შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-24-18 / 168

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 15, 2024 15:13

მიღების თარიღი აპრილი 04, 2024

შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-სთვის  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ავტორიზებული პირი: შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“

სამართალდარღვევა:  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ნ62-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა

წარმოების დაწყების საფუძველი: იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N24-10-672, 29.03.2024)

კომისიის სხდომის თარიღი: - 2024 წლის 4 აპრილი, 15:00 საათი.

I.  აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში: „კომისია“) იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N24-10-672, 29.03.2024) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაძლო დარღვევის გამო.

2. მოხსენებით  ბარათში აღნიშნულია, რომ შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-მა 2024 წლის 30 იანვარს შეიცვალა დირექტორი და დამფუძნებელი, კერძოდ, ვიქტორ მეძმარიაშვილის ნაცვლად დირექტორად განისაზღვრა ირა ფიჩხაძე, ასევე, ვიქტორ მეძმარიაშვილმა თავისი კუთვნილი 100%-იანი წილი სრულად გაასხვისა შპს „ნომი ინვესთმენთის“ სასარგებლოდ.

3. შპს „ტელე-რადიო კომპანია  ტვ 24“-მა ცვლილებების თაობაზე ინფორმაცია  კომისიაში წარმოადგინა დაგვიანებით 2024 წლის 18 მარტს (წერილის რეგისტრაციის Nშ-24-6/1577).

4. შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განსახილველად კომისიის სხდომა გაიმართა 2024 წლის 4 აპრილს, რის შესახებაც მაუწყებელს ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (Nგ-24-03/853, 01/04/2024). კომპანიას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.

5. კომისიის  სხდომას  ესწრებოდა  შპს „ტელე-რადიო  კომპანია ტვ 24“-ის  წარმომადგენელი ა. ადამია, რომელსაც სადაოდ არ გაუხდია დარღვევის ფაქტი, თუმცა განმარტა თუ რამ განაპირობა დარღვევა. კომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ განხორციელებული ცვლილებების შემდგომ, გარკვეული დრო დასჭირდა კომპანიას, სანამ ახალ თანამშრომლებს აიყვანდა, ხოლო მესაკუთრე არ იყო ინფორმირებული კანონის ამ მოთხოვნის შესახებ, მას არც იურისტი ჰყავდა იმ მომენტში და თავად ის ინფორმციას ვერ წარმოადგენდა. ამდენად, კომპანიის მიერ აღნიშნულიდან გამომდინარე იქნა დაგვიანებით წარმოდგენილი ინფრომაცია კომისიაში. ასევე, შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-ის წარმომადგენელმა ითხოვა, რომ ზემოაღნიშნული ობიექტური მიზეზი მხედველობაში იქნეს მიღებული კომისიის მიერ, ადმინისტრაციულმა ორგანომ იმოქმედოს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და არ გამოიყენოს სანქცია კომპანიის მიმართ.

II. მარეგულირებელი კანონმდებლობა

6. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში კომისიის ფუნქციებია: „მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება;“.

7.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ს1“ ქვეპუნქტის შესაბამისად,„მედიამომსახურება არის მედიამომსახურების მიმწოდებლის სარედაქციო პასუხისმგებლობით მიწოდებული მომსახურება/განხორციელებული საქმიანობა − აუდიოვიზუალური მედიამომსახურება და რადიომაუწყებლობა;“

8. „მაუწყებლობის  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის თანახმად,„მაუწყებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ამ კანონის საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი;“

9.  „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად,„მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.“.

10. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად,„ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია თავისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში კომისიას წარუდგინოს შესაბამისობის დეკლარაცია შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში. იგი აგრეთვე ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია გამოაქვეყნოს საკუთარ ვებგვერდზე.“

11.  „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,„მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს.“

III.   სამოტივაციო ნაწილი

1.  შესწავლილი მტკიცებულებები

12. კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N24-10-672,29.03.2024);

13.  შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-ის 2024 წლის 13 მარტის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-24-6/1577, 18.03.2024)  თანდართული დოკუმენტაციით;

14. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი (B21066942, 02/07/2021; B24010830, 30/01/2024) და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ24“-ის შესახებ მონაცემები;

15. შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-სთვის გაგზავნილი შეტყობინება (Nგ-24-03/853, 01/04/2024) კომისიის 2024 წლის 4 აპრილის  სხდომაზე მოწვევის თაობაზე;

16. შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-ის წარმომადგენლის ა. ადამიას ახსნა-განმარტება მიცემული კომისიის 2024 წლის 4 აპრილის სხდომაზე.

2.  დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

17. შპს  „ტელე-რადიო  კომპანია  ტვ  24“  მედიამომსახურების  სფეროში  ავტორიზებული  პირია (ტელემაუწყებლობა).

მტკიცებულება: ამონაწერი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“ ის შესახებ.

18.  კომისიის  აპარატის  იურიდიული  დეპარტამენტის  ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფის  მიერ გამოვლინდა,  რომ  2024  წლის  30  იანვარს  შეიცვალა  დირექტორი  და დამფუძნებელი, კერძოდ, ვიქტორ მეძმარიაშვილის ნაცვლად დირექტორად განისაზღვრა ირა ფიჩხაძე, ასევე, ვიქტორ მეძმარიაშვილმა თავისი კუთვნილი 100%-იანი წილი სრულად გაასხვისა შპს „ნომი ინვესთმენთის“ სასარგებლოდ; ზემოაღნიშნული ინფორმაცია შპს „ტელე- რადიო კომპანია ტვ 24“-ს ცვლილების განხორციელებიდან კანონით განსაზღვრულ 10 დღის ვადაში უნდა წარმოედგინა;

მტკიცებულება: კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის  მოხსენებითი ბარათი (N24-10-672, 29.03.2024) თანდართული მასალებით (შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-ის 2024 წლის 13 მარტის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-24-6/1577, 18.03.2024) თანდართული დოკუმენტაციით);

19. შპს  „ტელე-რადიო  კომპანია  ტვ  24“-ის  მიმართ  ბოლო  ერთი  წლის  განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.

მტკიცებულება: მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-ის შესახებ.

3. სამართლებრივი შეფასება

20. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია თავისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში კომისიას წარუდგინოს შესაბამისობის დეკლარაცია შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში. იგი აგრეთვე ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია გამოაქვეყნოს საკუთარ ვებგვერდზე.

21. ამდენად, შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-ის მიერ დამფუძნებლისა და დირექტორის ცვლილების განხორციელებიდან კანონით დადგენილ ვადებში ინფორმაციის წარმოუდგენლობით დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“   საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტი, რაც წარმოადგენს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.

4.  პასუხისმგებლობა და ვალდებულებები

22. აღსანიშნავია, რომ შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა. ამასთან, კომისია მხედველობაში ვერ მიიღებს კომპანიის წარმომადგენლის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანიის მესაკუთრე არ იყო ინფორმირებული კანონმდებლობის მოთხოვნების შესახებ და კომპანიას გარკვეული პერიოდი არ ყავდა იურისტი, რამდენადაც არც ერთი ხსენებული გარემოება არ წარმოადგენს პირის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების სამართლებრივ საფუძველს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამავე კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევისათვის შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-ის ჩადენილ დარღვევას შეესატყვისება წერილობითი გაფრთხილება.

IV. სარეზოლუციო ნაწილი

„მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ს1“ და „ტ“ ქვეპუნქტების, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 62-ე მუხლის პირველი პუნქტის, 71-ე მუხლის საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-ს მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო;

2.  დაევალოს  კომისიის  ადმინისტრაციას  (ო.  ვოტ)  გადაწყვეტილების  შპს  „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-სთვის გაგზავნა და კომისიის ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების  ან  მისი დამოწმებული  ასლის შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-სთვის ჩაბარების დღიდან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-სთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

5. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (თ. გოშუა) შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;

6. გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი (გარდა სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტისა) დაევალოს კომისიის იურიდიულ დეპარტამენტს (ი.ბუთბაია).

ნათია კუკულაძე          თავმჯდომარე  - მ.შ.

ეკატერინე  იმედაძე     წევრი

ივანე მახარაძე             წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები