სს „მედია ჰოლდინგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ

ნომერი: გ-24-18 / 134

გამოქვეყნების თარიღი მარტი 21, 2024 12:08

მიღების თარიღი მარტი 14, 2024

სს „მედია ჰოლდინგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ

ავტორიზებული პირი: სს „მედია ჰოლდინგ“

სამართალდარღვევა: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561   მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების, მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და 562 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის დარღვევა.

წარმოების დაწყების საფუძველი: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N24-10-480, 29.02.2024)

კომისიის სხდომის თარიღი: 2024 წლის 14 მარტი

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში-კომისია) აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N24-10-480;29.02.2024) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული  წარმოება  სს„მედია ჰოლდინგის“   (ს/კ. 405443872) მიერ  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების, მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და 562 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის მიზნით.

2. მოხსენებით ბარათში მითითებულია, რომ კომისიას მომართა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა (მომართვის რეგისტრაციის ნომერი N24-10-218;30.01.2024) და აცნობა, რომ 2024 წლის 29 იანვარს, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში, შევიდა ბესარიონ წულაიას განცხადება Nშ-24-9/391, რომელიც ეხება სს„მედიაჰოლდინგის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაძლო კანონდარღვევის საკითხს. აღნიშნული შეტყობინების საფუძველზე კომისიის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა ჩაატარა მონიტორინგი.

3. კომისიის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ სს„მედია ჰოლდინგის“ (სატელევიზიო არხის ბრენდული სახელწოდება „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”) ეთერში განთავსებულია თურქული წარმოების სერიალი „დიდი ოჯახი“ და აღნიშნული პროგრამის 2024 წლის 21 იანვარს 20:23 საათზე, 22 იანვარს 20:08 საათზე და 27 იანვარს 20:27 საათზე განთავსებული ეპიზოდები მოიცავს ძალადობის ამსახველ სცენას ახლო ხედით (ვიდეო რგოლებიდან დგინდება, რომ ეპიზოდებში არის ადამიანის დაჭრის, მოკვლის და ძალადობრივი მუქარის შემცველი სცენები)-რაც მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის შეფასებით, არის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების, მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და 562 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის დარღვევა.

4.  სს „მედია ჰოლდინგის“ მიერ ამ გადაწყვეტილების პირველ პარაგრაფში მითითებული შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის მიზნით კომისიის სხდომა გაიმართა 2024 წლის 14 მარტს, რის თაობაზეც 2024 წლის 11 მარტის Nგ-24-03/648 შეტყობინებით  ეცნობა სს „მედია ჰოლდინგს“.

5.  კომისიის 2024 წლის 14 მარტის სხდომას ესწრებოდა სს „მედია ჰოლდინგის“ წარმომადგენელი - ს. ჭელიძე, რომელმაც განაცხადა, რომ კომპანია ყველა სატელევიზიო არხზე იცავს კანონმდებლობის მოთხოვნებს, არ არღვევს არც ნიშანდების წესებს და იცავს არასრულწლოვნების ინტერესებს. ამასთან, წარმომადგენლის განმარტებით, სადავო პროგრამებზე მინიჭებული იყო არა უნივერსალური, არამედ +15 ნიშანდება.

II. მარეგულირებელი კანონმდებლობა

6. საქართველოს კანონის „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 66-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის გავლენისგან ბავშვის დაცვა. მაუწყებელი ასევე ვალდებულია გამოიყენოს სამაუწყებლო პროგრამათა კლასიფიკაციის კრიტერიუმები ამ პროგრამების კატეგორიების დადგენის მიზნით და განათავსოს ეს პროგრამები სამაუწყებლო ბადეში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს  კანონით  განსაზღვრული წესების  დაცვით“,  ხოლო  მე-11 ნაწილის  თანახმად, „მაუწყებლობის საშუალებით გავრცელებული ინფორმაციის კონტროლს, აგრეთვე ინტერნეტსივრცეში და ჩაწერილი ფილმისა და თამაშის ინფორმაციის პროგრამირებულ ქსელურ მატარებლებზე (ინტერნეტში) ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის გავრცელების კონტროლს ახორციელებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია“;

7. საქართველოს  კანონის „ბავშვის უფლებათა კოდექსის“  მე-3 მუხლის „პ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაცია არის   ძალადობის ან დანაშაულის წახალისებისკენ   მიმართული   ინფორმაცია,   სექსუალური შინაარსის ინფორმაცია, აგრეთვე ინფორმაცია, რომელიც ეწევა ალკოჰოლიანი სასმლის, თამბაქოს, ნარკოტიკული საშუალების ან აზარტული თამაშობის პროპაგანდას ან რომელშიც ძალადობის, მკვლელობის ან სასტიკი, არაადამიანური მოპყრობის სცენები დეტალურადაა წარმოდგენილი;

8.  „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-5  მუხლის  პირველი  პუნქტის  თანახმად,„მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში საქმიანობას არეგულირებს კომისია“. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში კომისიის ფუნქციებია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი“, ასევე, „ბავშვის უფლებათა კოდექსის საფუძველზე ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან ბავშვის დაცვის ღონისძიებების განსახორციელებლად მედიამომსახურებების საშუალებებით გავრცელებული პროგრამების შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდების წესების დაცვის კონტროლი“;

9.  „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-2  მუხლის  „ტ“  ქვეპუნქტის  შესაბამისად,„მაუწყებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ამ კანონის საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი“, ხოლო „ტ2“ ქვეპუნქტის თანახმად, „ტელემაუწყებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ავტორიზებული პირი, რომელიც პირადი სარედაქციო პასუხისმგებლობით ახორციელებს საკუთარი სამაუწყებლო ბადით გათვალისწინებული აუდიოვიზუალური პროდუქციის გადაცემას ისე, რომ სამაუწყებლო ბადით განსაზღვრულ დროს მაყურებლებისათვის ერთდროულად ხელმისაწვდომია“.

10. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, „ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების  პლატფორმის  მომსახურების  სფეროში მოქმედი  საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა“.

11. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,„მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან არასრულწლოვნის დაცვა“. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „მაუწყებელს ეკრძალება შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდებისა და სათანადო საეთერო დროის განსაზღვრის გარეშე ისეთი პროგრამის გადაცემა ან პროგრამაში ისეთი მასალის განთავსება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არასრულწლოვანის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ინტელექტუალურ და სულიერ განვითარებას, ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობასა და სოციალიზაციას“. თავის მხრივ, ამავე მუხლის მე-5 პუნქტი ითვალისწინებს მაუწყებლის მიერ სამაუწყებლო ბადის დაგეგმვის შეზღუდვებს. კერძოდ, მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი აკეთებს დათქმას, რომ მაუწყებელი ვალდებულია 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 24 საათამდე;

12. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 მუხლის  მე-4 პუნქტის  შესაბამისად,„მაუწყებელი ვალდებულია პროგრამათა კატეგორიების დადგენის მიზნით გამოიყენოს ამ კანონის 562 მუხლით გათვალისწინებული პროგრამათა კატეგორიების განმსაზღვრელი კრიტერიუმები და პროგრამები სამაუწყებლო ბადეში განათავსოს ამ მუხლით დადგენილი დროითი შეზღუდვების შესაბამისად“. თავის მხრივ, ამავე კანონის 562 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,  18 წლამდე არასრულწლოვნისთვის   შეუფერებლად   მიიჩნევა   პროგრამა   (ანონსი),   რომელიც   შეიცავს:  ა)სქესობრივი აქტის, სექსუალური სცენის ან სექსუალური ძალადობის სცენის გრაფიკულ გამოსახულებას; ბ)ისეთი სექსუალური ურთიერთობის ამსახველ სცენას, რომელშიც არასრულწლოვანი მონაწილეობს ან რომელიც გაუკუღმართებული ფორმით ხორციელდება; გ) უხამს ქმედებას ან/და ისეთ ძალადობრივ ან სახიფათო ქმედებას, რომლის იმიტირება არასრულწლოვნისთვის იოლია; დ)ძალადობის ამსახველ სცენას ახლო ხედით (გარდა შემეცნებით- საგანმანათლებლო, ისტორიული, ფანტასტიკური ან კომედიური ჟანრის პროგრამისა); ე) ნარკოტიკული საშუალების მოხმარების სცენას, მისი დამზადების ან მოხმარების წესის ახსნა- განმარტებას და მოხმარების გამართლებას ან მოწონებას; ვ) თამბაქოს ან ალკოჰოლის მოხმარების გამართლებას ან მოწონებას; ზ) ნარკოტიკის, საინექციო ხელსაწყოს, ნარკოტიკული ნივთიერების მომზადების ტექნოლოგიის ან გამოყენების პროცესის ახსნა-განმარტებას; თ) სცენას, რომელიც ეწევა თვითდასახიჩრების ან თვითმკვლელობის პროპაგანდას, აღწერს თვითმკვლელობის პროცესს ან საშუალებას; ი) იოლად ხელმისაწვდომი საყოფაცხოვრებო იარაღის (დანა, ნაჯახი და სხვა) ზიანის მისაყენებლად ან მკვლელობისთვის გამოყენების ამსახველ სცენას; კ) აზარტული თამაშობის ამსახველ სცენას, მისი პოპულარიზაციის ხელშემწყობ ინფორმაციას და ეწევა აზარტულ თამაშობაში მონაწილეობის პროპაგანდას მოგების მარტივად მიღების შთაბეჭდილების შექმნით; ლ) ინფორმაციას, რომელიც დანაშაულებრივ ქმედებას დადებითად აფასებს ან კრიმინალს აიდეალებს; მ) ოკულტიზმის ან მსგავსი მოვლენის ამსახველ მასალას. პროგრამას (ანონსს), რომელიც შეიცავს „ძალადობის ამსახველ სცენას ახლო ხედით (გარდა შემეცნებით-საგანმანათლებლო, ისტორიული, ფანტასტიკური ან კომედიური ჟანრის პროგრამისა)“;

13. „მაუწყებლობის შესახება“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,„მედიამომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული/გავრცელებული პროგრამის, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, რომლებიც მას საშუალებას აძლევს, უზრუნველყოს მის მიერ გავრცელებული პროგრამის, მომხმარებლის გენერირებული ვიდეორგოლისა და აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაციის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა.“

14. „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  71-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის თანახმად, მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს.

III. სამოტივაციო ნაწილი

1. შესწავლილი მტკიცებულებები

15. კომისიის   აპარატის   მედიამომსახურებების   რეგულირების   დეპარტამენტის   მოხსენებითი ბარათი (N24-10-480, 29.02.2024)  - თანდართული დოკუმენტაციით;

16. სს„მედია ჰოლდინგის“ სატელევიზიო არხის-„სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის 2024 წლის 21, 22 და 27 იანვრის სამაუწყებლო ბადე;

17. კომისიის 2024 წლის 11 მარტის  N გ-24-03/648 შეტყობინება სს „მედია ჰოლდინგს“ და მისი ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

18. სს  „მედია  ჰოლდინგის“  შესახებ  ამონაწერი  მეწარმეთა  და  არასამეწარმეო  (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

19. სს „მედია ჰოლდინგის“ შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან;

20. სს „მედია ჰოლდინგის“ წარმომადგენლის, ს.ჭ.-ს მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა- განმარტება.

2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

21. სს ,,მედია ჰოლდინგი“ 2021 წლიდან მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირი - კერძო ტელემაუწყებელია. კერძოდ, 2021 წლის 15 მარტს გავლილი აქვს ავტორიზაცია B.1.2.1 საერთო ტელემაუწყებლობაზე (სატელევიზიო არხის ბრენდული სახელწოდებაა „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2); 2021 წლის 17 მარტს - B.1.2.2 სპეციალიზებულ ტელემაუწყებლობაზე (სატელევიზიო არხების ბრენდული სახელწოდება „მარაო“ და „კომედი არხი“)

მტკიცებულება: კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის  მონაცემები სს „მედია ჰოლდინგის“ შესახებ.

22. სს „მედია ჰოლდინგის“ სატელევიზიო არხის -  „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის ეთერში გადაიცემა თურქული წარმოების სერიალი „დიდი ოჯახი“, რომელიც 2024 წლის 21 იანვარს სამაუწყებლო ბადეში განთავსებული იყო 19:50 საათიდან, 22 იანვარს - 18:50 საათიდან, ხოლო 27 იანვარს - 19:50 საათიდან.

მტკიცებულება: სს „მედია ჰოლდინგის“ სატელევიზიო არხის - „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის 2024 წლის 21, 22 და 27 იანვრის სამაუწყებლო ბადე.

23. 2024  წლის  21 იანვარს 20:23 საათზე, 22 იანვარს 20:08 საათზე და 27 იანვარს  20:27 საათზე განთავსებული ეპიზოდები მოიცავს ძალადობის ამსახველ სცენებს ახლო ხედით. კერძოდ, ახლო ხედით ნაჩვენებია ადამიანისთვის დანის ხელში ჩარტყმა და მისთვის ტკივილის მიყენების მიზნით დანის დატრიალება; ადამიანისთვის ასაფეთქებელი მოწყობილობის პირში ჩადება დაშინების მიზნით. ასევე, ადამიანის მოკვლის/დახრჩობის კადრი. ამასთან, ეპიზოდების დასაწყისში პროგრამისთვის მინიჭებულია უნივერსალური ნიშანდება.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათით (N24-10-480, 29.02.2024) წარმოდგენილი ვიდეო ჩანაწერები.

24. სს „მედია ჰოლდინგის“ მიმართ მსგავსი/იდენტური სამართალდარღვევისთვის ჩადენისთვის არ ყოფილა გამოყენებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე ბოლო ერთი წლის განმავლობაში.

მტკიცებულება: კომისიის  ავტორიზებულ  პირთა  უწყებრივი  რეესტრის  მონაცემები.

3. სამართლებრივი შეფასება

25. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი მაუწყებელს აკისრებს ვალდებულებას დაიცვას არასრულწლოვნების ინტერესები და შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდების მინიჭებითა და დროითი შეზღუდვის გათვალისწინებით მოახდინოს სამაუწყებლო ბადის დაგეგმვა, მათ შორის, არ განათავსოს 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში 6 საათიდან 24 საათამდე.

26. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 562 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიიჩნევს პროგრამას (ანონსს) რომელიც შეიცავს ძალადობის ამსახველ სცენას ახლო ხედით (გარდა შემეცნებით-საგანმანათლებლო, ისტორიული, ფანტასტიკური ან კომედიური ჟანრის პროგრამისა).

27. როგორც კომისიის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, სს „მედია ჰოლდინგის“ (სატელევიზიო არხის ბრენდული სახელწოდება „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”) ეთერში განთავსებულია თურქული წარმოების სერიალი „დიდი ოჯახი“ და აღნიშნული პროგრამის 2024 წლის 21 იანვარს 20:23 საათზე, 22 იანვარს 20:08 საათზე და 27 იანვარს 20:27 საათზე განთავსებული ეპიზოდები მოიცავს ძალადობის ამსახველ სცენებს ახლო ხედით. კერძოდ, ახლო ხედით ნაჩვენებია ადამიანისთვის დანის ხელში ჩარტყმა და მისთვის ტკივილის მიყენების მიზნით დანის დატრიალება; ადამიანისთვის ასაფეთქებელი მოწყობილობის პირში ჩადება დაშინების მიზნით, ასევე, ადამიანის მოკვლის/დახრჩობის კადრი - რაც ცალსახად ექცევა   „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 562 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემადგენლობაში. ამასთან, სახეზე არ არის ამავე პუნქტით დადგენილი საგამონაკლისო შემთხვევა. კერძოდ, სერიალი „დიდი ოჯახი“ არ არის შემეცნებით- საგანმანათლებლო, არც ისტორიული, ფანტასტიკური ან კომედიური ჟანრის პროგრამა.

28. სს „მედია ჰოლდინგის“ წარმომადგენლის, ს. ჭელიძის მიერ კომისიის სხდომაზე გაკეთებული განმარტების შესაბამისად, სადავო ეპიზოდებს მინიჭებული ჰქონდა 15 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამის ნიშანდება, თუმცა, მხარეს აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. ამის საპირისპიროდ, მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ   მასალას მინიჭებული ჰქონდა არა 15 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამის ნიშანდება, არამედ მითითებული იყო უნივერსალური კატეგორიის განმსაზღვრელი სიმბოლო - U. გარდა ამისა, სადავო პროგრამებისთვის თუნდაც რომ მინიჭებული ყოფილიყო 15 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამის ნიშანდება, კანონმდებლობის მოთხოვნები მაინც არ იქნებოდა დაცული. კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 15 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ უნდა განთავსდეს 6 საათიდან 23 საათამდე. მაშინ როდესაც, ძალადობის შემცველი ეპიზოდები „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის სამაუწყებლო ბადეში განთავსებული იყო 21:00 სთ-მდე. ამასთან, ეპიზოდებში მოცემული ძალადობის იმგვარი სცენები, რომლებიც, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 562 მუხლის შესაბამისად, მაუწყებელს 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამის კატეგორიის ნიშანდების მინიჭების ვალდებულებას აკისრებდა.

29. ამდენად, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების უზრუნველსაყოფად, სს„მედია ჰოლდინგ“ ვალდებული იყო სერიალის „დიდი ოჯახის“ ძალადობის შემცველი სერიებისთვის მიენიჭებინა+18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამის ნიშანდება და განეთავსებინა მხოლოდ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი დროითი შეზღუდვის გათვალისწინებით - 24 საათის შემდეგ.

30. შესაბამისად, სს „მედია ჰოლდინგის“ მიერ სერიალის „დიდი ოჯახი“ 2024 წლის 21 იანვარს 20:23 საათზე, 22 იანვარს 20:08 საათზე და 27 იანვარს 20:27 საათზე ახლო ხედით ძალადობის ამსახველი სცენების გადაცემით დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების, მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და 562  მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები.

4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები

31. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.

32. გამომდინარე იქიდან, რომ სს „მედია ჰოლდინგის“  მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი/იდენტური სამართალდარღვევისთვის ჩადენისთვის არ ყოფილა გამოყენებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე,   კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს სს „მედია ჰოლდინგის“ მიმართ გამოყენებული იყოს წერილობითი გაფრთხილება.

33. გარდა  ამისა,  მნიშვნელოვანია,  სს  „მედია  ჰოლდინგმა“  უზრუნველყოს  სამაუწყებლო  ბადის დაგეგმვის დროს კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვა - ასაკობრივი ნიშანდებისა და საეთერო დროითი შეზღუდვის გათვალისწინებით, რათა ზიანი არ მიადგეს  არასრულწლოვანის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ინტელექტუალურ და სულიერ განვითარებას, ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობასა და სოციალიზაციას. ამ თვალსაზრისით მიზანშეწონილია, მაუწყებელმა შეისწავლოს სერიალ „დიდი ოჯახის“ სერიები და სამომავლოდ მათთვის ნიშანდების მინიჭებისა და ეთერში განთავსებისას დაიცვას კანონმდებლობის, მათ შორის, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 561 და 562 მუხლების მოთხოვნები.

IV. სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 96-ე და 98-ე მუხლების, VII თავის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“, „ი“ და „კ“ ქვეპუნქტების, მე-8 მუხლის  პირველი და მე-3 პუნქტების, 561 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების და მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 562 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის და 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გადაწყვიტა:

1. სს „მედია ჰოლდინგს“ (ს/კ.405443872) მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების, მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და 562 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის დარღვევისთვის;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების სს„მედია  ჰოლდინგისთვის“ (ს/კ.405443872) გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

3.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი№64) სს„მედია ჰოლდინგისთვის“ (ს/კ.405443872) ჩაბარების დღიდან ერთი თვის განმავლობაში;

4.  გადაწყვეტილება  ძალაში  შედის  გადაწყვეტილების  ან  მისი  დამოწმებული  ასლის  სს „მედია ჰოლდინგისთვის“ (ს/კ.405443872)  ჩაბარების დღიდან;

5. დაევალოს  კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (მ.აკოლაშვილი) სს„მედია ჰოლდინგისთვის“ (ს/კ.405443872)   ადმინისტრაციული   პასუხისმგებლობის   დაკისრების შესახებ მონაცემების კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;

6.  კონტროლი გადაწყვეტილების   შესრულებაზე   (გარდა   გადაწყვეტილების   სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე).

ვახტანგ  აბაშიძე                         თავმჯდომარე  - მ.შ.

ეკატერინე  იმედაძე                    წევრი

ივანე მახარაძე                            წევრი

ნათია კუკულაძე                         წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები