შპს „სქაიტელეკომი-Skytelecom LTD“-ის სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე

ნომერი: გ-24-18 / 157

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 05, 2024 14:56

მიღების თარიღი მარტი 28, 2024

შპს „სქაიტელეკომი-Skytelecom LTD“-ის სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე

ავტორიზებული პირი: შპს „სქაიტელეკომი-Skytelecom LTD“.

სამართალდარღვევა: „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებისა და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების დარღვევა.

წარმოების დაწყების საფუძველი: კომისიის აპარატის ადმინისტრაციის მოხსენებითი ბარათი (N 24-10-482; 29.02.2024).

კომისიის სხდომის თარიღი: 2024 წლის 28 მარტი, 15:00 საათი.

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის ადმინისტრაციის მოხსენებითი ბარათის (N24-10-482; 29.02.2024) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „სქაიტელეკომი-Skytelecom LTD“-ისთვის  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის   დაკისრების თაობაზე მის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  „ბ“  ქვეპუნქტის,  „რეგულირების  საფასურის  განსაზღვრისა  და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დარღვევა დარღვევის გამო.

2. მოხსენებითი ბარათიდან ირკვევა, რომ შპს „სქაიტელეკომი-Skytelecom LTD“-ის კომისიაში არ წარმოუდგენია 2023 წლის ნოემბრის, დეკემბრის და 2024 წლის იანვრის თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები 1.9 ფორმა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები: ფორმა 1.1 (2023 წელის ნოემბრისა და დეკემბრის და 2024 წლის იანვარის თვეების), ფორმა 1.2 (2023 წლის), ფორმა 4.1 (2023 წლის ნოემბრისა და დეკემბრის და 2024 წლის იანვრის თვეების), ფორმა 4.2 (2023 წლის მე-4 კვარტალი), ფორმა 4.12 (2023 წლის ნოემბრისა და დეკემბრის და 2024 წლის იანვრის თვეების), ფორმა 5.4 (2023 წლის ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრისა და 2024 წლის იანვრის თვეების).

3. შპს „სქაიტელეკომი-Skytelecom LTD“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების  საკითხის  განსახილველად კომისიის  2024  წლის  21 მარტის  სხდომა  კვორუმის არარსებობის გამო არ ჩატარდა. შესაბამისად, შპს „სქაიტელეკომი-Skytelecom LTD“-ის წერილობითი შეტყობინებით (N გ-24-03/761;21/03/2024) ეცნობა, რომ შპს „სქაიტელეკომი-Skytelecom LTD“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვა გაიმართებოდა 2024 წლის 28 მარტს და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. კომისიის 2024 წლის 21 და 28 მარტის სხდომების თაობაზე გაგზავნილი  წერილობითი  შეტყობინებები  (N  გ-24-03/719;  18/03/2024  და  N  გ-24-03/761;

21/03/2024) ასევე საჯაროდ გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (https://www.comcom.ge/ge/shetyobinebebi/shetyobineba-shps-sqaitelekomi-skytelecom-ltd-is1.page;https://www.comcom.ge/ge/shetyobinebebi/shetyobineba-shps-sqaitelekomi-skytelecom-ltd-is2.page). ავტორიზებულ პირს ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98– ე   და   99–ე   მუხლებით   გათვალისწინებული   მტკიცებულებების  და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.

4. კომისიის სხდომას არ ესწრებოდა შპს „სქაიტელეკომი-Skytelecom LTD“-ის წარმომადგენელი. ვინაიდან, კომისიის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილით მისთვის დაკისრებული ვალდებულება, დაინტერესებული პირის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის უზრუნველყოფის თაობაზე, კომისია უფლებამოსილია საკითხი განიხილოს შპს „სქაიტელეკომი-Skytelecom LTD“- ის დასწრების გარეშე.

II. მარეგულირებელი კანონმდებლობა

5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობაა ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური.

7. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, დადგენილია, რომ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური.

8. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების შესაბამისად, დამტკიცდა ელექტრონული საკომუნიკაციო და სამაუწყებლო დარგების სტატისტიკური ანგარიშგების თანდართული ფორმები (დანართი N1). ასევე, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ ყველა პირს და ასევე ყველა მაუწყებელს დაევალა ამ გადაწყვეტილების N1 დანართით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების ელექტრონულად შევსება და კომისიაში წარმოდგენა ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით.

9. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის  მფლობელის  მიერ  სალიცენზიო პირობების დარღვევის  შემთხვევაში  კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა.

III. სამოტივაციო ნაწილი

1. შესწავლილი მტკიცებულებები

10. კომისიის აპარატის ადმინისტრაციის მოხსენებითი ბარათი (N24-10-482;29.02.2024) თანდართული დოკუმენტაციით.

11. კომისიის აპარატის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათი (N24-10-668;28.03.2024) თანდართული დოკუმენტაციით.

12. შეტყობინება კომისიის 2024 წლის 21 მარტის სხდომაზე მოწვევის თაობაზე (Nგ-24-03/71;18/03/20249).

13. შეტყობინება კომისიის 2024 წლის 28 მარტის სხდომაზე მოწვევის თაობაზე (Nგ-24-03/761; 21/03/2024).

14. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „სქაიტელეკომი-Skytelecom LTD“- ის შესახებ მონაცემები.

2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

15. შპს „სქაიტელეკომი-Skytelecom LTD“ (პ/ნ 404984610) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირია.

მტკიცებულება: ამონაწერი  კომისიის  უწყებრივი  რეესტრიდან შპს   „სქაიტელეკომი-Skytelecom LTD“-ის შესახებ.

16. შპს „სქაიტელეკომი-Skytelecom LTD“-ის კომისიაში არ წარმოუდგენია 2023 წლის ნოემბრის, დეკემბრის და 2024 წლის იანვრის თვეების 1.9 ფორმა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები: ფორმა 1.1 (2023 წელის ნოემბრისა და დეკემბრის და 2024 წლის იანვარის თვეების), ფორმა 1.2 (2023 წლის), ფორმა 4.1 (2023 წლის ნოემბრისა და დეკემბრის და 2024 წლის იანვრის თვეების), ფორმა 4.2 (2023 წლის მე-4 კვარტალი), ფორმა 4.12 (2023 წლის ნოემბრისა და დეკემბრის და 2024 წლის იანვრის თვეების) და ფორმა 5.4 (2023 წლის ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრისა და 2024 წლის იანვრის თვეების).

მტკიცებულება: კომისიის აპარატის ადმინისტრაციის მოხსენებითი ბარათი (N24-10-482;29.02.2024).

17. კომისიის აპარატის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათის (N 24-10-668; 28.03.2024) თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემდგომ შპს „სქაიტელეკომი-Skytelecom LTD“-იმ სრულად შევასო ყველა ფორმა, რითაც კომპანიამ აღმოფხვრა დარღვევა.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათი (N24-10-668; 28.03.2024) თანდართული დოკუმენტით.

18. შპს „სქაიტელეკომი-Skytelecom LTD“-ის მიმართა ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.

მტკიცებულება: ამონაწერი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „სქაიტელეკომი-Skytelecom LTD“  შესახებ.

3. სამართლებრივი შეფასება

19. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, შპს „სქაიტელეკომი-Skytelecom LTD“ როგორც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი ვალდებული იყო ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ელექტრონულად, კომისიის საერთო  სტატისტიკური ბაზის ფორმა 1.9-ის საშუალებით, წარმოედგინა კომისიისთვის ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე, შეევსო სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები და ელექტრონულად კომისიაში წარმოედგინა ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით.

20. კომისიის მიერ დადგინდა, რომ შპს „სქაიტელეკომი-Skytelecom LTD“-ის კომისიაში არ წარმოუდგენია 2023 წლის ნოემბრის, დეკემბრის და 2024 წლის იანვრის თვეების 1.9 ფორმა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები: ფორმა 1.1 (2023 წელის ნოემბრისა და დეკემბრის და 2024 წლის იანვარის თვეების), ფორმა 1.2 (2023 წლის), ფორმა 4.1 (2023 წლის ნოემბრისა და დეკემბრის და 2024 წლის იანვრის თვეების), ფორმა 4.2 (2023 წლის მე-4 კვარტალი), ფორმა 4.12 (2023 წლის ნოემბრისა და დეკემბრის და 2024 წლის იანვრის თვეების) და ფორმა 5.4 (2023 წლის ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრისა და 2024 წლის იანვრის თვეების).

21. შესაბამისად, შპს „სქაიტელეკომი-Skytelecom LTD“-ის მიერ დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22  გადაწყვეტილების  ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილება და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილება.

4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები

22.  შპს „სქაიტელეკომი-Skytelecom LTD“-ის მიერ ამ გადაწყვეტილების მე-20 და 21-ე პარაგრაფებში მითითებული ქმედების ჩადენა და კანონმდებლობის დარღვევა ავტორიზებული პირისთვის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია.

23. გამომდინარე იქიდან, რომ კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისმ შემდგომ, შპს „სქაიტელეკომი- Skytelecom LTD“-იმ შეავსო ყველა ფორმა, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „სქაიტელეკომი-Skytelecom LTD“ ცნობილი უნდა იქნას სამართალდამრღვევად და გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან, ვინაიდან ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კომპანიამ აღმოფხვრა დარღვევა.

IV. სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13, 53-ე, 54-ე, 76-ე მუხლის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე მუხლებისა და VII თავის, კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებისა და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:  

1. შპს „სქაიტელეკომი-Skytelecom LTD“ ცნობილ იქნას სამართალდამრღვევად „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებისა და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების დარღვევის გამო.

2. შპს „სქაიტელეკომი-Skytelecom LTD“ გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან.

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) გადაწყვეტილების შპს „სქაიტელეკომი- Skytelecom LTD“-ისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის შპს „სქაიტელეკომი-Skytelecom LTD“-ისთვის ჩაბარების დღიდან.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი,№64) შპს „სქაიტელეკომი-Skytelecom LTD“-ისთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

6. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (თ. კაველიძე) შპს „სქაიტელეკომი- Skytelecom LTD“-ის სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა.

7. გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).

კახი ბექაური                თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე            წევრი

ივანე მახარაძე                წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები