შპს „ვიფიშერის“ წინააღმდეგ სს „სილქნეტის“ განცხადების განსახილველად მიღებისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 06, 2024 17:18
მიღების თარიღი სექტემბერი 05, 2024
შპს „ვიფიშერის“ წინააღმდეგ სს „სილქნეტის“ განცხადების განსახილველად მიღებისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
განმცხადებელი: სს „სილქნეტი“
მოპასუხე: შპს „ვიფიშერი“
დავის საგანი: ურთიერთჩართვიდან გამომდინარე დავალიანების გადაუხდელობა
კომისიის მოსამზადებელი სხდომის თარიღი: 2024 წლის 5 სექტემბერი, 15:00 საათი.
I.აღწერილობითი ნაწილი
1. განმცხადებლის პოზიცია
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში - კომისია) განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-24-6/3626, თარიღი: 21.08.2024) მიმართა სს „სილქნეტმა“.
2. განმცხადებლის განმარტებით, სს „სილქნეტსა“ და შპს „ვიფიშერს“ შორის 2021 წლის პირველ იანვარს გაფორმებული „სს „სილქნეტის“ კუთვნილი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვისთვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) და ლოკალური ან/და საერთაშორისო არასტანდარტული სახის მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) დასრულების მომსახურების შესახებ“ ხელშეკრულებისა და იმავე ხელშეკრულებაზე გაფორმებული „ლოკალური ან/და საერთაშორისო არასტანდარტული სახის მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) დასრულების მომსახურების შესახებ“ დამატებითი შეთანხმებიდან გამომდინარე, შპს „ვიფიშერს“ სს „სილქნეტის“ მიმართ 2022 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის ივლისის თვის ჩათვლით პერიოდზე ერიცხება ჯამური დავალიანება 126,731,11 (ასოცდაექვსი ათას შვიდას ოცდათერთმეტი ლარი და თერთმეტი თეთრი) ლარის ოდენობით.
3. განმცხადებლის პოზიციით, მომსახურების საფასურის გადახდა ხელშეკრულების არსებითი პირობაა და დავალიანების გადაუხდელობით დარღვეულია ხელშეკრულების ეს პირობა. ამდენად, სს „სილქნეტი“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-
3 პუნქტის შესაბამისად, ითხოვს კომისიის თანხმობას შპს „ვიფიშერთან” ლოკალური ან/და საერთაშორისო არასტანდარტული სახის მოკლე ტექსტური შეტყობინებების (SMS) დასრულების მომსახურების შეჩერებაზე ამ უკანასკნელის მიერ სს „სილქნეტის“ მიმართ არსებული დავალიანების სრულად გადახდამდე.
4. 2024 წლის 5 სექტემბრის მოსამზადებელ სხდომაზე სს „სილქნეტის“ წარმომადგენელმა ნ. ნიჟარაძემ მხარი დაუჭირა განცხადებას და ასევე, დააზუსტა დავალიანების თანხა. კერძოდ, მისი განმარტებით, განცხადების (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-24-6/3626, თარიღი: 21.08.2024) კომისიაში წარმოდგენის შემდგომ, დავალიანება გაიზარდა და დაემატა აგვისტოს თვის თანხაც. მართალია, შპს „ვიფიშერმა“ თავდაპირველი დავალიანებიდან 20 000 ლარი ჩარიცხა უკვე 29 აგვისტოს, თუმცა, აგვისტოს თვის ჩათვლით პერიოდზე ჯამური დავალიანება შეადგენს 144, 48. 23 (ასორმოცდაოთხი ათას ორმოცდარვა ლარი და ოცდასამი თეთრი) ლარს. ამასთან, სს „სილქნეტის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ თუ დავალიანების თანხა დაიფარებოდა არსებით სხდომამდე, სს „სილქნეტი“ უარს იტყოდა მოთხოვნაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
5. 2024 წლის 5 სექტემბრის მოსამზადებელ სხდომაზე შპს „ვიფიშერის“ წარმომადგენლებმა გ. ნიშნიანიძემ და ს. მეშველიშვილმა სადავოდ არ გახადეს კომისიის უფლებამოსილება განცხადების განხილვის შესახებ. ამასთან, მოპასუხე მხარემ გამოთქვა მზადყოფნა აწარმოოს მოლაპარაკებები სს „სილქნეტთან“ მორიგებასთან დაკავშირებით, რადგან შეთანხმების მიღწევა არის მათი მთავარი მიზანი.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ძირითად ფუნქციებს მიეკუთვნება „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში“, ხოლო ამავე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად - „ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ტექნიკურ-ეკონომიკური და სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება.“;
7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა, რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლების მომსახურებას, უნდა უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით სხვა მსურველი ოპერატორებისათვის ან ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელის მფლობელი პირებისათვის ურთიერთჩართვის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიწოდება. დაუშვებელია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტა. ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.“;
8. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, კომისია ავტორიზებულ პირებს შორის წარმოშობილ დავებს წყვეტს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ავტორიზებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით;
9. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ნიშნავს მოსამზადებელ სხდომას. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, „მოსამზადებელ სხდომაზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ.“;
10. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვის ვადაა 1 თვე;
11. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, „ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით ან შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისაგან დამოუკიდებლად არღვევს პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს.“.
III. სამოტივაციო ნაწილი
1. გამოკვლეული მტკიცებულებები
12. სს „სილქნეტის“ განცხადება განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-24-6/3626, თარიღი:21.08.2024);
13. 2020 წლის სს „სილქნეტის“ კუთვნილი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვისთვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) და ლოკალური ან/და საერთაშორისო არასტანდარტული სახის მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) დასრულების მომსახურების შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა);
14. სს „სილქნეტსა“ და შპს „ვიფიშერს” შორის 2021 წლის 21 იანვარს გაფორმებული „სს „სილქნეტის“ კუთვნილი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვისთვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) და ლოკალური ან/და საერთაშორისო არასტანდარტული სახის მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) დასრულების მომსახურების შესახებ“ N21-049 ხელშეკრულება;
15. „სს „სილქნეტის“ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებაზე, ლოკალური ან/და საერთაშორისო არასტანდარტული სახის მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) დასრულების მომსახურების შესახებ“ 2021 წლის 21 იანვრის დამატებითი შეთანხმება;
16. „სს „სილქნეტის“ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებაზე, ლოკალური ან/და საერთაშორისო არასტანდარტული სახის მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) დასრულების მომსახურების შესახებ“ 2023 წლის 31 მარტის N21-049/1 დამატებითი შეთანხმება;
17. გამავალი და შემომავალი ესემესების შესახებ სს „სილქნეტსა“ და შპს „ვიფიშერს” შორის შეთანხმებული შედარების აქტები;
18. სს „სილქნეტისა“ და შპს „ვიფიშერის” შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და საჯარო რეესტრის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
19. 2024 წლის 5 სექტემბერს გამართულ მოსამზადებელ სხდომაზე სს „სილქნეტისა“ და შპს „ვიფიშერის“ წარმომადგენლების მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებები.
2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
20. შპს „fixgroup” 2020 წლის 31 დეკემბრიდან არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი და 2020-2021 წლებში ავტორიზაცია აქვს გავლილი ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შედეგ სახეებზე: - კატეგორია: B.F.1: ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება. საქმიანობის აღწერა: B.F.1.1 ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; B.F.1.3 საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; B.F.1.4 ტექსტური შეტყობინების მომსახურება. კატეგორია: B.M.2: მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა. საქმიანობის აღწერა: B.M.2.1 ტექსტური შეტყობინების მომსახურება.
მტკიცებულება: შპს „ვიფიშერის“ შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან.
21. სს „სილქნეტი“ 2010 წლის 10 მარტიდან არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი და 2010, 2011, 2012, 2015, 2016 და 2018 წლებში ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სხვადასხვა სახეებზე (კატეგორია: A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; A.F.3. ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; A.F.4 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებით და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; A.F.5 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა; A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა; A.M.1 ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; A.S.1 თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; B.F.1. ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება; B.F.2 ინტერნეტ მომსახურება; B.F.3 მონაცემთა გადაცემა; B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი; B.F.6 გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand); B.M.1 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა; B.S.2 ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით; B.S.3 თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება; B.S.4 თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება).
მტკიცებულება: სს „სილქნეტის“ შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან.
22. სს „სილქნეტსა“ და შპს „ვიფიშერს“ შორის 2021 წლის 21 იანვარს გაფორმებულია „სს „სილქნეტის“ კუთვნილი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვისთვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) და ლოკალური ან/და საერთაშორისო არასტანდარტული სახის მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) დასრულების მომსახურების შესახებ“ ხელშეკრულება და ამავე ხელშეკრულებაზე 2021 წლის 21 იანვარსა და 2023 წლის 31 მარტს გაფორმებულია დამატებითი შეთანხმებები;
მტკიცებულება: 2021 წლის 21 იანვრის N21-049 ხელშეკრულება და დამატებითი შეთანხმება; 2023 წლის 31 მარტის N21-049/1 დამატებითი შეთანხმება.
23. შპს „ვიფიშერს“ გაეგზავნა სს „სილქნეტის“ განცხადება თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად და მოწვეულ იქნა კომისიის მოსამზადებელ სხდომაზე. შეტყობინება სხდომის შესახებ ასევე გაეგზავნა სს „სილქნეტსაც“.
მტკიცებულება: კომისიის 2024 წლის 2 სექტემბრის Nგ-24-03/1869 და Nგ-24-03/1870 წერილები და მხარეთა მიერ მათი ჩაბარების დასტურები.
3. სამართლებრივი შეფასება
24. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მხარის მომართვის საფუძველზე, მხოლოდ კომისიის თანხმობით არის შესაძლებელი მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერება. ამდენად, კომისია არის საკითხის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანო. ამასთან, არც მოპასუხე მხარეს არ გაუხდია სადავოდ ეს საკითხი მოსამზადებელ სხდომაზე;
25. თავის მხრივ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების შესაბამისად, კომისია მოსამზადებელ სხდომაზე იღებს გადაწყვეტილების დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ, თუ სახეზე არ არის განცხადების განუხილველად დატოვების ან/და ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლები;
26. მოსამზადებელ სხდომაზე მხარეთა მიერ გაკეთებული განმარტებებიდან გამომდინარე, მხარეთა შორის მორიგება შესაძლოა განხილულ იქნეს, თუმცა, მორიგების პირობებზე შეთანხმება არ არის მიღწეული. ამდენად, დავის განხილვის დღედ განისაზღვრება 2024 წლის 12 სექტემბერი.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 36-ე მუხლის პირველი პუნქტის, 38-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177- ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს „ვიფიშერის“ წინააღმდეგ სს „სილქნეტის“ განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-24-6/3626, თარიღი: 21.08.2024) მიღებულ იქნეს განსახილველად;
2. სს „სილქნეტს“ და შპს „ვიფიშერს“ შორის დავის განხილვა დაინიშნოს 2024 წლის 12 სექტემბერს, 15:00 საათზე;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების მხარეებისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
6. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
