შპს „ბასტი-ბუბუსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-24-18 / 135

გამოქვეყნების თარიღი მარტი 25, 2024 12:07

მიღების თარიღი მარტი 14, 2024

შპს „ბასტი-ბუბუსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ავტორიზებული პირი: შპს „ბასტი ბუბუ“

სამართალდარღვევა: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის  პირველი პუნქტის დარღვევა

წარმოების დაწყების საფუძველი: იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 24-10-463, 27.02.2024)

კომისიის სხდომის თარიღი: - 2024 წლის 14 მარტი, 15:00 საათი.

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში: „კომისია“) იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N 24-10-463, 27.02.2024) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ბასტი-ბუბუსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაძლო დარღვევის გამო.

2. მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ შპს „ბასტი-ბუბუმ“ (ს/კ204870979) 2023 წლის 15 ივნისს შეიცვალა დამფუძნებელი, კერძოდ, თამარ ახვლედიანმა თავისი კუთვნილი 35%-იანი წილი სრულად გაასხვისა პაატა ამონაშვილის, ხოლო ხათუნა წულაიამ თავისი 20%-იანი წილი სრულად გაასხვისა თინათინ ჩაჩუას სასარგებლოდ;

3. შპს „ბასტი-ბუბუმ“ ცვლილებების თაობაზე ინფორმაცია კომისიაში წარმოადგინა დაგვიანებით 2024 წლის 19 თებერვალს (წერილის რეგისტრაციის Nშ-24-6/777).

4. შპს „ბასტი-ბუბუსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განსახილველად კომისიის სხდომა გაიმართა 2024 წლის 14 მარტს, რის შესახებაც მაუწყებელს ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (Nგ-24-03/654, 11/03/2024). კომპანიას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.

5. კომისიის სხდომას ესწრებოდა შპს „ბასტი-ბუბუს“ წარმომადგენელი მ. აროშიძე, რომელმაც განაცხადა, რომ კომპანიაში პანდემიის მერე განხორციელდა ბევრი ცვლილება, მათ შორის, საკადრო ცვლილებები, რის გამოც არ იყვნენ ინფორმირებულები, რომ 10 დღის ვადაში უნდა წარმოედგინათ ინფორმაცია კომისიაში. წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ამჟამად კომპანია სრულად არის დაკომპლექტებული და მომავალში მეტი ყურადღებით მოეკიდებიან ამ საკითხს, რათა შემდგომში მსგავსი რამ აღარ განმეორდეს.

II.  მარეგულირებელი კანონმდებლობა

6. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში კომისიის ფუნქციებია: „მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება;“.

7. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ს1“ ქვეპუნქტის შესაბამისად,„მედიამომსახურება არის მედიამომსახურების მიმწოდებლის სარედაქციო პასუხისმგებლობით მიწოდებული მომსახურება/განხორციელებული საქმიანობა − აუდიოვიზუალური მედიამომსახურება და რადიომაუწყებლობა;“

8. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის თანახმად, „მაუწყებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ამ კანონის საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი;“

9. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად,„მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.“.

10. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად,„ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია თავისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში კომისიას წარუდგინოს შესაბამისობის დეკლარაცია შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში. იგი აგრეთვე ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია გამოაქვეყნოს საკუთარ ვებგვერდზე.“

11.  „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,„მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს.“

III. სამოტივაციო ნაწილი

1. შესწავლილი მტკიცებულებები

12. კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N24-10-463, 27.02.2024);

13. შპს „ბასტი-ბუბუს“ 2024 წლის 19 თებერვლის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-24-6/777, 19.02.2024)  თანდართული დოკუმენტაციით;

14. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი (B22151293, 29/11/2022; B23085039, 15/06/2023) და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ბასტი-ბუბუს“ შესახებ მონაცემები;

15. შპს „ბასტი-ბუბუსთვის“ გაგზავნილი შეტყობინება (Nგ-24-03/654, 11/03/2024) კომისიის 2024 წლის 14 მარტის სხდომაზე მოწვევის თაობაზე;

16. შპს „ბასტი-ბუბუს“ წარმომადგენლის მ. აროშიძის ახსნა-განმარტება მიცემული კომისიის 2024 წლის 14 მარტის სხდომაზე.

2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

17. შპს „ბასტი-ბუბუ“ მედიამომსახურების სფეროში ავტორიზებული პირია (ტელემაუწყებლობა). მტკიცებულება: ამონაწერი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ბასტი-ბუბუს“ შესახებ.

18. კომისიის  აპარატის  იურიდიული  დეპარტამენტის  ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფის მიერ   გამოვლინდა, რომ 2023 წლის 15 ივნისს შეიცვალა შპს „ბასტი-ბუბუს“ დამფუძნებელი, კერძოდ, თამარ ახვლედიანმა   თავისი კუთვნილი 35%-იანი წილი სრულად გაასხვისა პაატა ამონაშვილის, ხოლო ხათუნა წულაიამ თავისი 20%-იანი წილი სრულად გაასხვისა თინათინ ჩაჩუას სასარგებლოდ; ზემოაღნიშნული ინფორმაცია შპს „ბასტი-ბუბუს“ ცვლილების განხორციელებიდან კანონით განსაზღვრულ 10 დღის ვადაში უნდა წარმოედგინა;

მტკიცებულება: კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის  მოხსენებითი ბარათი (N24-10-463, 27.02.2024) თანდართული მასალებით (შპს „ბასტი-ბუბუს“ 2024 წლის 19 თებერვლის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-24-6/777, 19.02.2024)  თანდართული დოკუმენტაციით);

19.  შპს „ბასტი-ბუბუს“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.

მტკიცებულება: მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ბასტი-ბუბუს“ შესახებ.

3. სამართლებრივი შეფასება

20. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია თავისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში კომისიას წარუდგინოს შესაბამისობის დეკლარაცია შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში. იგი აგრეთვე ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია გამოაქვეყნოს საკუთარ ვებგვერდზე.

21. ამდენად, შპს „ბასტი-ბუბუს“ მიერ დამფუძნებლის ცვლილების განხორციელებიდან კანონით დადგენილ ვადებში ინფორმაციის წარმოუდგენლობით დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტი, რაც წარმოადგენს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.

4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები

22. აღსანიშნავია, რომ შპს „ბასტი-ბუბუს“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა. შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამავე კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევისათვის შპს „ბასტი- ბუბუს" ჩადენილ დარღვევას შეესატყვისება წერილობითი გაფრთხილება, ვინაიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში მის მიმართ არ ყოფილა გამოყენებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისთვის.

IV. სარეზოლუციო ნაწილი

„მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ს1“ და „ტ“ ქვეპუნქტების, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 62-ე მუხლის პირველი პუნქტის, 71-ე მუხლის საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს „ბასტი-ბუბუს“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო;

2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) გადაწყვეტილების შპს   „ბასტი- ბუბუსთვის“ გაგზავნა და კომისიის ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის შპს „ბასტი-ბუბუსთვის“ ჩაბარების დღიდან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი,№64) შპს „ბასტი-ბუბუსთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

5. დაევალოს  კომისიის  აპარატის  იურიდიულ  დეპარტამენტს  (თ.  გოშუა)  შპს „ბასტი- ბუბუსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;

6. გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი (გარდა სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტისა) დაევალოს კომისიის იურიდიულ დეპარტამენტს (ი.ბუთბაია).

ვახტანგ  აბაშიძე                    თავმჯდომარე  - მ.შ.

ეკატერინე  იმედაძე               წევრი

ნათია კუკულაძე                   წევრი

ივანე მახარაძე                      წევრი

 

  

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები