული სანქციების აღსრულების პროცესი მოხდეს ეტაპობრივად, ნაკლებად მკაცრად და დაინტერესებული მხარეებისთვის კანონის მოთხოვნების განმარტების პარალელურად. ამგვარ მიდგომას აქტიურად იყენებს კომისია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონისა და „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის აღსრულების პროცესში (mutatis mutandis კომისიის გადაწყვეტილება „შპს „მთავარი არხის“ სამართალდამრღვევად ცნობის და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე“ № გ-21-18 /22,28.01.2021).
ამასთან, მოპასუხე ეკონომიკური აგენტებისთვის კარგად იყო ცნობილი კომისიის ხედვა იმასთან დაკავშირებით, რომ მათი ერთობლივი მოქმედება არ ეწინააღმდეგებოდა „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის ნორმებს. აღნიშნულის თაობაზე დეტალურად არის მითითებული კომისიის თავმჯდომარის 2017 წლის 28 სექტემბრის წერილში (კომისიის თავმჯდომარის წერილი (№ 03/3236-17, 28.09.2017), სადაც შეფასდა მაუწყებლების მიერ ტრანზიტის საფასურის ერთობლივად დადგენის შესაბამისობა „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის იმ დებულებებთან, რომლებიც განსაზღვრავდა კონკურენციასთან დაკავშირებულ საკითხებს. აღნიშნულ წერილში მითითებულია, რომ მაუწყებლების მიერ მაუწყებლობის ტრანზიტის ერთიანი, ინტეგრირებული ტარიფის შემოღებით არ ირღვეოდა „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნები. ამ თვალსაზრისით, შესაძლებელია, მაუწყებლებს გაუჩნდათ მოლოდინი, რომ მათი ქმედება სრულად კანონიერი იქნებოდა და ისინი მხედველობაში აღარ იღებდნენ იმ გარემოებას, რომ ამ ურთიერთობაზე სრული მოცულობით ვრცელდება კონკურენციის სამართლის მოთხოვნები.
ცხადია, 2020 წელს „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ ჩამოყალიბებული სამართლებრივი რეალობის ფარგლებში მაუწყებლები ვალდებული იყვნენ და არიან იმოქმედონ „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის, აღნიშნული კანონის მე-7 მუხლის მოთხოვნათა დაცვით. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ კომისიის თავმჯდომარის 2017 წლის 28 სექტემბრის წერილი (კომისიის თავმჯდომარის წერილი (№ 03/3236-17, 28.09.2017), არ გამორიცხავს მაუწყებლების პასუხისმგებლობას „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევის გამო. აღნიშნული გარემოების თაობაზე დეტალურად არის განმარტებული როგორც წინამდებარე გადაწყვეტილებაში, ისე - „სს „სილქნეტის“, შპს
„მაგთიკომის“, შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ საჩივრების დასაშვებად ცნობისა და შპს „მედია რაითს ჯორჯიას“, შპს „ტელეიმედის“, სს „მედია ჰოლდინგის“, შპს „მთავარი არხის“, შპს „ტელეკომპანია პირველის“, შპს „პოსტვ-ის“ და შპს „ფორმულას“ მიმართ საქმის მოკვლევის დაწყების შესახებ“ კომისიის 2021 წლის 30 სექტემბრის გ-21-16/545 გადაწყვეტილებაში. ამავდროულად, პასუხისმგებლობის სიმკაცრის განსაზღვრისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შექმნილი სამართლებრივი მდგომარეობა და მოპასუხე ეკონომიკური აგენტების მოლოდინი, რომ მათი ქმედება „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისი იყო. მოპასუხე ეკონომიკური აგენტების ამგვარ მოლოდინზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ მათ დაუფარავად მიაწოდეს კომისიას ხელშეკრულება და ინფორმაცია, რომელიც ცხადად ადასტურებდა მათ მიერ მაუწყებლობის ტრანზიტის ფასზე შეთანხმებას (ფასის ფიქსირებას). ამავდროულად, მოპასუხე ეკონომიკური აგენტების მიმართ ლოიალური დამოკიდებულება და ნაკლებად მკაცრი სანქციის გამოყენება ვერ შეასუსტებს სასჯელის პრევენციულ ხასიათს. მოპასუხე ეკონომიკურ აგენტებს არ უნდა ჰქონდეთ მოლოდინი, რომ მათ მიერ დარღვევის გაგრძელების ან გამეორების შემთხვევაში კომისია კვლავ ლმობიერი იქნება და არ გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ მკაცრ სანქციას, რომელიც შესაძლოა, განისაზღვროს შესაბამისი ეკონომიკური აგენტის წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 10%-მდე ოდენობით, ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებაში მოცემული განმარტებები ნათელს ჰფენს მათი ქმედების მართლწინააღმდეგობას. გარდა ამისა, წინამდებარე გადაწყვეტილებით დადგენილი სტანდარტის მიხედვით, ნაკლებად მკაცრი, სიმბოლური ფინანსური ჯარიმის გამოყენება, შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ უკიდურეს, საგამონაკლისო შემთხვევებში, შესაბამისი გარემოებების არსებობის პირობებში. აქედან გამომდინარე, ელექტრონული კომუნიკაციებისა და მედია მომსახურებების ბაზრის სხვა მონაწილეებს ვერ ექნებათ მყარი მოლოდინი, რომ კომისია ყოველთვის ლმობიერი დამოკიდებულებას გამოიჩენს და სიმბოლურ ჯარიმას გამოიყენებს. დადგენილი სტანდარტით სიმბოლური ჯარიმის გამოყენება და ლმობიერი სასანქციო მიდგომა ყოველთვის დამოკიდებულია ინდივიდუალურ ფაქტობრივ გარემოებებზე და ცალკეულ შემთხვევაში, მისი შეფასება კომისიის დისკრეციული უფლებამოსილებაა. შესაბამისად, საგამონაკლისო შემთხვევებში სიმბოლური ჯარიმის გამოყენება ვერ შეასუსტებს სასჯელის ზოგად და სპეციალურ პრევენციულ ფუნქციას და კონკურენციის სამართლის აღსრულების ეფექტიანობას, როგორც მოპასუხე ეკონომიკური აგენტების, ისე - ბაზრის სხვა მონაწილეების მიმართ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია მიიჩნევს, რომ მოპასუხე ეკონომიკური აგენტების მიერ ჩადენილი დარღვევის სიმძიმის მიუხედავად, სამართლებრივი უსაფრთხოებისა და კარგი მმართველობის პრინციპების, წინამდებარე გადაწყვეტილების პრეცედენტულობის, ინდუსტრიისთვის განჭვრეტადი პრაქტიკის მკაცრი სანქცირების გარეშე დანერგვის საჭიროების გათვალისწინებით, წინამდებარე საქმეზე უნდა იქნეს გამოყენებული სიმბოლური ფინანსური ჯარიმა.
შესაბამისად, შპს „ტელეიმედს“, სს „მედია ჰოლდინგს“, შპს „მთავარი არხს“, შპს „ტელეკომპანია პირველს“, შპს „პოსტვ-ის“ და შპს „ფორმულას“ უნდა დაეკისროთ სიმბოლური ჯარიმა თითოეულს 100 ლარის ოდენობით, ხოლო შპს „მედია რაითს ჯორჯიას“, გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიას 2022 წლის განმავლობაში არ უფიქსირდება შემოსავლები, მისთვის დაკისრებული ჯარიმა განისაზღვროს 0 ლარით.
9. ქმედების დავალდებულება
მომჩივანები ითხოვენ კომისიამ ბათილად ცნოს მოპასუხე ეკონომიკურ აგენტებს შორის დადებული ხელშეკრულება. უნდა აღინიშნოს, რომ კომისიას არც „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის, არც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის და არც სხვა საკანონმდებლო აქტის საფუძველზე არ აქვს მინიჭებული მხარეთა მიერ დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის უფლებამოსილება. ხელშეკრულების ბათილად ცნობის უფლებამოსილება გააჩნია სასამართლოს. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით, მომჩივანების მოთხოვნა არ უნდა დაკმყოფილდეს. ამავდროულად, „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის საფუძველზე, კომისია უფლებამოსილია მოპასუხე ეკონომიკურ აგენტებს მოსთხოვოს განხორციელებული ქმედების „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
წინამდებარე გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მოპასუხე ეკონომიკური აგენტებს შორის დადებული 2021 წლის 1 ივნისის ხელშეკრულება განეკუთვნება კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმებებს და ეწინააღმდეგება „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მოთხოვნებს. შესაბამისად, მოპასუხე ეკონომიკურმა აგენტებმა უნდა უზრუნველყონ აღნიშნული ხელშეკრულების გაუქმება წინამდებარე გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში. გარდა ამისა, მოპასუხე ეკონომიკურმა აგენტებმა არ უნდა განახორციელონ არცერთ ქმედება, რომელიც რაიმე ფორმით ემსახურება 2021 წლის 1 ივნისის ხელშეკრულების აღსრულებას.
10. მაუწყებლობის ფასიანი ტრანზიტის განხორციელების კანონიერი შესაძლებლობა როგორც აღინიშნა, შპს „მედია რაითს ჯორჯიას“, შპს „ტელეიმედის“, სს „მედია ჰოლდინგის“, შპს „მთავარი არხის“, შპს „ტელეკომპანია პირველის“, შპს „პოსტვ-ის“ და შპს „ფორმულას“ შორის 2021 წლის 1 ივნისის „ფასიანი ტრანზიტის მართვის უფლების ნასყიდობის შესახებ“ ხელშეკრულების დადებით მხარეებმა დაარღვიეს „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნა. შესაბამისად, უკანონოა ხსენებული ხელშეკრულებით განსაზღვრული სქემით მაუწყებლობის ტრანზიტისთვის ანაზღაურების მოთხოვნა. აღნიშნულის მიუხედავად, კომისია არ გამორიცხავს მაუწყებლების შესაძლებლობას, მოახდინონ მაუწყებლობის ტრანზიტის უფლების მონეტიზება, ინდივიდუალურად (კონკურენტი მაუწყებლებისგან დამოუკიდებლად) მოითხოვონ სათანადო ანაზღაურება ტრანზიტორებისგან და ფასიანი სამაუწყებლო ტრანზიტის გზით მიიღონ შემოსავალი. აუცილებელია, აღნიშნული ეკონომიკური ქმედება განხორციელდეს კანონმდებლობის, მათ შორის, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონისა და „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების სრული დაცვით და ბაზრის მონაწილეებმა გაითვალისწინონ ურთიერთობის მომწესრიგებელი საკანონმდებლო ჩარჩო.
უპირველეს ყოვლისა, ურთიერთობა მოწესრიგებულია მაუწყებლობის სფეროს მომწესრიგებელი სპეციალური კანონმდებლობით. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მაუწყებლობის ტრანზიტი მიეკუთვნება ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებებს და ექვემდებარება სპეციალურ რეგულირებას. კერძოდ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ45“ ქვეპუნქტით მაუწყებლობის ტრანზიტი განმარტებულია როგორც „ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე ან რადიო არხის უცვლელი სახით (ტელე- ან რადიო პროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის
ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე- ან რადიოარხის ტრანზიტი“.
ამავდროულად, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონი ითვალისწინებს ცალკეული მაუწყებლების უფასო ტრანზიტის ვალდებულებას მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირებისათვის („სავალდებულო ტრანზიტი“ – “Must Carry”).
„მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 401 მუხლის პირველი პუნქტი%8
