შპს „ჯიემთივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-24-18 / 156

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 04, 2024 14:31

მიღების თარიღი მარტი 28, 2024

შპს  „ჯიემთივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ავტორიზებული პირი: შპს „ჯიემთივი“

სამართალდარღვევა: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის დარღვევა

წარმოების დაწყების საფუძველი: კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის  მოხსენებითი ბარათი (N24-10-518 06.03.2024)

კომისიის სხდომის თარიღი:  2024 წლის 28 მარტი, 15:00 საათი

I.  აღწერილობითი ნაწილი

1.  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის იურიდიული  დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N24-10-518,06.03.2024)  საფუძველზე,„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ჯიემთივის” მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის გამო.

2.  კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებით ბარათში (N24-10-518 06.03.2024) აღნიშნულია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის შესაბამისად, ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ყოველწლიურად გამოაქვეყნოს და კომისიას წარუდგინოს შემდეგი ინფორმაცია: ა) შესაბამისობის დეკლარაცია; ბ) მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების ავტორიზაციის შესახებ; გ) მედიამომსახურების მიმწოდებელ და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელ სუბიექტებში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; დ) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ფლობის შესახებ; ე) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; ვ) საინფორმაციო სააგენტოს ფლობის შესახებ; ზ) საინფორმაციო სააგენტოში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; თ) სხვა საწარმოს ან სხვა საწარმოში წილის ან აქციების 5%- ის ან 5%-ზე მეტის ფლობის შესახებ; ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი ზემოაღნიშნულ ინფორმაციას კომისიას წარუდგენს არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა. ამავე მუხლის მიხედვით, ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი აგრეთვე ვალდებულია გამოაქვეყნოს და კომისიას წარუდგინოს ინფორმაცია, თუ მისი წილის ან აქციების მფლობელი, დამფუძნებელი, სხვა წევრი, ხელმძღვანელი, შემომწირველი ან მათი ოჯახის წევრი იმავდროულად ფლობს: ა) მედიამომსახურებისა  და  ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში სხვა ავტორიზებული პირის წილს ან აქციებს; ბ) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილს ან აქციებს; გ) საინფორმაციო სააგენტოში წილს ან აქციებს. ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი შესაბამისობის დეკლარაციას აქვეყნებს საკუთარ ვებგვერდზე.

3. მედიამომსახურებაზე ავტორიზებულ/ლიცენზირებულ პირებს 2024 წლის 26 იანვარს კომისიამ წერილობით (Nგ-24-03/193) შეახსენა ზემოაღნიშნული ვალდებულების თაობაზე.

4. კომისიის  აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის მიხედვით, შპს„ჯიემთივის“ ზემოაღნიშნული ინფორმაცია კომისიაში არ წარმოუდგენია, რითიც  კომპანიის მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის მოთხოვნები.

5. შპს „ჯიემთივის“ მიერ კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განსახილველად, კომისიის სხდომა დაინიშნა 2024 წლის 28 მარტს, 15:00 საათზე, რის შესახებაც კომპანიას ეცნობა წერილობითი შეტყობინებით. ამავე შეტყობინებით, მას განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების  წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების   გაცნობის  უფლება. აღნიშნული შეტყობინება   შპს „ჯიემთივის“ ჩაჰბარდა 2024 წლის 26 მარტს.

6. კომისიის სხდომას არ ესწრებოდა შპს „ჯიემთივის“ წარმომადგენელი. ვინაიდან, კომისიის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილით მისთვის დაკისრებული ვალდებულება - დაინტერესებული პირის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის უზრუნველყოფის თაობაზე, კომისიამ საკითხი განიხილა შპს „ჯიემთივის“ წარმომადგენლის დასწრების გარეშე.

II.   მარეგულირებელი კანონმდებლობა

7. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონისმე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მაუწყებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი.

8. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

9. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში კომისიის ფუნქციებია მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება.

10. „მაუწყებლობის შესახებ“  საქართველოს კანონის  61-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ყოველწლიურად გამოაქვეყნოს და კომისიას წარუდგინოს შემდეგი ინფორმაცია: ა) შესაბამისობის დეკლარაცია; ბ) მედიამომსახურებისა და  ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების ავტორიზაციის შესახებ; გ) მედიამომსახურების მიმწოდებელ და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელ სუბიექტებში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; დ) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ფლობის შესახებ; ე) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; ვ) საინფორმაციო სააგენტოს ფლობის შესახებ; ზ) საინფორმაციო სააგენტოში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; თ) სხვა საწარმოს ან სხვა საწარმოში წილის ან აქციების 5%-ის ან 5%-ზე მეტის ფლობის   შესახებ;    ამავე მუხლის მე-

2 პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი ზემოაღნიშნულ ინფორმაციას კომისიას წარუდგენს არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა, ხოლო მე-3 პუნქტის მიხედვით ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი აგრეთვე ვალდებულია გამოაქვეყნოს და კომისიას წარუდგინოს  ინფორმაცია,  თუ  მისი  წილის  ან  აქციების  მფლობელი, დამფუძნებელი, სხვა წევრი, ხელმძღვანელი, შემომწირველი ან მათი ოჯახის წევრი იმავდროულად ფლობს: ა) მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში სხვა ავტორიზებული პირის წილს ან აქციებს; ბ) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილს ან აქციებს; გ) საინფორმაციო სააგენტოში წილს ან აქციებს. ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი შესაბამისობის დეკლარაციას აქვეყნებს საკუთარ ვებგვერდზე.

11. „მაუწყებლობის შესახებ“  საქართველოს     კანონის 71-ე  მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია  განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის  აღმოფხვრა  ან  პრევენცია.  კომისია  დამრღვევს  განუსაზღვრავს  გონივრულ ვადას დარღვევის აღმოსაფხვრელად ან პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.

III. სამოტივაციო ნაწილი

1. შესწავლილი მტკიცებულებები

12. კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N24-10-518 06.03.2024).

13. მეწარმეთა  და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან  და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ჯიემთივის” შესახებ მონაცემები.

14. კომისიის წერილი მედიამომსახურებაზე ავტორიზებულ/ლიცენზირებულ პირებს (Nგ-24-03/193 26.01.2024).

15. შპს „ჯიემთივისთვის“ გაგზავნილი  შეტყობინება  (Nგ-24-03/787  25.03.2024)  და შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება.

2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

16. შპს „ჯიემთივი” წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს (მაუწყებლობის სახე - ტელემაუწყებლობა).

მტკიცებულება: ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები;

17. შპს  „ჯიემთივის”  კომისიაში არ  წარმოუდგენია „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის  მოხსენებითი ბარათი (N24-10-518 06.03.2024).

18. შპს „ჯიემთივის“ კომისიის სხდომის თარიღისა და დროის თაობაზე შეტყობინება (Nგ-24-03/787 25.03.2024)  ჩაჰბარდა 2024 წლის 26 მარტს.

მტკიცებულება: შპს „ჯიემთივისთვის“  შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

19. შპს „ჯიემთივის” მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.

მტკიცებულება: მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ჯიემთივის“ შესახებ.

3. სამართლებრივი შეფასება

20. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, შპს „ჯიემთივი“, როგორც მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი, ვალდებული იყო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული ინფორმაცია წარმოედგინა კომისიაში, არაუგვიანეს 2024 წლის 1 თებერვლისა.

21. შპს „ჯიემთივიმ“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლით დაკისრებული ვალდებულება არ შეასრულა.

22. შესაბამისად,  შპს    „ჯიემთივის“ მიერ 2024 წლის პირველი თებერვლიდან დღემდე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე უხლით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოუდგენლობით,    დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლი.

4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები

23. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი, დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.

24. გამომდინარე  იქიდან,  რომ შპს  „ჯიემთივის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იგივე/მსგავსი ხასიათის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, კომპანიას უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.

25. ამასთან,   სამართალდარღვევის   აღმოფხვრის   მიზნით,   შპს   „ჯიემთივის“   უნდა   დაევალოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა, 10 სამუშაო დღის ვადაში.

IV. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე მუხლებისა და VII თავის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5  მუხლის  მე-3  პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 61-ე  და 71-ე მუხლების და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,

გადაწყვიტა:

1. შპს „ჯიემთივის“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის დარღვევის გამო.

2. უზრუნველყოს შპს „ჯიემთივიმ“ 10 სამუშაო დღის ვადაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა.

3. დაევალოს  კომისიის  აპარატის  ადმინისტრაციას  (ო.  ვოტ)   გადაწყვეტილების ან გადაწყვეტილების დამოწმებული  ასლის შპს „ჯიემთივისთვის“  დაუყოვნებლივ  გაგზავნა  და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

4. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (თ.ხუხუნაიშვილი) შპს „ჯიემთივისთვის“  ადმინისტრაციული   პასუხისმგებლობის   დაკისრების   თაობაზე   მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა.

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის შპს „ჯიემთივისთვის“ ჩაბარების დღიდან.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

7. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-5  პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).

8. კონტროლი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-5 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).

კახი ბექაური               თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე          წევრი

ივანე მახარაძე             წევრი

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები