წვდომის მენიუ

შპს „fixgroup“-ის წინააღმდეგ შპს „მაგთიკომის“ განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: გ-24-16 / 552

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 05, 2024 14:23

მიღების თარიღი ნოემბერი 28, 2024

შპს „fixgroup“-ის წინააღმდეგ შპს „მაგთიკომის“ განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

განმცხადებელი: შპს „მაგთიკომი“

მოპასუხე: შპს „fixgroup“

დავის საგანი: ურთიერთჩართვიდან გამომდინარე დავალიანების გადაუხდელობა

კომისიის მოსამზადებელი სხდომის თარიღი: 2024 წლის 28 ნოემბერი, 15:00 საათი.

I. აღწერილობითი  ნაწილი

1. განმცხადებლის პოზიცია

1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში-კომისია)   განცხადებით (05.11.2024 Nშ-24-6/4759) მიმართა შპს „მაგთიკომმა“.

2.განმცხადებლის ინფორმაციით, შპს „fixgroup-სა და შპს „მაგთიკომს“ შორის არსებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „Fixgroup“-ის დავალიანებამ 2024 წლის ოქტომბრის მდგომარეობით შეადგინა 11,573.55 ლარი (ასევე საგულისხმოა, რომ ოქტომბერში გაწეული მომსახურების ღირებულება აღემატება 5000 ლარს). კომპანიას არ გაუხდია სადაო დავალიანება და ასევე დადასტურებული აქვს ანგარიშ-ფაქტურები.

3.შპს „მაგთიკომმა“ შპს „Fixgroup“-ს წერილობით მიმართა დავალიანების გადახდის მოთხოვნით და შეატყობინა არ გადახდის შემთხვევაში შესაძლო შედეგების თაობაზე, თუმცა, მოთხოვნას რეაგირება არ მოჰყოლია. ამდენად, განმცხადებელი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ითხოვს კომისიის თანხმობას შპს  „მაგთიკომსა“ და  შპს „fixgroup“-ს  შორის  არსებული ურთიერთჩართვის შეჩერებაზე - დავალიანების სრულად გადახდამდე.

4.2024 წლის 28 ნოემბრის მოსამზადებელ სხდომაზე, შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელმა ლ. გიორგაძემ დაადასტურა, რომ შპს „Fixgroup”-მა დაფარა შპს „მაგთიკომის“ მიმართ არსებული დავალიანება და კომისიის წინაშე იშუამდგომლა ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

II. მარეგულირებელი კანონმდებლობა

5.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ძირითად ფუნქციებს მიეკუთვნება „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების   ფარგლებში“,  ხოლო ამავე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად - „ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ტექნიკურ-ეკონომიკური და სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება“;

6.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები“;

7.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა, რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლების მომსახურებას, უნდა უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით სხვა მსურველი ოპერატორებისათვის ან ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელის მფლობელი პირებისათვის ურთიერთჩართვის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიწოდება. დაუშვებელია  ელექტრონული  საკომუნიკაციო ქსელის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით“;

8.,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ამოცანებია „ავტორიზებული პირების დისკრიმინაციის დაუშვებლობა და მათი თანასწორუფლებიანობა; მსურველი ავტორიზებული პირების მოთხოვნით ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ თავისუფალ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან არადისკრიმინაციული დაშვება ან/და ურთიერთჩართვა“;

9.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, კომისია ავტორიზებულ პირებს შორის წარმოშობილ დავებს წყვეტს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ავტორიზებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით;

10.,,ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „დავა განიხილება შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, კომისიის სხდომაზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტობრივი გარემოებები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ისინი“. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „პირველი პუნქტით განსაზღვრული შეჯიბრებითობის პრინციპი არ ზღუდავს კომისიას, საქმის გარემოებათა გასარკვევად საკუთარი ინიციატივით შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და გამოითხოვოს მტკიცებულებები;

11.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „მხარეები უფლებამოსილი არიან დავის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მოითხოვონ საქმის მორიგებით დამთავრება“. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, „განმცხადებელი უფლებამოსილია უარი განაცხადოს განცხადებაზე, ხოლო მეორე მხარე უფლებამოსილია ცნოს განმცხადებლის მოთხოვნა. ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე“.

III.  სამოტივაციო ნაწილი

1.  გამოკვლეული მტკიცებულებები

12.შპს „მაგთიკომის“ განცხადება (05.11.2024 Nშ-24-6/4759);

13.შპს „მაგთიკომსა“ და შპს „Fixgroup“-ს შორის 2023 წლის 6 მარტს გაფორმებული ურთიერთჩართვის (არასტანდარტული სახის მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) დასრულების მომსახურებაზე) ხელშეკრულება;

14.დავალიანებასთან დაკავშირებით შპს „მაგთიკომსა“  და შპს „Fixgroup“-ს შორის განხორციელებული ელექტრონული ფოსტის მიმოწერა;

15.შპს „მაგთიკომის“ 07.10.2024 NED-24/10-07-003 წერილი  შპს „Fixgroup“-ის მიმართ   - დავალიანების გადახდის მოთხოვნის შესახებ;

16.შპს „მაგთიკომსა“ და შპს „Fixgroup“-ს შორის დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ- ფაქტურები;

17.შპს „fixgroup“-ის მიერ შპს „მაგთიკომის“ ანგარიშზე განხორციელებული  გადარიცხვების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (საგადასახადო დავალებები).

18.შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენლის ლ. გიორგაძის ახსნა-განმარტება კომისიის 2024 წლის 28 ნოემბრის სხდომაზე.

19.შპს „მაგთიკომისა“ და შპს „Fixgroup“-ის შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და საჯარო რეესტრის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან.

2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

20.შპს  „fixgroup“  2020  წლის  17  სექტემბრიდან  არის  ელექტრონული  კომუნიკაციების  სფეროში ავტორიზებული პირი (კატეგორია: მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა; საქმიანობის აღწერა: B.M.2.1 ტექსტური შეტყობინების მომსახურება).

მტკიცებულება: შპს „Fixgroup”-ის შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან.

21.შპს „მაგთიკომი“ 2010 წლის პირველი თებერვლიდან არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი და 2010, 2011 და 2016 წლებში ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სხვადასხვა სახეებზე (კატეგორია:  A.F.1. საშუალებებით უზრუნველყოფა (A.F.1.1; A.F.1.2; A.F.1.4; A.F.1.5); A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა (A.F.2.1); A.F.3. ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა (A.F.3.1; A.F.3.2); A.F.5 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა (A.F.5.1); A.F.6:საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა (A.F.6.1); A.F.7:ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა (A.F.7.7); A.M.1 ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა (A.M.1.1. GSM); B.F.1. ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება (B.F.1.1; B.F.1.2; B.F.1.3; B.F.1.4); B.F.2 ინტერნეტ მომსახურება (B.F.2.2; B.F.2.3; B.F.2.6; B.F.2.8; B.F.2.10); B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი (B.F.4.1; B.F.4.2); B.F.6: გამოძახებითი აუდიო- ვიზუალური მედიამომსახურების უზრუნველყოფა (B.F.6.0); B.M.1 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება (B.M.1.1; B.M.1.2; B.M.1.3); B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა (B.M.2.1; B.M.2.2; B.M.2.3; B.M.2.4; B.M.2.5; B.M.2.6); A.S.1: თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა (A.S.1.1; A.S.1.2); B.S.2 ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით (B.S.2.0); B.S.3 თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება (B.S.0); B.S.4 თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება (B.S.4.0); B.S.5: სხვა თანამგზავრული საკომუნიკაციო მომსახურება (B.S.5.0);

მტკიცებულება: შპს „მაგთიკომის“ შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან.

22.შპს   „მაგთიკომსა“   და   შპს   „Fixgroup“-ს   შორის   2023   წლის   6   მარტს   გაფორმებულია ურთიერთჩართვის ხელშეკრულება და აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში გადასახდელი დავალიანების გადახდის მოთხოვნით შპს „მაგთიკომს“ მიმართული აქვს შპს „Fixgroup“-ისთვის როგორც ოფიციალური წერილით, ასევე, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;

მტკიცებულება: შპს „მაგთიკომსა“ და შპს „Fixgroup“-ს შორის 2023 წლის 6 მარტს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულება; შპს „მაგთიკომსა“ და შპს „Fixgroup“-ს შორის განხორციელებული ელექტრონული ფოსტის მიმოწერა და შპს „მაგთიკომის“ 07.10.2024 N ED-24/10-07-003 წერილი;

23.შპს „Fixgroup”-მა დაფარა შპს „მაგთიკომის“ მიმართ არსებული დავალიანება   და   შპს „მაგთიკომმა“ იშუამდგომლა კომისიის წინაშე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

მტკიცებულება: შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენლის ლ. გიორგაძის ახსნა-განმარტება კომისიის 2024 წლის 28 ნოემბრის სხდომაზე.

3. სამართლებრივი შეფასება

24.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია ავტორიზებულ პირებს შორის წარმოშობილ დავებს წყვეტს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. ამასთან, კომისიის კომპეტენციას მიეკუთვნება ავტორიზებულ პირებს შორის დავის განხილვა ურთიერთჩართვის საკითხებზე.   ამდენად, კომისია არის საკითხის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანო.

25.თავის  მხრივ,  „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონი  მხარეებს ანიჭებს უფლებამოსილებას დავის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მორიგდნენ. ამასთან, თუ განმცხადებელმა უარი თქვა მოთხოვნაზე ან მოპასუხემ ცნო მოთხოვნა, კომისია უფლებამოსილია შეწყვიტოს წარმოება.

26.როგორც შპს  „მაგთიკომის“  მიერ  წარმოდგენილი  შუამდგომლობით  დგინდება, განმცხადებელი უარს ამბობს მოთხოვნაზე, შესაბამისად,  ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს.

IV. სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 36-ე მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.შეწყდეს შპს „Fixgroup-თან ურთიერთჩართვის შეჩერებაზე შპს „მაგთიკომის“  განცხადების (05.11.2024 Nშ-24-6/4759) საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება;

2.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების მხარეებისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

3.გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

5.კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).

კახი ბექაური         თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე    წევრი

ნათია კუკულაძე    წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები