წვდომის მენიუ

შპს „მაგთიკომისთვის“ მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: გ-24-1 / 471

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 22, 2024 15:51

მიღების თარიღი ოქტომბერი 22, 2024

შპს „მაგთიკომისთვის“ მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს,  რომ მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კომისიის 2024 წლის 20   სექტემბრის №გ-24-8/396 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №11 (ცალკე მდგომი) აუქციონში, კომისიის 2024 წლის 22 ოქტომბრის №გ-24-8/471 გადაწყვეტილების შესაბამისად, გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „მაგთიკომი“   (ს/კ204876606).

ამავე გადაწყვეტილებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის, „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ და კომისიის 2024 წლის 20 სექტემბრის  №გ-24-8/396 გადაწყვეტილების შესაბამისად შპს „მაგთიკომს“ განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 7 699 272 (შვიდი მილიონ ექვსასოთხმოცდაცხრამეტი ათას ორასსამოცდათორმეტი) ლარის 30%-ს - 2 309 781.60 (ორი მილიონ სამასცხრა ათას შვიდასოთხმოცდაერთი  ლარი  და სამოცი თეთრი) ლარს    გამოკლებული ბეს სახით  გადახდილი 586 612 (ხუთასოთხმოცდაექვსი ათას ექვსასთორმეტი) ლარი ანუ  - 1 723 169.60 (ერთი მილიონ  შვიდასოცდასამი  ათას  ასსამოცდაცხრა  ლარი  და  სამოცი თეთრი) ლარის  ერთი  თვის  ვადაში საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომის“ მიერ 2024 წლის 22 ოქტომბერს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილ იქნა 1 723 169.60 (ერთი მილიონ შვიდასოცდასამი ათას ასსამოცდაცხრა ლარი და სამოცი თეთრი) ლარი და გადახდის დამადასტურებელი საბუთი წარმოდგენილ იქნა კომისიაში იმავე დღეს. (წერილის კომისიაში რეგისტრაციის №შ-24-6/4614).

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-7  მუხლის  მე-5 პუნქტის თანახმად კომისია ვალდებულია 3 სამუშაო დღით ადრე გამოაქვეყნოს ინფორმაცია მომავალი სხდომის,  მისი  ჩატარების  ადგილის, დროისა და  დღის  წესრიგის თაობაზე, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას – აგრეთვე სხდომის დახურვის შესახებ. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად  გადაუდებელი აუცილებლობისას კომისია უფლებამოსილია ჩაატაროს სხდომა ამ მუხლის მე-5  პუნქტით  გათვალისწინებული  წესების  დაუცველად.  ამ  შემთხვევაში კომისია ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოაქვეყნოს ინფორმაცია სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას – აგრეთვე სხდომის დახურვის შესახებ.

გამომდინარე იქიდან, რომ შპს “მაგთიკომმა” 22 ოქტომბრის სააუქციონო სხდომაზე თხოვნით მიმართა კომისიას იმავე დღეს გაეცა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიები იმ სიხშირულ რესურსზე რომელ აუქციონებშიც კომპანია გამოცხადდა გამარჯვებულად, ვინაიდან გეგმავს უახლოეს პერიოდში მიაწოდოს მომხმარებელს 5G სერვისები, აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესების გათვალისწინებით, კომისიამ ახალი ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით 2024 წლის 22 ოქტომბერს გამოაქვეყნა კომისიის №55 დღის წესრიგის პროექტი, რომელშიც შეტანილ იქნა  შპს „მაგთიკომისთვის“ მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის სამი საკითხი და სხდომა აღნიშნული საკითხის განხილვის მიზნით გაიმართა 2024 წლის 22 ოქტომბერს 15:00 საათზე.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ მე-51 მუხლის მე-19 პუნქტის თანახმად აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე კომისია გადაწყვეტილებას იღებს რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი  დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ. დარჩენილი ნაწილის გადახდა კი უნდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში აუქციონში გამარჯვებული პირისათვის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით, რა დროსაც ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველი მორიგი გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან  2  სამუშაო დღის ვადაში.

კომისიის 2024 წლის 22 ოქტომბრის სხდომაზე კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ საფასურის დარჩენილი ნაწილის გადახდა განხორციელდეს 12 თვის განმავლობაში 2024 წლის ნოემბრიდან 2025 წლის ოქტომბრის ჩათვლით, წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის, 472-ე მუხლის მე-2 პუნქტის, კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13  დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ და კომისიის 2024 წლის 22 ოქტომბრის №გ-24-8/471 გადაწყვეტილების შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მიეცეს შპს „მაგთიკომს“ (ს/კ 204876606) მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F114 ლიცენზია და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 20 მჰც (2X10 მჰც) სიხშირული რესურსი, 2520-2530 მჰც (Up-link) და 2640-2650 მჰც (Down-link) რესურსის ფარგლებში;

ბ) გეოგრაფიული არეალი:  საქართველო;

გ) ლიცენზიის  მოქმედების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 15 წელი;

დ) ტექნიკური პირობები: იხ. დანართი 1

ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:

ე.ა) უზრუნველყოს რადიოსიხშირული რესურსის წინამდებარე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის

დ) ქვეპუნქტით განსაზღვრული ტექნიკური პირობების შესაბამისად გამოყენება; 2600მჰც სიხშირულ დიაპაზონში გაცემული ლიცენზიების განსაზღვრული ვალდებულებების ფარგლებში აგებული ქსელები უნდა აკმაყოფილებდეს 5G მომსახურებების მოთხოვნებს, როგორიც განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 იანვრის №60 განკარგულებით დამტკიცებულ „საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020-2025 წლების ეროვნული სტრატეგიასა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმაში“.   ქსელის შესაბამისი ფუნქციონალური კომპონენტები უნდა იყოს აგებული და დროის ნებისმიერ მომენტში ფუნქციონირებდეს  მხოლოდ იმ ტექნიკური გადაწყვეტების საფუძველზე,  რომლებიც ქსელის აგების არქიტექტურის გათვალისწინებით აკმაყოფილებს ITU-R M.2083 და ITU-R M.2410-0 ჩამოყალიბებულ რეკომენდაციებს მომსახურებების მიმართ ან აკმაყოფილებს ITU-ს მიერ ჩამოყალიბებულ რეკომენდაციებს შემდეგი თაობის IMT ტექნოლოგიების მიმართ. ქსელის აგებისას და ფუნქციონირებისას ასევე უნდა იყოს გათვალისწინებული მხოლოდ ის (ტექნიკური) გადაწყვეტები, რომლებსაც აქვს საშუალება ჰქონდეს არანაკლებ 30 მჰც-მდე სიგანის მზიდი სიხშირის ზოლი აგრეგაციის გარეშე (2600 დიაპაზონისთვის);

ე.ბ) საერთაშორისო კოორდინაციის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, შეასრულოს ECC Recommendation (11)05-ით განსაზღვრული პირობები ასევე კომისიის მიერ მეზობელ ქვეყნებთან საზღვრისპირა ტერიტორიაზე რადიოსიხშირული სპექტრის კოორდინაციის შესახებ გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულებების პირობები ან საერთაშორისო გაერთიანებების მიერ კოორდინაციასთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფოს მიერ აღიარებული სხვა ნებისმიერი რეკომენდაცია/გადაწყვეტილება. დამატებით მიაწოდოს კომისიას ინფორმაცია იმ სადგურების შესახებ, რომელიც განთავსდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 30 კმ-ზე ნაკლებ მანძილზე. 2570 –2620მჰც დიაპაზონში, შეუფერხებლად ფუნქციონირებისთვის აუცილებელია ამ დიაპაზონში უკვე არსებულ ოპერატორთან „დროითი სინქრონიზაციის“ უზრუნველყოფა, საჭიროების შემთხვევაში მოდიფიცირება უნდა განხორციელდეს მოცემულ დიაპაზონში სიხშირული რესურსის მფლობელ ოპერატორ(ებ)თან და კომისიასთან შეთანხმებით;

ე.გ) დაიცვას ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

ვ) შპს „მაგთიკომმა“ უზრუნველყოს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის№F114 ლიცენზიისათვის განსაზღვრული ამოწურვადი   რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის - 5 389 490.40 (ხუთი მილიონ სამასოთხმოცდაცხრა ათას ოთხასოთხმოცდაათი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტებისა  და გრაფიკის  მიხედვით:

მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში-ა/ა-N200122900 ბანკი: სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი: TRESGE22

საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი: N300773402

449.124.20 ლარი - 2024 წლის 22 ნოემბრამდე;

449.124.20 ლარი - 2024 წლის 22 დეკემბრამდე;

449.124.20 ლარი - 2025 წლის 22 იანვრამდე;

449.124.20 ლარი - 2025 წლის 22 თებერვლამდე;

449.124.20 ლარი - 2025 წლის 22 მარტამდე;

449.124.20 ლარი - 2025 წლის 22 აპრილამდე;

449.124.20 ლარი - 2025 წლის 22 მაისამდე;

449.124.20 ლარი - 2025 წლის 22 ივნისამდე;

449.124.20 ლარი - 2025 წლის 22 ივლისამდე;

449.124.20 ლარი - 2025 წლის 22 აგვისტომდე;

449.124.20 ლარი - 2025 წლის 22 სექტემბრამდე;

449.124.20 ლარი - 2025 წლის 22 ოქტომბრამდე;

ზ) შპს „მაგთიკომმა“ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თანხების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 2 სამუშაო დღის ვადაში;

თ) ლიცენზიის მოქმედების მთელი პერიოდის ვადაში კომისიის 2024 წლის 18 ოქტომბრის №გ-24-8/454 გადაწყვეტილების საფუძველზე (რომლითაც შპს „მაგთიკომი“ გამარჯვებულად გამოვლინდა კომისიის კომისიის 2024 წლის 20 სექტემბრის  №გ-24-8/396 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №1 აუქციონში) გაცემული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F110 ლიცენზიის გაუქმება (გარდა ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვისა) გამოიწვევს წინამდებარე ლიცენზიის (რომელიც გაცემულია კომისიის 2024 წლის 22 ოქტომბრის №გ-23-8/471 გადაწყვეტილების საფუძველზე და რომლითაც შპს „მაგთიკომი“ გამარჯვებულად გამოვლინდა კომისიის 2024 წლის  20  სექტემბრის №გ-24-8/396 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №11 (ცალკემდგომ) აუქციონში) გაუქმებას;

შენიშვნა: ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია მისი მოთხოვნის შემთხვევაში, შეინარჩუნოს კომისიის 2024 წლის 20 სექტემბრის №გ-24-8/396 გადაწყვეტილებით  გამოცხადებული №3-№21 აუქციონების საფუძველზე გაცემული ლიცენზია/ლიცენზიები, თუ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F110 ლიცენზიით გათვალისწინებული ვალდებულებები გადავა კომისიის 2024 წლის 20 სექტემბრის №გ-24-8/396 გადაწყვეტილებით გამოცხადებული №3-№21 აუქციონების საფუძველზე გაცემული ლიცენზია/ლიცენზიებში და მოხდება ლიცენზი(ებ)ის მოდიფიცირება.

2. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ნ. ლორთქიფანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო  მაცნეში“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა;

გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე) და შპს „მაგთიკომისთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

5. წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი №1 ცნობილ იქნას გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;

6. გადაწყვეტილება  შეიძლება  გასაჩივრდეს  ქ.  თბილისის  საქალაქო  სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს „მაგთიკომისთვის” ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის  „ა“,  „ბ“,  „დ“  და  „ე“  ქვეპუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა.ქარუმიძე);

8. კონტროლი აღნიშნულ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფს (ნ. დევდარიანი);

9. კონტროლი აღნიშნულ გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“, “ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებისა და მე-3 პუნქტისა) დაევალოს იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური           თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე       წევრი

ივანე მახარაძე           წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები