შპს „მაგთიკომისთვის“ შპს „ფლაი ტივისთან“ ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობის მიცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 24, 2024 15:31
მიღების თარიღი დეკემბერი 12, 2024
შპს „მაგთიკომისთვის“ შპს „ფლაი ტივისთან“ ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობის მიცემის შესახებ
განმცხადებელი: შპს „მაგთიკომი“
მოპასუხე: შპს „ფლაი ტივი“
დავის საგანი: ურთიერთჩართვიდან გამომდინარე დავალიანების გადაუხდელობა კომისიის სხდომის თარიღი: 2024 წლის 12 დეკემბერი, 15:00 საათი. I.აღწერილობითი ნაწილი
1. განმცხადებლის პოზიცია
1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში-კომისია) განცხადებით (05.11.2024 Nშ-24-6/4757) მიმართა შპს „მაგთიკომმა“.
2.განმცხადებლის ინფორმაციით, შპს „ფლაი ტივისა“ და შპს „მაგთიკომს“ შორის არსებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „ფლაი ტივის“ დავალიანებამ 2024 წლის ოქტომბრის მდგომარეობით შეადგინა 1,057.24 ლარი. კომპანიას არ გაუხდია სადაო დავალიანება და ასევე დადასტურებული აქვს ანგარიშ-ფაქტურები.
3.შპს „მაგთიკომმა“ შპს „ფლაი ტივის“ წერილობით მიმართა დავალიანების გადახდის მოთხოვნით და შეატყობინა დავალიანების გადაუხდელობის შესაძლო შედეგების თაობაზე, თუმცა, მოთხოვნას რეაგირება არ მოჰყოლია. ამდენად, განმცხადებელი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ითხოვს კომისიის თანხმობას შპს „მაგთიკომსა“ და შპს „ფლაი ტივის“ შორის არსებული ურთიეთჩართვის შეჩერებაზე - დავალიანების სრულად გადახდამდე.
4.2024 წლის 12 დეკემბრის სხდომაზე გამოცხადდა შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელი ლ. გიორგაძე, არ გამოცხადდა შპს „ფლაი ტივის“ წარმომადგენელი. შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელს დამატებით პოზიცია არ დაუფიქსირებია, შესაბამისად კომისიამ იმსჯელა შპს „მაგთიკომის“ წერილობით განცხადებაზე.
5.შპს „ფლაი ტივის“ არ ჩაბარდა კომისიის შეტყობინება კომისიის სხდომის გამართვის დღის, დროისა და ადგილის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ კომისიის შეტყობინება კომპანიას გაეგზავნა მის იურიდიულ და ფაქტობრივ მისამართზე და კომისიისთვის მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე. ამასთან, კომისიის შეტყობინება გამოქვეყნდა საჯაროდ, კომისიის ვებგვერდზე (www.comcom.ge) შეტყობინებების განყოფილებაში.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
6.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ძირითად ფუნქციებს მიეკუთვნება „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში“, ხოლო ამავე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად - „ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ტექნიკურ-ეკონომიკური და სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება“;
7.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა, რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლების მომსახურებას, უნდა უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით სხვა მსურველი ოპერატორებისათვის ან ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელის მფლობელი პირებისათვის ურთიერთჩართვის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიწოდება. დაუშვებელია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტა. ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით“;
8.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, კომისია ავტორიზებულ პირებს შორის წარმოშობილ დავებს წყვეტ ს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ავტორიზებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით;
9.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, დავის განხილვა მხარის (მხარეების) გამოუცხადებლობის შემთხვევაში გადაიდება კომისიის შემდეგი სხდომისთვის. არასაპატიო მიზეზით განმეორებითი გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს კომისიის მიერ დავის განხილვას.
10.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად „დავა არსებითად წყდება კომისიის გადაწყვეტილებით“. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვის ვადაა 1 თვე;
III. სამოტივაციო ნაწილი
1.გამოკვლეული მტკიცებულებები
11. შპს „მაგთიკომის“ განცხადება (05.11.2024 Nშ-24-6/4759);
12.შპს „მაგთიკომსა“ და შპს „ფლაი ტივის“ შორის 2017 წლის 17 თებერვალს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულება;
13.დავალიანებასთან დაკავშირებით შპს „მაგთიკომსა“ და შპს „ფლაი ტივის“ შორის განხორციელებული ელექტრონული ფოსტის მიმოწერა;
14.შპს „მაგთიკომის“ 24.07.2024 N ED-24/07/24-008 წერილი შპს „ფლაი ტივის“ მიმართ -დავალიანების დაფარვის თაობაზე;
15.შპს „მაგთიკომის მიერ წარმოდგენილი Excel-ის ფაილი შპს მაგთიკომის მიერ ურთიერთჩართვის მომსახურებაზე შპს „ფლაი ტივიზე“ დარიცხული და შპს „ფლაი ტივის“ მიერ გადახდილი დავალიანების თანხების თაობაზე.
16.შპს „მაგთიკომსა“ და შპს „ფლაი ტივის“ შორის დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ- ფაქტურები;
17.შპს „ფლაი ტივის“ მიერ შპს „მაგთიკომის“ ანგარიშზე განხორციელებული გადარიცხვების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (საგადასახადო დავალებები).
18.შპს „ფლაი ტივისთვის“ კომისიის შეტყობინების (09.12.2024 Nგ-24-03/2907) გაგზავნისა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების დამადასტურებელი მტკიცებულება;
19.შპს „მაგთიკომისა“ და შპს „ფლაი ტივის“ შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და საჯარო რეესტრის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან.
2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
20.შპს „ფლაი ტივი” 2016 წლის 22 აგვისტოდან არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი (კატეგორია: A.F.7. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა. B.F.1. ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება).
მტკიცებულება: შპს „ფლაი ტივის“ შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან.
21.შპს „მაგთიკომი“ 2010 წლის პირველი თებერვლიდან არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი და 2010, 2011 და 2016 წლებში ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სხვადასხვა სახეებზე (კატეგორია: A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა (A.F.1.1; A.F.1.2; A.F.1.4; A.F.1.5); A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა (A.F.2.1); A.F.3. ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა (A.F.3.1; A.F.3.2); A.F.5 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა (A.F.5.1); A.F.6:საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა (A.F.6.1); A.F.7:ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა (A.F.7.7); A.M.1 ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა (A.M.1.1. GSM); B.F.1. ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება (B.F.1.1; B.F.1.2; B.F.1.3; B.F.1.4); B.F.2 ინტერნეტ მომსახურება (B.F.2.2; B.F.2.3; B.F.2.6; B.F.2.8; B.F.2.10); B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი (B.F.4.1; B.F.4.2); B.F.6: გამოძახებითი აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურების უზრუნველყოფა (B.F.6.0); B.M.1 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება (B.M.1.1; B.M.1.2; B.M.1.3); B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა (B.M.2.1; B.M.2.2; B.M.2.3; B.M.2.4; B.M.2.5; B.M.2.6); A.S.1: თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა (A.S.1.1; A.S.1.2); B.S.2 ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით (B.S.2.0); B.S.3 თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება (B.S.0); B.S.4 თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება (B.S.4.0); B.S.5: სხვა თანამგზავრული საკომუნიკაციო მომსახურება (B.S.5.0);
მტკიცებულება: შპს „მაგთიკომის“ შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან.
22.შპს „მაგთიკომსა“ და შპს „ფლაი ტივის“ შორის გაფორმებულია ურთიერთჩართვის ხელშეკრულება და აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში გადასახდელი დავალიანების გადახდის მოთხოვნით შპს „მაგთიკომს“ მიმართული აქვს შპს „ფლაი ტივისთვის“ როგორც ოფიციალური წერილით, ასევე, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;
მტკიცებულება: შპს „მაგთიკომსა“ და შპს „ფლაი ტივის“ შორის 2017 წლის 17 თებერვალს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულება; შპს „მაგთიკომსა“ და შპს „ფლაი ტივის“ შორის განხორციელებული ელექტრონული ფოსტის მიმოწერა და შპს „მაგთიკომის“ 24.07.2024 N ED-24/07/24-008 წერილი;
23.მოქმედი ურთიერთჩართვიდან გამომდინარე შპს „ფლაი ტივის“ ერიცხება დავალიანება შპს „მაგთიკომის“ მიმართ 1057.24 ლარის ოდენობით.
მტკიცებულება: შპს „მაგთიკომის მიერ წარმოდგენილი Excel-ის ფაილი შპს მაგთიკომის მიერ ურთიერთჩართვის მომსახურებაზე შპს „ფლაი ტივიზე“ დარიცხული და შპს „ფლაი ტივის“ მიერ გადახდილი დავალიანების თანხების თაობაზე; შპს „მაგთიკომსა“ და შპს „ფლაი ტივის“ შორის დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები; შპს „ფლაი ტივის“ მიერ შპს „მაგთიკომის“ ანგარიშზე განხორციელებული გადარიცხვების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (საგადასახადო დავალებები).
24.შპს „ფლაი ტივის“ არ ჰყავს აბონენტები, ბოლო თვის ტრაფიკი წინა თვეებთან შედარებით მნიშვნელოვნად არის შემცირებული და მინიმუმამდეა დაყვანილი, შპს „ფლაი ტივის“ მოქმედი ურთიერთჩართვა აქვს შპს „მაგთიკომთან“ და სს „სილქნეტთან“.
მტკიცებულება: შპს „ფლაი ტივის“ შესახებ მონაცემები კომისიის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებიდან.
25.შპს „ფლაი ტივის“ კომისიის 2024 წლის 5 დეკემბრის სხდომის გამართვის დღის, დროისა და ადგილის შესახებ კომისიის შეტყობინება (09.12.2024 Nგ-24-03/2907) გაეგზავნა მის იურიდიულ მისამართზე, შეტყობინება არ ჩაბარდა ადრესატს. აღნიშნული შეტყობინება გამოქვეყნდა საჯაროდ კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) შეტყობინებების განყოფილებაში.
მტკიცებულება: შპს „ფლაი ტივისთვის“ კომისიის შეტყობინების (09.12.2024 Nგ-24-03/2907) გაგზავნისა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების დამადასტურებელი მტკიცებულება.
3. სამართლებრივი შეფასება
26.ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია, ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.
27.2017 წლის 17 თებერვალს შპს „მაგთიკომსა“ და შპს „ფლაი ტივის“ შორის გაფორმებულია ურთიერთჩართვის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს საერთო სარგებლობის ქსელებისა და საშუალებების პირდაპირი ურთიერთჩართვა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა აბონენტების ან/და ქსელის მომხმარებელთა კავშირს და ხელშეკრულება გამოყენებადია მხარეთა ხმოვანი ზარებისათვის, რომლებიც წამოწყებულია ამ ხელშეკრულების მხარეთა ბოლო მომხმარებლების მიერ.
28.როგორც შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით დგინდება, 2017 წლის 17 თებერვლის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების ფარგლებში, შპს „ფლაი ტივის“ უფიქსირდება დავალიანება 1,057.24 ლარის ოდენობით და ამ საფუძვლით, შპს „მაგთიკომი“ ითხოვს შპს „ფლაი ტივისთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებას დავალიანების დაფარვამდე.
29.შპს „ფლაი ტივი“ არ გამოცხადდა კომისიის სხდომაზე, შესაბამისად სადავოდ არ გაუხდია შპს „მაგთიკომის“ განცხადებაში (05.11.2024 Nშ-24-6/4757) მითითებული დავალიანება - 1,057.24 ლარი.
30.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დავის განხილვა მხარის (მხარეების) გამოუცხადებლობის შემთხვევაში გადაიდება კომისიის შემდეგი სხდომისთვის. არასაპატიო მიზეზით განმეორებითი გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს კომისიის მიერ დავის განხილვას. შპს „ფლაი ტივის“ შეტყობინება არ ბარდება მის მიერ კომისიისთვის მიწოდებულ იურიდიულ ფაქტობრივ მისამართებზე და ელექტრონულ ფოსტაზე, ავტორიზებულ პირს არ უცნობებია კომისიისთვის მისამართის ცვლილების თაობაზე, კომისიის შეტყობინება გამოქვეყნებულია საჯაროდ კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) შეტყობინებების განყოფილებაში, ასევე კომისიის ყოველი სხდომის დღის წესრიგი სხდომამდე სამი სამუშაო დღით ადრე ქვეყნდება კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge). მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შპს „ფლაი ტივი“ სამჯერ არ გამოცხადდა კომისიის სხდომაზე და არ უშუამდგომლია სხდომის გადადების თაობაზე, ამდენად, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება შპს „ფლაი ტივის“ დაუსწრებლად.
31.კომისიის მიერ საკითხის განხილვისას არ გამოვლენილა რაიმე გარემოება, რომელიც წარმოაჩენდა შპს „მაგთიკომის“ მიერ შპს „ფლაი ტივისთან“ არსებული ურთიერთჩართვის შეჩერებით ისეთი ინტერესის დაზიანების საფრთხეს, რომელიც შექმნიდა ურთიერთჩართვის შეჩერებაზე უარის თქმის საფუძველს.
32.შესაბამისად, შპს „მაგთიკომს“ უნდა მიეცეს თანხმობა შეაჩეროს შპს „ფლაი ტივისთან“ მოქმედი ურთიერთჩართვა ამ უკანასკნელის მიერ დავალიანების - 1,057.24 ლარის სრულად დაფარვამდე.
33.თავის მხრივ, შპს „ფლაი ტივი”-ს უნდა მიეცეს ვადა 2024 წლის 26 დეკემბრამდე დავალიანების სრულად დასაფარად.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის, 42-ე მუხლის პირველი და მე-7 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1.დაკმაყოფილდეს შპს „მაგთიკომის“ მოთხოვნა შპს „ფლაი ტივისთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობის მიცემის შესახებ;
2.2024 წლის 26 დეკემბრიდან შპს „მაგთიკომს“ მიეცეს თანხმობა შპს „ფლაი ტივისთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერების თაობაზე, შპს „მაგთიკომის“ განცხადებაში (05.11.2024, Nშ-24-6/4757) მითითებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების -1057.24 ლარის შეუსრულებლობის/არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, ამ დავალიანების სრულად დაფარვამდე.
3.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების მხარეებისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
4.გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე;
5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
6.კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი