შპს „ვიფიშერთან“ ურთიერთჩართვის შეჩერებაზე სს „სილქნეტის“ განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 24, 2024 14:15
მიღების თარიღი სექტემბერი 19, 2024
შპს „ვიფიშერთან“ ურთიერთჩართვის შეჩერებაზე სს „სილქნეტის“ განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
განმცხადებელი: სს „სილქნეტი“
მოპასუხე: შპს „ვიფიშერი“
დავის საგანი: ურთიერთჩართვიდან გამომდინარე დავალიანების გადაუხდელობა
კომისიის სხდომის თარიღი: 2024 წლის 12 სექტემბერი, 15:00 საათი, 19 სექტემბერი, 15:00 საათი
I.აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში - კომისია) განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-24-6/3626, თარიღი: 21.08.2024) მიმართა სს „სილქნეტმა“.
2. განმცხადებლის განმარტებით, სს „სილქნეტსა“ და შპს „ვიფიშერს“ შორის 2021 წლის 21 იანვარს გაფორმებული „სს „სილქნეტის“ კუთვნილი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვისთვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) და ლოკალური ან/და საერთაშორისო არასტანდარტული სახის მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) დასრულების მომსახურების შესახებ“ ხელშეკრულებისა და იმავე ხელშეკრულებაზე გაფორმებული „ლოკალური ან/და საერთაშორისო არასტანდარტული სახის მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) დასრულების მომსახურების შესახებ“ დამატებითი შეთანხმებიდან გამომდინარე, შპს „ვიფიშერს“ სს „სილქნეტის“ მიმართ 2022 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის ივლისის თვის ჩათვლით პერიოდზე ერიცხება ჯამური დავალიანება 126,731,11 (ასოცდაექვსი ათას შვიდას ოცდათერთმეტი ლარი და თერთმეტი თეთრი) ლარის ოდენობით.
3. განმცხადებლის პოზიციით, მომსახურების საფასურის გადახდა ხელშეკრულების არსებითი პირობაა და დავალიანების გადაუხდელობით დარღვეულია ხელშეკრულების ეს პირობა. ამდენად, სს „სილქნეტი“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-
3 პუნქტის შესაბამისად, ითხოვს კომისიის თანხმობას შპს „ვიფიშერთან” ლოკალური ან/და საერთაშორისო არასტანდარტული სახის მოკლე ტექსტური შეტყობინებების (SMS) დასრულების მომსახურების შეჩერებაზე ამ უკანასკნელის მიერ სს „სილქნეტის“ მიმართ არსებული დავალიანების სრულად გადახდამდე.
4. 2024 წლის 5 სექტემბრის მოსამზადებელ სხდომაზე სს „სილქნეტის“ წარმომადგენელმა ნ. ნიჟარაძემ მხარი დაუჭირა განცხადებას და ასევე, დააზუსტა დავალიანების თანხა. კერძოდ, მისი განმარტებით, განცხადების (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-24-6/3626, თარიღი: 21.08.2024) კომისიაში წარმოდგენის შემდგომ, დავალიანება გაიზარდა და დაემატა აგვისტოს თვის თანხაც. მართალია, შპს „ვიფიშერმა“ თავდაპირველი დავალიანებიდან 20 000 ლარი ჩარიცხა უკვე 29 აგვისტოს, თუმცა, აგვისტოს თვის ჩათვლით პერიოდზე ჯამური დავალიანება შეადგენს 144, 48. 23 (ასორმოცდაოთხი ათას ორმოცდარვა ლარი და ოცდასამი თეთრი) ლარს. ამასთან, სს „სილქნეტის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ თუ დავალიანების თანხა დაიფარებოდა არსებით სხდომამდე, სს „სილქნეტი“ უარს იტყოდა მოთხოვნაზე.
5. 2024 წლის 12 სექტემბრის სხდომაზე სს „სილქნეტის“ წარმომადგენელმა, ნ. ნიჟარაძემ, მიმართა კომისიას ზეპირი შუამდგომლობით და ითხოვა საქმის განხილვის ერთი კვირით გადადება, რადგან, მისი განმარტებით, შესაძლებელი იყო მხარეთა შორის შემდგარიყო მორიგება.
6. 2024 წლის 17 სექტემბრის N5530/05-8 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-24-6/4089; თარიღი:17.09.2024) სს „სილქნეტის“ წარმომადგენელმა კომისიას მიმართა შუამდგომლობით მისი განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მხარეებს შორის მიღწეული იყო შეთანხმება დავალიანების გადახდის განაწილვადებასთან დაკავშირებით.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ძირითად ფუნქციებს მიეკუთვნება „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში“, ხოლო ამავე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად - „ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ტექნიკურ-ეკონომიკური და სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება“;
8. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები“;
9. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა, რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლების მომსახურებას, უნდა უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით სხვა მსურველი ოპერატორებისათვის ან ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელის მფლობელი პირებისათვის ურთიერთჩართვის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიწოდება. დაუშვებელია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტა. ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით“;
10. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ამოცანებია „ავტორიზებული პირების დისკრიმინაციის დაუშვებლობა და მათი თანასწორუფლებიანობა; მსურველი ავტორიზებული პირების მოთხოვნით ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ თავისუფალ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან არადისკრიმინაციული დაშვება ან/და ურთიერთჩართვა“;
11. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, კომისია ავტორიზებულ პირებს შორის წარმოშობილ დავებს წყვეტს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ავტორიზებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით;
12. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „დავა განიხილება შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, კომისიის სხდომაზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტობრივი გარემოებები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ისინი“. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „პირველი პუნქტით განსაზღვრული შეჯიბრებითობის პრინციპი არ ზღუდავს კომისიას, საქმის გარემოებათა გასარკვევად საკუთარი ინიციატივით შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და გამოითხოვოს მტკიცებულებები;
13. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „მხარეები უფლებამოსილი არიან დავის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მოითხოვონ საქმის მორიგებით დამთავრება“. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, „განმცხადებელი უფლებამოსილია უარი განაცხადოს განცხადებაზე, ხოლო მეორე მხარე უფლებამოსილია ცნოს განმცხადებლის მოთხოვნა. ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე“.
III. სამოტივაციო ნაწილი
1. გამოკვლეული მტკიცებულებები
14. სს „სილქნეტის“ განცხადება განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-24-6/3626, თარიღი: 21.08.2024);
15. 2020 წლის სს „სილქნეტის“ კუთვნილი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვისთვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) და ლოკალური ან/და საერთაშორისო არასტანდარტული სახის მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) დასრულების მომსახურების შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა);
16. სს „სილქნეტსა“ და შპს „ვიფიშერს” შორის 2021 წლის 21 იანვარს გაფორმებული „სს „სილქნეტის“ კუთვნილი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვისთვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) და ლოკალური ან/და საერთაშორისო არასტანდარტული სახის მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) დასრულების მომსახურების შესახებ“ N21-049 ხელშეკრულება;
17. „სს „სილქნეტის“ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებაზე, ლოკალური ან/და საერთაშორისო არასტანდარტული სახის მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) დასრულების მომსახურების შესახებ“ 2021 წლის 21 იანვრის დამატებითი შეთანხმება;
18. „სს „სილქნეტის“ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებაზე, ლოკალური ან/და საერთაშორისო არასტანდარტული სახის მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) დასრულების მომსახურების შესახებ“ 2023 წლის 31 მარტის N21-049/1 დამატებითი შეთანხმება;
19. გამავალი და შემომავალი ესემესების შესახებ სს „სილქნეტსა“ და შპს „ვიფიშერს” შორის შეთანხმებული შედარების აქტები;
20. სს „სილქნეტისა“ და შპს „ვიფიშერის” შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და საჯარო რეესტრის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
21. 2024 წლის 5 სექტემბერს გამართულ მოსამზადებელ სხდომაზე სს „სილქნეტისა“ და შპს „ვიფიშერის“ წარმომადგენლების მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებები;
22. 2024 წლის 12 სექტემბრის სხდომაზე სს „სილქნეტის“ წარმომადგენლის მიერ გაკეთებული ზეპირი შუამდგომლობა;
23. სს „სილქნეტის“ 2024 წლის 17 სექტემბრის N5530/05-8 წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-24-6/4089; თარიღი: 17.09.2024).
2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
24. შპს „ვიფიშერი“ 2020 წლის 31 დეკემბრიდან არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი და 2020-2021 წლებში ავტორიზაცია აქვს გავლილი ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შედეგ სახეებზე: - კატეგორია: B.F.1: ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება. საქმიანობის აღწერა: B.F.1.1 ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; B.F.1.3 საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; B.F.1.4 ტექსტური შეტყობინების მომსახურება. კატეგორია: B.M.2: მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა. საქმიანობის აღწერა: B.M.2.1 ტექსტური შეტყობინების მომსახურება.
მტკიცებულება: შპს „ვიფიშერის“ შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან.
25. სს „სილქნეტი“ 2010 წლის 10 მარტიდან არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი და 2010, 2011, 2012, 2015, 2016 და 2018 წლებში ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სხვადასხვა სახეებზე (კატეგორია: A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; A.F.3. ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; A.F.4 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებით და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; A.F.5 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა; A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა; A.M.1 ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; A.S.1 თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; B.F.1. ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება; B.F.2 ინტერნეტ მომსახურება; B.F.3 მონაცემთა გადაცემა; B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი; B.F.6 გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand); B.M.1 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა; B.S.2 ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით; B.S.3 თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება; B.S.4 თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება).
მტკიცებულება: სს „სილქნეტის“ შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან.
26. სს „სილქნეტსა“ და შპს „ვიფიშერს“ შორის 2021 წლის 21 იანვარს გაფორმებულია „სს „სილქნეტის“ კუთვნილი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვისთვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) და ლოკალური ან/და საერთაშორისო არასტანდარტული სახის მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) დასრულების მომსახურების შესახებ“ ხელშეკრულება და ამავე ხელშეკრულებაზე 2021 წლის 21 იანვარსა და 2023 წლის 31 მარტს გაფორმებულია დამატებითი შეთანხმებები;
მტკიცებულება: 2021 წლის 21 იანვრის N21-049 ხელშეკრულება და დამატებითი შეთანხმება; 2023 წლის 31 მარტის N21-049/1 დამატებითი შეთანხმება.
27. 2024 წლის 17 სექტემბრის სს „სილქნეტის“ წარმომადგენელმა, ნ. ნიჟარაძემ მიმართა კომისიას წერილობითი შუამდგომლობით, უარი თქვა მოთხოვნაზე და ითხოვა მისი განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა მხარეთა შეთანხმების გამო.
მტკიცებულება: 2024 წლის 17 სექტემბრის N5530/05-8 წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-24-6/4089; თარიღი: 17.09.2024).
3. სამართლებრივი შეფასება
28. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია ავტორიზებულ პირებს შორის წარმოშობილ დავებს წყვეტს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. ამასთან, კომისიის კომპეტენციას მიეკუთვნება ავტორიზებულ პირებს შორის დავის განხილვა ურთიერთჩართვის საკითხებზე. ამდენად, კომისია არის საკითხის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანო.
29. თავის მხრივ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი მხარეებს ანიჭებს უფლებამოსილებას დავის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მორიგდნენ. ამასთან, თუ განმცხადებელმა უარი თქვა მოთხოვნაზე ან მოპასუხემ ცნო მოთხოვნა, კომისია უფლებამოსილია შეწყვიტოს წარმოება.
30. როგორც სს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობით დგინდება, განმცხადებელი უარს ამბობს მოთხოვნაზე. შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 36-ე მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შეწყდეს შპს „ვიფიშერთან“ ურთიერთჩართვის შეჩერებაზე სს „სილქნეტის“ განცხადების (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-24-6/3626, თარიღი: 21.08.2024) საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების მხარეებისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
3.გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
