სს „სილქნეტისთვის“ შპს „fixgroup“-თან ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობის მიცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 29, 2024 15:45
მიღების თარიღი აგვისტო 22, 2024
სს „სილქნეტისთვის“ შპს „fixgroup“-თან ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობის მიცემის შესახებ
განმცხადებელი: სს „სილქნეტი“
მოპასუხე: შპს „fixgroup“
დავის საგანი: ურთიერთჩართვიდან გამომდინარე დავალიანების გადაუხდელობა
კომისიის სხდომის თარიღი: 2024 წლის 15 აგვისტო, 15:00 საათი, 22 აგვისტო, 15:00 საათი.
I.აღწერილობითი ნაწილი
1. განმცხადებლის პოზიცია
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში - კომისია) განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-24-6/3165, თარიღი: 24.07.2024) მიმართა სს „სილქნეტმა“.
2. განმცხადებლის განმარტებით, სს „სილქნეტსა“ და შპს „fixgroup”-ს შორის 2020 წლის პირველ ოქტომბერს გაფორმებული „სს „სილქნეტის“ კუთვნილი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვისთვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) და ლოკალური ან/და საერთაშორისო არასტანდარტული სახის მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) დასრულების მომსახურების შესახებ“ ხელშეკრულებისა და იმავე ხელშეკრულებაზე გაფორმებული „ლოკალური ან/და საერთაშორისო არასტანდარტული სახის მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) დასრულების მომსახურების შესახებ“ დამატებითი შეთანხმებიდან გამომდინარე, შპს „fixgroup”-ს სს „სილქნეტის“ მიმართ 2022 წლის ნოემბრიდან 2024 წლის ივნისის თვის ჩათვლით პერიოდზე ერიცხება დავალიანება 53,015,74 (ორმოცდაცამეტი ათას თხუთმეტი ლარი და სამოცდათოთხმეტი თეთრი) ლარის ოდენობით.
3. განმცხადებლის პოზიციით, მომსახურების საფასურის გადახდა ხელშეკრულების არსებითი პირობაა და დავალიანების გადაუხდელობით დარღვეულია ხელშეკრულების ეს პირობა. ამდენად, სს „სილქნეტი“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ითხოვს კომისიის თანხმობას შპს „fixgroup”-თან ლოკალური ან/და საერთაშორისო არასტანდარტული სახის მოკლე ტექსტური შეტყობინებების (SMS) დასრულების მომსახურების შეჩერებაზე ამ უკანასკნელის მიერ სს „სილქნეტის“ მიმართ არსებული დავალიანების სრულად გადახდამდე.
4. „შპს „fixgroup”-ის წინააღმდეგ სს „სილქნეტის“ განცხადების განსახილველად მიღებისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის პირველი აგვისტოს Nგ-24-16/334 გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განხილვა დაინიშნა 2024 წლის 15 აგვისტოს. სხდომაზე სს „სილქნეტის“ წარმომადგენელმა ნ. ნიჟარაძემ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის მორიგება ვერ იქნა მიღწეული. ამასთან, განცხადებაში მითითებული თავდაპირველი დავალიანებიდან - 53,015,74 (ორმოცდაცამეტი ათას თხუთმეტი ლარი და სამოცდათოთხმეტი თეთრი) ლარიდან მხარემ გადაიხადა 8000 (რვა ათასი) ლარი. თუმცა, დავალიანებას დაემატა ივლისის თვის თანხა - 4,521,26 (ოთხი ათას ხუთას ოცდაერთი ლარი და ოცდაექვსი თეთრი) ლარი.
5. განმცხადებელმა ასევე, განმარტა, რომ დავალიანება არის ძველი პერიოდის, 2022 წლიდან მოდის და არ არსებობს არანაირი წინაპირობა მორიგების ან მოთხოვნაზე უარის თქმის. ამასთან, ნ. ნიჟარაძის პოზიციით, კომისიის თანხმობა ურთიერთჩართვის შეჩერებაზე არ ნიშნავს, რომ კომპანია მაშინვე შეაჩერებს ჩართვას. კომისიის თანხმობა კომპანიას აძლევს უფლებას, რომ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება და თუ თანხა ჩაირიცხება უახლოეს პერიოდში, ურთიერთჩართვის შეჩერება არ მოხდება, ხოლო, თუ უკვე შეჩერებული იქნება - ავტომატურად აღდგება.
6. კომისიის 2024 წლის 22 აგვისტოს სხდომაზე, სს „სილქნეტის“ წარმომადგენელმა კომისიას მიმართა ზეპირი შუამდგომლობით, კომისიის გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს სხდომაზე გამოცხადებისთანავე, რადგან გადაწყვეტილების ძალაში შესვლის ზოგადი წესის გამოყენების შემთხვევაში, მიმდინარე დავალიანება გაიზრდება.
2. მოპასუხის პოზიცია
7. 2024 წლის 15 აგვისტოს სხდომაზე შპს „fixgroup”-ის წარმომადგენელმა, ლ. მესხიშვილმა, განმარტა, რომ დავალიანების ნაწილი უკვე დაფარული იყო და იმავე დღეს თანხა კიდევ გადაირიცხებოდა. ამასთან, წარმომადგენელმა მიუთითა უახლოეს დღეებში ბანკთან სესხზე მოლაპარაკებების დასრულებისა და თანხის სრულად დაფარვის შესაძლებლობის შესახებ. ლ. მესხიშვილმა ითხოვა პერიოდის მიცემა - კომისიის მიერ რადიკალურ გადაწყვეტილების მიღებამდე და ურთიერთჩართვის შეჩერებამდე. რაც შეეხება ივლისის თვის დავალიანებას, მისი პოზიციით, თანხის გადახდა მოხდება შესაბამისი ვადების დაცვით.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
8. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ძირითად ფუნქციებს მიეკუთვნება „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში“, ხოლო ამავე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად - „ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ტექნიკურ-ეკონომიკური და სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება“;
9. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა, რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლების მომსახურებას, უნდა უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით სხვა მსურველი ოპერატორებისათვის ან ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელის მფლობელი პირებისათვის ურთიერთჩართვის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიწოდება. დაუშვებელია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტა. ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით“;
10. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, კომისია ავტორიზებულ პირებს შორის წარმოშობილ დავებს წყვეტს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ავტორიზებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით;
11. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „მხარეებმა დავასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები და მტკიცებულებები კომისიას უნდა წარუდგინონ მოსამზადებელ სხდომამდე ან უშუალოდ სხდომაზე“;
12. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად „დავა არსებითად წყდება კომისიის გადაწყვეტილებით.“ ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვის ვადაა 1 თვე;
13. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად „კანონით დადგენილ შემთხვევებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეიძლება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებამდე ან ოფიციალურ გაცნობამდეც, თუ დაყოვნებამ შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს, დანაშაულის აღკვეთას ან გახსნას, აგრეთვე პირის უფლებებს ან კანონიერ ინტერესებს“.
III. სამოტივაციო ნაწილი
1. გამოკვლეული მტკიცებულებები
14. სს „სილქნეტის“ განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის № შ-24-6/3165, თარიღი: 24.07.2024);
15. 2020 წლის სს „სილქნეტის“ კუთვნილი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვისთვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) და ლოკალური ან/და საერთაშორისო არასტანდარტული სახის მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) დასრულების მომსახურების შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა);
16. სს „სილქნეტსა“ და შპს „fixgroup”-ს შორის 2020 წლის პირველ ოქტომბერს გაფორმებული „სს „სილქნეტის“ კუთვნილი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვისთვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) და ლოკალური ან/და საერთაშორისო არასტანდარტული სახის მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) დასრულების მომსახურების შესახებ“ ხელშეკრულება;
17. „სს „სილქნეტის“ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებაზე, ლოკალური ან/და საერთაშორისო არასტანდარტული სახის მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) დასრულების მომსახურების შესახებ“ 2020 წლის პირველი ოქტომბრის დამატებითი შეთანხმება;
18. „სს „სილქნეტის“ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებაზე, ლოკალური ან/და საერთაშორისო არასტანდარტული სახის მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) დასრულების მომსახურების შესახებ“ 2023 წლის 31 მარტის დამატებითი შეთანხმება;
19. გაწეული მომსახურებების შესახებ სს „სილქნეტსა“ და შპს „fixgroup”-ს შორის შეთანხმებული შედარების აქტები;
20. სს „სილქნეტისა“ და შპს „fixgroup”-ის შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და საჯარო რეესტრის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
21. 2024 წლის 15 აგვისტოს სხდომაზე სს „სილქნეტისა“ და შპს „fixgroup“-ის წარმომადგენლების მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებები;
22. 2024 წლის 22 აგვისტოს სხდომაზე სს „სილქნეტის“ წარმომადგენლის ნ. ნიჟარაძის ზეპირი შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ;
23. კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის 2024 წლის 15 აგვისტოს N24-10-1561 სამსახურებრივი ბარათი.
2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
24. შპს „fixgroup” 2020 წლის 17 სექტემბრიდან არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი (კატეგორია: მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა; საქმიანობის აღწერა: B.M.2.1 ტექსტური შეტყობინების მომსახურება);
მტკიცებულება: შპს „fixgroup”-ის შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან.
25. სს „სილქნეტი“ 2010 წლის 10 მარტიდან არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი და 2010, 2011, 2012, 2015, 2016 და 2018 წლებში ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სხვადასხვა სახეებზე (კატეგორია: A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; A.F.3. ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; A.F.4 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებით და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; A.F.5 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა; A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა; A.M.1 ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; A.S.1 თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; B.F.1. ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება; B.F.2 ინტერნეტ მომსახურება; B.F.3 მონაცემთა გადაცემა; B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი; B.F.6 გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand); B.M.1 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა; B.S.2 ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით; B.S.3 თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება; B.S.4 თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება).
მტკიცებულება: სს „სილქნეტის“ შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან.
26. სს „სილქნეტსა“ და შპს „fixgroup”-ს 2020 წლის პირველ ოქტომბერს გაფორმებული აქვთ „სს „სილქნეტის“ კუთვნილი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვისთვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) და ლოკალური ან/და საერთაშორისო არასტანდარტული სახის მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) დასრულების მომსახურების შესახებ“ ხელშეკრულება და ამავე ხელშეკრულებაზე 2020 წლის პირველ ოქტომბერსა და 2023 წლის 31 მარტს გაფორმებულია დამატებითი შეთანხმებები;
მტკიცებულება: 2020 წლის პირველი ოქტომბრის ხელშეკრულება და დამატებითი შეთანხმება; 2023 წლის 31 მარტის N20-227/1 დამატებითი შეთანხმება.
27. სს „სილქნეტ“-სა და შპს „fixgroup”-ს გაეგზავნათ „შპს „fixgroup”-ის წინააღმდეგ სს „სილქნეტის“ განცხადების განსახილველად მიღებისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის პირველი აგვისტოს Nგ-24-16/334 გადაწყვეტილება და მოწვეულ იქნენ კომისიის 2024 წლის 15 აგვისტოს სხდომაზე.
მტკიცებულება: კომისიის 2024 წლის 7 აგვისტოს Nგ-24-03/1676 და Nგ-24-03/1677 წერილები და ჩაბარების დასტურები.
28. კომისიაში არსებული ინფორმაციის შესაბამისად, შპს „fixgroup” ეწევა მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების მომხმარებელთა მოკლე ტექსტური შეტყობინების მომსახურებას (A2P bulk SMS).
მტკიცებულება: კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის 2024 წლის 15 აგვისტოს N24-10-1561 სამსახურებრივი ბარათი.
3. სამართლებრივი შეფასება
29. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია, ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.
30. სს „სილქნეტსა“ და შპს „fixgroup”-ს შორის 2020 წლის პირველი ოქტომბრიდან არის გაფორმებული „სს „სილქნეტის“ კუთვნილი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვისთვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) და ლოკალური ან/და საერთაშორისო არასტანდარტული სახის მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) დასრულების მომსახურების შესახებ“ ხელშეკრულება (დამატებითი შეთანხმებებით).
31. სს „სილქნეტის“ მიერ კომისიაში განცხადების წარმოდგენის პერიოდისთვის, შპს „fixgroup”-ს უფიქსირდება ურთიერთჩართვიდან გამომდინარე ფინანსური ვალდებულება 53,015,74 (ორმოცდაცამეტი ათას თხუთმეტი ლარი და სამოცდათოთხმეტი თეთრი) ლარის ოდენობით და ამ საფუძვლით, სს „სილქნეტი“ ითხოვს მხარეთა შორის მოქმედი ურთიერჩართვის შეჩერებას.
32. შპს „fixgroup”-ის მიერ აღიარებულია და უდავოა, რომ სს „სილქნეტის“ მიერ კომისიაში განცხადების (კომისიაში რეგისტრაციის №შ-24-6/3165, თარიღი: 24.07.2024) წარმოდგენის დროისთვის ურთიერთჩართვიდან გამომდინარე ფინანსური ვალდებულება 2024 წლის ივნისის თვის ჩათვლით შეადგენდა 53,015,74 (ორმოცდაცამეტი ათას თხუთმეტი ლარი და სამოცდათოთხმეტი თეთრი) ლარს.
33. როგორც კომისიის 2024 წლის 15 აგვისტოს სხდომაზე მხარეებმა განმარტეს, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შპს „fixgroup”-ის მიერ დაფარული იქნა 8000 ლარი. თუმცა, სს „სილქნეტი“ დამატებით ითხოვს ახალი თვის, კერძოდ ივლისის დავალიანების - 4,521,26 (ოთხი ათას ხუთას ოცდაერთი ლარი და ოცდაექვსი თეთრი) ლარის გადახდას და ამ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ურთიერთჩართვის შეჩერებას.
34. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მხარეებმა დავასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები და მტკიცებულებები კომისიას უნდა წარუდგინონ მოსამზადებელ სხდომამდე ან უშუალოდ სხდომაზე. ამასთან, თუ კომისია დაუშვებს, რომ მოსამზადებელი სხდომის შემდეგ, ადმინისტრაციული წარმოების პარალელურად გაიზარდოს მოთხოვნა ან ახალი მოთხოვნა დაემატოს, ეს მოთხოვნის მოცულობას გახდის განუჭვრეტელს და მუდმივად მზარდს და არაგონივრულად გაართულებს ადმინისტრაციული წარმოების წარმართვას.
35. შესაბამისად, წინამდებარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კომისიის მსჯელობა შემოიფარგლება სს „სილქნეტის“ მიერ კომისიაში განცხადებაში მითითებული სახელშეკრულებო ვალდებულების (53,015,74 (ორმოცდაცამეტი ათას თხუთმეტი ლარი და სამოცდათოთხმეტი თეთრი) ლარის შესასრულებლად ურთიერთჩართვის შეჩერებაზე თანხმობის გაცემის საკითხის გადაწყვეტით.
36. როგორც მხარეების მიერ კომისიის 2024 წლის 15 აგვისტოს სხდომაზე დაფიქსირდა, სადავო დავალიანების ნაწილი - 8000 (რვა ათასი) ლარი არის უკვე გადახდილი. ამასთან, მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში არ გამოვლენილა, რომ სს „სილქნეტის“ შპს „fixgroup”-თან მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს მომსახურების მომხმარებლებს ან სხვა ისეთ ინტერესს, რომ განაპირობებდეს სს „სილქნეტისთვის“ ურთიერთჩართვის შეჩერებაზე უარის თქმის საფუძველს. შესაბამისად, სს „სილქნეტს“ უნდა მიეცეს თანხმობა შეაჩეროს შპს „fixgroup”-თან მოქმედი ურთიერთჩართვა ამ უკანასკნელის მიერ სს „სილქნეტის“ განცხადებაში (კომისიაში რეგისტრაციის №შ-24-6/3165, თარიღი: 24.07.2024) მითითებული დავალიანების დარჩენილი თანხის სრულად დაფარვამდე.
37. თავის მხრივ, შპს „fixgroup”-ს უნდა მიეცეს 10 (ათი) სამუშაო დღე სს „სილქნეტის“ განცხადებაში (კომისიაში რეგისტრაციის №შ-24-6/3165, თარიღი: 24.07.2024) მითითებული დავალიანების სრულად დასაფარად.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის, 42-ე მუხლის პირველი და მე-7 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს სს „სილქნეტის“ მოთხოვნა შპს „fixgroup“-თან მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობის მიცემის შესახებ;
2. სს „სილქნეტს“ მიეცეს თანხმობა შპს „fixgroup“-თან მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერების თაობაზე, წინამდებარე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში სს „სილქნეტის“ განცხადებაში (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში რეგისტრაციის №შ-24-6/3165, თარიღი: 24.07.2024) მითითებული ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის/არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, ამ დავალიანების სრულად დაფარვამდე.
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების მხარეებისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
