შპს „ტელეკომპანია პირველის“ წინააღმდეგ ირმა ჯანჯღავასა და ბესარიონ ბოჭორიშვილის საჩივრის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის თაობაზე

ნომერი: გ-24-16 / 237

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 11, 2024 11:58

მიღების თარიღი მაისი 30, 2024

შპს „ტელეკომპანია პირველის“ წინააღმდეგ ირმა ჯანჯღავასა და ბესარიონ ბოჭორიშვილის საჩივრის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის თაობაზე

მომჩივანი მხარე: ი.  ჯანჯღავა და ბ. ბოჭორიშვილი

მოპასუხე: შპს „ტელეკომპანია პირველი“

დავის საგანი: შპს „ტელეკომპანია პირველის“ სააპელაციო ორგანოს გადაწყვეტილების მართლზომიერება და ზიანის ანაზღაურება

სხდომის გამართვის თარიღი: 2024 წლის 30 მაისი

I. აღწერილობითი ნაწილი

1. მომჩივანის პოზიცია

1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში-კომისია) საჩივრით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-24-9/2377;16.05.2024) მიმართეს ფიზიკურმა პირებმა ი.ჯანჯღავამ და ბ.ბოჭორიშვილმა, რომელიც  ამავდროულად  წარმოადგენს ი. ჯანჯღავას ინტერესებს კომისიაში მინდობილობის საფუძველზე (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N231541628; რეგისტრაციის  თარიღი: 06.11.2023). მომჩივანები სადაოდ ხდიან შპს „ტელეკომპანია პირველის“ თვითრეგულირების სააპელაციო ორგანოს 2024 წლის 10 მაისის გადაწყვეტილების მართლზომიერებას და კომისიას მიმართავენ შემდეგი მოთხოვნებით:

1.1.გამოცხადდეს ნაწილობრივ ბათილად შპს “ტელეკომპანია პირველის” თვითრეგულირების სააპელაციო  ორგანოს  2024 წლის  10 მაისის გადაწყვეტილება, გარდა გადაწყვეტილების იმ ნაწილისა, რომელშიც  ნათქვამია:  „მიეცეს  რეკომენდაცია  “ტელეკომპანია  პირველს”  შექმნას სპეციალური წესები ონლაინ სივრცეში სიძულვილის ენის წახალისების  შესაჩერებლად. ამასთან, მიღებული წესების შესაბამისად,  კიდევ  ერთხელ  შეისწავლოს  დაინტერესებული პირის მიერ სადავო მასალად მიჩნეულ ლინკებზე კომენტარების ველი.“

1.2.გაიმართოს სამომრიგებლო (სამედიაციო) შეხვედრა მაუწყებელთან ი. ჯანჯღავას მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევის გამო კომპენსაციის დაზუსტების მიზნით;

1.3. დაეკისროს  შპს  „ტელეკომპანია პირველს“ ი.ჯანჯღავას მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევით მიყენებული მორალური ზიანის გამო კომპენსაცია 100 000 ლარი;

1.4. დაეკისროს შპს „ტელეკომპანია პირველს“ ი.ჯანჯღავას მიმართ ცრუ ინფორმაციის გავრცელებით მიყენებული მატერიალური  ზიანის გამო კომპენსაცია 50 000 ლარი;

1.5. დაეკისროს შპს „ტელეკომპანია პირველს“ ბ.ბოჭორიშვილისთვის, როგორც მომხმარებლისთვის მიყენებული მორალური ზიანის გამო კომპენსაცია 50 000 ლარი;

1.6. დაეკისროს შპს „ტელეკომპანია პირველს“ საჯაროდ, თავის ეთერში ბოდიში მოუხადოს ი. ჯანჯღავას მისი უფლებების შელახვისა და მის მიმართ არასათანადო მოპყრობის გამო.

2. საჩივრის თანახმად, შპს „ტელეკომპანია პირველის“ თვითრეგულირების სააპელაციო ორგანომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ი. ჯანჯღავას მოთხოვნა და მაუწყებელს მისცა რეკომენდაცია შეექმნა სპეციალური წესები ონლაინ სივრცეში სიძულვილის ენის წახალისების შესაჩერებლად და ამასთანავე, მიღებული წესების შესაბამისად, კიდევ ერთხელ შეესწავლა დაინტერესებული პირის მიერ სადავო მასალად მიჩნეულ ბმულებზე განთავსებული კომენტარების ველი. ი. ჯანჯღავასა და ბ. ბოჭორიშვილის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილებით დასტურდება ი. ჯანჯღავას მიმართ   სიძულვილის ენის გამოყენების თაობაზე დარღვევა, რაც წარმოშობს მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველს.

3. ი.ჯანჯღავასა და ბ.ბოჭორიშვილის განცხადებით, შპს „ტელეკომპანია პირველის“ თვითრეგულირების სააპელაციო ორგანომ თავის გადაწყვეტილებაში არ უარჰყო მომჩივანის მიერ მითითებული მაუწყებლის მიერ ი. ჯანჯღავას შესახებ მცდარი ფაქტების გავრცელება და ასევე, არ უარჰყო ი.ჯანჯღავას უფლებების შელახვის ფაქტი. ამასთანავე, საჩივრის ავტორის მტკიცებით, სააპელაციო ორგანოს გადაწყვეტილების მიხედვით, ი.ჯანჯღავას შესახებ დამამცირებელი, ღირსების შემლახველი სიცრუის გავრცელება გამართლებულია მაუწყებლისთვის სიტყვის თავისუფლების მინიჭების არგუმენტით. მცდარი ინფორმაციის შემცველი გადაცემის გავრცელებით, ი.ჯანჯღავას მიმართ დარღვეულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 მუხლი (წამების აკრძალვა), მე-6 მუხლი (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება), მე-10 მუხლი (გამოხატვის თავისუფლება) და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპები, რაც ასევე, წარმოშობს მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველს.

4. საჩივრის  თანახმად,  ი.ჯანჯღავას  წინააღმდეგ,  სავარაუდოდ  დაინტერესებულ  პირებთან ერთად, მაუწყებლის მიერ ტელევიზიითა და სოციალურ ქსელებში აგორებული კამპანიის გამო, იგი იძულებული გახდა დაეტოვებინა სამუშაო ადგილი, რითაც მიადგა მატერიალური ზიანი 50 000 ლარის ოდენობით.

5. ბ.ბოჭორიშვილის განცხადებით, მაუწყებლის თვითრეგულირების სააპელაციო ორგანოს გადაწყვეტილებაში ასევე, არ არის უარყოფილი ის გარემოება, რომ სადავო გადაცემაში ი. ჯანჯღავას ძმის უწმაწური ლექსიკის გამოქვეყნება არ იყო კავშირში პოლონეთში დასაქმებული ი. ჯანჯღავას საქმიანობასთან. აღნიშნული ლექსიკის გამოქვეყნებამ შელახა ბ.ბოჭორიშვილის, როგორც მომხმარებლის უფლებები, რის დასადასტურებლად ბ. ბოჭორიშვილი უთითებს კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ (შემდგომ- მაუწყებელთა ქცევის კოდექსი) 55-ე და 56-ე მუხლებს მაუწყებლის მიერ მავნე და შეურაცხმყოფელი მასალისგან დაცვის უზრუნველყოფისათვის წაყენებული მოთხოვნებისა და მაუწყებლის მიერ პოტენციური ზიანისა და შეურაცხყოფისაგან დაცვის შესახებ სახელმძღვანელო რეკომენდაციების თაობაზე. ბ. ბოჭორიშვილის შეფასებით, მითითებული გარემოებები წარმოშობს მისთვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლიანობას.

6. საჩივრის თანახმად, შპს „ტელეკომპანია პირველის“ თვითრეგულირების სააპელაციო ორგანოს გადაწყვეტილებით არ არის უარყოფილი ი.ჯანჯღავას ძმისა და რძლის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შელახვის ფაქტი. გადაცემის სიუჟეტიდან იმგვარად ჩანს, რომ ი. ჯანჯღავას გამო შეილახა მისი ძმისა და რძლის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, რითაც მორალური ზიანი მიადგა ი. ჯანჯღავას.

7. მომჩივანები ასევე, უთითებენ მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, კოდექსის ინტერპრეტირება უნდა მოხდეს საქართველოს კონსტიტუციის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად ისე, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება მაქსიმალურად ხელშეუხებელი იყოს.

8. კომისიის  2024  წლის  30  მაისის  მოსამზადებელ  სხდომაზე,  ბ.ბოჭორიშვილმა  დაადასტურა კომისიაში წარმოდგენილ საჩივარში მითითებული ინფორმაცია და ამასთანავე, განაცხადა, რომ სურდა   მოთხოვნის   გაზრდა. მან მოითხოვა კომისიას მოემზადებინა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში საკანონმდებლო ცვლილებების წინადადება. მისი განცხადებით, ცვლილებას საჭიროებდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლი, რომლის თანახმად, მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების სასამართლოში, კომისიაში ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრება დაუშვებელია. მისი აზრით, აღნიშნული მუხლი ანტიკონსტიტუციურია და წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლთან (სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, ინფორმაციული თვითგამორკვევისა და საჯარო ხელისუფლების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლებები) და ასევე, 31-ე მუხლთან (საპროცესო უფლებები). ბ.ბოჭორიშვილის განცხადებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლი, ასევე, არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლს (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მან მოითხოვა, ზემოთ მითითებული მუხლისა და მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში არსებული მსგავსი ჩანაწერების საქართველოს კონსტიტუციასა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან შესაბამისობის მოყვანის მიზნით საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება და საქართველოს პარლამენტში ინიცირება.

9. ბ.ბოჭორიშვილის განმარტებით, შპს „ტელეკომპანია პირველმა” თვითრეგულირების სააპელაციო ორგანოს გადაწყვეტილება არ შეასრულა, კერძოდ, თავის “Youtube” არხზე ი.ჯანჯღავას მიმართ გამოთქმული სიძულვილის ენის შემცველი კომენტარები არ წაშალა, რაც წარმოადგენს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას. ბ. ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ კომისიას განსახილველად უნდა მიეღო საჩივარი, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართლებრივი რეაგირების მიღმა დარჩებოდა ადამიანის უფლებების დარღვევები.

2. მოპასუხის პოზიცია

10.  კომისიის 2024 წლის 30 მაისის მოსამზადებელ სხდომაზე, შპს „ტელეკომპანია პირველის“ წარმომადგენელმა თ. მიგინეიშვილმა აღნიშნა, რომ მომჩივანების მიერ დამატებით წარმოდგენილი მოთხოვნა საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების თაობაზე სცდებოდა კომისიის უფლებამოსილების ფარგლებს და წარმოადგენდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განსახილველ საკითხს. ამასთანავე, მისი განმარტებით, კომისიის კომპეტენციის ფარგლებს სცდება მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაც, ხოლო ბოდიშის მოხდის იძულება აკრძალულია „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით.  სამომრიგებლო შეხვედრის გამართვის თაობაზე მოთხოვნასთან დაკავშირებით, მან განაცხადა, რომ მხარეთა შორის კომუნიკაცია და სამომრიგებლო შეხვედრა შედგა საჩივრის განხილვის ეტაპზე. ამასთანავე, მომჩივანი მხარის მიერ არ იყო დასაბუთებული, თუ რატომ უნდა გაუქმებულიყო სააპელაციო ორგანოს გადაწყვეტილება. გარდა ამისა, მომჩივანები კომისიის წინაშე აყენებდნენ ისეთ მოთხოვნებს, რომლებიც არ განხილულა თვითრეგულირების  მექანიზმის ფარგლებში. შესაბამისად, შპს „ტელეკომპანია პირველის“ წარმომადგენლის განმარტებით, კომისიას არ უნდა მიეღო განსახილველად ი. ჯანჯღავასა და ბ. ბოჭორიშვილის საჩივარი.

II. მარეგულირებელი კანონმდებლობა

11. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში საქმიანობას არეგულირებს კომისია. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება. ამავე კანონის მე-2 მუხლის ს1) ქვეპუნქტის თანახმად, მედიამომსახურება არის მედიამომსახურების მიმწოდებლის სარედაქციო პასუხისმგებლობით მიწოდებული მომსახურება/განხორციელებული საქმიანობა−აუდიოვიზუალური მედიამომსახურება და რადიომაუწყებლობა, ხოლო ს2) ქვეპუნქტის თანახმად, აუდიოვიზუალური მედიამომსახურება არის მედიამომსახურების მიმწოდებლის სარედაქციო პასუხისმგებლობით მიწოდებული მომსახურება, რომლის ან რომლის განუყოფელი ნაწილის ძირითადი მიზანია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით ფართო საზოგადოებისთვის პროგრამების მიწოდება მისი ინფორმირების, გართობის ან განათლების მიზნით. ასეთი აუდიოვიზუალური მედიამომსახურება არის ამ კანონით გათვალისწინებული ტელემაუწყებლობა ან გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურება, აგრეთვე აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია.

12. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ს3) ქვეპუნქტის თანახმად, აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი არის ტელემაუწყებელი ან/და გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი, რომელსაც აკისრია სარედაქციო პასუხისმგებლობა აუდიოვიზუალური მედიამომსახურების შინაარსის არჩევისთვის და რომელიც მისი ორგანიზების მეთოდს განსაზღვრავს. ამავე მუხლის ტ2) ქვეპუნქტის შესაბამისად, ტელემაუწყებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ავტორიზებული პირი, რომელიც პირადი სარედაქციო პასუხისმგებლობით ახორციელებს საკუთარი სამაუწყებლო ბადით გათვალისწინებული აუდიოვიზუალური პროდუქციის გადაცემას ისე, რომ სამაუწყებლო ბადით განსაზღვრულ დროს მაყურებლებისათვის ერთდროულად ხელმისაწვდომია, ხოლო ჰ21) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი არის კომისიის მიერ ამ კანონის საფუძველზე რეგისტრირებული ნებისმიერი სამეწარმეო პირი ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც მედიამომსახურების (გარდა საეთერო რადიომაუწყებლობისა) და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიწოდებას ახორციელებს.

13. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მედიამომსახურების ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობა.

14. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია ქცევის კოდექსის საფუძველზე შექმნას მაუწყებლის თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილება ქცევის კოდექსით დადგენილი წესით საჩივრდება მაუწყებლის თვითრეგულირების სააპელაციო ორგანოში, რომელსაც ქმნის მაუწყებელი ან მაუწყებელთა გაერთიანება და რომელიც ფუნქციონირებს ქცევის კოდექსის შესაბამისად.

15. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების (გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა), აგრეთვე სალიცენზიო პირობებისა და ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, მიმართოს კომისიას, ხოლო ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმების დარღვევაზე რეაგირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში.

16. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს.

17. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა.

18. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 591 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმების, აგრეთვე ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების დარღვევაზე რეაგირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრული მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმების, ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული საკითხების, აგრეთვე ამ კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრული მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების სასამართლოში, კომისიაში ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრება დაუშვებელია, გარდა ამ კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

19. კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მოსამზადებელ სხდომაზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის განხილვის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე, თუ დაადგენს, რომ დავის საგანი არ უკავშირდება მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებას, ან განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, თუ განმცხადებელი/საჩივრის ავტორი განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგენს დამატებით ინფორმაციას ან დოკუმენტს.

III. სამოტივაციო ნაწილი

20. ამრიგად, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, თუ დავის საგანი არ უკავშირდება კომისიის მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებას, კომისია უფლებამოსილია არ მიიღოს საჩივარი განსახილველად და შეწყვიტოს ადმინისტრაციული წარმოება. შესაბამისად, კომისიამ უნდა შეაფასოს საჩივარში დასმული საკითხები განეკუთვნება თუ არა მის უფლებამოსილებას და საჩივარი წარდგენილია თუ არა უფლებამოსილი სუბიექტის მიერ.

1. პროგრამაში მოყვანილი (გადაცემული) ფაქტის ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველყოფისა და შეცდომის დროულად შესწორების ვალდებულება

21. მომჩივნებს მიაჩნიათ, რომ შპს „ტელეკომპანია პირველის“ თვითრეგულირების სააპელაციო ორგანოს გადაწყვეტილებაში არ არის უარყოფილი მათ მიერ მითითებული არცერთი მცდარი ფაქტი, რომელიც მაუწყებელმა გაავრცელა ი. ჯანჯღავას შესახებ და ასევე, არ არის უარყოფილი ი. ჯანჯღავას უფლებების შელახვის ფაქტი. ამასთანავე, ი. ჯანჯღავას შესახებ დამამცირებელი, ღირსების შემლახველი სიცრუის გავრცელება გამართლებულია მაუწყებლისთვის სიტყვის თავისუფლების მინიჭების არგუმენტით. მცდარი ინფორმაციის შემცველი გადაცემის გავრცელებით, ი.ჯანჯღავას მიმართ დარღვეულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 მუხლი (წამების აკრძალვა), მე-6 მუხლი (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება), მე-10 მუხლი (გამოხატვის თავისუფლება), ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპები, რაც მომჩივანთა აზრით, წარმოადგენს სააპელაციო ორგანოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის  საფუძველს.

22. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, პასუხის უფლებაზე მაუწყებლის უარი შეიძლება გასაჩივრდეს კომისიაში ან სასამართლოში. აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესი კოლიზიურია ამავე კანონის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტსა და 591 მუხლის პირველ პუნქტთან, რომელთა თანახმად, ფაქტის ჯეროვანი სიზუსტისა და პასუხის უფლების თაობაზე მაუწყებლის ქმედება საჩივრდება მხოლოდ თვითრეგულირების ორგანოში და მისი კომისიაში ან სასამრთლოში გასაჩივრება დაუშვებელია.

23. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება უფრო გვიან მიღებულ (გამოცემულ) ნორმატიულაქტს.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლში ბოლო ცვლილება შევიდა 2023 წლის  30  ივნისს  (დოკუმენტის  N3448-XIმს-მპ),  ხოლო  ამავე  კანონის  მე-14  მუხლსა  და  591 მუხლში ბოლო ცვლილება შევიდა 2023 წლის 19 ოქტომბერს (დოკუმენტის N3597-XIII-Xმპ). შესაბამისად, უპირატესობა ენიჭება „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 და 591 მუხლებით გათვალისწინებულ წესს, რომლის მიხედვითაც, ფაქტის ჯეროვანი სიზუსტის მოთხოვნის დარღვევასა და პასუხის უფლებასთან დაკავშირებით მაუწყებლის ქმედება არ საჩივრდება კომისიაში ან სასამართლოში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადაცემის სიუჟეტში მოყვანილი არასწორი ფაქტების შესწორების მოთხოვნის თაობაზე თვითრეგულირების სააპელაციო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. შესაბამისად, ამ ნაწილში საჩივარი უკავშირდება ისეთ საკითხს, რომელიც არ განეკუთვნება კომისიის კომპეტენციას და არსებობს მისი განსახილველად არმიღების კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი.

2. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, კონტექსტის გარეშე შეურაცხმყოფელი ლექსიკის გადაცემის სიუჟეტში განთავსება და სიძულვილის ენის შემცველი კომენტარების სოციალურ მედია პლატფორმაზე განთავსება

24. ი.ჯანჯღავა და ბ.ბოჭორიშვილი საჩივარში უთითებენ შპს „ტელეკომპანია პირველის“ მიერ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევაზე და კონტექსტის გარეშე შეურაცხმყოფელი ლექსიკის გადაცემის სიუჟეტში განთავსებაზე. ასევე, კომისიის მოსამზადებელ სხდომაზე, ბ. ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ შპს „ტელეკომპანია პირველს” არ ჰქონდა წაშლილი სიძულვილის ენის შემცველი კომენტარები მაუწყებლის ”Youtube” არხზე.

25. როგორც აღინიშნა, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 591 მუხლის გათვალისწინებით, ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების დარღვევაზე რეაგირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრული მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში.

26. მაუწყებლების მიერ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფისთვის წაყენებული მოთხოვნები, სახელმძღვანელო რეკომენდაციები და პრინციპები განსაზღვრულია მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 34-ე, 35-ე და 36-ე მუხლებით. აღნიშნული კოდექსის 34-ე მუხლის თანახმად, მაუწყებელმა პროგრამების მომზადებისას და მათი ეთერში გაშვებისას არ უნდა დაუშვას ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ხელყოფა. მაუწყებელი ვალდებულია დაიცვას ბალანსი ინფორმაციის თავისუფლებასა და ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ლეგიტიმურ მოლოდინს შორის.

27.  მაუწყებლის მიერ მავნე და შეურაცხმყოფელი მასალისგან დაცვის პრინციპები, მოთხოვნები და სახელმძღვანელო რეკომენდაციები განსაზღვრულია მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 54-ე, 55-ე და 56-ე მუხლებით. მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, მაუწყებელმა უნდა დაიცვას საყოველთაოდ აღიარებული სტანდარტები, რათა უზრუნველყოს საზოგადოების წარმომადგენელთა დაცვა მავნე და შეურაცხმყოფელი მასალისგან.

28. მაუწყებლის მიერ მრავალფეროვნების, თანასწორობის და შემწყნარებლობის პრინციპები, მათი დაცვისადმი წაყენებული მოთხოვნები და სახელმძღვანელო რეკომენდაციები განსაზღვრულია მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 31-ე, 32-ე და 33-ე მუხლებით. მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 31-ე მუხლის თანახმად, მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი მასალის გამოქვეყნებისგან, რომელიც გააღვივებს სიძულვილს ან არატოლერანტობას რასის, ენის, სქესის, რელიგიური კუთვნილების, პოლიტიკური შეხედულებების, ეთნიკური, გეოგრაფიული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე, ხოლო ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კოდექსის ნორმები, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება მაუწყებელის მიერ ვებგვერდზე განთავსებულ მასალებზე.

29. კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 და 591 მუხლების მოთხოვნების გათვალისწინებით, კონტექსტის გარეშე შეურაცხმყოფელი ლექსიკის გადაცემაში განთავსებისა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევისა და სიძულვილის ენის შემცველი კომენტარების მაუწყებლის “Youtube” არხზე განთავსების საკითხებზე მსჯელობა სცდება კომისიის რეგულირების სფეროს და მაუწყებლობის სფეროში განიხილება მხოლოდ თვითრეგულირების მექანიზმის ორგანოს მიერ, მაუწყებელთა ქცევის კოდექსის შესაბამისად. ამრიგად, ამ ნაწილშიც სახეზეა საჩივრის განსახილველად არმიღების კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი.

30. ბ. ბოჭორიშვილმა კომისიის მოსამზადებელ სხდომაზე აღნიშნა, რომ შპს „ტელეკომპანია პირველმა“ არ შეასრულა თვითრეგულირების სააპელაციო ორგანოს გადაწყვეტილება, რადგან არ უზრუნველყო საკუთარ “Youtube” არხზე ი.ჯანჯღავას მიმართ გამოთქმული, სიძულვილის ენის შემცველი  კომენტარების წაშლა. კომისია აღნიშნავს,  რომ  შპს    „ტელეკომპანია პირველის“ თვითრეგულირების სააპელაციო ორგანოს 2024 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით, მაუწყებელს მიეცა რეკომენდაცია შეექმნა სპეციალური წესები ონლაინ სივრცეში სიძულვილის ენის წახალისების შესაჩერებლად და მიღებული წესების შესაბამისად, კიდევ ერთხელ შეესწავლა დაინტერესებული პირის მიერ სადავო მასალად მიჩნეულ ბმულებზე კომენტარების ველი. ამდენად, თვითრეგულირების სააპელაციო ორგანოს არ დაუდგენია ი. ჯანჯღავას მიმართ სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტი და არ დაუვალებია შპს „ტელეკომპანია პირველისთვის“ სიძულვილის ენის შემცველი კომენტარების წაშლა.

31. გარდა ამისა, 2024 წლის 10 მაისს, შპს „ტელეკომპანია პირველის“ თვითრეგულირების სააპელაციო ორგანომ გადაწყვეტილება მიიღო ი ჯანჯღავას მიმართ, მისი საჩივრის საფუძველზე, რომელიც ეხებოდა თვითრეგულირების ორგანოს მიერ 2023 წლის 12 დეკემბერს ი.ჯანჯღავას მიმართ მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერებას. შესაბამისად, ბ.ბოჭორიშვილი არ არის უფლებამოსილი  სუბიექტი, რომ კომისიაში გაასაჩივროს შპს „ტელეკომპანია პირველის“ სააპელაციო ორგანოს გადაწყვეტილება, ვინაიდან, უშუალოდ მას არ ეხება აღნიშნული გადაწყვეტილება და ის არ არის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაინტერესებულ პირი.

3. მაუწყებლის მიერ ზიანის ანაზღაურება

32. ზემოთ მითითებული გარემოებების საფუძველზე, ი.ჯანჯღავას მიაჩნია, რომ მას მიადგა მატერიალური და მორალური ზიანი, რის გამოც ითხოვს შპს „ტელეკომპანია პირველს“ დაეკისროს  მისთვის მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება, მათ შორის, საჯაროდ, ეთერში მისთვის ბოდიშის მოხდა. ამასთანავე, მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს ბ. ბოჭორიშვილი.

33. კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრული კომისიის ფუნქციების გათვალისწინებით, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე დავის განხილვა სცდება მისი უფლებამოსილების ფარგლებს. აღნიშნულ  საკითხზე დავა წარმოადგენს  სამოქალაქო დავას, რომელიცგანიხი ლება სასამართლოში, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. შესაბამისად, კომისიის მიერ ასევე, არ უნდა იქნეს განხილული მომჩივანების მოთხოვნა კომპენსაციის დაზუსტების მიზნით, სამედიაციო შეხვედრის გამართვის თაობაზე.

4. საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება

34. მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების (გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა), აგრეთვე სალიცენზიო პირობებისა და ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, მიმართოს კომისიას, ხოლო საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს.

35. მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის საქართველოს კონსტიტუციასთან და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების აუცილებლობის საკითხის შეფასება, ასევე, ასეთი ცვლილებების კანონპროექტის მომზადება მომჩივანის მიერ მაუწყებლის წინააღმდეგ ინიცირებული დავის ფარგლებში, არ გამომდინარეობს „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის საფუძველზე მაუწყებელთა სამართალდარღვევებზე რეაგირების კანონით დადგენილი წესიდან. შესაბამისად, მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, კომისიის მიერ ვერ იქნება განხილული საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების თაობაზე მოთხოვნა.

36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ  ი.ჯანჯღავასა და ბ.ბოჭორიშვილს უარი უნდა ეთქვათ საჩივრის განხილვაზე.

IV. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის, მე-5 მუხლის, მე-14 მუხლის, 451 მუხლის, 591 მუხლის, კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად:

გაწყვიტა:

1. მომჩივანების ი.ჯანჯღავას და ბ.ბოჭორიშვილის საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-24-9/2377; 16.05.2024) შპს „ტელეკომპანია პირველის“ წინააღმდეგ არ იქნას მიღებული განსახილველად.

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „ტელეკომპანია პირველისთვის“, ი.ჯანჯღავასათვის და ბ. ბოჭორიშვილისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე   (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის დაინტერესებული მხარისთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის განმავლობაში;

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის დაინტერესებული მხარისთვის ჩაბარების დღიდან;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).

ვახტანგ  აბაშიძე                   თავმჯდომარე  - მ.შ.

ივანე მახარაძე                      წევრი

ეკატერინე  იმედაძე              წევრი

ნათია კუკულაძე                  წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები