შპს „ტელეკომპანია პირველისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ

ნომერი: გ-24-18 / 133

გამოქვეყნების თარიღი მარტი 21, 2024 11:42

მიღების თარიღი მარტი 07, 2024

შპს „ტელეკომპანია პირველისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ

ავტორიზებული პირი: შპს „ტელეკომპანია პირველი“

სამართალდარღვევა: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-13 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  და კომისიის  2009 წლის 12  მარტის N2 დადგენილებით   დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-10 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა.

წარმოების დაწყების საფუძველი: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2024 წლის პირველი მარტის N24-10-485 მოხსენებითი ბარათი

კომისიის სხდომის თარიღი: 2024 წლის 7 მარტი

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში-კომისია) აპარატის მედიამომსახურებების  რეგულირების  დეპარტამენტის  მოხსენებითი  ბარათის  (N24-10-485; 01.03.2024) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს„ტელეკომპანია პირველის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის და 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-13 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის მიზნით.

2. მოხსენებით ბარათში მითითებულია, რომ მიმდინარე წლის 16 იანვარს კომისიას წერილობით (N24-10-108) მომართა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა და წარმოადგინა ფიზიკურ პირ ი.ჯანჯღავას განცხადება   (Nშ-24-9/147; 15.01.2024), შპს,,ტელეკომპანია პირველის“ (ბრენდული სახელწოდება - „TV პირველი“) მიერ ჩადენილ შესაძლო კანონდარღვევის საკითხთან დაკავშირებით (შენიშვნა: ი. ჯანჯღავას სახელით განცხადება კომისიაში წარმოდგენილია მისი წარმომადგენლის ბ. ბოჭორიშვილის მიერ; ი. ჯანჯღავას მიერ გაცემული მინდობილობა (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N213541628; თარიღი: 06.11.23). ფიზიკურ პირ ი. ჯანჯღავას მიერ განცხადებით მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მოკვლევისა და მონიტორინგის შედეგად გამოირკვა, რომ შპს „ტელეკომპანია პირველის“ თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული თვითრეგულირების კომისიის კრების N11 ოქმში ასახულ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ თვითრეგულირების კომისიის გადაწყვეტილება მომჩივანს შეუძლია გაასაჩივროს კომისიაში ან სასამართლოში. თუმცა, აღნიშნული საკითხი შპს „ტელეკომპანია პირველის“ თვითრეგულირების სააპელაციო ორგანოს არ ჰქონია განხილული. დეპარტამენტს მიაჩნია, რომ მომჩივანს მიეცა არასწორი განმარტება და, შესაბამისად, წაერთვა შესაძლებლობა, გაესაჩივრებინა აღნიშნული საკითხი მაუწყებლის თვითრეგულირების სააპელაციო ორგანოში. აქედან გამომდინარე, დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი და კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-10 მუხლის პირველი პუნქტი, რომლებიც ადგენს თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილების თვითრეგულირების სააპელაციო წესით გასაჩივრებას.

3.  მოხსენებითი ბარათის მიხედვით, შპს„ტელეკომპანია პირველის“ თვითრეგულირების კომისიის სხდომას არ ესწრებოდა მომჩივანი ან მისი წარმომადგენელი და სხდომაზე არ მომხდარა მომჩივანი მხარის პოზიციის ზეპირად დაფიქსირება. შესაბამისად, დეპარტამენტს მიაჩნია, რომ სხდომა ჩატარდა გაუმჭვირვალედ და დარღვეულია კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტი და მე-11 მუხლის პირველი პუნქტი, რომლებიც ითვალისწინებს მაუწყებლობის თვითრეგულირების ორგანოს საქმიანობის გამჭვირვალობის მოთხოვნას.

4. დეპარტამენტის აზრით, ზემოთ მითითებული პროცედურული დარღვევები ნათელს ხდის, რომ მაუწყებელს არ აქვს უზრუნველყოფილი ეფექტიანი თვითრეგულირების მექანიზმი, რაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მისი ვალდებულებაა.

5. დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ მაუწყებელი ასევე არღვევს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451  მუხლის მე-13 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებას, რომლის თანახმადაც, საქართველოში ავტორიზებულმა პირმა თავის ვებგვერდზე უნდა უზრუნველყოს მისი იურიდიული მისამართისა და ფაქტობრივი მისამართის მარტივი და მუდმივი ხელმისაწვდომობა. თავად მაუწყებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მას განსხვავებული ფაქტობრივი და იურიდიული მისამართები აქვს, ხოლო მაუწყებლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ საკონტაქტო ინფორმაციაში არ არის მითითებული რომელია იურიდიული მისამართი და რომელია ფაქტობრივი მისამართი.

6. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა ასევე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლა განცხადებაში დასმული საკითხი მაუწყებლის მიერ სიძულვილის ენის გამოყენების თაობაზე და სიძულვილის ენის გამოყენების ნიშნები არ გამოუვლენია.

7. მოხსენებით ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ განცხადებაში მითითებული სხვა საკითხები სცდება კომისიის კომპეტენციის ფარგლებს. კერძოდ, განმცხადებელი ითხოვდა სიუჟეტში მის მიმართ დასახელებული ფაქტების მაუწყებლის მიერ უარყოფას, ცრუ ინფორმაციის შესწორებას, ასევე მის გადაცემაში მიწვევას და დროის გამოყოფას (პასუხის უფლება). განმცხადებელი ასევე მიუთითებდა შეურაცხმყოფელი ლექსიკის ეთერში განთავსებაზე, რის აუცილებლობასაც გადაცემის კონტექსტი არ ქმნიდა და მაუწყებელთა ქცევის კოდექსის დარღვევაზე. როგორც პასუხის უფლება, ისევე ჯეროვანი სიზუსტის დაცვის ვალდებულება გათვალისწინებულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლით, ხოლო ამავე კანონის მე-14 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმების დარღვევაზე რეაგირება შეიძლება განხორციელდეს  მხოლოდ  ამ  მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 591 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მხოლოდ თვითრეგულირების ფარგლებში შეიძლება განხორციელდეს რეაგირება მაუწყებელთა ქცევის კოდექსით დადგენილი ნორმების დარღვევებზე. განმცხადებელი ასევე, ითხოვდა გადაცემის "Youtube”-ის სოციალური მედია პლატფორმიდან და სოციალური ქსელებიდან აღებას, შეურაცხმყოფელი კომენტარების წაშლას, რაც ასევე სცდება კომისიის რეგულირების სფეროს.

8. შპს„ტელეკომპანია პირველის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-13 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის მიზნით კომისიის სხდომა გაიმართა 2024 წლის 7 მარტს, რის თაობაზეც შეტყობინებით (Nგ-24-03/588;04.03.2024) ეცნობათ შპს„ტელეკომპანია პირველს“ და ი.ჯანჯღავას წარმომადგენელს (შეტყობინება Nგ-24-03/581;04.03.2024).

9. კომისიის 2024 წლის 7 მარტის სხდომას ესწრებოდნენ შპს„ტელეკომპანია პირველის“ წარმომადგენელი თ. მიგინეიშვილი და განმცხადებელ ი. ჯანჯღავას წარმომადგენელი ბ.ბოჭორიშვილი. კომისიის სხდომაზე თ. მიგინეიშვილმა აღნიშნა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულების ფარგლებში შექმნილი აქვთ თვითრეგულირების მექანიზმის ორგანოს პირველი და მეორე ინსტანცია, რის ნათელ მაგალითს წარმოადგენს წლების განმავლობაში განხილული არაერთი საქმე და თვითრეგულირების კომისიის წევრთა განსხვავებული შემადგენლობა. მან ასევე, განაცხადა, რომ თვითრეგულირების კომისიამ გასაჩივრების წესთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც, პასუხის უფლებაზე მაუწყებლის უარი შეიძლება გასაჩივრდეს კომისიაში ან სასამართლოში. თუმცა, თუ მომჩივანი დაეყრდნობოდა ამავე კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტს, მაშინ, მომჩივანს ცალსახად, ჰქონდა უფლება, რომ თვითრეგულირების კომისიის პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გაესაჩივრებინა თვითრეგულირების სააპელაციო ორგანოში. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ თვითრეგულირების კომისიის გადაწყვეტილებაში გასაჩივრების ნაწილში არ არის მითითებული სააპელაციო ორგანო, ზემოხსენებული მიზეზით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მომჩივანს შეეზღუდა აპელაციისთვის მიმართვის უფლება.

10. შპს„ტელეკომპანია პირველის“ წარმომადგენლის განცხადებით, მნიშვნელოვანია, კომისიამ ყურაღება გაამახვილოს, რომ მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც მიანიშნებდა, რომ მან სააპელაციო საჩივარი წარმოადგინა ან მაუწყებლის ფაქტობრივ მისამართზე ან იურიდიულ მისამართზე ან ყველაზე მარტივი ფორმით - ოფიციალურ მეილზე. თვითრეგულირების კომისიის პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გაეგზავნა მომჩივან მხარეს, თუმცა, ის არ ჩაბარდა მას და ამის მტკიცებულება წარმოდგენილია საქმეში. მიუხედავად ამ ფაქტისა, მან საჩივარი შეიტანა კომისიაში. შპს„ტელეკომპანია პირველის“ წარმომადგენლის აზრით, განმცხადებელს  თვითრეგულირების კომისიის გადაწყვეტილების მიღებამდეც ჰქონდა განზრახული, რომ მიემართა სხვა ორგანოსთვის და არა თვითრეგულირების აპელაციისთვის, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სახეზე არ ყოფილა მაუწყებლის მხრიდან დარღვევა, რომელმაც მომჩივანის ინტერესებზე უარყოფითად იმოქმედა.

11. შპს „ტელეკომპანია პირველის“ წარმომადგენლის განცხადებით, თვითრეგულირების კომისიამ არ მიიჩნია, რომ საჩივრის განხილვისას მხარის ჩართულობა იქნებოდა გადამწყვეტი და შედეგად მიღებული იქნებოდა განსხვავებული გადაწყვეტილება, რადგან თავად საჩივრის შინაარსი და ფორმულირება იმდენად აცდენილი იყო მოთხოვნას, რომლის უფლებაც მხარეს ჰქონდა კანონმდებლობით, რომ მისი ჩართულობა ამ ხარვეზს ვერ გამოასწორებდა.

12. შპს„ტელეკომპანია პირველის“ წარმომადგენლის განმარტებით, ის გარემოება, რომ მაუწყებლის ოფიციალურ ვებგვერდზე ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი არ არის ამომწურავად მითითებული, მოხდა გაუფრთხილებლობით. თუმცა, მიღებულია ზომები ვებგვერდზე ინფორმაციის უფრო მეტად დაზუსტების მიზნით. ამასთანავე, მისი აზრით, შპს„ტელეკომპანია პირველს“ არ დაურღვევია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა ეფექტიანი თვითრეგულირების მექანიზმის შექმნის თაობაზე.

13. ი. ჯანჯღავას წარმომადგენელმა კომისიის სხდომაზე მიუთითა იმ გარემოებებზე, რომლებიც მისი აზრით, ადასტურებენ შპს„ტელეკომპანია პირველის“ მიერ კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევას. მან დაადასტურა ი. ჯანჯღავას სახელით კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში მითითებული ინფორმაცია.

II. მარეგულირებელი კანონმდებლობა

14. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში საქმიანობას არეგულირებს კომისია. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მედიამომსახურებისა  და  ვიდეოგაზიარების  პლატფორმის  მომსახურების  სფეროებში კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის  მომსახურების  სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება. ამავე კანონის მე-2 მუხლის ს1) ქვეპუნქტის თანახმად, მედიამომსახურება არის მედიამომსახურების მიმწოდებლის სარედაქციო პასუხისმგებლობით მიწოდებული მომსახურება/განხორციელებული საქმიანობა−აუდიოვიზუალური მედიამომსახურება და რადიომაუწყებლობა, ხოლო ს2) ქვეპუნქტის თანახმად, აუდიოვიზუალური მედიამომსახურება არის მედიამომსახურების მიმწოდებლის სარედაქციო პასუხისმგებლობით მიწოდებული მომსახურება, რომლის ან რომლის განუყოფელი ნაწილის ძირითადი მიზანია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით ფართო საზოგადოებისთვის პროგრამების მიწოდება მისი ინფორმირების, გართობის ან განათლების მიზნით. ასეთი აუდიოვიზუალური მედიამომსახურება არის ამ კანონით გათვალისწინებული ტელემაუწყებლობა ან გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურება, აგრეთვე აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია.

15. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ს3) ქვეპუნქტის თანახმად, აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი არის ტელემაუწყებელი ან/და გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი, რომელსაც აკისრია სარედაქციო პასუხისმგებლობა აუდიოვიზუალური მედიამომსახურების შინაარსის არჩევისთვის და რომელიც მისი ორგანიზების მეთოდს განსაზღვრავს. ამავე მუხლის ტ2) ქვეპუნქტის შესაბამისად, ტელემაუწყებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ავტორიზებული პირი, რომელიც პირადი სარედაქციო პასუხისმგებლობით ახორციელებს საკუთარი სამაუწყებლო ბადით გათვალისწინებული აუდიოვიზუალური პროდუქციის გადაცემას ისე, რომ სამაუწყებლო ბადით განსაზღვრულ დროს მაყურებლებისათვის ერთდროულად ხელმისაწვდომია, ხოლო ჰ21) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი არის კომისიის მიერ ამ კანონის საფუძველზე რეგისტრირებული ნებისმიერი სამეწარმეო პირი ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც მედიამომსახურების (გარდა საეთერო რადიომაუწყებლობისა) და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიწოდებას ახორციელებს.

16. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მედიამომსახურების ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობა.

17. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია ქცევის კოდექსის საფუძველზე შექმნას მაუწყებლის თვითრეგულირების  ეფექტიანი  მექანიზმი,  რომელიც  უზრუნველყოფს  საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილება ქცევის კოდექსით დადგენილი წესით საჩივრდება მაუწყებლის თვითრეგულირების სააპელაციო ორგანოში, რომელსაც ქმნის მაუწყებელი ან მაუწყებელთა გაერთიანება და რომელიც ფუნქციონირებს ქცევის კოდექსის შესაბამისად. მაუწყებლის თვითრეგულირების სააპელაციო ორგანოს წევრები არ შეიძლება იყვნენ საჯარო მოხელეები ან პოლიტიკური პარტიის წევრები. მათ არ უნდა ჰქონდეთ მიღებული მონაწილეობა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებაში. მაუწყებლის თვითრეგულირების სააპელაციო ორგანო დაკომპლექტებული უნდა იყოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და კომპეტენტური პირებით. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმების დარღვევაზე რეაგირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში.

18. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა.

19. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451  მუხლის მე-13 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოში ავტორიზებულმა პირმა თავის ვებგვერდზე უნდა უზრუნველყოს ავტორიზებული პირის იურიდიული მისამართისა და ფაქტობრივი მისამართის მარტივი და მუდმივი ხელმისაწვდომობა.

20. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 552  მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აკრძალულია ისეთი პროგრამის ან რეკლამის გავრცელება, რომელიც ახდენს პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის, ეთნიკური, სოციალური წარმომავლობის, გენდერის, სქესის, გენდერული მიკუთვნების, ეროვნების, რასის, რელიგიის ან რწმენის, სექსუალური ორიენტაციის, კანის ფერის, გენეტიკური მახასიათებლების, ენის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული უმცირესობის წევრობის, ქონების, დაბადების ადგილის ან ასაკის ნიშნის მიხედვით ძალადობის ან სიძულვილის წაქეზებას (სიძულვილის ენა), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის კონტექსტის გათვალისწინებით და არ არსებობს სიძულვილის ენის გავრცელების განზრახვა. პროგრამა ან რეკლამა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ამ პუნქტით გათვალისწინებული სიძულვილის ენის შემცველად მხოლოდ მისი შეურაცხმყოფელი ან კრიტიკული შინაარსის გამო.

21. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 591  მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმების, აგრეთვე ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების დარღვევაზე რეაგირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრული მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმების, ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული საკითხების, აგრეთვე ამ კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრული მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების სასამართლოში, კომისიაში ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრება დაუშვებელია, გარდა ამ კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 552 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით ადამიანის უფლებების შელახვის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია განახორციელოს შესაბამისი რეაგირება ამ კანონის IX თავით დადგენილი წესით.

22. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი  პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს.

23. კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ (შემდგომში - მაუწყებელთა ქცევის კოდექსი) მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელს  უფლება აქვს  აირჩიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და ამ კოდექსის შესაბამისად, რომელიც შეესაბამება მაღალ პროფესიულ სტანდარტებს და ითვალისწინებს საჩივრის ეფექტიანად განხილვის გამჭვირვალე პროცედურას და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.

24. მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს გადაწყვეტილების მიღება მიუკერძოებელი და სამართლიანი პროცედურის საფუძველზე და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უზრუნველყოს საჩივრის განხილვის გამჭვირვალე პროცესი.

25. მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჩივრის თაობაზე მაუწყებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 7 დღის ვადაში თვითრეგულირების სააპელაციო ორგანოში, რომელსაც ქმნის მაუწყებელი ან მათი გაერთიანება.

26. მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჩივრის განხილვისას მაუწყებელმა (სააპელაციო ორგანომ) უნდა უზრუნველყოს ყველა დაინტერესებული პირის დასწრება, ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, მიღებული გადაწყვეტილება ეგზავნება ყველა დაინტერესებულ მხარეს.

27. კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით  დამტკიცებული ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიისთვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება – გამოსცეს ადმინისტრაციული ან ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

III. სამოტივაციო ნაწილი

1. შესწავლილი მტკიცებულებები

28. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N24-10-485; 01.03.2024) თანდართული დოკუმენტაციით;

29. კომისიის შეტყობინება (Nგ-24-03/588; 04.03.2024) შპს„ტელეკომპანია პირველს“ და მისი ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

30. კომისიის შეტყობინება (Nგ-24-03/581;04.03.2024) ი.ჯანჯღავას წარმომადგენელ ბ.ბოჭორიშვილს და მისი ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

31. შპს„ტელეკომპანია პირველის“ შესახებ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

32. შპს„ტელეკომპანია პირველის“ შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან;

33. შპს„ტელეკომპანია პირველის“ წარმომადგენლისა და ფიზიკურ პირ  ი.ჯანჯღავას წარმომადგენელის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.

 2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

34. შპს„ტელეკომპანია პირველი“ არის მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი: 14/01/2015; მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა; ბრენდული დასახელება: „TV პირველი“).

მტკიცებულება: შპს „ტელეკომპანია პირველის“ შესახებ ავტორიზაციის მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან.

35. შპს„ტელეკომპანია პირველს“ აქვს განსხვავებული ფაქტობრივი და იურიდიული მისამართები, კერძოდ, მაუწყებლის ფაქტობრივი მისამართია ქ. თბილისი, აბუსერიძე ტბელის ქუჩა 13, ხოლო იურიდიული მისამართი - ქ. თბილისი, საბურთალოს რაიონი, ზოვრეთისა და მგალობლიშვილის ქუჩების კუთხეში. ამასთანავე, მაუწყებლის ადმინისტრაციის მისამართია ქ. თბილისი, საბურთალოს რაიონი, ზოვრეთისა და მგალობლიშვილის ქუჩების კუთხეში, ხოლო თვითრეგულირების ორგანოს მისამართი - ქ. თბილისი, საბურთალოს რაიონი, ზოვრეთისა და მგალობლიშვილის ქუჩების კუთხეში. შპს „ტელეკომპანია პირველის“ ვებგვერდზე საკონტაქტო ინფორმაციაში მაუწყებლის მისამართად მითითებულია მხოლოდ აბუსერიძე ტბელის 13. ამავე საკონტაქტო ინფორმაციაში არ არის მითითებული, რომელია მაუწყებლის იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი.

მტკიცებულება: შპს„ტელეკომპანია პირველის“ ვებგვერდი (https://tvpirveli.ge/ka/);  შპს„ტელეკომპანია პირველის“ 2024 წლის 12 თებერვლის Nშ-24/-6/667 საპასუხო წერილი; კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2024 წლის პირველი მარტის N24-10-485 მოხსენებითი ბარათი; შპს „ტელეკომპანია პირველის“ წარმომადგენლის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.

36. 2023 წლის 28 ოქტომბერს,  შპს„ტელეკომპანია  პირველის“ ეთერში, გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი“ გასული სიუჟეტი გასაჩივრდა ი. ჯანჯღავას მიერ, მის მიმართ ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელების გამო. ი. ჯანჯღავას წარმომადგენელმა ბ. ბოჭორიშვილმა საჩივარი ფოსტით გააგზავნა მაუწყებლის მიერ საკუთარ ვებგვერდზე საკონტაქტო ინფორმაციაში მითითებულ მისამართზე, საიდანაც კორესპონდენცია დაუბრუნდა   მაუწყებლის     ადმინისტრაციის     სხვა     მისამართზე     ყოფნის     მიზეზით. განმცხადებლის ინფორმაციით, მან საჩივარი ხელმეორედ გააგზავნა 2023 წლის 24 ნოემბერს,

შპს „ტელეკომპანია პირველის იურიდიულ მისამართზე. შპს„ტელეკომპანია პირველმა“ საჩივარი დაარეგისტრირა 2023 წლის 25 ნოემბერს. მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს პირველმა ინსტანციამ საჩივარი განიხილა დაინტერესებული პირის განხილვაზე დასწრების უზრუნველყოფის გარეშე და 2023 წლის 12 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. შპს „ტელეკომპანია პირველის“ თვითრეგულირების კომისიის კრების N11 ოქმის მიხედვით, გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ კომისიის გადაწყვეტილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, შეიძლება გასაჩივრდეს კომისიაში ან სასამართლოში. გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული თვითრეგულირების სააპელაციო ორგანოში გასაჩივრების შესაძლებლობის შესახებ. ი. ჯანჯღავას არ გაუსაჩივრებია თვითრეგულირების პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება მაუწყებლის თვითრეგულირების სააპელაციო ორგანოში. მან თავისი წარმომადგენლის მეშვეობით კომისიაში წარმოადგინა შეტყობინება მაუწყებლის მიერ კანონმდებლობისა და მისი უფლებების დარღვევის თაობაზე.

მტკიცებულება: ი. ჯანჯღავას 2024 წლის 15 იანვრის Nშ-24-9/147 განცხადება; ი. ჯანჯღავას მიერ გაცემული მინდობილობა (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N213541628;  თარიღი:06.11.23); შპს „საქართველოს ფოსტის“ უკუგზავნილი NCER004307367 (N0100008260567 გზავნილის შესახებ); შპს „ტელეკომპანია პირველის“ თვითრეგულირების კომისიის კრების N11 ოქმი.

37. მაუწყებელმა თვითრეგულირების ორგანოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება საჩივარში მითითებულ მისამართზე გააგზავნა 2023 წლის 12 დეკემბერს, მაგრამ, ადრესატს გზავნილი ვერ ჩაბარდა მისამართზე მიმღები პირის არყოფნის გამო.

მტკიცებულება: შპს „ტელეკომპანია პირველის“ 2024 წლის 26 თებერვლის Nშ-24-6/963 საპასუხო წერილი; გზავნილის სტატუსის ამსახველი დოკუმენტი (შპს„საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემები“; დოკუმენტის შტრიხკოდი: 211156225).

38. შპს„ტელეკომპანია  პირველს“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ დაჰკისრებია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მსგავსი/ანალოგიური სამართალდარღვევისათვის.

მტკიცებულება: მონაცემები შპს „ტელეკომპანია პირველის“ შესახებ კომისიის უწყებრივი რეესტრიდან.

 3. სამართლებრივი შეფასება

3.1. მაუწყებლის მიერ იურიდიული და ფაქტობრივი მისამართის გამოქვეყნების წესის დარღვევის საკითხი

39. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-13 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მედიამომსახურებების სფეროში საქართველოში ავტორიზებულმა პირმა თავის ვებგვერდზე უნდა უზრუნველყოს ავტორიზებული პირის იურიდიული მისამართისა და ფაქტობრივი მისამართის მარტივი და მუდმივი ხელმისაწვდომობა.

40. მაუწყებლის, მათ შორის, მისი თვითრეგულირების ორგანოს საკონტაქტო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა დაინტერესებული პირებისთვის მნიშვნელოვნად ახდენს ზეგავლენას თავად თვითრეგულირების მექანიზმის ხელმისაწვდომობაზე და შესაბამისად, მის ეფექტიანობაზე.  ადმინისტრაციული წარმოების მასალებით დასტურდება, რომ შპს„ტელეკომპანია პირველის“ ვებგვერდზე საკონტაქტო ინფორმაციაში მაუწყებლის მისამართად მითითებულია მხოლოდ აბუსერიძე ტბელის 13. ამავე საკონტაქტო ინფორმაციაში არ არის მითითებული რომელია მაუწყებლის იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 35-ე პარაგრაფი). აღსანიშნავია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მაუწყებლის იურიდიული და ფაქტობრივი მისამართის შესახებ ინფორმაციის ხელმიუწვდომლობამ გამოიწვია დაინტერესებული პირისთვის მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოსადმი მიმართვის უფლებით სარგებლობის დაბრკოლება. კერძოდ, მას დაუბრუნდა მაუწყებლის ფაქტობრივ მისამართზე გაგზავნილი საჩივარი და მოუწია საჩივრის მეორედ გაგზავნა სხვა საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით.

41. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს„ტელეკომპანია პირველის“ მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის 451  მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და მე-13 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.

3.2. მაუწყებლის მიერ თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმის შექმნის ვალდებულების დარღვევის საკითხი

42. მოქმედი კანონმდებლობა ადგენს მაუწყებლის ვალდებულებას, ქცევის კოდექსის საფუძველზე შექმნას მაუწყებლის თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას და რომლის ფარგლებშიც უზრუნველყოფილი უნდა იყოს თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილების თვითრეგულირების სააპელაციო ორგანოში გასაჩივრების შესაძლებლობა. თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება არ უნდა იყოს ილუზიური და მაუწყებელმა დაინტერესებულ პირებს უნდა შეუქმნას სათანადო პირობები ამ უფლებით ეფექტურად სარგებლობისათვის. სხვა პირობებთან ერთად მნიშვნელოვანია, დაინტერესებული პირები ინფორმირებულები იყვნენ გასაჩივრების წესების შესახებ, მათ შორის, გასაჩივრების ვადებისა და იმ ორგანოს შესახებ, სადაც შესაძლებელია გასაჩივრება. გარდა ამისა, მაუწყებელმა დაინტერესებულ პირს არ უნდა მიაწოდოს არასწორი, შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია გასაჩივრების წესებისა და პირობების თაობაზე.

43. 2023 წლის 12 დეკემბერს შპს „ტელეკომპანია პირველმა“ განიხილა ი. ჯანჯღავას საჩივარი და მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. მაუწყებლის მიერ განხილული საჩივარი ეხებოდა ცილისმწამებლური ინფორმაციის, სიძულვილის ენისა და კონტექსტის გარეშე შეურაცხმყოფელი ლექსიკის შემცველი გადაცემის გავრცელებას, გადაცემის სიუჟეტში მოყვანილი არასწორი ფაქტების შესწორების მოთხოვნასა და სატელევიზიო ეთერში მომჩივნისთვის დროის დათმობას, ასევე, საჩივრის განხილვის წესის მიწოდებას.  კანონმდებლობის  თანახმად,  აღნიშნულ  საკითხებზე  თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება თვითრეგულირების სააპელაციო ორგანოში. სიძულვილის ენის გარდა, ზემოთ მითითებულ საკითხებზე თვითრეგულირების სააპელაციო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება  საბოლოოა  და  არ  საჩივრდება.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, პასუხის უფლებაზე მაუწყებლის უარი შეიძლება გასაჩივრდეს კომისიაში ან სასამართლოში. აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესი კოლიზიურია ამავე კანონის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტსა და 591 მუხლის პირველ პუნქტთან, რომელთა თანახმად, ფაქტის ჯეროვანი სიზუსტისა და პასუხის უფლების თაობაზე მაუწყებლის ქმედება საჩივრდება მხოლოდ თვითრეგულირების ორგანოში და მისი კომისიაში ან სასამრთლოში გასაჩივრება დაუშვებელია.

44.  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება უფრო გვიან მიღებულ (გამოცემულ) ნორმატიულ აქტს. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლში ბოლო ცვლილება შევიდა 2023 წლის 30 ივნისს (დოკუმენტის N3448-XIმს-მპ), ხოლო ამავე კანონის მე-14 მუხლსა და 591 მუხლში ბოლო ცვლილება შევიდა 2023 წლის 19 ოქტომბერს (დოკუმენტის N3597-XIII-Xმპ). შესაბამისად, უპირატესობა ენიჭება „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 და 591 მუხლებით გათვალისწინებულ წესს, რომლის მიხედვითაც, ფაქტის ჯეროვანი სიზუსტის მოთხოვნის დარღვევასა და პასუხის უფლებასთან დაკავშირებით მაუწყებლის ქმედება არ საჩივრდება კომისიაში ან სასამართლოში. როგორც ადმინისტრაციული წარმოების მასალებით დასტურდება, შპს „ტელეკომპანია პირველის“ 2023 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ კომისიის გადაწყვეტილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, შეიძლება გასაჩივრდეს კომისიაში ან სასამართლოში. გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული თვითრეგულირების სააპელაციო ორგანოში გასაჩივრების შესაძლებლობის თაობაზე (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 36-ე პარაგრაფი). შესაბამისად, მაუწყებელმა არასწორად განუმარტა დაინტერესებულ პირს თვითრეგულირების ორგანოს გასაჩივრების ორგანო. მაუწყებლის მიერ გასაჩივრების წესის არასწორი განმარტების შედეგად, ი. ჯანჯღავა არ იყო სათანადოდ ინფორმირებული, თუ როგორ უნდა ესარგებლა თვითრეგულირების პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების მაუწყებლის თვითრეგულირების სააპელაციო ორგანოში გასაჩივრების უფლებით. შესაბამისად, მაუწყებლის მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის დაცვის უზრუნველყოფა თვითრეგულირების მექანიზმის ეფექტიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტიაა.

45.  ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მაუწყებლის მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები, ასევე, მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მე-7 მუხლის პირველი პუნქტი და მე-10 მუხლის პირველი პუნქტი.

3.3 დაინტერესებული პირის დასწრების გარეშე საჩივრის განხილვა და თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში გასაჩივრების შესაძლებლობის ამოწურვა

46. მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელს უფლება აქვს აირჩიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და ამ კოდექსის შესაბამისად, რომელიც შეესაბამება მაღალ პროფესიულ სტანდარტებს და ითვალისწინებს საჩივრის ეფექტიანად განხილვის გამჭვირვალე პროცედურას და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.

47. „შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ს წინააღმდეგ შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ საჩივრის განხილვისა და შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხიმგებლობის დაკისრების თაობაზე“ 2015 წლის 4 ივნისის N298/18 გადაწყვეტილებით კომისიამ განმარტა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლით გათვალისწინებული მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის არსებობის მიზანს, ერთი მხრივ, წარმოადგენს მაუწყებლისთვის, ამავე კანონით გათვალისწინებულ, რიგ შინაარსობრივ ვალდებულებებთან დაკავშირებით მაქსიმალური დამოუკიდებლობის მინიჭება, რაც გამოიხატება თავად მაუწყებლის მიერ საჩივრის განხილვაში და, მეორე მხრივ, მაუწყებლის, როგორც საჯარო ფუნქციების განმახორციელებელი კერძო სამართლის სუბიექტისთვის  ვალდებულების  დაკისრება, რომ მაუწყებელთა ქცევის კოდექსითა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ რიგ შინაარსობრივ ვალდებულებებთან დაკავშირებით მაუწყებელში წარდგენილი საჩივრის განხილვა უზრუნველყოფილ იქნას თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში გამჭვირვალედ, ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობით. სწორედ დაინტერესებული მხარის მონაწილეობით საკითხის განხილვა და მისთვის შესაბამისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების წარდგენის საშუალების მიცემა წარმოადგენს იმ ერთ-ერთ ფაქტორს, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს თვითრეგულირების მექანიზმის ეფექტიანობას.

48. ადმინისტრაციული წარმოების მასალებით დასტურდება, რომ შპს „ტელეკომპანია პირველის“ თვითრეგულირების ორგანოს პირველმა ინსტანციამ საჩივარი განიხილა დაინტერესებული პირის განხილვაზე დასწრების უზრუნველყოფის გარეშე და 2023 წლის 12 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 36-ე პარაგრაფი), რაც, განსახილველი საქმის გარემოებების გათვალისწინებით, გამორიცხავს შპს „ტელეკომპანია პირველის“ თვითრეგულირების მექანიზმის ეფექტიანობას. თვითრეგულირების ორგანოს 2023 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ თვითრეგულირების ორგანოს პოზიციით, მომჩივანს არ ჰქონდა საჩივარში დასახელებული კონკრეტული სადაო განცხადებები, ბუნდოვანი იყო რომელი განცხადებების უარყოფას ითხოვდა დაინტერესებული პირი, რის გამოც თვითრეგულირების ორგანომ ვერ შეძლო საკითხის დეტალური შეფასება. აღნიშნული გარემოება ადასტურებს დაინტერესებული პირის საჩივრის განხილვაზე მოწვევის მნიშვნელობას. მაუწყებლის მიერ ი. ჯანჯღავას განხილვაზე მოწვევის შემთხვევაში, მაუწყებელი შეძლებდა დაეზუსტებინა ის საკითხები, რომლებიც ბუნდოვნად მიაჩნდა. საქმეზე არსებული მტკიცებულებებით, მათ შორის, შპს „ტელეკომპანია პირველის“ წარმომადგენლისა და ი. ჯანჯღავას წარმომადგენლის ახსნა-განმარტებებით დასტურდება, რომ ი. ჯანჯღავას არ ამოუწურავს თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში გასაჩივრების შესაძლებლობა. ი. ჯანჯღავას აქვს უფლება მიმართოს კომისიას საჩივრით მაუწყებლის მიერ ჩადენილი პროცედურული დარღვევის თაობაზე (დაინტერესებული პირის დასწრების გარეშე საჩივრის განხილვა) მხოლოდ მას შემდეგ, როცა თვითრეგულირების სააპელაციო ორგანო განიხილავს მის საჩივარს და მიიღებს გადაწყვეტილებას და იმ შემთხვევაში, თუ პროცედურული დარღვევა სააპელაციო ორგანოში აღმოფხვრილი არ იქნება. აქედან გამომდინარე, მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში არ შეფასდება ამ თვალსაზრისით მაუწყებლის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა.

3.4. თვითრეგულირების ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების ვადა და მიღებული გადაწყვეტილების დაინტერესებული პირისთვის გაგზავნის ვალდებულება

49.  მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საჩივრები განიხილება დროულად, გონივრულ ვადაში. თუ გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელია 21 დღეზე მეტი ვადა, მაუწყებელი ვალდებულია დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება ვადის გაზრდის თაობაზე და აცნობოს ამის შესახებ ყველა დაინტერესებულ პირს.

50. მაუწყებელთ ქცევის კოდექსის მე-11 მუხლის  მე-3 პუნქტის  თანახმად,  მიღებული გადაწყვეტილება ეგზავნება ყველა დაინტერესებულ მხარეს.

51. შპს „ტელეკომპანია პირველმა“ ი. ჯანჯღავას საჩივარი დაარეგისტრირა 2023 წლის 25 ნოემბერს. მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს პირველმა ინსტანციამ საჩივარი განიხილა და 2023 წლის 12 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. მაუწყებელმა თვითრეგულირების ორგანოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება საჩივარში მითითებულ მისამართზე გააგზავნა 2023 წლის 12 დეკემბერს, მაგრამ, ადრესატს გზავნილი ვერ ჩაბარდა მისამართზე მიმღები პირის არყოფნის გამო (იხ. ამ გადაწყვეტილების 36-ე და 37-ე პარაგრაფები), რაც დასტურდება გზავნილის სტატუსის ამსახველი დოკუმენტით (შპს „საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემები“; დოკუმენტის შტრიხკოდი 211156225).

52.  ადმინისტრაციული წარმოების მასალებით დასტურდება, რომ შპს „ტელეკომპანია პირველის“ თვითრეგულირების ორგანომ საჩივარი განიხილა მაუწყებელთა ქცევის კოდექსით განსაზღვრული ვადის დაცვით. ამასთანავე, მაუწყებელმა საფოსტო მომსახურების მეშვეობით გააგზავნა მიღებული გადაწყვეტილება საჩივარში მითითებულ მისამართზე. მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილება ვერ ჩაბარდა ადრესატს, მაუწყებელს შესრულებული აქვს მაუწყებელთა ქცევის კოდექსის განსაზღვრული ვალდებულება გადაწყვეტილების დაინტერესებული  მხარისთვის  გაგზავნის  თაობაზე.  ამდენად, ამ მხრივ,  არ  იკვეთება  შპს„ტელეკომპანია პირველის“ მიერ დამატებით ვალდებულების დარღვევა.

3.5. სიძულვილის ენა

53. მოქმედი კანონმდებლობა კრძალავს მაუწყებლის მიერ სიძულვილის ენის შემცველი რეკლამის ან პროგრამის გავრცელებას. კომისია უფლებამოსილია, კანონით დადგენილი წესით განახორციელოს შესაბამისი რეაგირება სიძულვილის ენის რეკლამაში ან პროგრამაში გავრცელების ფაქტზე.

54. ი.ჯანჯღავა განცხადებაში უთითებს, რომ არაზუსტი ინფორმაციის შემცველ გადაცემაში და ამ გადაცემის სხვადასხვა სოციალურ ქსელში გაზიარების შედეგად განთავსებულ კომენტარებში ასახული ინფორმაცია არის „ქართველი ქალის“ ნიშნით დისკრიმინაციული, სიძულვილის ენის შემცველი და შეურაცხმყოფელი, ადამიანური ღირსების შემლახველი და  დამამცირებელი ინფორმაცია და შევიწროვება, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებული დამამცირებელი არაადამიანური მოპყრობა. ი.ჯანჯღავას შეფასებით, კომენტარებთან ერთად ჟურნალისტის მიერ მომზადებული მასალა დამამცირებელი და სიძულვილის ენის შემცველია. ის უთითებს იმაზე, რომ ჟურნალისტი ტრაგიკულად და ი. ჯანჯღავას მიმართ სიძულვილის ენით აღწერს გერმანიაში დასაქმებული პირის არალეგალურ მდგომარეობას და შრომით დავას. ი. ჯანჯღავას განცხადებით, მცდარი ინფორმაციის შემცველი გადაცემის გავრცელებით მის მიმართ დარღვეულია ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი (წამების აკრძალვა), მე-8 მუხლი (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება), მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი (გამოხატვის თავისუფლება), მე-13 მუხლი (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება), საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი (ადამიანის ღირსების შეუვალობა), მე-11 მუხლი (თანასწორობის უფლება), მე-17 მუხლს მე-5 პუნქტი (აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლების უფლებები), მაუწყებელთა ქცევის კოდექსის რიგი მუხლები და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპები.

55. როგორც აღინიშნა, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით იკრძალება ისეთი პროგრამის ეთერში განთავსება, რომელიც ახდენს პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ ცალკეული ნიშნების მიხედვით ძალადობის ან სიძულვილის წაქეზებას ე.ი. შეიცავს სიძულვილის ენას. ამასთან, პროგრამა ან რეკლამა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ამ პუნქტით გათვალისწინებული სიძულვილის ენის შემცველად მხოლოდ მისი შეურაცხმყოფელი ან კრიტიკული შინაარსის გამო. შესაბამისად, ამა თუ იმ სამაუწყებლო მასალის სიძულვილის ენის შემცველად მიჩნევისათვის მნიშვნელოვანია არსებობდეს კანონით განსაზღვრული წინაპირობები. ი. ჯანჯღავას მიერ სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტის დასადასტურებლად განცხადებაში მითითებული გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები არ შეესატყვისება სიძულვილის ენის მომწესრიგებელ კანონმდებლობას. ი.ჯანჯღავას განცხადებაში არ არის წარმოდგენილი არგუმენტაცია, რომ რომელიმე პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ ძალადობის ან ძალადობის წაქეზება ხდება „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნით. ი. ჯანჯღავას არგუმენტაცია უმეტესწილად მიემართება მაუწყებლის მიერ არა სიძულვილის ენის გავრცელების აკრძალვის, არამედ - ჯეროვანი სიზუსტის მოთხოვნათა დარღვევას. გარდა ამისა, სიძულვილის ენის გამოყენება „Youtube“-ის სოციალური მედია პლატფორმაზე და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ კომენტარებში, ასევე, სცდება კომისიის უფლებამოსილების ფარგლებს, რადგან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 552 მუხლის შესაბამისად, სიძულვილის ენის გამოყენების ამკრძალავი ნორმა ვრცელდება მაუწყებლის პროგრამასა და რეკლამაზე და არა მესამე პირების მიერ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ კომენტარებზე.

56. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ იკვეთება შპს„ტელეკომპანია პირველის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 552 მუხლის დარღვევა.,

 3.6. საკითხები, რომლებიც სცდება კომისიის რეგულირების სფეროს

57. ი.ჯანჯღავას  განცხადებაში  დასმულია ისეთი საკითხები, როგორიცაა მის შესახებ დასახელებული ფაქტების უარყოფა, არაზუსტი ინფორმაციის შესწორება, ასევე მისი გადაცემაში მიწვევა და დროის გამოყოფა (პასუხის უფლება), კონტექსტის გარეშე, სამართლიანობის მოთხოვნის დარღვევით შეურაცხმყოფელი ლექსიკის გადაცემის სიუჟეტში განთავსება, ჯეროვანი სიზუსტის დაცვა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და დისკრიმინაცია.

58. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 და 591 მუხლების მოთხოვნების გათვალისწინებით, დასახელებულ საკითხებზე მსჯელობა სცდება კომისიის რეგულირების სფეროს და მაუწყებლობის სფეროში განიხილება თვითრეგულირების მექანიზმის ორგანოს მიერ, მაუწყებელთა ქცევის კოდექსის შესაბამისად.

59. ამრიგად, ამ ნაწილში კომისიის მიერ არ შეფასდება შპს„ტელეკომპანია პირველის“ მიერ ხსენებული დარღვევების შესაძლო ჩადენის საკითხი.

4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები

60. შპს„ტელეკომპანია პირველის“ მიერ ამ გადაწყვეტილების 35-ე და 36-ე პარაგრაფებში მითითებული ქმედებების ჩადენით, მაუწყებლის მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და მე-13 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მე-7 მუხლის პირველი პუნქტი და მე-10 მუხლის პირველი პუნქტი.

61. შპს„ტელეკომპანია პირველის“ მიმართ მსგავსი/იდენტური სამართალდარღვევის ჩადენისთვის არ გამოყენებულა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე ბოლო ერთი წლის  განმავლობაში. შესაბამისად, მაუწყებლის მიერ ზემოთ მითითებული სამართალდარღვევების ბოლო ერთი წლის განმავლობაში პირველად ჩადენისთვის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულია წერილობითი გაფრთხილება. აქედან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ტელეკომპანია პირველს“ უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.

62. გარდა ამისა, კანონმდებლობის მიხედვით, კომისია უფლებამოსილია, დამრღვევს დააკისროს გარკვეული ვალდებულებები სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით.  შესაბამისად, სამართალდარღვევების აღმოფხვრის მიზნით, მაუწყებელს უნდა დაევალოს თავისი იურიდიული და ფაქტობრივი მისამართის მარტივი და მუდმივი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე და აღნიშნულის დამადასტურებელი ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. ასევე, კომისიას მიაჩნია, რომ განმცხადებელ ი. ჯანჯღავას უნდა განემარტოს რომ უფლება აქვს, ამ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის მისთვის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში გაასაჩივროს შპს „ტელეკომპანია პირველის“ თვითრეგულირების ორგანოს 2023 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება შპს „ტელეკომპანია პირველის“ თვითრეგულირების სააპელაციო ორგანოში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ II თავით დადგენილი წესით.

5. რეკომენდაციები

63. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში 2022 და 2023 წელს შევიდა მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელთა შედეგადაც ახლებურად მოწესრიგდა არაერთი საკითხი, მათ შორის, შეიცვალა სიძულვილის ენის თაობაზე თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი. კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ტელეკომპანია პირველს“ უნდა მიეცეს რეკომენდაცია, შეისწავლოს მის მიერ შემუშავებული საჩივრის განხილვის წესი და შეუსაბამოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთანავე, როგორც ირკვევა ი. ჯანჯღავას განცხადებიდან, მაუწყებელმა მას არ მიაწოდა საჩივრის განხილვის წესი. აქედან გამომდინარე, მაუწყებელს უნდა მიეცეს რეკომენდაცია მიიღოს შესაბამისი ზომები საჩივრის განხილვის წესის დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით.

IV. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის, მე-5 მუხლის, მე-14 მუხლის, 451 მუხლის, 552 მუხლის, 591 მუხლისა და 71-ე  მუხლის,   კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-3 მუხლის, II თავის, კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შპს „ტელეკომპანია პირველს“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-13 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-10 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო;

2. დაევალოს შპს„ტელეკომპანია პირველს“ უზრუნველყოს თავისი იურიდიული და ფაქტობრივი მისამართის მარტივი და მუდმივი ხელმისაწვდომობა საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე და აღნიშნულის დამადასტურებელი ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა ამ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის მისთვის ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. განემარტოს ი. ჯანჯღავას, რომ უფლება აქვს, ამ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის მისთვის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში გაასაჩივროს შპს„ტელეკომპანია პირველის“ თვითრეგულირების ორგანოს 2023 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება შპს„ტელეკომპანია პირველის“  თვითრეგულირების სააპელაციო ორგანოში „მაუწყებლობის     შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ II თავით დადგენილი წესით;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს„ტელეკომპანია პირველისთვის“ და ი. ჯანჯღავასთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე  (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64)  გადაწყვეტილების   ან   მისი   დამოწმებული   ასლის   დაინტერესებული   მხარისთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის განმავლობაში;

6. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის დაინტერესებული მხარისთვის ჩაბარების დღიდან;

7. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (ე. ჭახრაკია) შპს„ტელეკომპანია პირველისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ მონაცემების კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;

8. კონტროლი    აღნიშნული    გადაწყვეტილების    შესრულებაზე    (გარდა    გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 და მე-7 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე).

ვახტანგ  აბაშიძე            თავმჯდომარე  - მ.შ.

ეკატერინე  იმედაძე       წევრი

ნათია კუკულაძე           წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 24

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები