წვდომის მენიუ

შპს „ფლაი ტივის“ წინააღმდეგ შპს „მაგთიკომის“ განცხადების განსახილველად მიღებისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

ნომერი: გ-24-16 / 585

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 24, 2024 15:18

მიღების თარიღი დეკემბერი 05, 2024

შპს „ფლაი ტივის“ წინააღმდეგ შპს „მაგთიკომის“ განცხადების განსახილველად მიღებისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

განმცხადებელი: შპს „მაგთიკომი“

მოპასუხე: შპს „ფლაი ტივი“

დავის საგანი: ურთიერთჩართვიდან გამომდინარე დავალიანების გადაუხდელობა

კომისიის მოსამზადებელი სხდომის თარიღი: 2024 წლის 28 ნოემბერი, 5 დეკემბერი.

I. აღწერილობითი  ნაწილი

1. განმცხადებლის პოზიცია

1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში  - კომისია) განცხადებით(05.11.2024 Nშ-24-6/4757) მიმართა შპს „მაგთიკომმა“.

2.განმცხადებლის ინფორმაციით, შპს „ფლაი ტივისა“ და შპს „მაგთიკომს“ შორის არსებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „ფლაი ტივის“ დავალიანებამ 2024 წლის ოქტომბრის მდგომარეობით შეადგინა 1,057.24 ლარი. კომპანიას არ გაუხდია სადაო დავალიანება და ასევე დადასტურებული აქვს ანგარიშ-ფაქტურები.

3.შპს „მაგთიკომმა“ შპს „ფლაი ტივის“ წერილობით მიმართა დავალიანების   გადახდის მოთხოვნით და შეატყობინა არ გადახდის შემთხვევაში შესაძლო შედეგების თაობაზე, თუმცა, მოთხოვნას რეაგირება არ მოჰყოლია. ამდენად, განმცხადებელი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს  კანონის მე-19  მუხლის  მე-3  პუნქტის  შესაბამისად, ითხოვს  კომისიის  თანხმობას  შპს  „მაგთიკომსა“ და  შპს „ფლაი ტივის“  შორის  არსებული ურთიეთჩართვის შეჩერებაზე - დავალიანების სრულად გადახდამდე.

4.2024 წლის 28 ნოემბრის მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადდა  შპს  „მაგთიკომის“ წარმომადგენელი ლ. გიორგაძე, არ გამოცხადდა შპს „ფლაი ტივის“ წარმომადგენელი, შესაბამისად, სხდომა გადაიდო 2024 წლის 5 დეკემბრისთვის.

5.კომისიის 2024 წლის 5 დეკემბრის სხდომაზე გამოცხადდა შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელი ლ. გიორგაძე, არ გამოცხადდა შპს „ფლაი ტივის“ წარმომადგენელი.

6.შპს „ფლაი ტივის“ არ ჩაბარდა კომისიის შეტყობინება კომისიის სხდომის გამართვის დღისა და დროის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ კომისიის შეტყობინება კომპანიას გაეგზავნა მის იურიდიულ მისამართზე, ფაქტობრივ მისამართზე და კომისიაში ავტორიზაციის დროს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე. ამასთან, კომისიის შეტყობინება გამოქვეყნდა საჯაროდ, კომისიის ვებგვერდზე (www.comcom.ge) შეტყობინებების განყოფილებაში.

II. მარეგულირებელი კანონმდებლობა

7.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ძირითად ფუნქციებს მიეკუთვნება „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში“,  ხოლო ამავე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად - „ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ტექნიკურ-ეკონომიკური და სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება.“;

8.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა, რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლების მომსახურებას, უნდა უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული  დაშვებით სხვა მსურველი ოპერატორებისათვის ან ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელის მფლობელი პირებისათვის ურთიერთჩართვის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიწოდება. დაუშვებელია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტა. ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი  ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.“;

9.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი და მე- 2 პუნქტების შესაბამისად, კომისია ავტორიზებულ პირებს შორის წარმოშობილ დავებს წყვეტს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ავტორიზებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით;

10.„ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს კანონის 38-ე  მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ნიშნავს მოსამზადებელ სხდომას. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, „მოსამზადებელ სხდომაზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ.“;

11.„ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  41-ე  მუხლის  პირველი პუნქტის მიხედვით, დავის განხილვა მხარის (მხარეების) გამოუცხადებლობის შემთხვევაში გადაიდება კომისიის შემდეგი სხდომისთვის. არასაპატიო მიზეზით განმეორებითი გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს კომისიის მიერ დავის განხილვას.

12.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვის ვადაა 1 თვე;

13.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, „ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით ან შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისაგან დამოუკიდებლად არღვევს პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს.“.

III. სამოტივაციო ნაწილი

1. გამოკვლეული მტკიცებულებები

14.შპს „მაგთიკომის“ განცხადება (05.11.2024 Nშ-24-6/4759);

15.შპს  „მაგთიკომსა“  და შპს „ფლაი ტივის“ შორის 2017 წლის 17 თებერვალს გაფორმებული ურთიერთჩართვის  ხელშეკრულება;

16.დავალიანებასთან  დაკავშირებით შპს „მაგთიკომსა" და შპს „ფლაი ტივის“ შორის განხორციელებული ელექტრონული ფოსტის მიმოწერა;

17.შპს   „მაგთიკომის“   24.07.2024   N   ED-24/07/24-008   წერილი შპს   „ფლაი   ტივის“ მიმართ  - დავალიანების დაფარვის თაობაზე;

18.შპს „მაგთიკომის მიერ წარმოდგენილი Excel-ის ფაილი შპს მაგთიკომის მიერ ურთიერთჩართვის მომსახურებაზე შპს „ფლაი ტივიზე“ დარიცხული და შპს „ფლაი ტივის“ მიერ გადახდილი დავალიანების თანხების თაობაზე.

19.შპს „მაგთიკომსა“ და შპს  „ფლაი ტივის“ შორის დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ- ფაქტურები;

20.შპს „ფლაი ტივის“ მიერ შპს „მაგთიკომის“ ანგარიშზე განხორციელებული გადარიცხვების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (საგადასახადო დავალებები).

21. შპს  „ფლაი  ტივისთვის“  კომისიის  შეტყობინების  (29.11.2024  Nგ-24-03/2734)    გაგზავნისა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების დამადასტურებელი მტკიცებულება;

22. შპს „მაგთიკომისა“ და შპს „ფლაი ტივის“ შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და საჯარო რეესტრის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან.

2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

23.შპს „ფლაი ტივი” 2016 წლის 22 აგვისტოდან არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი (კატეგორია: A.F.7. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა. B.F.1. ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება).

მტკიცებულება: შპს „ფლაი ტივი”-ის შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან.

24.შპს „მაგთიკომი“ 2010 წლის პირველი თებერვლიდან არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი და 2010, 2011 და 2016 წლებში ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სხვადასხვა სახეებზე (კატეგორია: A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა (A.F.1.1; A.F.1.2; A.F.1.4; A.F.1.5); A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა (A.F.2.1); A.F.3. ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა (A.F.3.1; A.F.3.2); A.F.5 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა (A.F.5.1); A.F.6:საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა (A.F.6.1); A.F.7:ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა (A.F.7.7); A.M.1 ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა (A.M.1.1. GSM); B.F.1. ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება (B.F.1.1; B.F.1.2; B.F.1.3; B.F.1.4); B.F.2 ინტერნეტ მომსახურება (B.F.2.2; B.F.2.3; B.F.2.6; B.F.2.8; B.F.2.10); B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი (B.F.4.1; B.F.4.2); B.F.6: გამოძახებითი აუდიო- ვიზუალური მედიამომსახურების უზრუნველყოფა (B.F.6.0); B.M.1 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება (B.M.1.1; B.M.1.2; B.M.1.3); B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა (B.M.2.1; B.M.2.2; B.M.2.3; B.M.2.4; B.M.2.5; B.M.2.6); A.S.1: თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა (A.S.1.1; A.S.1.2); B.S.2 ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით (B.S.2.0); B.S.3 თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება (B.S.0); B.S.4 თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება (B.S.4.0); B.S.5: სხვა თანამგზავრული საკომუნიკაციო მომსახურება (B.S.5.0);

მტკიცებულება: შპს „მაგთიკომის“ შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან.

25.შპს „მაგთიკომსა“ და შპს „ფლაი ტივის“ შორის გაფორმებულია   ურთიერთჩართვის ხელშეკრულება და აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში გადასახდელი დავალიანების გადახდის მოთხოვნით შპს „მაგთიკომს“ მიმართული აქვს შპს „ფლაი ტივისთვის“ როგორც ოფიციალური წერილით, ასევე, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;

მტკიცებულება: შპს „მაგთიკომსა“ და შპს „ფლაი ტივის“ შორის 2017 წლის 17 თებერვალს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულება; შპს „მაგთიკომსა“ და შპს „ფლაი ტივის“ შორის განხორციელებული ელექტრონული ფოსტის მიმოწერა და შპს „მაგთიკომის“ 24.07.2024 N ED-24/07/24-008  წერილი;

26.შპს  „ფლაი ტივის“ კომისიის 2024 წლის 5 დეკემბრის სხდომის გამართვის დღის, დროისა და ადგილის შესახებ კომისიის შეტყობინება (29.11.2024 Nგ-24-03/2734) გაეგზავნა მის იურიდიულ მისამართზე, შეტყობინება არ ჩაბარდა ადრესატს. აღნიშნული შეტყობინება ასევე გამოქვეყნდა საჯაროდ კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) შეტყობინებების განყოფილებაში. მტკიცებულება: შპს „ფლაი ტივისთვის“ კომისიის შეტყობინების (29.11.2024 Nგ-24-03/2734) გაგზავნისა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების დამადასტურებელი მტკიცებულება;

3.  სამართლებრივი შეფასება

27.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მხარის მომართვის საფუძველზე, მხოლოდ კომისიის თანხმობით არის შესაძლებელი მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერება. ამდენად, კომისია არის საკითხის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანო.

28.თავის მხრივ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების შესაბამისად, კომისია მოსამზადებელ სხდომაზე იღებს გადაწყვეტილების დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ, თუ სახეზე არ არის განცხადების განუხილველად დატოვების ან/და ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლები.

29.„ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დავის განხილვა მხარის (მხარეების) გამოუცხადებლობის შემთხვევაში გადაიდება კომისიის შემდეგი სხდომისთვის. არასაპატიო მიზეზით განმეორებითი გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს კომისიის მიერ დავის განხილვას. შპს „ფლაი ტივის“ შეტყობინება არ ბარდება მის მიერ კომისიისთვის მიწოდებულ იურიდიულ მისამართზე და ელექტრონულ ფოსტაზე, ავტორიზებულ პირს არ უცნობებია კომისიისთვის მისამართის ცვლილების თაობაზე, კომისიის შეტყობინება გამოქვეყნებულია საჯაროდ კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) შეტყობინებების განყოფილებაში. მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შპს „ფლაი ტივი“ ორჯერ არ გამოცხადდა კომისიის სხდომაზე და არ უშუამდგომლია სხდომის გადადების თაობაზე, ამდენად, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება შპს „ფლაი ტივის“ დაუსწრებლად.

30.გამომდინარე იქიდან, რომ არ არის სახეზე კანონმდებლობით გათვალისწინებული არც ერთი საფუძველი წარმოების შეწყვეტის ან/და განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ - დავის განხილვის დღედ განისაზღვრება 2024 წლის 12 დეკემბერი.

IV. სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 36-ე მუხლის პირველი პუნქტის, 38-ე მუხლის მე-6 პუნქტის, 41-ე მუხლის პირველი პუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177- ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.შპს „ფლაი ტივის“ წინააღმდეგ შპს „მაგთიკომის“ განცხადება (05.11.2024 Nშ-24-6/4757) მიღებულ იქნეს განსახილველად;

2.შპს „მაგთიკომსა“ და შპს „ფლაი ტივის“ შორის დავის განხილვა დაინიშნოს 2024 წლის 12 დეკემბერს, 15:00 საათზე;

3.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების მხარეებისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

4.გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

5.გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

6.კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).

კახი ბექაური               თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე          წევრი

ეკატერინე  იმედაძე     წევრი

ნათია კუკულაძე          წევრი

  

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები