სს „სილქნეტისთვის“ ურთიერთჩართვის დავალების თაობაზე შპს „მეტა 37“-ის განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 02, 2024 15:03
მიღების თარიღი აგვისტო 29, 2024
სს „სილქნეტისთვის“ ურთიერთჩართვის დავალების თაობაზე შპს „მეტა 37“-ის განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
განმცხადებელი: შპს „მეტა 37“
მოპასუხე: სს „სილქნეტი“
დავის საგანი: ურთიერთჩართვის დავალება
კომისიის სხდომის თარიღი: 2024 წლის 22 აგვისტო, 15:00 საათი, 29 აგვისტო, 15:00 საათი
I.აღწერილობითი ნაწილი
1. განმცხადებლის პოზიცია
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში - კომისია) განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-24-6/3232, თარიღი: 29.07.2024) მიმართა შპს „მეტა 37“-მა.
2. განმცხადებლის განმარტებით, მან 2024 წლის 22 მარტს მიმართა სს „სილქნეტს“ და ითხოვა კომპანიებს შორის ურთიერთჩართვის ორგანიზება სმს-ის წამოწყებასა და დასრულებაზე SS7 ტექნოლოგიის გამოყენებით. კომპანიებს შორის ამ საკითხზე ადრეც მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, თუმცა, მარტიდან მოხდა უკვე ადვოკატების ჩართვა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, 2024 წლის ივლისამდე ხდებოდა ამ საკითხზე კომუნიკაცია. ამასთან, განმცხადებელმა მოახდინა სს „სილქნეტის“ ინფორმირება, რომ შპს „მეტა 37“-ის ტექნიკური უზრუნველყოფის გათვალისწინებით, მხოლოდ SS7 ტექნოლოგიით შეძლებდა ურთიერთჩართვას.
3. სს „სილქნეტმა“ კომპანიას აცნობა, რომ მიმდინარეობდა ტექნიკური სამუშაოები და მათ დასრულებამდე ვერ შეძლებდნენ SS7 ტექნოლოგიით ურთიერთჩართვას.
4. ამდენად, განმცხადებელი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ითხოვს, კომისიამ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება და დაავალოს სს „სილქნეტს“ ურთიერთჩართვა SS7 ტექნოლოგიით.
5. 2024 წლის 22 აგვისტოს შპს „მეტა 37“-მა მომართა კომისიას შუამდგომლობით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-24-6/3645, თარიღი: 22.08.2024) და ითხოვა საკითხის განხილვის გადადება, გამომდინარე იქიდან, რომ მხარეთა შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკებები და შესაძლებელი იყო მიეღწიათ შეთანხმებისთვის.
6. 2024 წლის 29 აგვისტოს შპს „მეტა 37“-მა კომისიას მომართა შუამდგომლობით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-24-6/3711, თარიღი: 29.08.2024) და ითხოვა მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა, იმ საფუძვლით, რომ მხარეთა შორის მიღწეულია შეთანხმება.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ძირითად ფუნქციებს მიეკუთვნება „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში“, ხოლო ამავე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად - „ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ტექნიკურ-ეკონომიკური და სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება“;
8. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები“;
9. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა, რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლების მომსახურებას, უნდა უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით სხვა მსურველი ოპერატორებისათვის ან ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელის მფლობელი პირებისათვის ურთიერთჩართვის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიწოდება. დაუშვებელია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტა. ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით“;
10. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ამოცანებია „ავტორიზებული პირების დისკრიმინაციის დაუშვებლობა და მათი თანასწორუფლებიანობა; მსურველი ავტორიზებული პირების მოთხოვნით ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ თავისუფალ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან არადისკრიმინაციული დაშვება ან/და ურთიერთჩართვა“;
11. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, კომისია ავტორიზებულ პირებს შორის წარმოშობილ დავებს წყვეტს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ავტორიზებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით;
12. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „დავა განიხილება შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, კომისიის სხდომაზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტობრივი გარემოებები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ისინი“. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „პირველი პუნქტით განსაზღვრული შეჯიბრებითობის პრინციპი არ ზღუდავს კომისიას, საქმის გარემოებათა გასარკვევად საკუთარი ინიციატივით შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და გამოითხოვოს მტკიცებულებები;
13. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „მხარეები უფლებამოსილი არიან დავის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მოითხოვონ საქმის მორიგებით დამთავრება“. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, „განმცხადებელი უფლებამოსილია უარი განაცხადოს განცხადებაზე, ხოლო მეორე მხარე უფლებამოსილია ცნოს განმცხადებლის მოთხოვნა. ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე“.
III. სამოტივაციო ნაწილი
1. გამოკვლეული მტკიცებულებები
14. შპს „მეტა 37“-ის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის №შ-24-6/3232, თარიღი: 29.07.2024);
15. სს „სილქნეტსა“ და შპს „მეტა 37“-ს შორის განხორციელებული მიმოწერა;
16. სს „სილქნეტისა“ და შპს „მეტა 37“-ის შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და საჯარო რეესტრის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
17. შპს „მეტა 37“-ის შუამდგომლობები (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-24-6/3645, თარიღი: 22.08.2024 და Nშ-24-6/3711, თარიღი: 29.08.2024).
2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
18. შპს „მეტა 37“ 2023 წლის პირველი ივნისიდან არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სხვადასხვა სახეებზე (კატეგორია: B.M.2. მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა (B.M.2.1); B.F.1. ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება (B.F.1.1; B.F.1.2; B.F.1.3); B.F.2 ინტერნეტ მომსახურება (B.F.2.3); B.F.3. მონაცემთა გადაცემა (B.F.3.0); B.M.1. მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება (B.M.1.3); A.F.7:ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა (A.F.7.8); B.F.2 ინტერნეტ მომსახურება (B.F.2.2; B.F.2.9); B.M.1 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება (B.M.1.1; B.M.1.2); B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა (B.M.2.2; B.M.2.3; B.M.2.4; B.M.2.6).
მტკიცებულება: შპს „მეტა 37“-ის შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან.
19. სს „სილქნეტი“ 2010 წლის 10 მარტიდან არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი და 2010, 2011, 2012, 2015, 2016 და 2018 წლებში ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სხვადასხვა სახეებზე (კატეგორია: A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; A.F.3. ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; A.F.4 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებით და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; A.F.5 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა; A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა; A.M.1 ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; A.S.1 თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; B.F.1. ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება; B.F.2 ინტერნეტ მომსახურება; B.F.3 მონაცემთა გადაცემა; B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი; B.F.6 გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand); B.M.1 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა; B.S.2 ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით; B.S.3 თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება; B.S.4 თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება).
მტკიცებულება: სს „სილქნეტის“ შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან.
20. სს „სილქნეტსა“ და შპს „მეტა 37“-ს გაეგზავნათ „სს „სილქნეტის“ წინააღმდეგ შპს „მეტა 37“-ის განცხადების განსახილველად მიღებისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის 8 აგვისტოს Nგ-24-16/340 გადაწყვეტილება და მოწვეულ იქნენ კომისიის 2024 წლის 22 აგვისტოს სხდომაზე.
მტკიცებულება: კომისიის 2024 წლის 14 აგვისტოს Nგ-24-03/1738 და Nგ-24-03/1738 წერილები და ჩაბარების დასტურები.
21. შპს „მეტა 37“-ის შუამდგომლობის საფუძველზე კომისიის 2024 წლის 22 აგვისტოს სხდომა გადაიდო 29 აგვისტოსთვის.
მტკიცებულება: შპს „მეტა 37“-ის შუამდგომლობა (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-24-6/3645, თარიღი: 22.08.2024).
22. 2024 წლის 29 აგვისტოს შპს „მეტა 37“-მა კომისიას მომართა შუამდგომლობით, უარი თქვა მოთხოვნაზე და ითხოვა მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა.
მტკიცებულება: შპს „მეტა 37“-ის შუამდგომლობა (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-24-6/3711, თარიღი:
29.08.2024).
3. სამართლებრივი შეფასება
23. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია ავტორიზებულ პირებს შორის წარმოშობილ დავებს წყვეტს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. ამასთან, კომისიის კომპეტენციას მიეკუთვნება ავტორიზებულ პირებს შორის დავის განხილვა ურთიერთჩართვის საკითხებზე. ამდენად, კომისია არის საკითხის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანო.
24. თავის მხრივ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი მხარეებს ანიჭებს უფლებამოსილებას დავის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მორიგდნენ. ამასთან, თუ განმცხადებელმა უარი თქვა მოთხოვნაზე ან მოპასუხემ ცნო მოთხოვნა, კომისია უფლებამოსილია შეწყვიტოს წარმოება.
25. როგორც შპს „მეტა 37“-ის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობით დგინდება, განმცხადებელი უარს ამბობს მოთხოვნაზე. შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 36-ე მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შეწყდეს სს „სილქნეტისთვის“ ურთიერთჩართვის დავალების თაობაზე შპს „მეტა 37“-ის განცხადების (კომისიაში რეგისტრაციის №შ-24-6/3232, თარიღი: 29.07.2024) საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება.
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების მხარეებისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
3.გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
