შპს „ეარსისტემსის“ წინააღმდეგ შპს „სელფი მობაილის“ განცხადების განსახილველად მიღებისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

ნომერი: გ-24-16 / 236

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 10, 2024 16:29

მიღების თარიღი მაისი 30, 2024

შპს „ეარსისტემსის“ წინააღმდეგ შპს „სელფი მობაილის“ განცხადების განსახილველად მიღებისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

მომჩივანი: შპს „სელფი მობაილი“

მოპასუხე: შპს „ეარსისტემს“

დავის საგანი: ურთიერთჩართვიდან გამომდინარე დავალიანების გადაუხდელობა

კომისიის მოსამზადებელი სხდომის თარიღი:  2024 წლის 30 მაისი, 15:00 საათი.

I. აღწერილობითი ნაწილი

1. მომჩივანის პოზიცია

1.საქართველოსკომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში:„კომისია“) შპს„ეარსისტემსის“ წინააღმდეგ  განცხადებით  (შ-24-6/2455 23.05.2024) მიმართა  შპს „სელფი მობაილმა“. განცხადებაში მითითებულია, რომ შპს „სელფი მობაილი“ შპს „ეარსისტემსს“ 2020 წლის 15 ივნისიდან  დღემდე უწევს ურთიერთჩართვის მომსახურებას მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე. აღნიშნული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში შპს „ეარსისტემსს“ შპს „სელფი მობაილის“ მიმართ ეკისრება დავალიანება 62 002, 89 (სამოცდაორი ათას ორი ლარი და ოთხმოცდაცხრა თეთრი) ლარის ოდენობით.

2. შპს „სელფი მობაილის“ განცხადების თანახმად, შპს „სელფი მობაილმა“  2023 წლის 1-ელ ნოემბერს წერილობით მიმართა შპს „ეარსისტემსს“ და მოითხოვა დავალიანების დაფარვა, ასევე გააფრთხილა, რომ გადაუხდელობის შემთხვევაში შპს „სელფი მობაილი“ მიმართავდა კომისიას ურთიერთჩართვის შეჩერების მოთხოვნით, თუმცა დავალიანება დღემდე არ არის დაფარული.

3.შპს  „სელფი მობაილი“ ითხოვს შპს „ეარსისტემსთან“ ურთიერთჩართვის შეჩერებას.

4.შპს    „ეარსისტემსის“ წინაარმდეგ შპს „სელფი მობაილის“ განცხადების განსახილველად მიღებისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2024 წლის 30 მაისის სხდომაზე.

5. 2024 წლის 30 მაისის სხდომაზე გამოცხადდნე შპს „სელფი მობაილის“ წარმომადგენელი ი. ესართია და შპს „ეარსისტემსის“ წარმომადგენელი მ. გოგობერიძე

2. მოპასუხის პოზიცია

6.  შპს „ეარსისტემსის“ წარმომადგენელმა მ. გოგობერიძემ აღნიშნა, რომ კომპანიას ნამდვილად აქვს შპს „სელფი მობაილის“ დავალიანება.

II. მარეგულირებელი კანონმდებლობა

7. „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-11  მუხლის  მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, კომისიის ძირითად ფუნქციებს მიეკუთვნება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ხოლო „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო  ქსელის ელემენტებთან დაშვების     ან/და ურთიერთჩართვის  ტექნიკურ-ეკონომიკური  და სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება.

8. „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-19  მუხლის  მე-3 პუნქტის მიხედვით, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა, რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლების მომსახურებას, უნდა უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით სხვა მსურველი ოპერატორებისათვის ან ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელის მფლობელი პირებისათვის ურთიერთჩართვის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიწოდება. დაუშვებელია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტა. ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.

9.    „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მიხედვით, კომისია ავტორიზებულ პირებს შორის წარმოშობილ დავებს წყვეტს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ავტორიზებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით.

10.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ნიშნავს მოსამზადებელ სხდომას, აღნიშნული მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, მოსამზადებელ სხდომაზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ.

11. საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  177-ე  მუხლის  მე-4  ნაწილის თანახმად, ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით ან შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისაგან დამოუკიდებლად არღვევს პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს.

III. სამოტივაციო ნაწილი

1. გამოკვლეული მტკიცებულებები

12.  შპს „სელფი მობაილის“ განცხადება (შ-24-6/2455 23.05.2024).

13.  შპს „სელფი მობაილსა“ და შპს „ეარსისტემსს“ შორის 2020 წლის 15 ივნისსა და 2023 წლის 31 მარტს ურთიერთჩართვასთან დაკავშირებით გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულებები.

14.  შპს „სელფი მობაილის“ მიერ წარმოდგენილი ელექტრონული მიმოწერა, მხარეთა შორის გაწული მომსახურებისა და წარმოშობილი ვალდებულებების დადასტურების თაობაზე.

15. შპს „სელფი მობაილისა“ და შპს „ეარსისტემსის“ შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და საჯარო რეესტრის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან.

2.  დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

16.  შპს  „სელფი  მობაილი“  და  შპს  „ეარსისტემს“  არიან  ელექტრონული  კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები. მტკიცებულება:  შპს  „სელფი  მობაილისა  და  შპს  „ეარსისტემსის“  შესახებ  მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან.

17.  შპს „სელფი მობაილსა“ და შპს „ეარსისტემსს“ 2020 წლის 15 ივნისსა და 2023 წლის 31 მარტს გაფორმებული აქვთ ურთიერთჩართვასთან დაკავშირებით მომსახურების ხელშეკრულებები.

მტკიცებულება: ხელშეკრულებები (15.06.2020, 31.03.2023).

3. სამართლებრივი შეფასება

18. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, შპს „სელფი მობაილსა“ და შპს „ეარსისტემსს“ შორის ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვა კომისიის უფლებამოსილებას განეკუთვნება, შესაბამისად, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შპს „სელფი მობაილის“ საჩივარი მიიღოს განსახილველად.

19. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, დავის განხილვის დღედ განისაზღვროს 2024 წლის 13 ივნისი, 15:00 საათი.

IV. სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის,   38-ე   მუხლისა   და   საქართველოს   ზოგადი   ადმინისტრაციული   კოდექსის 177- ე   მუხლის   მე-4  ნაწილის   შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1. შპს „სელფი მობაილის“ განცხადება მიღებულ იქნეს განსახილველად.

2. დავის განხილვა დაინიშნოს 2024 წლის 13 ივნისს, 15:00 საათზე.

3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების მხარეებისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

4. გადაწყვეტილება   ძალაში   შედის   გადაწყვეტილების   სარეზოლუციო   ნაწილის   სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

6. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).

ვახტანგ  აბაშიძე          თავმჯდომარე  - მ.შ.

ეკატერინე  იმედაძე     წევრი

ნათია კუკულაძე         წევრი

ივანე მახარაძე            წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები