შპს „კორტესი-გიდაგოს“ და ააიპ „საქართველოს სპორტული მედიის განვითარების ფონდის“ ერთობლივი განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 01, 2024 19:03
მიღების თარიღი თებერვალი 22, 2024
შპს „კორტესი-გიდაგოს“ და ააიპ „საქართველოს სპორტული მედიის განვითარების ფონდის“ ერთობლივი განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ
I. აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში„კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას ერთობლივი განცხადებით მიმართა შპს „კორტესი-გიდაგომ“ (ს/ნ204907985) და ააიპ„საქართველოს სპორტული მედიის განვითარების ფონდმა“ (ს/ნ404698403) (კომისიაში რეგისტრაციის №შ-23-7/4360,29.12.2023) შპს „კორტესი-გიდაგოს“ მფლობელობაში არსებული კერძო რადიომაუწყებლობის №B7 ლიცენზიის ააიპ „საქართველოს სპორტულინ მედიის განვითარების ფონდისთვის“ გადაცემის მიზნით, კომისიისგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით. განცხადებასთან ერთად წარმოდგენილია ააიპ „საქართველოს სპორტული მედიის განვითარების ფონდის“ მიერ შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია.
II. სამოტივაციო ნაწილი
2. კომისია აღნიშნავს რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-5 ნაწილების შესაბამისად თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის დაწესებული ვადა არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია განმცხადებლის მოთხოვნით მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 15 დღით, გააგრძელოს დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის ვადა. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
3. კომისიამ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების საფუძველზე შპს „კორტესი-გიდაგოს“ განუსაზღვრა 10 სამუშაო დღის ვადა (წერილი№გ-24-03/339, 06.02.2024წ.) რათა კომპანიას წარმოედგინა ნოტარიულად დამოწმებული პარტნიორთა თანხმობა (კრების ოქმი) კერძო რადიომაუწყებლობის№B7 ლიცენზიის ააიპ „საქართველოს სპორტული მედიის განვითარების ფონდისთვის“ (ს/კ 404698403) გადაცემაზე და ცნობა შემოსავლების სამსახურიდან კომპანიის ფინანსური მდგომარეობის თაობაზე. შპს „კორტესი- გიდაგოს“ მოთხოვნილი დოკუმენტაცია კომისიაში დღემდე არ წარმოუდგენია.
4. კომისიის 2024 წლის 22 თებერვლის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს „კორტესი-გიდაგოს“ წარმომადგენელი მიხეილ ტარახჩევი აღინიშნა რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
III. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და VII თავის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. განუხილველად დარჩეს შპს „კორტესი-გიდაგოს“ (ს/ნ 204907985) და ააიპ „საქართველოს სპორტული მედიის განვითარების ფონდის“ (ს/ნ 404698403) 2023 წლის 29 დეკემბრის №შ-23-7/4360 ერთობლივი განცხადება, შპს „კორტესი-გიდაგოს“ მფლობელობაში არსებული კერძო რადიომაუწყებლობის №B7 ლიცენზიის ააიპ „საქართველოს სპორტული მედიის განვითარების ფონდისთვის“ გადაცემის მიზნით, კომისიისგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნის შესახებ;
2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ):
ა)აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „კორტესი-გიდაგოსთვის“ და ააიპ„საქართველოს სპორტული მედიის განვითარების ფონდისთვის“ გაგზავნა;
ბ)აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს „კორტესი-გიდაგოსთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებისთანავე;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე–2 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
