შპს „სელფი მობაილის“ მიმართ შპს „გლობალ სელის“ საჩივრის განხილვის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე

ნომერი: გ-24-16 / 30

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 24, 2024 16:37

მიღების თარიღი იანვარი 11, 2024

შპს „სელფი მობაილის“ მიმართ შპს „გლობალ სელის“ საჩივრის განხილვის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში  „კომისია“)  აღნიშნავს, რომ შპს „გლობალ სელმა“ წერილობით მომართა (30.11.202023 Nშ-23-6/3874, 19.12.2023 Nშ-23-6/4159) კომისიას  და  აცნობა,  რომ  შპს  „სელფი  მობაილისგან“    მიიღო  შეტყობინება, რომლის თანახმად,   მნიშვნელოვანი   ძალაუფლების   მქონე   ოპერატორი   ატყობინებს ავტორიზებულ პირებს, რომ  2024 წლის  1 იანვრიდან იცვლება შპს „სელფი მობაილის“ ქსელის გავლით ლოკალური ან/და საერთაშორისო არასტანდარტული სახის (ე.წ.  Bulk) მოკლე ტექსტური    შეტყობინების    (შემდგომში       Bulk    SMS) ტრანზიტის/გატარების ღირებულება და   ლოკალური   SMS-ის   შემთხვევაში   განისაზღვრება      0.0015 ლარის ოდენობით დღგ-ს  ჩათვლით  (ანუ,  ტრანზიტული   Bulk SMS-ის  ჯამური  ღირებულება იქნება 0.003 ლარი დღგ-ს ჩათვლით), ნაცვლად დღეს არსებული 0.0005 ლარიანი ტარიფისა (რაც ტრანზიტული SMS-ისთვის ჯამში 0.002 ლარს შეადგენს), ხოლო საერთაშორისო Bulk SMS-ის შემთხვევაში - 0.03 ლარის ოდენობით დღგ-ს ჩათვლით (ჯამში 0.0944 აშშ დოლარს დამატებული  0.03 ლარი),  ნაცვლად  არსებული   0.0005 ლარიანი  ტარიფისა  (რაც  ჯამში 0.0944 აშშ დოლარს დამატებული 0.0005 ლარს შეადგენს).

შპს „გლობალ სელის“ საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ „არასტანდარტული სახის (ე.წ. Bulk) მოკლე ტექსტური შეტყობინებების მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის  30 მარტის  Nგ-20-9/385 გადაწყვეტილებით,  კომისიამ  დაადგინა, რომ „იმგვარი პირობები, რომლებიც მხარეებს ავალდებულებს არ გამოიყენონ ერთმანეთთან არსებული ტექნიკური შეერთებები იმ მიზნით, რომ განხორციელდეს არასტანდარტული სახის SMS მომსახურების სახით  შეტყობინებების  გაგზავნა  მეორე  მხარის  ქსელის  გავლით  ან მეშვეობით სხვა   ავტორიზებული   პირის   (მესამე   პირის)   ქსელის   ან   აბონენტების მიმართულებით მიჩნეულ  იქნას  შპს  ,,მაგთიკომის“  შპს  „ვიონი  საქართველოს“  და  სს ,,სილქნეტის“ მხრიდან  ურთიერთჩართვის  მომსახურების  შემზღუდავ  პირობად. შპს „გლობალ სელის“ საჩივარში აღნიშნულია, რომ შპს „სელფი მობაილის“ მიერ ინიცირებული ცალმხრივი ზემოხსენებული გადაწყვეტილება სხვა არაფერია, თუ არა ურთიერთჩართვის შემზღუდავი პირობა და ტრანზიტულ მომსახურებაზე ფაქტობრივი უარის გაცხადება, ვინაიდან, მისი განმარტებით, 0.003 ლარიანი ურთიერთჩართვის ტარიფის პირობებში (ტრანზიტული ტრაფიკისთვის), შპს „გლობალ სელი“ ვეღარ შეძლებს არსებული აბონენტების იგივე პირობებში მომსახურებას, რა პირობებითაც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირები ემსახურებიან საკუთარი საცალო ბაზრის მომხმარებლებს.

შპს „გლობალ სელის“ საჩივრის თანახმად, საკმაოდ ხშირია შემთხვევები, როდესაც ამა თუ იმ ოპერატორის (მათ შორის, შპს „სელფი მობაილის“) ქსელში არსებული ხარვეზისა თუ ტექნიკური შეფერხების გამო კომპანია იძულებულია Bulk SMS ტრაფიკის ტრანზიტულად გატარება სხვა ავტორიზებული ოპერატორის საშუალებით განახორციელოს.

შპს „გლობალ სელმა“ კომისიისგან მოითხოვა: ა) მისი წერილობითი მიმართვის საჩივრის რეჟიმში განხილვა; ბ) შპს „სელფი მობაილის“ მიერ არასტანდარტული სახის (ე.წ. Bulk) მოკლე ტექსტური შეტყობინების ტრანზიტული მომსახურების ტარიფის სამართლიანობის, გონივრულობისა და არადისკრიმინაციულობის შესწავლა; გ) კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შპს „სელფი მობაილის“ მიერ ინიცირებული Bulk SMS-ის  ტრანზიტული მომსახურების  გაზრდილი ფასების შეჩერება.

შპს „გლობალ სელის“ საჩივართან დაკავშირებით შპს „სელფი მობაილმა“ 2023 წლის 28 დეკემბერს წარმოადგინა წერილობითი პოზიცია (Nშ-23-6/4342), რომლის თანახმად შპს „სელფი მობაილმა“ Bulk SMS-ის   ტრანზიტის მომსახურების ტარიფის ზრდის მიზეზად დაასახელა  შემდეგი  გარემოებები:  ა) შპს „სელფი მობაილის“ ქსელის გავლით  შპს „მაგთიკომისა“ და სს „სილქნეტის“ ქსელში დასრულებული ტრანზიტული  Bulk SMS-ის გაზრდილი რაოდენობა, რამაც არსებითად გაზარდა ქსელისა და SMS ცენტრის დატვირთვა და შექმნა გადატვირთვები ქსელში დასასრულებელი Bulk SMS-ის დასრულებაშიც. შპს „სელფი მობაილის“ განმარტებით,  არასტანდარტული SMS-ის რაოდენობის ზრდა იწვევს SMS ცენტრის ეგრეთწოდებული Firewall-ის გადატვირთვას, რაც კომპანიისთვის დამატებით   ხარჯთან არის დაკავშირებული; ბ) ავტორიზებული პირების მხრიდან დავალიანების ზრდა.

შპს „სელფი მობაილი“ ასევე აღნიშნავს, რომ შპს „გლობალ სელის“ პრეტენზია უსაფუძვლოა, რადგან აღნიშნულ კომპანიას შპს „სელფი მობაილის“ ქსელის გავლით (ტრანზიტი) ან ქსელში არასოდეს დაუსრულებია საერთაშორისო Bulk SMS, ხოლო ადგილობრივი Bulk SMS-ის ტრანზიტის მომსახურებისთვის შპს „სელფი მობაილისათვის“ გადახდილი მომსახურების თანხამ მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში შეადგინა 172 ლარი, ხოლო ნოემბრის თვეში 78 ლარი.

შპს „სელფი მობაილის“ წერილობით პოზიციაში ასევე მითითებულია, რომ  შპს „გლობალ სელს“ აქვს ურთიერთჩართვა როგორც შპს „მაგთიკომთან“, აგრეთვე სს „სილქნეტთან“, შესაბამისად მას გააჩნია საშუალება, პირდაპირ დაასრულოს Bulk SMS-ები   აღნიშნული კომპანიების ქსელში ყოველგვარის ტრანზიტის ხარჯის გარეშე ან სხვა ავტორიზებული პირის საშუალებით, რომელსაც ტრანზიტის ღირებულება უფრო ნაკლები აქვს ვიდრე შპს „სელფი მობაილს“.

2024 წლის 8 იანვარს შპს „გლობალ სელმა“ კომისიას წერილობით მომართა (Nშ-24-6/25) და მოითხოვა შპს „სელფი მობაილთან“ არსებული დავის შეწყვეტა.

II. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა   თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;

2.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ავტორიზებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით; მხარეები კომისიაში საქმის წარმოებას იწყებენ კომისიისთვის სათანადო განცხადების წარდგენით;

3.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, განმცხადებელი უფლებამოსილია  უარი  განაცხადოს განცხადებაზე, ხოლო მეორე მხარე უფლებამოსილია ცნოს განმცხადებლის მოთხოვნა. ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

კომისია  აღნიშნავს,  რომ  შპს  „გლობალ  სელმა“  უარი  განაცხადა  თავის  საჩივარზე  შპს „სელფი მობაილის“ წინააღმდეგ Bulk SMS-ის ტრანზიტული მომსახურების ტარიფის ზრდის თაობაზე. შესაბამისად, შპს გლობალ სელის“ საჩივრის განხილვის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს.

III.  სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ ქვეპუნქტის, 36-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1.  შეწყდეს შპს  „სელფი მობაილის“ წინააღმდეგ შპს „გლობალ სელის“  საჩივრის  განხილვის  მიზნით  დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება;

2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების ან გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „გლობალ სელისა“ და შპს „სელფი მობაილისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ    ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

3. გადაწყვეტილება  შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) გადაწყვეტილების ან გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

4.   კონტროლი   აღნიშნული   გადაწყვეტილების   შესრულებაზე  დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები