წვდომის მენიუ

შპს „მაგთიკომისთვის“ შპს „ტელე 1“-თან ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობის მიცემის შესახებ

ნომერი: გ-24-16 / 366

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 29, 2024 15:35

მიღების თარიღი აგვისტო 22, 2024

შპს „მაგთიკომისთვის“  შპს „ტელე 1“-თან ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობის მიცემის შესახებ

განმცხადებელი: შპს „მაგთიკომი“

მოპასუხე: შპს „ტელე 1“

დავის საგანი: ურთიერთჩართვიდან გამომდინარე დავალიანების გადაუხდელობა

კომისიის  სხდომის თარიღი: 2024 წლის 22 აგვისტო, 15:00 საათი.

I.აღწერილობითი ნაწილი

1. განმცხადებლის პოზიცია

1. საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნულ  კომისიას  (შემდგომში - კომისია)  განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-24-6/3315, თარიღი: 01.08.2024) მიმართა შპს „მაგთიკომმა“.

2. განმცხადებლის  ინფორმაციით,  შპს  „ტელე  1“-სა  და  შპს  „მაგთიკომს“  შორის  არსებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების  საფუძველზე,  შპს  „ტელე  1“-ის  დავალიანებამ   2024 წლის ივლისის მდგომარეობით შეადგინა  2,128 (ორი ათას ას ოცდარვა) ლარი. კომპანიას არ გაუხდია სადაო დავალიანება და ასევე დადასტურებული აქვს ანგარიშ-ფაქტურები.

3. შპს „მაგთიკომმა“ შპს „ტელე 1“-ს წერილობით მიმართა დავალიანების გადახდის მოთხოვნით და შეატყობინა არგადახდის შემთხვევაში შესაძლო შედეგების თაობაზე, თუმცა, მოთხოვნას რეაგირება არ მოჰყოლია. ამდენად, განმცხადებელი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ითხოვს კომისიის თანხმობას შპს „მაგთიკომსა“ და შპს „ტელე 1“-ს შორის არსებული ურთიეთჩართვის შეჩერებაზე - დავალიანების სრულად გადახდამდე.

4. 2024 წლის 22 აგვისტოს სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „ტელე 1“. კომპანია იყო ინფორმირებული სხდომის შესახებ, თუმცა, მის მიერ კომისიაში არ ყოფილა წარმოდგენილი შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების შესახებ.

5. 2024 წლის 22 აგვისტოს სხდომებზე, შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელმა ლ.გიორგაძემ მხარი დაუჭირა განცხადებას. ამასთან,    შპს „ტელე 1“-ის გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით, დააფიქსირა პოზიცია, რომ მხარის დაუსწრებლობა არ არის განპირობებული საპატიო მიზეზით და არ არსებობს დავის განხილვის გადადების საფუძველი - დაუსაბუთებლად გაჭიანურდება დრო. ამასთან, ლ. გიორგაძემ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ შპს „ტელე 1“-ის წარმომადგენელი არც მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადებულა და ამ არგუმენტით გადადებულ 2024 წლის 15 აგვისტოს სხდომასაც არ დაესწრო ბოლომდე - დატოვა სხდომა მის დასრულებამდე. შესაბამისად, პრეცედენტისთვის, მნიშვნელოვანია, რომ მხარის მიერ ადმინისტრაციული წარმოებისადმი ასეთი დამოკიდებულების გამოვლენის გამო, კომისიამ განიხილოს საკითხი მისი დაუსწრებლობის მიუხედავად. ამასთან, კომისიას მიმართა ზეპირი შუამდგომლობით, კომისიის გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს სხდომაზე გამოცხადებისთანავე.

II. მარეგულირებელი კანონმდებლობა

6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ძირითად ფუნქციებს მიეკუთვნება „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში“, ხოლო ამავე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად - „ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ტექნიკურ-ეკონომიკური და სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება“;

7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა, რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლების მომსახურებას, უნდა უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით სხვა მსურველი ოპერატორებისათვის ან ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელის მფლობელი პირებისათვის ურთიერთჩართვის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიწოდება. დაუშვებელია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტა. ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით“;

8. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების  შესაბამისად,  კომისია  ავტორიზებულ  პირებს  შორის  წარმოშობილ  დავებს  წყვეტს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ავტორიზებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით; 

9. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად „დავა არსებითად წყდება კომისიის გადაწყვეტილებით“. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვის ვადაა 1 თვე;

10. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად „კანონით დადგენილ შემთხვევებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეიძლება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებამდე ან ოფიციალურ გაცნობამდეც, თუ დაყოვნებამ შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს, დანაშაულის აღკვეთას ან გახსნას, აგრეთვე პირის უფლებებს ან კანონიერ ინტერესებს“.

III.         სამოტივაციო ნაწილი

1.    გამოკვლეული მტკიცებულებები

11.  შპს „მაგთიკომის“ განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის № შ-24-6/3315, თარიღი: 01.08.2024);

12. შპს „მაგთიკომსა“ და შპს „ტელე 1“-ს შორის 2019 წლის 6 მაისს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულება და დავალიანებასთან დაკავშირებით შპს „მაგთიკომსა“ და შპს „ტელე 1“-ს შორის განხორციელებული მიმოწერა ელექტრონული ფოსტით;

13. შპს „მაგთიკომის“ 2024 წლის 9 ივლისის NED/07/09-018 წერილი შპს „ტელე 1“-ის მიმართ -დავალიანების გადახდის მოთხოვნის შესახებ;

14. შპს „მაგთიკომისა“ და შპს „ტელე 1“-ის შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და საჯარო რეესტრის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;

15. 2024 წლის 22 აგვისტოს სხდომაზე შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენლის მიერ გაკეთებული ახსნა- განმარტებები და შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყონებლივ ძალაში შესვლის შესახებ;

16. კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის 2024 წლის 22 აგვისტოს N24-10-1611 სამსახურებრივი ბარათი.

2.    დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

17. შპს „ტელე 1“ 2019 წლის 21 თებერვლიდან არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი (კატეგორია: A.F.7: ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა (საქმიანობის აღწერა: A.F.7.6 ელექტრონული პაკეტური საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით (SIP, H323), მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.7.7 ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IPTV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა); კატეგორია: B.F.1: ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება (საქმიანობის აღწერა: B.F.1.1 ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; B.F.1.2 საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; B.F.1.3 საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; B.F.1.4 ტექსტური შეტყობინების მომსახურება)).

მტკიცებულება: შპს „ტელე 1”-ის შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან.

18. შპს „მაგთიკომი“ 2010 წლის პირველი თებერვლიდან არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში   ავტორიზებული   პირი   და   2010,   2011   და   2016   წლებში   ავტორიზაცია   გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სხვადასხვა სახეებზე (კატეგორია: A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა (A.F.1.1; A.F.1.2; A.F.1.4; A.F.1.5); A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა (A.F.2.1); A.F.3. ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა (A.F.3.1; A.F.3.2); A.F.5 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა (A.F.5.1); A.F.6:საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა (A.F.6.1); A.F.7:ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა (A.F.7.7); A.M.1 ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა (A.M.1.1. GSM); B.F.1. ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება (B.F.1.1; B.F.1.2; B.F.1.3; B.F.1.4); B.F.2 ინტერნეტ მომსახურება (B.F.2.2; B.F.2.3; B.F.2.6; B.F.2.8; B.F.2.10); B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი (B.F.4.1; B.F.4.2); B.F.6: გამოძახებითი აუდიო- ვიზუალური მედიამომსახურების უზრუნველყოფა (B.F.6.0); B.M.1 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება (B.M.1.1; B.M.1.2; B.M.1.3); B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა (B.M.2.1; B.M.2.2; B.M.2.3; B.M.2.4; B.M.2.5; B.M.2.6); A.S.1: თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა (A.S.1.1; A.S.1.2); B.S.2 ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით (B.S.2.0); B.S.3 თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება (B.S.0); B.S.4 თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება (B.S.4.0); B.S.5: სხვა თანამგზავრული საკომუნიკაციო მომსახურება (B.S.5.0);

მტკიცებულება: შპს „მაგთიკომის“ შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან.

19. შპს „მაგთიკომსა“ და შპს „ტელე 1“-ს შორის 2019 წლის 6 მაისს გაფორმებულია ურთიერთჩართვის ხელშეკრულება და აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში გადასახდელი დავალიანების გადახდის მოთხოვნით შპს „მაგთიკომს“ მიმართული აქვს შპს „ტელე 1“-ისთვის როგორც ოფიციალური წერილით, ასევე, ელექტრონული ფოსტის მეშვეობითაც;

მტკიცებულება:  შპს „მაგთიკომსა“ და შპს „ტელე 1“-ს შორის 2019 წლის 6 მაისს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულება; შპს „მაგთიკომსა“ და შპს „ტელე 1“-ს შორის განხორციელებული ელექტრონული ფოსტის მიმოწერა და შპს „მაგთიკომის“ 2024 წლის 9 ივლისის NED/07/09-018 წერილი;

20. მხარეებს გაეგზავნათ „შპს „ტელე 1“-ის წინააღმდეგ შპს „მაგთიკომის“ განცხადების განსახილველად მიღებისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის 15  აგვისტოს Nგ-24-16/352 გადაწყვეტილება და მოწვეულ იქნენ 2024 წლის 22 აგვისტოს სხდომაზე.

მტკიცებულება: კომისიის 2024 წლის 16 აგვისტოს Nგ-24-03/1773 და Nგ-24-03/1774 წერილები და ჩაბარების დასტური.

3.    სამართლებრივი შეფასება

21. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია, ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.

22. 2019 წლის 6 მაისს შპს „მაგთიკომსა“ და შპს „ტელე 1“-ს შორის გაფორმებულია ურთიერთჩართვის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს საერთო სარგებლობის ქსელებისა და საშუალებების პირდაპირი ურთიერთჩართვა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა აბონენტების ან/და ქსელის მომხმარებელთ კავშირს და ხელშეკრულება გამოყენებადია მხარეთა ხმოვანი ზარებისათვის, რომლებიც წამოწყებულია ამ ხელშეკრულების მხარეთა ბოლო მომხმარებლების მიერ (მუხლი 2). 

23. როგორც შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით დგინდება, 2019 წლის 6 მაისის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების ფარგლებში, შპს „ტელე 1“-ს უფიქსირდება დავალიანება 2,128 (ორი ათას ას ოცდარვა) ლარის ოდენობით და ამ საფუძვლით, შპს „მაგთიკომი“ ითხოვს მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებას.

24. შპს „ტელე 1“-მა სადავოდ არ გახადა შპს „მაგთიკომის“ განცხადებაში (კომისიაში რეგისტრაციის №შ-24-6/3315, თარიღი: 01.08.2024) მითითებული დავალიანება - 2,128 (ორი ათას ას ოცდარვა) ლარი.

25. კომისიის მიერ საკითხის განხილვისას არ გამოვლენილა რაიმე გარემოება, რომელიც წარმოაჩენდა შპს „მაგთიკომის“ მიერ შპს „ტელე 1“-თან არსებული ურთიერთჩართვის შეჩერებით ისეთი ინტერესის დაზიანების რეალურ საფრთხეს, რომელიც შექმნიდა ურთიერთჩართვის შეჩერებაზე უარის თქმის საფუძველს.

26. შესაბამისად, შპს „მაგთიკომს“ უნდა მიეცეს თანხმობა შეაჩეროს შპს „ტელე 1”-თან მოქმედი ურთიერთჩართვა ამ უკანასკნელის მიერ დავალიანების - 2,128 (ორი ათას ას ოცდარვა) ლარის სრულად დაფარვამდე.

27. თავის მხრივ, შპს „ტელე 1”-ს უნდა მიეცეს 10 (ათი) სამუშაო დღე დავალიანების სრულად დასაფარად.

IV.    სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის, 42-ე მუხლის პირველი და მე-7 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1. დაკმაყოფილდეს შპს „მაგთიკომის“ მოთხოვნა შპს „ტელე 1“-თან მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობის მიცემის შესახებ;

2. შპს „მაგთიკომს“ მიეცეს თანხმობა შპს „ტელე 1“-თან მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერების თაობაზე, წინამდებარე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში შპს „მაგთიკომის“ წინაშე არსებული ფულადი ვალდებულების - 2,128 (ორი ათას ას ოცდარვა) ლარის -   შეუსრულებლობის/არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, ამ დავალიანების სრულად დაფარვამდე.

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების მხარეებისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე წევრი

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები