შპს „ტვ 25“-ის სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე

ნომერი: გ-24-18 / 137

გამოქვეყნების თარიღი მარტი 25, 2024 12:55

მიღების თარიღი მარტი 14, 2024

შპს „ტვ 25“-ის სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე

ავტორიზებული პირი: შპს „ტვ 25“

სამართალდარღვევა: „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და კომისიის 2014 წლის 28 ნოემბრის №661/13 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის დარღვევა

წარმოების დაწყების საფუძველი:  სპექტრის და  ტექნოლოგიების დეპარტამენტის  მოხსენებითი ბარათი (№24-10-487; 01.03.2024)

კომისიის სხდომის თარიღი: 2024 წლის 14 მარტი

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში - კომისია) აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (№24-10-487;01.03.2024) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტვ 25“-ის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და კომისიის 2014 წლის 28 ნოემბრის №661/13 გადაწყვეტილების შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის მიზნით.

2. კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხსენებითი  ბარათის თანახმად, კომისიის 2014 წლის 28 ნოემბრის №661/13 გადაწყვეტილებით, შპს „ტვ 25“ ვალდებული იყო მაუწყებლობა განეხორციელებინა 41°41'8.00"N; 41°43'25.00"E გეოგრაფიულ კოორდინატებზე არსებულ საანძო მოწყობილობაზე (ომბალაურის ანძა) განთავსებული გადამცემიდან შესაბამისი ტექნიკური პარამეტრების დაცვით. ამავე გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატების მიმართ 100 მეტრი რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება ± 5 მ).

3. კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათში ასევე, აღნიშნულია, რომ შპს „ტვ 25“-მა კომისიას წერილობით (კომისიაში რეგისტრაციის N შ-23-6/3063; 26.09.2023) აცნობა, რომ მას ჰქონდა ტექნიკური და ფინანსური პრობლემები. მოცემული გარემოებების გათვალისწინებით, კომპანიას განესაზღვრა ვადა 2023 წლის 30 ნოემბრამდე, რათა უზრუნველეყო გადამცემის ფუნქციონირება 2014 წლის 28 ნოემბრის №661/13 გადაწყვეტილებით განსაზღვრული მდებარეობიდან და შესაბამისი ტექნიკური პირობებით.

4. კომისიის  აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის დაგეგმარების ჯგუფის დავალებით, 2023 წლის 28 დეკემბერს, სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფის ინჟინრების მიერ, ქ. ბათუმში ჩატარდა რადიომონიტორინგით გათვალისწინებული სამუშაოები, შპს „ტვ 25“-ის სატელევიზიო გადამცემი სადგურის განთავსების ადგილის დადგენის მიზნით.

5. მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ შპს „ტვ 25“ მაუწყებლობდა მე-7 სატელევიზიო არხზე, რომლის სატელევიზიო გადამცემი სადგური და ანტენა განთავსებულია ქ. ბათუმში, პუშკინის ქ. №168-ში შპს „ტვ 25“-ის ოფისის შენობის სახურავზე (გეოგრაფიული კოორდინატები: N 41°38'19" E 41°37'24"), რის თაობაზეც შედგა ტექნიკური შემოწმების აქტი №499.

6. მოხსენებით ბარათში (№24-10-487;01.03.2024) მითითებულია, რომ შემოწმების შედეგებით დასტურდება, რომ დარღვეულია კომისიის 2014 წლის 28 ნოემბრის N661/13 გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობები, რომლებიც ადგენს „ტვ 25“-ის გადამცემის მდებარეობას და მაუწყებლობის ტექნიკურ პირობებს. ასევე, დარღვეულია პირობა, რომ გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატების მიმართ 100 მეტრის რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკისრების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება ± 5 მ).

7. შპს „ტვ 25“-ის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს  კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და კომისიის 2014 წლის 28 ნოემბრის№661/13 გადაწყვეტილების  შესაძლო  დარღვევის  საკითხის განხილვის  მიზნით, კომისიის სხდომა დაინიშნა 2024 წლის 14 მარტს, რის შესახებაც კომპანიას ეცნობა  წერილობითი შეტყობინებით (Nგ-24-03/664; 13.03.2024). კომპანიას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.

8. კომისიის 2024 წლის 14 მარტის სხდომას ესწრებოდა შპს „ტვ 25“-ის დირექტორი მ. ფრანგულაშვილი. მისი განმარტებით, შპს „ტვ 25“-ს სურდა ომბალაურის ანძიდან გადამცემი სადგურის გადმოტანა კომპანიის მისამართზე, ქ. ბათუმში, პუშკინის N128-ში, რასაც იმით ხსნიდა, რომ ცვალებადი დენის გამო, სადგური ხშირად იწვოდა და შესაბამისად, მითითებულ ადგილზე მუშაობა ვერ შეძლო. შპს „ტვ 25“-ის დირექტორის განცხადებით, არსებული სიტუაციის შესწავლის მიზნით, გადამცემი სადგური გადატანილი იყო ავტორიზებული პირის შენობაში. ჩატარებული კვლევებით კი, დადგინდა, რომ შპს „ტვ 25“-ს არ მიეცემოდა ნებართვა განეთავსებინა გადამცემი სადგური პუშკინის N128-ში. მან აღნიშნა, რომ მათ მინიჭებული ჰქონდათ სიხშირე 186 მჰც., რომელსაც არცერთი მულტიპლექსის სისტემა ავტომატური ძებნისას არ აჩვენებდა, შესაბამისად, კომპანია თავის მულტიპლექსს ვერ იყენებდა. 2023 წლის სექტემბრის დასაწყისში ომბალაურის ანძაზე ინფრასტრუქტურა დაიწვა და ყველა მაუწყებელი დაუბრუნდა მწვანე კონცხის გადამცემ სადგურს. მან ასევე, აღნიშნა, რომ კომისიის მონიტორინგის ჯგუფის ინჟინრებმა, რომლებიც ავტორიზებული პირის შემოწმებაზე იმყოფებოდნენ, განუმარტეს, რომ თვითნებურად, კომისიის ნებართვის გარეშე არ გადაეტანა მწვანე კონცხზე გადამცემი სადგური. შპს „ტვ 25“-ის დირექტორის განცხადებით,   ომბალაურის ანძაზე ფიზიკურად არანაირი ინფრასტრუქტურა არ არსებობს, რის გამოც მან წერილობით მიმართა კომისიას, რომ მისცეს ნებართვა სადგური გადაიტანოს მწვანე კონცხზე, მაუწყებლობის განსახორციელებლად. მ. ფრანგულაშვილის განმარტებით, მას შემდეგ, რაც კომისიამ მიუთითა სადგურის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ადგილზე გადატანის აუცილებლობის შესახებ, მან კომისიას აცნობა, რომ ავტორიზებულ პირს არ ჰქონდა ფინანსური რესურსი სადგურის ომბალაურის ანძაზე გადატანის უზრუნველსაყოფად და მზად იყო ის გაეთიშა. მ. ფრანგულაშვილის განცხადებით, კომპანიამ სადგური გათიშა 2024 წლის 10 იანვრიდან. შპს „ტვ 25“-ის დირექტორმა აღნიშნა, რომ არ სურდა ავტორიზებულ პირს მიეღო დაუმსახურებელი შენიშვნა იმ პირობებში, როცა ყველა გადადგმული ნაბიჯი შეთანხმებული იყო კომისიასთან.

II. მარეგულირებელი კანონმდებლობა

9. „ელექტრონული  კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს  კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობის ან/და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში ამ კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

10.  „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო პირობების, აგრეთვე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის პირობების დაცვის ზედამხედველობა და მათი დარღვევის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

11.  „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

12. „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.

13. „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მქონე პირების, მათ შორის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის, მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის შესაბამისი დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა  და  ვალდებულებების, აგრეთვე  სალიცენზიო  პირობების  შესრულებას.  მათი დარღვევის შემთხვევაში კომისია აღნიშნული პირების მიმართ გამოიყენებს ამ კანონის 45-ე მუხლით დადგენილ სანქციებს.

14. „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

15. „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების   სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა.

16. კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისთვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული ან ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

17. კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას წარმოადგენს ლიცენზიის/ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მფლობელის ან/და ავტორიზებული პირის მიერ მოქმედი კანონმდებლობის (მათ შორის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის) ან სალიცენზიო/ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების ან/და ავტორიზაციის პირობების დარღვევაზე, ან პირის მიერ ულიცენზიოდ/ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე, ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობაზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.

III. სამოტივაციო ნაწილი

1. შესწავლილი მტკიცებულებები

18. კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (№ 24-10-487; 01.03.2024);

19. შპს „ტვ 25“-ის წერილი კომისიას (N შ-23-6/3063; 26.09.2023);

20. კომისიის საპასუხო წერილი შპს „ტვ 25“-ს (N გ-23-06/2309; 24.10.2023);

21. შემოწმების აქტი N499;

22. 2023 წლის 28 დეკემბრის მონიტორინგის ამსახველი ფოტომასალა;

23. კომისიის 2014 წლის 28 ნოემბრის N661/13 გადაწყვეტილება „ადგილობრივი  ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების უზრუნველსაყოფად ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებლებისათვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების თაობაზე“;

24. შპს „ტვ 25“-ის ავტორიზაციის მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან;

25. შპს „ტვ 25“-ის შესახებ მონაცემები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;

26. შპს „ტვ 25“-ის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის N23-6/4354; 29.12.2023),

27. კომისიის სხდომაზე შპს „ტვ 25“-ის დირექტორის მიერ მიცემული ახსნა-განმარტება.

2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

28. შპს „ტვ 25“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 20/04/2016; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: ელექტრონული კომუნიკაციების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და/ან მომსახურების მიწოდების სახეები და მათი მოკლე აღწერილობა: A.T.1. ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით, ასევე, შესაბამისი ელემენტებით უზრუნველყოფა; B.T.1. ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით სატელევიზიო არხების ტრანზიტი.

მტკიცებულება: შპს „ტვ 25“-ის ავტორიზაციის მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან.

29. კომისიის 2014 წლის 28 ნოემბრის N661/13 გადაწყვეტილებით, შპს „ტვ 25“-ს უსასყიდლოდ მიენიჭა რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლება ადგილობრივი ციფრული მიწისზედა        სატელევიზიო ქსელების უზრუნველსაყოფად ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრული გეოგრაფიული კოორდინატებისა და ტექნიკური პარამეტრების გათვალისწინებით, 2015 წლის 17 ივნისიდან 10 წლის ვადით. მოცემული გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის შპს „ტვ 25“-ის საფირმო სახელწოდება იყო შპს „ტელეარხი 25“.

მტკიცებულება: „ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების უზრუნველსაყოფად ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებლებისათვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების თაობაზე” კომისიის 2014 წლის 28 ნოემბრის N661/13 გადაწყვეტილება; შპს „ტვ 25“-ის შესახებ 2016 წლის 21 სექტემბრის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირების რეესტრიდან.

30. კომისიის 2014 წლის 28 ნოემბრის N661/13 გადაწყვეტილების (2016-2021 წლებში გადაწყვეტილებაში შესული ცვლილებების გათვალისწინებით) სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შპს „ტვ 25“ ვალდებული იყო ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების უზრუნველსაყოფად ძირითადი გადამცემი სადგურები განეთავსებინა 41°41'8.00"N; 41°43'25.00"E გეოგრაფიულ კოორდინატებზე და აღნიშნულ კოორდინატებზე არსებულ საანძო  მოწყობილობაზე (ომბალაურის ანძა) განთავსებული გადამცემიდან უზრუნველეყო ციფრული სატელევიზიო სიგნალის ტრანსლირება   შესაბამისი ტექნიკური პარამეტრების დაცვით. კომისიის 2014 წლის 28 ნოემბრის N661/13 გადაწყვეტილების თანახმად, ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატების მიმართ 100მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).

მტკიცებულება: „ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების უზრუნველსაყოფად ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებლებისათვის  რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების თაობაზე” კომისიის 2014 წლის 28 ნოემბრის N661/13 გადაწყვეტილება.

31. 2023 წლის 26 სექტემბერს, ტექნიკურ და ფინანსურ პრობლემებზე მითითებით, შპს „ტვ 25“-მა მიმართა კომისიას, რათა ნება დაერთო დროებით გაეგრძელებინა მაუწყებლობა ქ. ბათუმში, პუშკინის ქ. №168-ში მდებარე შპს „ტვ 25“-ის ოფისის შენობის სახურავზე განთავსებული ანძიდან. კომისიამ შპს „ტვ 25“-ს განუსაზღვრა ვადა 2023 წლის 30 ნოემბრამდე, რათა მას უზრუნველეყო გადამცემის ფუნქციონირება 2014 წლის 28 ნოემბრის №661/13 გადაწყვეტილებით განსაზღვრული მდებარეობიდან (41°41'8.00"N; 41°43'25.00"E გეოგრაფიულ კოორდინატებზე არსებულ საანძო მოწყობილობიდან (ომბალაურის ანძა))  შესაბამისი ტექნიკური პირობებით.

მტკიცებულება: შპს „ტვ 25“-ის განცხადება (Nშ-23-6/3063; 26.09.2023; კომისიის საპასუხო წერილი შპს „ტვ 25“-ს (N გ-23-06/2309; 24.10.2023); კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (№ 24-10-487; 01.03.2024);

32.  2023 წლის 28 დეკემბერს, შპს „ტვ 25“-ის ოფისში კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფის ინჟინრების მიერ ჩატარდა შპს „ტვ 25“-ის შემოწმება. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ შპს „ტვ 25“ მაუწყებლობას ახორციელებდა მე-7 სატელევიზიო არხზე, რომლის სატელევიზიო გადამცემი სადგური და ანტენა განთავსებულია ქ. ბათუმში, პუშკინის ქ. №168-ში მდებარე შპს „ტვ 25“-ის ოფისის შენობის სახურავზე (გეოგრაფიული კოორდინატები: N 41°38'19" E 41°37'24").

მტკიცებულება: კომისიის აპარატის სპექტრის და  ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (№24-10-487;01.03.2024); შემოწმების აქტი N499; 2023 წლის 28 დეკემბრის მონიტორინგის ამსახველი ფოტომასალა.

33. შპს „ტვ 25“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.

მტკიცებულება: მონაცემები შპს „ტვ 25“-ის შესახებ კომისიის უწყებრივი რეესტრიდან.

3. სამართლებრივი შეფასება

34. ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

35. კომისიის 2014 წლის 28 ნოემბრის N661/13 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „ტვ 25“ ვალდებული იყო ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების უზრუნველსაყოფად ძირითადი გადამცემი სადგურები განეთავსებინა 41°41'8.00"N;41°43'25.00"E გეოგრაფიულ კოორდინატებზე და აღნიშნულ კოორდინატებზე არსებულ საანძო მოწყობილობაზე (ომბალაურის    ანძა) განთავსებული გადამცემიდან  უზრუნველეყო მაუწყებლობის განხორციელება შესაბამისი ტექნიკური პარამეტრების დაცვით. ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელი იყო მითითებული კოორდინატების მიმართ 100მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).

36. შპს „ტვ 25“-მა კომისიის მიერ მისთვის განსაზღვრულ ვადაში არ უზრუნველყო სატელევიზიო გადამცემის ფუნქციონირება 2014 წლის 28 ნოემბრის №661/13 გადაწყვეტილებით განსაზღვრული მდებარეობიდან (41°41'8.00"N; 41°43'25.00"E გეოგრაფიულ კოორდინატებზე არსებულ საანძო მოწყობილობიდან (ომბალაურის ანძა)) შესაბამისი ტექნიკური პირობებით. 2023 წლის 28 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „ტვ 25“ ავრცელებდა სამაუწყებლო სიგნალს არა 2014 წლის 28 ნოემბრის №661/13 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ გეოგრაფიულ კოორდინატებზე განთავსებული საანძო მოწყობილობიდან (41°41'8.00"N; 41°43'25.00"E- ომბალაურის ანძა), არამედ ქ. ბათუმში, პუშკინის ქ. №168-ში მდებარე შპს „ტვ 25“-ის ოფისის შენობის სახურავზე განთავსებული სატელევიზიო გადამცემით და ანტენით (გეოგრაფიული კოორდინატები: N 41°38'19" E 41°37'24").

37. ასევე, შპს „ტვ 25“-ის მიერ დარღვეულია პირობა, რომელიც ადგენს გადამცემი სადგურის განთავსების შესაძლებლობას კომისიის 2014 წლის 28 ნოემბრის №661/13 გადაწყვეტილებაში მითითებული კოორდინატების მიმართ 100 მეტრის რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკისების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება ± 5 მ).

4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები

38. შპს „ტვ 25“-ის მიერ ამ გადაწყვეტილების 36-ე და 37-ე პარაგრაფებში მითითებული ქმედების ჩადენით, ავტორიზებული პირის მიერ დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და კომისიის 2014 წლის 28 ნოემბრის №661/13 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი.

39. შპს „ტვ 25“-ის მიმართ მსგავსი/იდენტური სამართალდარღვევის ჩადენისთვის არ გამოყენებულა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე ბოლო ერთი წლის განმავლობაში. შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ზემოთ მითითებული სამართალდარღვევის ბოლო ერთი წლის განმავლობაში პირველად ჩადენისთვის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულია წერილობითი გაფრთხილება.

40. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის გათვალისწინებით, სახდელის დადებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი. ამავე კოდექსის 35-ე მუხლით ამომწურავად არის განსაზღვრული პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, რომლებიც განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების ჩამონათვალი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე მუხლით ამომწურავი არ არის და ადმინისტრაციულ ორგანოს   შეუძლია შემამსუბუქებლად მიიჩნიოს ისეთი გარემოებანიც, რომლებიც არ არის აღნიშნული კანონმდებლობაში.

41.  კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტვ 25“-ის 2023 წლის 26 სექტემბრის განცხადებისა და ასევე, შპს „ტვ 25“-ის დირექტორის მიერ სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტების თანახმად, შპს „ტვ-25“-მა ტექნიკური და ფინანსური პრობლემების გამო ვერ უზრუნველყო გადამცემი სადგურის ფუნქციონირება კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობებით.    ამასთანავე, კომისიაში  შემოსულია  შპს „ტვ 25“-ის განცხადება  (კომისიაში  რეგისტრაციის N23-6/4354; 29.12.2023), რომლითაც მოთხოვნილია კომისიამ შპს „ტვ 25“-ს მისცეს უფლება საკუთარი გადამცემი სადგური განათავსოს მწვანე კონცხის ანძაზე, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ომბალაურის ანძაზე სადგური გაუმართავად მუშაობს. განცხადებაში დასმული საკითხის გადაწყვეტა საჭიროებს ტექნიკური შესაძლებლობის არსებობის დადგენასა და ასეთის შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების შეტანას კომისიის 2014 წლის 28 ნოემბრის N661/13 გადაწყვეტილებაში, რასთან დაკავშირებითაც კომისიაში ხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები.

42. მნიშვნელოვანია მხედველობაში იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს „ტვ 25“-ის მიმართ არ გამოყენებულა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე კომისიის მიერ განსაზღვრული ტექნიკური პირობების დარღვევით გადამცემი სადგურის ფუნქციონირებისთვის. გარდა ამისა, კომისია მიიჩნევს, რომ ავტორიზებული პირის მიერ მითითებულ გარემოებებს შეეძლოთ შეექმნათ გარკვეული დაბრკოლება გადამცემი სადგურის ტექნიკური პირობების დაცვით ფუნქციონირების უზრუნველყოფისთვის. თუმცა, აღნიშნული არ გამორიცხავს შპს „ტვ 25“-ის მიერ სამართალდარღვევის ჩადენას.  კომისია ასევე, მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ავტორიზებული პირისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნები - სამართალდარღვევის აღმოფხვრა და პრევენცია შესაძლებელია მიღწეულ იქნეს შპს „ტვ 25“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების გარეშეც, მისთვის მხოლოდ დარღვევის აღმოფხვრის დავალდებულებით. შესაბამისად, შპს „ტვ 25“ უნდა იქნეს ცნობილი სამართალდამრღვევად და განთავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან. ამავე დროს, ავტორიზებულ პირს უნდა დაევალოს, ამ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ავტორიზებული პირისთვის ჩაბარებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყოს მისი სატელევიზიო გადამცემის ფუნქციონირება კომისიის 2014 წლის 28 ნოემბრის №661/13 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესაბამისად და მიღებული ზომების თაობაზე წერილობით აცნობოს კომისიას.

IV. სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე, 34-ე და 35-ე მუხლების,„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლი პირველი პუნქტის, მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, 44-ე მუხლის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, „ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების უზრუნველსაყოფად ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებლებისათვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების თაობაზე“ კომისიის 2014 წლის 28 ნოემბრის N661/13 გადაწყვეტილების,  კომისიის  2003  წლის  27  ივნისის N1  დადგენილებით  დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შპს „ტვ  25“  ცნობილ  იქნას  სამართალდამრღვევად  „ელექტრონული  კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების უზრუნველსაყოფად ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებლებისათვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების   მინიჭების თაობაზე” კომისიის 2014 წლის 28 ნოემბრის N661/13 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის დარღვევის გამო.

2.  შპს „ტვ 25“ გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან;

3. შპს „ტვ 25“-ს დაევალოს  ამ  გადაწყვეტილების ან  მისი  დამოწმებული   ასლის ავტორიზებული პირისთვის ჩაბარებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყოს მისი სატელევიზიო გადამცემის ფუნქციონირება კომისიის 2014 წლის 28 ნოემბრის №661/13 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესაბამისად და მიღებული ზომების თაობაზე წერილობით აცნობოს კომისიას.

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „ტვ 25“-სთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე      (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის დაინტერესებული მხარისთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის განმავლობაში;

6. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (ე. ჭახრაკია) შპს „ტვ 25“-ის სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების  შესახებ მონაცემების კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 და მე-6 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე).

ვახტანგ  აბაშიძე                 თავმჯდომარე  - მ.შ.

ივანე მახარაძე                   წევრი

ეკატერინე  იმედაძე           წევრი

ნათია კუკულაძე               წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები