სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წინააღმდეგ შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის“ საჩივრის განხილვის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: გ-24-16 / 125

გამოქვეყნების თარიღი მარტი 18, 2024 12:24

მიღების თარიღი მარტი 14, 2024

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წინააღმდეგ შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის“ საჩივრის განხილვის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

მომჩივანი: შპს ,,საქართველოს ტელერადიოცენტრი“

მოპასუხე: სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებელი“

დავის საგანი: შპს ,,საქართველოს ტელერადიოცენტრის“ მიერ სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ციფრულ მიწისზედა  სატელევიზო  ქსელის  მომსახურების  ფარგლებში  მონაცემთა  მიწოდების ტარიფის დადგენა.

კომისიის სხდომის თარიღი: 2024 წლის 14 მარტი, 15:00 საათი.

I. აღწერილობითი ნაწილი

1. მომჩივანის პოზიცია

1.შპს  „საქართველოს ტელერადიოცენტრმა“ სსიპ  „საზოგადოებრივი   მაუწყებლის“   მიმართ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში - კომისია) საჩივრით მომართა (შ-23-6/3989, 06.12.2023).  საჩივარში აღნიშნულია, რომ შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრმა“, სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“ მიერ დაანგარიშებული საზოგადოებრივი მაუწყებლის მულტიპლექსპლატფორმის   მომსახურების ტარიფის გათვალისწინებით, წერილობით მიმართა (30.11.2023) სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ მულტიპლექსპლატფორმის 2024 წლის  მომსახურების  ხელშეკრულებაში  ტარიფის ცვლილებასთან დაკავშირებით და სთხოვა აღნიშნულ   საკითხზე   პოზიცია   ეცნობებინა  4 დეკემბრამდე, თუმცა პასუხი არ მიუღია.

2. შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრი“ ითხოვს:  1. დარეგისტრირდეს საჩივარი და დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება  აღნიშნულ საკითხზე/დავაზე. 2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის   76-ე   მუხლის მე-7 პუნქტის  თანახმად,   კომისიის   მიერ   დადგინდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის მულტიპლექსპლატფორმის ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის ფარგლებში მონაცემთა მიწოდების ტარიფი.

3.  2024 წლის  14 მარტს,  შპს  ,,საქართველოს  ტელერადიოცენტრმა“  განცხადებით  (Nშ-24-6/1443, 14.03.24) მიმართა კომისიას და მოითხოვა სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წინააღმდეგ შპს ,,საქართველოს ტელერადიოცენტრის“  საჩივრის  (შ-23-6/3989,   06.12.2023) დაბრუნება  და  მასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა.

2. მოპასუხის პოზიცია

4. სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის“ საჩივარზე წარმოადგინა წერილობითი პოზიცია (№23-10-2023, 6.12.2023), რომლითაც ის არ ეთანხმება საჩივარს და   მასში ასახულ ტარიფს. მას არ მიაჩნია სწორად საზოგადოებრივ მაუწყებელთან კომუნიკაციისთვის ტერმინის - „ხარჯებზე ორიენტირებული ტარიფის“ გამოყენებას, ვინაიდან საზოგადოებრივ მაუწყებელს არ აურჩევია შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის“ ინფრასტრუქტურის მეშვეობით გავრცელება. ის მოქმედებს სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული სამოქმედო გეგმით განსაზღვრული პირობებით და ასრულებს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის ეტაპზე დადგენილ სახელშეკრულებო ვალდებულებებს, მომსახურების ღირებულების ჩათვლით.

5. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ განმარტებით, შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრი“ არის საზოგადოებრივი მაუწყებლის არხების (ტელე და რადიო) მოსახლეობამდე გამტარი საშუალება და არა შემსყიდველი/მიმწოდებლის სქემა თავისი კლასიკური გაგებით. ის ფაქტი, რომ შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრს“ ძვირი უჯდება საზოგადოებრივი მაუწყებლის სიგნალის მოსახლეობამდე მიყვანის  უზრუნველსაყოფად  მისთვის  გადაცემული  რესურსის მოვლა/პატრონობა არ არის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადასაჭრელი პრობლემა. მაშინ, როდესაც კერძო მაუწყებლები კერძო მულტიპლექსპლატფორმის მომსახურების ფარგლებში 1 მგბ/წმ-ის მონაცემთა მიწოდებისთვის იხდიან 8900 ლარს (დღგ-ს გარეშე) და სარგებლობენ დამატებითი   შეთავაზებებით   და   ფასდაკლებებით,  საზოგადოებრივი   მაუწყებლისთვის  შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრი“ განსაზღვრავდეს 1მგბ/წმ-ის მონაცემთა მიწოდებისთვის გადასახდელს 15309,28 ლარის (დღგ-ს გარეშე) ოდენობით, კატეგორიულად მიუღებელია.

6. სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ განმარტებით, კითხვებს ბადებს სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ განსაზღვრული ტარიფი, რადგან შეცდომაში შეყვანაა 1 მგბ/წმ-ის მონაცემთა   მიწოდების ღირებულების განსაზღვრა ფაქტობრივი მონაცემებით დატვირთული რესურსის - 23,2 მგბ/წმ გათვალისწინებით, რაც არასწორ რიცხვს იძლევა. ამიტომ ჩნდება კითხვა, თუ რამდენად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით და სწორი მეთოდოლოგიით იყო მიღებული ტარიფი.

7. სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებელი“ აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 76-ე მუხლის მე-7 პუნქტი ითვალისწინებს კომისიისთვის მიმართვის შესაძლებლობას თუ მხარეებს შორის ვერ მიიღწევა შეთანხმება ტარიფთან დაკავშირებით, კატეგორიულად მიუღებლად უნდა შეფასდეს შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის“ მენეჯმენტის მიერ შერჩეული კომუნიკაციის ფორმა ორგანიზაციებს შორის მრავალი წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული პარტნიორული ურთიერთობების გათვალისწინებით.

II. მარეგულირებელი კანონმდებლობა

8. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ტექნიკურ-ეკონომიკური და სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება.

9. ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს აქვს სრული უფლებამოსილება, დაადგინოს და არეგულიროს ტარიფები თავისი კომპეტენციის სფეროში, კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, დაუშვებელია ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს სატარიფო უფლებამოსილებაში ჩარევა და ამ უფლებამოსილების კონტროლი.

10. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 76-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, შპს„საქართველოს ტელერადიოცენტრმა“ უნდა უზრუნველყოს საზოგადოებრივი მაუწყებლისა და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის ყველა მფლობელის არადისკრიმინაციული, თანაბარი, პირდაპირი დაშვება მის ხელთ არსებული ტექნიკური საშუალებისა და მომსახურების თითოეულ თავისუფალ ელემენტზე, ხარჯზე ორიენტირებული, არადისკრიმინაციული ტარიფით. მოცემული პირობების შეუსრულებლობის გამო წარმოქმნილ დავებს განიხილავს კომისია.

11. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 451 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დავის განხილვის დაწყებისას კომისია ეკითხება მხარეებს, ხომ არ სურთ დავის მორიგებით დამთავრება. მხარეები უფლებამოსილი არიან დავის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მოითხოვონ დავის მორიგებით დამთავრება. კომისია უფლებამოსილია გადაწყვეტილებით დაამტკიცოს მორიგება ან არ დაეთანხმოს მორიგებას და მიიღოს სხვა გადაწყვეტილება, თუ მხარეთა მორიგება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. განმცხადებელი/საჩივრის ავტორი უფლებამოსილია უარი განაცხადოს განცხადებაზე. მეორე მხარე უფლებამოსილია ცნოს განმცხადებლის/საჩივრის ავტორის მოთხოვნა. ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

III. სამართლებრივი შეფასება

12. როგორც აღინიშნა, შპს ,,საქართველოს ტელერადიოცენტრი“ უარს აცხადებს საჩივრის განხილვაზე და ითხოვს საჩივრის განხილვის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტას. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 451 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, განმცხადებელი/საჩივრის ავტორი უფლებამოსილია უარი განაცხადოს განცხადებაზე. ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის წარმოების შეწყვეტის თაობაზე. შესაბამისად, უნდა შეწყდეს სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიმართ შპს ,,საქართველოს ტელერადიოცენტრის“ საჩივრის (№შ-23-6/3989, 06.12.2023) განხილვის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება.

 IV. სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი, მეორე და მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 451 მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე - 98-ე მუხლების და VII თავის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1. შეწყდეს სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიმართ შპს ,,საქართველოს ტელერადიოცენტრის“ საჩივრის განხილვის მიზნით კომისიის 2023 წლის 21 დეკემბრის №გ-23-16/570 გადაწყვეტილებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება.

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) გადაწყვეტილების სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ და შპს ,,საქართველოს ტელერადიოცენტრისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს  სსიპ ,,საზოგადოებრივი  მაუწყებლისთვის“ და შპს ,,საქართველოს ტელერადიოცენტრისთვის“ ჩაბარებისთანავე.

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების მხარეებისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

5. გადაწყვეტილების    შესრულებაზე (მე-4 პუნქტის გარდა)  კონტროლი დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).

ვახტანგ  აბაშიძე თავმჯდომარე  - მ.შ.

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები