შპს „სამაუწყებლო სახლისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-24-18 / 136

გამოქვეყნების თარიღი მარტი 25, 2024 12:39

მიღების თარიღი მარტი 14, 2024

შპს „სამაუწყებლო სახლისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ლიცენზიის მფლობელი პირი: შპს „სამაუწყებლო სახლი“

სამართალდარღვევა:  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე  მუხლის  პირველი პუნქტის დარღვევა

წარმოების დაწყების საფუძველი: იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 24-10-463,27.02.2024)

კომისიის სხდომის თარიღი: - 2024 წლის 14 მარტი, 15:00 საათი.

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში: „კომისია“) იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N 24-10-463, 27.02.2024) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „სამაუწყებლო სახლისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაძლო დარღვევის გამო.

2. მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ: ა) 2023 წლის 8  სექტემბერს შეიცვალა შპს „სამაუწყებლო სახლის“ დირექტორი, კერძოდ, ნათია დეკანოიძის ნაცვლად დირექტორად განისაზღვრა არტურ სტეფანიანი; ბ) 2024  წლის 30 იანვარს შეიცვალა შპს „სამაუწყებლო სახლის“ დამფუძნებელი, კერძოდ, გიორგი ჭოლაძემ თავისი კუთვნილი 100%-იანი წილი სრულად გაასხვისა შპს „სანის“ სასარგებლოდ;

3. შპს „სამაუწყებლო სახლმა“ ცვლილებების თაობაზე ინფორმაცია კომისიაში წარმოადგინა დაგვიანებით 2024 წლის 26 თებერვალს (წერილის რეგისტრაციის Nშ-24-6/964).

4. შპს „სამაუწყებლო სახლისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განსახილველად კომისიის სხდომა გაიმართა 2024 წლის 14 მარტს, რის შესახებაც მაუწყებელს ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (Nგ-24-03/655, 11/03/2024). კომპანიას ასევე განემარტა  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.

5. კომისიის სხდომას ესწრებოდა შპს „სამაუწყებლო სახლის“ წარმომადგენელი ა. სტეფანიანი, რომელმაც განმარტა, რომ ჰქონდათ ინფორმაციის კომისიაში გამოგზავნის მცდელობა, მაგრამ შეტყობინება სათანადო წესით არ იყო გაფორმებული, არ იყო ელექტრონულად ხელმოწერილი, ხოლო მათი მხრიდან უყურადღებობის გამო, თვალი არ მიადევნეს სათანადოდ ამ საკითხს, რამაც ასეთი შედეგი გამოიღო.

II. მარეგულირებელი კანონმდებლობა

6. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში კომისიის ფუნქციებია: „მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება;“.

7. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ს1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „მედიამომსახურება არის მედიამომსახურების მიმწოდებლის სარედაქციო პასუხისმგებლობით მიწოდებული მომსახურება/განხორციელებული საქმიანობა − აუდიოვიზუალური მედიამომსახურება და რადიომაუწყებლობა;“

8. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის თანახმად, „მაუწყებელი – საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ამ კანონის საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი;“

9. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ1“ ქვეპუნქტის თანახმად,„რადიომაუწყებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი, რომელიც პირადი სარედაქციო პასუხისმგებლობით ახორციელებს საკუთარი სამაუწყებლო ბადით გათვალისწინებული აუდიოპროდუქციის გადაცემას ისე, რომ სამაუწყებლო ბადით განსაზღვრულ დროს მსმენელებისათვის ერთდროულად ხელმისაწვდომია;

10. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად,„მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.“;

11. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად,„ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია თავისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში კომისიას წარუდგინოს შესაბამისობის დეკლარაცია შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში. იგი აგრეთვე ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია გამოაქვეყნოს საკუთარ ვებგვერდზე.“;

12. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,„მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს.“.

 III. სამოტივაციო ნაწილი

 1. შესწავლილი მტკიცებულებები

13. კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N24-10-463, 27.02.2024);

14. შპს „სამაუწყებლო სახლის“ 2024 წლის 23 თებერვლის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-24-6/964, 26.02.2024)  თანდართული დოკუმენტაციით;

15. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი (B21003418, 21/01/2021; B23127011,08/09/2023;B24010748,30/01/2024) და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „სამაუწყებლო სახლის“ შესახებ მონაცემები;

16. შპს „სამაუწყებლო სახლისთვის“ გაგზავნილი შეტყობინება (Nგ-24-03/655, 11/03/2024) კომისიის 2024 წლის 14 მარტის სხდომაზე მოწვევის თაობაზე;

17. „შპს „სამაუწყებლო სახლის“ კუთვნილი კერძო რადიომაუწყებლობის №B98 ლიცენზიის მოქმედების ვადის  გაგრძელების თაობაზე“  კომისიის  2018  წლის  15  მარტის  N156/6 გადაწყვეტილება;

18. შპს „სამაუწყებლო სახლის“ წარმომადგენლის ა. სტეფანიანის ახსნა-განმარტება მიცემული კომისიის 2024 წლის 14 მარტის სხდომაზე.

2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

19. შპს „სამაუწყებლო სახლი“ მედიამომსახურების სფეროში ლიცენზიის მფლობელი პირია (რადიომაუწყებელი).

მტკიცებულება: მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „სამაუწყებლო სახლის“ შესახებ („შპს „სამაუწყებლო სახლის“ კუთვნილი კერძო რადიომაუწყებლობის №B98 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე“ კომისიის 2018 წლის 15 მარტის N156 / 6 გადაწყვეტილება).

20. კომისიის  აპარატის  იურიდიული  დეპარტამენტის  ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფის მიერ გამოვლინდა, რომ 2023 წლის 8 სექტემბერს შეიცვალა შპს „სამაუწყებლო სახლის“ დირექტორი, კერძოდ, ნათია დეკანოიძის ნაცვლად დირექტორად განისაზღვრა არტურ სტეფანიანი). ხოლო, 2024  წლის 30 იანვარს შეიცვალა შპს „სამაუწყებლო სახლის“ დამფუძნებელი, კერძოდ, გიორგი ჭოლაძემ თავისი კუთვნილი 100%-იანი წილი სრულად გაასხვისა შპს „სანის“ სასარგებლოდ; შპს „სამაუწყებლო სახლმა“ ცვლილებების თაობაზე ინფორმაცია კომისიაში წარმოადგინა დაგვიანებით 2024 წლის 26 თებერვალს ( კომისიაში რეგისტრაციის Nშ-24-6/964); ზემოაღნიშნული ინფორმაცია შპს „სამაუწყებლო სახლს“ ცვლილების განხორციელებიდან კანონით განსაზღვრულ 10 დღის ვადაში უნდა წარმოედგინა; მტკიცებულება: კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის  მოხსენებითი ბარათი (N24-10-463, 27.02.2024) თანდართული მასალებით (შპს „სამაუწყებლო სახლის“ 2024 წლის 23 თებერვლის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-24-6/964, 26.02.2024)   თანდართული დოკუმენტაციით).

21. შპს „სამაუწყებლო სახლის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.

მტკიცებულება: მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „სამაუწყებლო სახლის“ შესახებ.

3. სამართლებრივი შეფასება

22. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია თავისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში კომისიას წარუდგინოს შესაბამისობის დეკლარაცია შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში. იგი აგრეთვე ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია გამოაქვეყნოს საკუთარ ვებგვერდზე.

23. ამდენად, შპს „სამაუწყებლო არხის“ მიერ სხვადასხვა  პერიოდში  დირექტორისა  და დამფუძნებლის ცვლილების განხორციელებიდან კანონით დადგენილ ვადებში ინფორმაციის წარმოუდგენლობით დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  62-ე მუხლის პირველი პუნქტი, რაც წარმოადგენს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.

4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები

24. აღსანიშნავია, რომ შპს „სამაუწყებლო სახლის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა. შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად,  ამავე  კანონის  62-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის  დარღვევისათვის  შპს „სამაუწყებლო სახლის" ჩადენილ დარღვევას შეესატყვისება წერილობითი გაფრთხილება, ვინაიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში მის მიმართ არ ყოფილა გამოყენებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისთვის.

IV. სარეზოლუციო ნაწილი

„მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ს1“, „ტ“ და „ტ1“ ქვეპუნქტების, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 62-ე მუხლის პირველი პუნქტის, 71-ე მუხლის საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს „სამაუწყებლო სახლს“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო;

2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას  (ო. ვოტ)  გადაწყვეტილების  შპს  „სამაუწყებლო სახლისთვის“ გაგზავნა და კომისიის ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების  ან  მისი დამოწმებული  ასლის შპს „სამაუწყებლო სახლისთვის“ ჩაბარების დღიდან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) შპს „სამაუწყებლო სახლისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

5. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (თ. გოშუა) შპს „სამაუწყებლო სახლისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;

6. გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი (გარდა სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტისა) დაევალოს კომისიის იურიდიულ დეპარტამენტს (ი.ბუთბაია).

ვახტანგ  აბაშიძე            თავმჯდომარე  - მ.შ.

ეკატერინე  იმედაძე       წევრი

ნათია კუკულაძე            წევრი

ივანე მახარაძე                წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები